Home Blog Page 2077

აშშ „ჰამასის“ ათ მთავარ წევრს სანქციებს უწესებს

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები „ჰამასის“ ათ მთავარ წევრს სანქციებს უწესებს.

„ეს პირები მხარს უჭერდნენ „ჰამასსა“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს, რაც საშუალებას აძლევდა „ჰამასს“, განეხორციელებინა თავისი სასტიკი ტერორიზმი, როგორიცაა თავდასხმა ისრაელზე“, – ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

მათივე განმარტებით,  სანქციები მიმართულია „ჰამასის“ ტერორისტებისა და მათი მხარდამჭერი ქსელისკენ და არა პალესტინელებისკენ.

„ჩვენ გავაგრძელებთ გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი იმისთვის, რომ „ჰამასის“ ტერორისტებს აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა შეაგროვონ და გამოიყენონ თანხები სისასტიკის განსახორციელებლად და ისრაელის მოსახლეობის დასატერორებლად“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა ჯანეტ იელენმა.

ერთ-ერთი სანქცირებულია აიმან ნოფალი, ჰამასის მეთაური, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა.

ლიბანში „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები ხორციელდება -ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანის საზღვართან „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს ახორციელებენ.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამიზნეებს შორისაა სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტი, საიდანაც გუშინ, ისრაელის როშ ჰანიკრას მიმართულებით მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გაისროლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, ისინი „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ.

პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს მოუსმენენ. კანონმდებლებს წლიურ ანგარიშს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგენს. ძირითადი აქცენტები გაკეთდება ქვეყანაში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე და ასევე იმ ნაბიჯებზე, რომლებიც 2022 წელს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გადადგა.

რეგლამენტის შესაბამისად, გრიგოლ ლილუაშვილი დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 ოქტომბერს ქუთაისში +16 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც წვიმაა. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +17 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით წვიმა და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +14, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, სადაც დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში თოვლიანი დღე და +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +5, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით +17 იქნება გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +18 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. იწვიმებს.

„ქართული ოცნება“ შეეცდება პრეზიდენტი აქციოს დისფუნქციურ პირად”- ჩუგოშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ შეეცდება პრეზიდენტი აქციოს დისფუნქციურ პირად, რომელსაც არანაირი როლი არ ექნება.

ამის შესახებ, თამარ ჩუგოშვილმა მედიასთნ განაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ დაუშვებს ასეთი ტიპის სურვილებს დაემორჩილოს.

ჩუგოშვილის თქმით, მოსალოდნელია ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე განხორციელდეს წნეხი, თუნდაც ბიუჯეტის დამტკიცების დროს.

„ქართული ოცნება“ შეეცდება პრეზიდენტი აქციოს დისფუნქციურ პირად, ანუ თანამდებობის პირად, რომელიც არსებობს, მაგრამ არანაირი როლი არ გააჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ დაუშვებს ძალიან მნიშვნელოვან წელს ასეთი ტიპის სურვილებს დაემორჩილოს. ამიტომ წინ, რაღაც პროცესები გველის. არ ვიცი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე რა წნეხი იქნება გამოყენებული, ეს იქნება ბიუჯეტის დამტკიცების დროს, თუ სხვადასხვა ტიპის ზეწოლა, ალბათ, პროკურატურის ხსენებაც ამას ემსახურებოდა, მაგრამ სავარაუდოდ, ადმინისტრაციაზე უფრო იქნება მიმართული“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, რა სამართლებრივი ბერკეტია პრეზიდენტის ხელში? – ჩუგოშვილი პასუხობს, რომ პრეზიდენტის ხელშია ის ყველაფერი, რაც იმპიჩმენტამდე იყო, რადგან პრეზიდენტის იმპიჩმენტი დაიწყო და ვერ დასრულდა.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა ისაუბრა იმ პროცედურებზე, რაც შეიძლება მომავალში განხორციელდეს მთავრობის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ.

ჩუგოშვილის თქმით, კონსტიტუციაში წერია, რომ თუკი იმპიჩმენტი არ შედგა, იგივე საკითხზე არ არის შესაძლებელი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება.

