„ჰამასის“ მასირებული დარტყმა ისრაელზე და შესაძლო საპასუხო ზომები – ვახტანგ მაისაია

225
spot_img

ამა წლის 7 ოქტომბერს, პალესტინური წარმოშობის ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან „ბლიცკრიგის“ დონეზე ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით მოულოდნელი სამხედრო შეტევა დაიწყო, რასაც ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი ელემენტები ახლდა თან. მათ სამხედრო, საინფორმაციო ფსიქოლოგიური და ეკონომიკური კომპონენტები გამოიყენეს. ისლამური ჯიჰადი და „ჰამასი“ არასახელმწიფოებრივი აგრესიული აქტორები არიან, მაგრამ მათ გასამხედროებული ფორმირებები გააჩნიათ, რომელიც ღაზის სექტორის მიღმა კარგად იმართებიან. ფაქტიურად „ჰამასმა“ დაიწყო კლასიკური ჰიბრიდული ომი ისრაელის წინააღმდეგ ოთხივე კომპონენტის გამოყენებით.
ისინი ძალიან კარგად არიან მომზადებულები შეიარაღების თუ სხვა მხრივ. მათ უკრაინის ომის ელემენტებიც გამოიყენეს, მაგალითად მობილური რეზერვების შექმნა, სადაზვერვო დივერსიული ჯგუფების აქტიური გამოყენება ხმელეთი ჰაერი და სხვა. ამასთან, ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ პირველად უპილოტო დრონები საინტერესო ფორმით გამოიყენა. მათ აერომობილური ოპერაცია განახორციელეს, რაც ადრე მათთვის უცნობი იყო. ეს ოპერაცია სულ მცირე სამიდან ექვს თვემდე მაინც მზადდებოდა.
მათი მიზანი საკმაოდ საინტერესოა – „იომ-ქიფურის“ არაბეთ-ისრაელის ომის 50 წელი შესრულდა. სიმბოლური ელემენტი იყო, რომ ამ თარიღისთვის მიეძღვნათ შეტევა. მთავარი იდეა იყო, რომ ისრაელი საინფორმაციო ფსიქოლოგიურ ომში დაემარცხებინათ, ანუ ისრაელის ძლიერების მითი გაეტეხათ, რაც ამ ეტაპზე გარკვეულწილად მიღწეულიცაა. მათი მიზანი ასევე იყო, რომ გაერღვიათ ბლოკადა, რომელიც ღაზის სექტორის გასწვრივ განახორციელა ისრაელმა. ამ სამხედრო ოპერაციას აიაქსის გათავისუფლებაც ეწოდება.

მათ ისრაელის 10-დან 20 კმ სიღრმეში შეაღწიეს, რაც საკმაოდ შემაშფოთებელია და სტრატეგიულ ობიექტებს დაარტყეს. „ჰამასის“ მიერ 5 ათასი რაკეტა და ნაღმი იქნა გასროლილი. როგორც ჩანს ეს აქცია „ჰამასსა“ და ლიბანის „ჰეზბოლას“ შორის კარგად კოორდინირდებოდა, ამის უკან ირანის სპეცსამსახურები დგას და არ გამოვრიცხავ, რომ კრემლიც და რუსების სპეცსამსახურებიც იდგნენ. მათ პირველსავე დღეს ისრაელის სიღრმისეული დაზვერვის სპეციალისტი გენერალ მაიორი გაიტაცეს, რომელიც სპეციალური დანიშნულების ძალებს ხელმძღვანელობდა, მათ ისრაელის შეიარაღებული ძალების ძირითადი სამხედრო ლოკაციები იცოდნენ. თანამედროვე შეიარაღება მიიღეს და ეტყობა, რომ ამისთვის ინსტრუქტორებმა კარგად მოამზადეს. საზღვაო დესანტის ტაქტიკური ელემენტები, ახალი ტიპის საარტილერიო ზალპური საცეცხლე სისტემები და სარაკეტო კომპლექსები გამოიყენეს, რომელიც მანამდე ეს დაჯგუფებები არ ფლობდნენ.

ამის გეოპოლიტიკური მიზანი იყო, რომ საუდის არაბეთს შორის დაწყებული დიალოგი ჩაეშალათ. თუ ამაში კრემლია ჩართული, მისი მიზანი ის იქნება, რომ მსოფლიომ ყურადღება უკრაინიდან ისრაელზე გადაიტანოს და ამერიკამ კიევს „ლენდ ლიზის“ პროგრამა შეუწყვიტოს, რადგან აშშ დილემის წინაშე დადგა ვის დაეხმაროს, ბაიდენმაც თქვა, რომ ისრაელს დაეხმარება.

სამხედრო ელემენტს რაც შეეხება, აქ გამოყენებული იყო ებრაული ტანკი „მერკავა 4“, რომელიც მოდერნიზებულია და ფაქტიურად „აბრამსის“ ანალოგია, რუსებს მიზანი აქ იკითხება და შესაძლოა აინტერესებდათ როგორ შეიძლებოდა „აბრამსები“ მწყობრიდან გამოეყვანათ. კარგად ჩანს როგორ ხდება დრონებით „მერკავების“ აფეთქება, რუსები ამ ვარიანტს უკრაინაში გამოიყენებენ.

ჯიჰადისტებმა სომხების ელემენტი გამოიყენეს, როცა ყარაბაღში შვიდი რაიონი დაიკავეს, გარკვეული ნაწილი ისრაელმა დაიბრუნა, მაგრამ გარკვეულ რაიონებში კვლავ ტერორისტები არიან, არის საფრთხე, რომ შესაძლოა „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთიდან დაარტყას, თუმცა ღაზის სექტორს ისრაელი მთელი ღამე ბომბავდა და მინიმუმ ორ დღეში სავარაუდოდ ფართომასშტაბიან სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს სექტორში. უკვე მობილიზებულია ისრაელის სამხრეთისა და ცენტრალური ოლქების ნაწილები და სულ მცირე ორი საარმიო დაჯგუფება შეიქმნება, სადაც 30-40 ათასი სამხედრო შევა, 200-300 საბრძოლო ტანკი, 1500-მდე საარტილერიო სარაკეტო სისტემები, ავიაცია დაახლოებით 150, მათ შორის შემტევი ვერტმფრენები და სამხედრო საზღვაო ძალები. ფაქტიურად მობილიზაცია გამოცხადდა რეზერვისტების სახით, ჩრდილოეთის სამხედრო ოლქს მოუწევს, რომ ჩრდილოეთის მიმართულება დაიცვას, დიდია ალბათობა იმისა, რომ „ჰეზბოლამ“ აქედან შეუტიოს ეს ისრაელის სავარაუდო პასუხი იქნება. ამავე დროს ისრაელს მიუწევს გაითვალისწინოს, რომ შეიძლება „ჰამასმაც“ დაიწყოს თავისი ძალების მობილიზაცია.

ჩემი აზრით, ეს „ჰეზბოლას“. „ჰამასისა“ და ისლამური ჯიჰადის კარგად ორგანიზებული აქცია იყო, ამავე დროს სამი სპეცსამსახური მუშაობდა, სირიის, ირანის და სავარაუდოდ რუსეთის. ირანმა „ორმაგი კაუჭის“ სპეცოპერაცია განახორციელა, რომლითაც ისრაელის აგენტურა, რომელიც ღაზას სექტორში მოქმედებდა გადაიბირეს და ისრაელს ცრუ ინფორმაციები მიაწოდეს და ამით ისრაელის სპეცსამსახურების ყურადღება მოადუნეს.

ისრაელს ეკონომიკური სტრუქტურებიც გაუნადგურეს და პლიუს ენერგო ობიექტებსაც დაესხნენ თავს, ორი მსხვილი ელექტროსადგური მწყობრიდანაა გამოყვანილი, ეს უკვე თავდამსხმელების ეკონომიკური მიზანია.

ამ ომში „ჰამასის“ ქმედებებს ირანმა ღიად დაუჭირა მხარი, არაბული სახელმწიფოების უმრავლესობამ ფაქტიურად ისრაელი გააფრთხილა, რომ სახმელეთო ოპერაცია რა დაიწყოს. თურქეთიც ორჭოფობს, ერთადერთი მუსლიმანური ქვეყანა იყო აზერბაიჯანი, რომელმაც ისრაელს მხარი დაუჭირა და სამხედრო დახმარება შესთავაზა. ამიტომაც სიტუაცია ფეთქებადსაშიშია და შესაძლოა დაპირისპირებამ ახალი მასშტაბებიც შეიძინოს.

რთულია იმის თქმა იქნება თუ არა ეს ომი ხანგრძლივი. ისრაელმა გამოაცხადა, რომ ისინი ღაზის სექტორის განადგურებას დაიწყებენ, როგორც ჩანს იმაზეა გათვლა, რომ სექტორს აიღებენ. ჯერჯერობით პალესტინის ოფიციალური ავტონომიის ლიდერი აბასი დუმს და თუ ღაზის სექტორის ავტონომიის გაუქმების ოპერაცია დაიწყო, ამან შესაძლოა ახალი არაბულ ისრაელის ომი გამოიწვიოს.