მისივე თქმით, პარლამენტში დღეს დაემუქრნენ პროკურატურით, თუმცა, მისი თქმით, მოქმედ პრეზიდენტს, ვერც სისხლის სამართლით ვერ მოედავები თუ არ მოხდა მისი იმპიჩმენტი.

„ვფიქრობ, რომ ეს თემა უნდა ამოიწუროს და ამით დასრულდეს. დღეს, საერთოდ დაემუქრნენ პრეზიდენტს პროკურატურით. იმპიჩმენტი კი არა სისხლის სამართლის პროცედურებით იყო მუქარა. ეს ვერ შეუშლის პრეზიდენტს ხელს, რომ შეასრულოს ის როლი, რომელიც მას აქვს.

პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების ერთადერთი გზა არის იმპიჩმენტი და ასევე პასუხისგებაში მიცემა. მოქმედ პრეზიდენტს, ვერც სისხლის სამართლით ვერ მოედავები თუ არ მოხდა მისი იმპიჩმენტი. ამიტომ, რაც არ უნდა დაუპირონ სალომე ზურაბიშვილს უნდა გაიარონ იმპიჩმენტის გზა.

ამიტომ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი საქმიანობა გააგრძელოს. იმ მომენტში, რა მომენტშიც ქვეყანა არის, პრეზიდენტი არა თუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიც არის თავისი როლი შეასრულოს და ქვეყანას დაეხმაროს მხარდამჭერების მოპოვებაში“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

,,უმრავლესობის ოპონენტებს, ქართველობა და ევროპელობა შეუთავსებელი ჰგონიათ”- პაპუაშვილი

დღეს საქართველო ამასაც მოესწრო, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს გავიმეორებ, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარმა განგვიმარტა ქართული კონსტიტუცია და გითხრა, ვინ დაარღვია და ვინ – არა. აქამდეც მივედით და ქვეყნის შიგნით ამ ევროპარლამენტარებს მიმდევრები ჰყავთ, რომლებიც უჯერებენ მათ და მათთვის ავტორიტეტი არის რომელიღაც ევროპარლამენტარი, რომელიც განმარტავს ქართულ კონსტიტუციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის ოპონენტებს, ქართველობა და ევროპელობა შეუთავსებელი ჰგონიათ.

„ისინი ფიქრობენ, რომ ქართული კონსტიტუცია, ქართული მართლწესრიგი ყველაფერი მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რას იტყვის ესა თუ ის პოლიტიკოსი. ჩვენ ევროკავშირის წევრობა ხომ არ გვინდა როგორც რაღაც ამორფულ, უსახურ ქვეყანას, რომელიც იქნება აწყობილი მარტო ევრორეგულაციებზე. არც ევროკავშირს არ სჭირდება ისეთი ქვეყანა, რომელიც სტერილურია საკუთარი იდენტობისგან. ჩვენ ევროკავშირი გვინდა ჩვენი კონსტიტუციით და ევროკავშირს ვუნდივართ ჩვენი კონსტიტუციითა და ადათ-წესებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეეცადეთ, თქვენი ამჟამინდელი სურვილი სრულად არ გამოამჟღავნოთ – ამით თავიდან აიცილებთ ბევრ უსიამოვნებას. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ბიუჯეტს და მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი.

კურო

რთული და დაძაბული დღეა, შეიძლება ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებაც მოგიწიოთ. თუმცა, ეს სარგებელსაც მოგიტანთ – ნაყოფიერი მუშაობა პროფესიულ განვითარებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, დაისვენოთ. ძველი მეგობარი სასარგებლო ინფორმაციას გაგიზიარებთ. მოუსმინეთ, მაგრამ თქვენი ინტუიციით იმოქმედეთ: ისინი ზუსტი და დროული იქნება.

ტყუპები

უმჯობესია, სასიამოვნო საქმეები საღამოსთვის გადადოთ და, პირველ რიგში, რთულ ამოცანებთან გამკლავებაზე იზრუნოთ. ეცადეთ, წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ – ეს საბოლოო შედეგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ენერგია ჩხუბისა და დაპირისპირების ნაცვლად, სიყვარულზე დახარჯოთ.

კირჩხიბი

ბოლო დღეები სტრესული იყო, ამიტომ დღეს შეგიძლიათ ცოტა დაისვენოთ და მარტივი სამუშაო აკეთოთ. შემოქმედებითი ხედვის წყალობით ნებისმიერ უინტერესო საქმესაც კი საინტერესოს გახდით. ამ დღეს შეგიძლიათ, გასაოცარი კულინარიული შედევრიც კი შექმნათ. მთავარია, მოინდომოთ.

ლომი

ეს დღე რუტინულ საკითხებს უნდა დაუთმოთ. ეცადეთ, დაასრულოთ დავალებები, რომლებიც თქვენს მაგიდაზე დაგროვდა. ახლობლებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, ამიტომ მათთან ურთიერთობის და საერთო პრობლემების გადაჭრისთვის დრო უნდა გამონახოთ. ამ დღეს შეიძლება ის შენიშნოთ, რასაც სხვა დროს ვერ ხედავდით. ეს ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებათ, რომელიც ყურადღებას მოითხოვს.

ქალწული

ამ დღეს თქვენს ნებისმიერ ქმედებას მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვება, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ. გარშემო მყოფთა დახმარების იმედი ნუ გექნებათ, ამ დღეს ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა აიღოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო ნაყოფიერია, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები ამ დროისთვის უნდა დაგეგმოთ.

სასწორი

გირჩევთ, თქვენი გეგმებისა და მოლოდინების შესახებ არავის უამბოთ და საიდუმლოდ შეინახოთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებს მეტი დრო დაუთმოთ, საყვარელ ადამიანს ყველა საკითხში მხარი დაუჭიროთ და გამოცდილება გაუზიაროთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.

მორიელი

თქვენი დღევანდელი გადაწყვეტილება მომავალ საქმიანობაზე გავლენას მოახდენს, ამიტომ ნუ აჩქარდებით და წვრილმანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. თუ ვითარება გართულდა, შეგიძლიათ დახმარებისთვის ახლობელ ადამიანს მიმართოთ.

მშვილდოსანი

რთული, დაძაბული დღეა, რომელიც დასვენების დროსაც არ დაგიტოვებთ. ვარსკვლავები მოსალოდნელ პრობლემებსა და უსიამოვნებებზე გაფრთხილებენ. გირჩევთ, საღამოს საკუთარი თავი რაღაც გემრიელით გაანებივროთ – რთული დღისთვის ჯილდოს ნამდვილად იმსახურებთ.

თხის რქა

თქვენი ჩანაფიქრი რომ წარმატებით განხორციელდეს, უმცირეს წვრილმანებსაც კი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ინტუიცია შეცდომებისა და არასწორი გადაწყვეტილებისგან დაგიცავთ, ამიტომ უფრო ხშირად უნდა უსმინოთ. ეცადეთ პერსპექტიულ, ფინანსურად მოგებიან საქმიანობას მეტი დრო დაუთმოთ.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და მთელი დღის განმავლობაში ეტაპობრივად განახორციელოთ. ნებისმიერ გადაწყვეტილებას სიფრთხილით მოეკიდეთ, რისკები და ექსპერიმენტები კი მთლიანად გამორიცხეთ – ახლა ამისთვის არახელსაყრელი დროა. ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვან ადამიანებს თავი მოაწონოთ.

თევზები

ამ დღის დაგეგმვას აზრი არ აქვს – გარემოებები სწრაფად იცვლება და ინტუიციურად მოქმედება მოგიწევთ. თქვენი ნებისმიერი წამოწყება გარშემო მყოფთა მოწონებას დაიმსახურებს. გახსოვდეთ, რომ წარმატებული ექსპერიმენტებით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ.

 

,,ავსტრიის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!”- საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ბრიუსელში, ავსტრიის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

,,გაცნობებთ, რომ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა მთავრობამ ავსტრიის მთელ ტერიტორიაზე საფრთხის დონე მეოთხემდე ასწია.

ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საფრთხის მე-4 დონეა გამოცხადებული, რაც გულისხმობს, რომ მოქალაქეებს კვლავ მოეთხოვებათ მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა, და რეკომენდაციისამებრ, ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში შეკრებისგან თავის შეკავება.

ინფორმაცია განახლდება ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში.

,,პრეზიდენტმა უარი განაცხადა ქართველი ხალხის კითხვებზე გაეცა პასუხი”- შალვა პაპუაშვილი

დღეს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან იდგა ადამიანი, რომელიც მე-17 საუკუნის საფრანგეთის მეფის, ლუი მეთოთხმეტის პათოსით გვეუბნებოდა, რომ სახელმწიფო არის არა კონსტიტუცია, არა პარლამენტი, არა მთავრობა, არა სასამართლო, არა ხალხი, არამედ ამბობდა: სახელმწიფო ვარ მე, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის დემოკრატიის იდეის უპატივცემულობა.

„არ ვიცი რით არის ეს განპირობებული, მაგრამ აბსოლუტური უპატივცემულობა გამოავლინა [პრეზიდენტმა], მათ შორის დღესაც, პარლამენტის მიმართ, როდესაც უარი თქვა კითხვებზე გაეცა პასუხი. ეს კითხვები დეპუტატების კითხვები კი არ არის. პარლამენტში სხედან ქართველი ხალხის მიერ არჩეული ადამიანები, ქართველი ხალხის წარმომადგენლები. ეს კითხვები პარლამენტის სხდომათა დარბაზში ისმევა ქართველი ხალხის სახელით და პასუხები ეცემა ქართველი ხალხის მიერ დასმულ კითხვებს. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა უარი განაცხადა ქართველი ხალხის კითხვებზე გაეცა პასუხი, – განაცხადა პაპუაშვილმა.

,,სუბიექტური ადამიანია, პირადი სიძულვილის გამო, შეუძლია საქართველოს ავნოს” – სევდია უგრეხელიძე

„როდესაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას მიესალმება რუსული ძალების მიერ, ეს ყველაფერი არის რუსული საქმე…“,  – ამის შესახებ სევდია უგრეხელიძემ მედიასთან  საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც რუსულ უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდებას საქართველოს აბრალებს, როდესაც ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს, ამას აგენტობა არ სჭირდება. ეს არის თავისთავად რუსული ინტერესების გატარება. როდესაც მიესალმება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას რუსული ძალების მიერ და კიტოვანის, კრიმინალური ბანდების მიერ, ეს ყველაფერი არის რუსული საქმე. ის რატომ აკეთებდა ამას, აგენტი იყო თუ არ იყო, ამას მე ვერ გეტყვით. მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველ რიგში, ის არ არის, პოლიტიკოსი… გარდა ამისა, ის არის ძალიან სუბიექტური ადამიანი, რომელიც პირადი სიძულვილის გამო, მაგ: სააკაშვილის და ხელისუფლების გარკვეული პირების მიმართ, მას შეუძლია, რომ საქართველოს ავნოს“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

თურქეთში აშშ-ის საკონსულო დაიხურა

თურქეთში, ადანაში აშშ-ის საკონსულო საპროტესტო აქციების გამო დაიხურა, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში აღნიშნულია, ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თურქეთის მთელ ტერიტორიაზე, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები.

„ნებისმიერი შეკრება, თუნდაც ის მშვიდობიანი იყოს, შეიძლება, გამწვავდეს და ძალადობრივი გახდეს. საპროტესტო აქტივობამ შეიძლება, გამოიწვიოს გზების ჩაკეტვა და მოძრაობის შეფერხება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებთ განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებთ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 18 ოქტომბრის დღის ბოლოდან 19 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე, კავკასიონის ქედის მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა.

ხოლო აჭარა და გურიის რეგიონებში ზოგან ძლიერი წვიმა. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“. – წერია სააგენტოს განცხადებაში.