ისევ და ისევ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ირანის, სირიისა და რუსეთის სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციით მოწინააღმდეგის დეზინფორმაცია მოახერხეს. ამასთან, ისრაელის სპეცსამსახურებს საკმაოდ სერიოზული ჩავარდნები ჰქონდათ – ეროზია 2009 წლიდან სერიოზულად დაიწყო და ეს უკვე მესამე ჩავარდნა იყო. ჩავარდნა პირველად 1973 წელს მოხდა.

ისრაელის ეს ჩავარდნა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ კრიზისს უკავშირდება, იქ პოლარიზაციის მაღალი დონეა, რამაც სტრუქტურების სერიოზული ეროზია გამოიწვია. ასეთივე სიტუაცია არის საქართველოში, პოლარიზაციის ამ დონემ შესაძლოა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნას. ოჩამჩირეში ბაზის გახსნა სწორედაც რომ ამის გამოძახილია, 7 ოქტომბერი ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

აშშ-ს ვალდებულება აქვს, რომ ისრაელს დაეხმაროს, ამერიკის მთავრობა ყოველ წელს ისრაელისათვის 3 მილიარდ დოლარს სამხედრო ხარჯებისთვის გამოყოფს. ისრაელს ალბათ ევროკავშირიც დაეხმარება.

ისრაელს პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველომ და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა გამოუცხადეს, ალიევის თბილისში ამოსვლა შესაძლოა ამ ფაქტსაც უკავშირდებოდეს.

ბოლო მომენტში, ისრაელის მთავრობამ აამოქმედა „მთავრობის შესახებ“ კანონის მე-40 მუხლი, რომლის მეშვეობითაც ქვეყანა გადაყვანილი ომის რელსებზე. დე-ფაქტორ და დე-იურედ ისრაელმა ომი გამოუცხადა მთლიანად პალესტინის პოლიტიკურ ავტონომიას და ამით გაცხადებულია გეოსტრატეგიული მისია მთლიანად განადგურდეს აღნიშნული სუბიექტი და ისრაელის დაუბრუნდეს 1992 წლამდე არსებულ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ვითარებას. რამდენად ამას მოახერხებს „ცახალი“ – ისრაელის რეგულარული არმია და მისი სარეზერვო ქვედანაყოფები ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ამ არა-სახელმწიფოებრივი აგრესიული პოლიტიკური აქტორები და მათი ტერორისტული მოქმედებების სტრატეგია სერიოზულ ძალას წარმოადგენს, ისევე როგორც ლიბანის სამთავრობო პოლიტიკური გაერთიანება „ჰეზბოლაჰის“ გაერთიანება და მათ უკან მდგარი გეოპოლიტიკური ძალები (ირანი, სირია და რუსეთის ფედერაცია). „ჰამასის“ სამხედრო ოპერაციას ეწოდება „ალ-აქსის გათავისუფლება“, ხოლო „ცახალის“ ოპერაციას კი „რკინის ხმლები“, ვნახოთ რომელი ოპერაცია იქნება უფრო მყარი და რამდენად ისრაელი შესძლებს დაამარცხოს საერთაშორისო ტერორიზმის შეტევა, განსაკუთრებით კი ჯიჰადისტური სახის.
რუკა: ჯიჰადისტური დაჯგუფება ‘ჰამასის“ მიერ სამხედრო აგრესიის შედეგად შეღწევის მაჩვენებელი ისრაელის სიღრმეში, მონიშნულია ლურჯ ფერად


ინფორმაციისთვის:
ღაზის სექტორი მიყვება ხმელთაშუაზღვისპირეთს და მოიცავს 365 კვ. კმ-ის ტერიტორიას, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეოპოლიტიკურ ანკლავს. მისი სიგრძეა 40 კმ, სიგანე კი – 5.7-12.5 კმ. ის ესაზღვრება სამხრეთით ეგვიპტეს, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ისრაელს. მოსახლეობა დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი, ძირითადად პალესტინელები (არაბი სუნიტები).

იორდანიის დასავლეთ სანაპირო პალესტინის პოლიტიკური ავტონომია: ტერიტორია იორდანიასა და ისრაელს (1967 წლის საზღვრების მიხედვით) შორის. მოსახლეობა 2.6 მილიონი პალესტინელი და 0.5 მილიონი ებრაელი.

ვახტანგ მაისაია –კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი