Home Blog Page 2077

“დღეს ვიცით, რომ 20 პროცენტი უკრაინის ტერიტორიისა არის ოკუპირებული რუსეთის მიერ”

ძალიან რთული დროა ნამდვილად. ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ, ეს ომი ყველას გვეხება. მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი და ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ომის დაწყების დღიდან 20% უკრაინის ტერიტორიისა არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს არის დღევანდელი სტატუს-კვო და რა მოხდება ხვალ, არავინ იცის.

„დიდი მადლობა ყველას მოწვევისთვის და მობრძანებისთვის. მინდა მივესალმო მის უდიდებულესობას. ჩემი მოწვევისთვის და შეხვედრის წაყვანისთვის მადლობას თქვენც მოგახსენებთ. ძალიან რთული დროა ნამდვილად. ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ, ეს ომი ყველას გვეხება. მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი და ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ომი. კითხვაზე რომ გიპასუხოთ გეტყვით შემდეგს, შეგახსენებთ ყველას, რომ ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით, რომ 20% უკრაინის ტერიტორიისა არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ. ეს არის დღევანდელი სტატუს-კვო. რა მოხდება ხვალ, არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მემგონი არც არავინ იცის.

მემგონი, ყველას უკვირს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი დასრულდება მალე. ეს არის პრობლემა. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ვერ ვხედავთ საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ სწორი ზომები განახორციელონ, რომ სამშვიდობო საუბარი წარიმართოს. ვინ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. ორივე მხარემ, ყველამ”, – განაცხადა პრემიერმა.

“ჩვენი არჩევანი არის ევროპა” – შალვა პაპუაშვილი

სხვადასხვა დონეზეა გააზრებულია, რომ ევროპა კარგად ხედავს, ის უნდა იყოს რეგიონში გეოპოლიტიკური მოთამაშე, მათ შორის, საკუთარი უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მიიღოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება.

მისი თქმით, დროა, ევროკავშირმა ქართველ ხალხს დაანახოს, რომ ის აფასებს და პასუხისმგებლობით ეკიდება იმ ძალისხმევას, რომელიც ქართველმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო.

,,კიდევ ერთხელ, აქაც პრაგმატული აზრია ჩადებული, ვინაიდან დღეს საქართველოზე გადის ძირითადი დამაკავშირებელი დერეფანი – ევროპასა და აზიას შორის ე.წ. შუა დერეფანი, რომელიც მნიშვნელოვანია ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით, მათ შორის, არის გადაწყვეტილება რეგიონთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ამას რეგიონშიც უყურებენ ყურადღებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ეს არის, გადაწყვეტილება, რომელიც ევროპამ უნდა მიიღოს. ზოგადად, საქართველო, ბოლო 30 წლის განმავლობაში, თავისი გაღებული სისხლით, თავისი რეფორმებით, ინსტიტუციების განვითარებით, იმით, რომ ჩვენ ვართ სტაბილურად ლიდერი ქვეყანა რეგიონში, როგორც დემოკრატიის. ისე ინსტიტუციების სიძლიერის მხრივ და ასევე, ზოგიერთი პარამეტრებით, ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებსაც ვუსწრებთ და ჩვენ ყოველდღიურად ვამტკიცებთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა და ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ ევროკავშირმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამიტომ, დღეს სინამდვილეში, ბურთი არა საქართველოს მოედანზე, არამედ ევროკავშირის მოედანზეა. ევროკავშირმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ქართველ ხალხს დაანახოს, რომ ის პასუხისმგებლობით ეკიდება, ხედავს და აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც ქართველმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები 2017 წლიდან დღემდე, ჯამში 2 663 ოჯახს დაუკანონა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ფართები ჯამში 2 663 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ქონების მართვის სააგენტოში კიდევ 200-მდე ოჯახის განცხადების განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

„ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება, რომელშიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ ფაქტობრივი მფლობელები. ისინი გარკვეული პრობლემების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წლიდან დავიწყეთ აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რაც წარმატებით მიმდინარეობს. დღემდე საცხოვრებელი ფართები  2 663 ოჯახს დაუკანონდა.  ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, რომლებშიც აღნიშნული ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

პროგრამა გრძელდება და დღეის მდგომარეობით, ქონების მართვის სააგენტოში კიდევ 200-მდე ოჯახის განცხადების განხილვა მიმდინარეობს.

„ვფიქრობ, ამით დავასრულეთ ამ ოჯახების მუდმივი ღელვა ამ საკითხზე. ყველა იმ ადამიანს, ოჯახს, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, ყველანაირად გვერდში დავუდგებით. ამისთვის საჭიროა, მიმართოთ თქვენი რაიონის გამგეობას და ფართების დაკანონებაში დაგეხმარებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისსა და ბათუმში საქველმოქმედო აუქციონი – “Ertad Gamarjvebisken – Переможний” გაიმართება

28 მაისს 17:00 საათზე სტარტს აიღებს საქველმოქმედო აუქციონი უკრაინელი და ქართველი სამხედროების მხარდასაჭერად. აუქციონის მიზანია თანხების შეგროვება სამხედროების, კერძოდ, ქართული ლეგიონისა და აზოვის ბრიგადის მებრძოლების, ასევე სხვა ქვედანაყოფების დასახმარებლად. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სამხედროებს, რომლებიც დღეს საერთო მტრისგან იცავენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროს.

აუქციონი ერთდროულად გაიმართება თბილისსა და ბათუმში და პარალელურად ჩატარდება ვიდეო ხიდის მეშვეობით. თბილისში ღონისძიება Factory Tbilisi-ის ტერიტორიაზე (წერეთლის გამზ. 114, Coca-Cola ქარხანა), ხოლო ბათუმში – Veranda Acropolis-ში (ხიმშიაშვილის ქ. 12ბ) გაიმართება.

აუქციონზე წარდგენილ ლოტებს შორის არის ღვინის ბოთლი ვახტანგ კიკაბიძის პირადი კოლექციიდან; სპეციალურად აუქციონისთვის ჯგუფ Okean Elzy-ს ლიდერის სვიატოსლავ ვაკარჩუკის მიერ ხელმოწერილი მაისური; რუსლანას ბანდანა, რომელშიც ის 2004 წელს გამოვიდა ევროვიზიაზე; წიგნი „მარიუპოლის თვალები“ აზოვის მეთაურთა ხელმოწერებით; ქართული ლეგიონის ერთადერთი საფოსტო მარკა საქართველოში და სხვ.

უკრაინელი და ქართველი სამხედროების მხარდასაჭერად სულ 20-20 ლოტი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, აუქციონზე იმოქმედებს დონატების მაგიდა, სადაც სტუმრებს შეეძლებათ შეიძინონ უკრაინელი და ქართველი ოსტატების მიერ შექმნილი სუვენირები და ამით მხარი დაუჭირონ ღონისძიებას.

II საქველმოქმედო აუქციონის ორგანიზატორები არიან მოძრაობა Ukrainian activists in Sakartvelo, აქტივისტური ჯგუფი Batumi for Ukraine, ქართულ-უკრაინული პლატფორმა, საქართველოს უკრაინელების ახალგაზრდული ორგანიზაცია „სვიტანოკი“ და მოხალისეები. პირველი საქველმოქმედო აუქციონი ბათუმში 2023 წლის 24 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შემოჭრის წლისთავზე გაიმართა, და 20 000 ლარზე მეტი შეგროვდა. შემოსული თანხა ასევე სრულად გადაეცა სამხედროებს. აუქციონის ლოტებისა და დეტალების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
FB – Ertad Gamarjvebisken
Insta – @batumi_for_ukraine
Telegram – https://t.me/charityauctionbatumi

Fitch Ratings-მა თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგი “BB”-მდე, სტაბილური პერსპექტივით გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო, Fitch Ratings-მა თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგი „BB-“-დან „BB“-მდე,  სტაბილური პერსპექტივით გააუმჯობესა.

Fitch Rating-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ცვლილება მიღწეულია რამდენიმე გარემოებით, მათ შორის: გაუმჯობესებული ფინანსური შედეგებით, აქტივების ხარისხით,  მომგებიანობით და  ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის განსაკუთრებული სიძლიერით.

რეიტინგის გაუმჯობესება კომპანიის გაზრდილ ფინანსურ მდგრადობაზე მეტყველებს, რაც კრედიტორებისა და აქციონერების მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის.

„მოხარულები ვართ, რომ თიბისი ლიზინგის ფინანსური შედეგებით განსაკუთრებით წარმატებული 2022 წელი დადებითად აისახა  საკრედიტო რეიტინგზე და Fitch-მა აღნიშნული პარამეტრი „BB-“-დან „BB“-მდე გაგვიუმჯობესა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის წლებია ყველაზე მაღალ საკრედიტო რეიტინგის ვინარჩუნებთ, საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ასახავს  თიბისი ლიზინგის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის ფინანსურ მდგრადობას და განვითარების პერსპექტივებს,“ –  ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

თიბისი ლიზინგი, როგორც მოწინავე სალიზინგო კომპანია საქართველოს ბაზარზე  20 წელია საქმიანობს და ამ ეტაპზე  სალიზინგო ბაზრის 82%-ს იკავებს.  2022 წლის ბოლოს მდგომარეობით, კომპანია 338 მილიონი ლარის მოცულობის  პორტფელს მართავდა, რომელიც დივერსიფიცირებულია  საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში.

R

თურქეთის ბაზრის გახსნამ PSP-ს საშუალება მისცა ევროპელ მომწოდებლებისგან მედიკამენტების შემოსატანი ფასების გაიაფების შეთანხმებისთვის მიეღწია

2022 წლის თებერვალში 188-ე დადგენილებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე თურქეთში წარმოებული მედიკამენტების რეგისტრაცია/შემოტანის პროცესი გამარტივდა. ამ კანონის ამოქმედებისთანავე, თურქეთის რიგმა მწარმოებლებმა, მოწოდებული მედიკამენტების ფასები 55%-ით შეამცირეს. ასევე, ევროპელმა მწარმოებლებმა გადახედეს საქართველოსთვის მოწოდებულ ფასებს და შეამცირეს ან გაუთანაბრეს მათივე წარმოების თურქეთიდან იმპორტის ფასს. შესაბამისად, მყისიერად აისახა PSP-ს ქსელში მათ ფასებზე; ამ მედიკამენტების ფასები თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტების ფასს გაუტოლდა ან უფრო გაიაფდა. ამ ქარხნების რიგ მედიკამენტებზე ფასები 58%-ით შემცირდა (ქსარელტო, ფორქსიგა, პლავიქსი და სხვ.).

ევროპელი მწარმოებლისგან მედიკამენტების მოწოდებას ხარისხისა და უწყვეტობის შესანარჩუნებლად რამდენიმე უპირატესობა აქვს:

  • მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე დაცულია შენახვის და ტრანსპორტირების პირობები, რომელც სრულად კონტროლდება და მცირედი გადახრის შემთხვევაშიც კი ეს მედიკამენტები გაყიდვაში არ ხვდება, მწარმოებელთან შეთანხმების საფუძველზე;
  • მწარმოებელთან ერთად დაგეგმილი მუშაობა საშუალებას გვაძლევს ბაზარზე დეფიციტები არ შეიქმნას და ეს მედიკამენტები უწყვეტად იყოს ქსელში;

სწორედ ამიტომ PSP უშუალოდ მწარმოებლებთან აქტიური თანამშრომლობით აღწევს შეთანხმებას და შესაბამისად აიაფებს ევროპული ქარხნებიდან შემოტანილ მედიკამენტებზე ფასებს.

„PSP ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობs უცხოელ მწარმოებლებთან ფასების შემცირების მიზნით. PSP-ს სააფთიაქო ქსელი საქართველოს მასშტაბით, 307 აფთიაქით, ყველა რეგიონის მომხმარებელს მედიკამენტების და ასორტიმენტის უდედეს არჩევანს სთავაზობს. ამასთან, მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება მედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე ფასების ცვლილებაზე მოლაპარაკება მომხმარებლისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. ამ მიმართულებით კომპანია აქტიურად მუშაობს და მომავალშიც სიახლეებს კვლავ ვაცნობებთ საზოგადოებას“- აცხადებენ PSP-ში.

“ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ გააქროს”

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი საერთოდ გააქროს დღის წესრიგიდან, კოლომინასთან შეხვედრაზე ამ საკითხის აქტუალიზაცია იქნება მთავარი მიზანი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში შეხვდება.

„ხელისუფლების მიმართ ჩვენი პარტნიორები დიდი ხანია კრიტიკულები არიან, რადგან ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დააზიანოს ევროკავშირში ინტეგრაცია, ხოლო ნატო-ში ინტეგრაცია საერთოდ გააქროს და აქრობს დღის წესრიგიდან, ამიტომ მთავარი მიზანი იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხის დღის წესრიგში გაჩენა. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო არენაზე ეს საკითხი იყოს აქტუალური იმის ფონზე, რომ ხელისუფლება ცდილობს ამ საკითხის საერთოდ გაქრობას“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის დიზაინის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. კონკურსი BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და  IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით ჩატარდა.

ფინალში გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებიც საქართველოს სახელით აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში Adobe-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვლენ.

რეგიონულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის Adobe-ის სერტიფიცირება 30-მა ახალგაზრდა დიზაინერმა გაიარა. მონაწილეებს, შეჯიბრისთვის მიეცათ დავალება, რომლის მიხედვითაც შეასრულეს პრინტ ნამუშევრები თემაზე: ჰაერის დაბინძურება – საფრთხე ჩვენი პლანეტისთვის.

ნამუშევრები, ჟიურის წევრებმა, რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა და 3 საუკეთესო გამოავლინა:

  • მარიამ ბაღათურია
  • ლიზი ნოზაძე
  • ალექსანდრე ხალვაში

კონკურსისთვის სპეციალურად შეირჩა ჟიურის წევრები: გიგი ჯანელიძე – თიბისის დიზაინ ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი, დავით კუპატაძე – სილქროუდ ჯგუფის არტ დირექტორი და ბეკი ფანცხავა – მარკეტინგის და კომუნიკაციების სპეციალისტი, BTU-ს მოწვეული ლექტორი.

Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა.

პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი.

პროექტის პარტნიორები არიან GITA, ACAG, Marketer. პროექტის  ტექნოლოგიური პარტნიორია Lenovo.

R

26 მაისის ღონისძიების პროგრამა – რა იგეგმება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ფიცის დადების ცერემონიასთან ერთად, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება, რომლის თემაც იქნება „ეს დღე ჩვენია“.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, საბავშვო. მოეწყობა ლიტერატურული კაფეები, სადაც მწერლები და პოეტები იქნებიან წარმოდგენილები. მთელი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე ასევე მოეწყობა სტარტაპერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 15 ქალაქში სხვადასხვა უწყებების სტენდები იქნება წარმოდგენილი. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ კუთხეს აჭარაში წარმოადგენს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კი ზუგდიდსა და თელავში იქნება წარმოდგენილი.

17:10 საათზე კი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, თავისუფლების მოედანზე 300 ბავშვი საქართველოს ჰიმნს შეასრულებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა -კონცერტით დასრულდება.

იხილეთ 26 მაისის ღონისძიების პროგრამა.

“მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას”- ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ – უკრაინის ომის 455-ე დღე

საომარი მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ ქალაქები – ბახმუტი და მარინკა – რჩებიან. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა, გასულ დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 26 შეტევა მოიგერიეს.

“მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტი, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე – მოხდა 26 სამხედრო შეტაკება. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ბახმუტი და მარინკა რჩებიან“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 53-ჯერ გახსნეს, რის შედეგადაც დაზარალდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურდა და დაზიანდა კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგის მოქმედებების საპასუხოს, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 24 საათის განმავლობაში 15 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს.

„ასევე, გასული დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს მტრის Ka-52 ვერტმფრენი, Shahed-ის ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატი და Zala-ს ტიპის ერთი სადაზვერვო დრონი. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი მტრის 3 სამეთაურო პუნქტს, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 4 უბანს, საბრძოლო მასალის საცავსა და 2 საარტილერიო დანადგარს დაარტყეს, ასევე მტრის კიდევ 3 მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა, – ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინას გადაეცა TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი, Biber-ის ტიპის ხიდის გამდები ორი ტანკი, Vector -ის ტიპის სადაზვერვო დრონები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, სასაზღვრო ავტომობილები და Zetros-ის სატვირთო მანქანები.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 14 მაისს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის ჯამური ღირებულება 2.7 მილიარდ ევროს შეადგენს. მისი თქმით, დახმარების პაკეტში შედიოდა Leopard-1 საბრძოლო ტანკები, Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და Iris-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები. გერმანიის მთავრობაში განმარტავენ, რომ ქვეყანამ უკრაინას სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 17 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწია.

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ მებრძოლების მიერ რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჩატარებულ ოპერაციაში უკრაინელი მებრძოლები არ მონაწილეობდნენ,”– ამის შესახებ The New York Times-ს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

მისი თქმით, ოპერაციის დროს უკრაინელი სამხედროები ძირითადად დამხმარე როლს ასრულებდნენ – იცავდნენ საზღვარს რუსეთის კონტრშეტევის შემთხვევისთვის.

„რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი მებრძოლები არ შესულან“, – აღნიშნა წყარომ გამოცემასთან საუბარში.

ოფიციალური პირის თქმით, ოპერაციის მონაწილე ქვედანაყოფებმა დანაკარგები განიცადეს, მაგრამ არა იმდენი, რომ ამან გავლენა იქონიოს მათ საბრძოლო მზადყოფნაზე.

“შფოთავს კელი და დეპარტამენტი, გვეურჩებით?!” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებას და რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას გამოეხმაურა.

„შემოაგდეს ფანდი ასლის, ევროკავშირის და ნატოს მისაღებში ჩოქბჯენში წლები დგომა გერჩივნოთ აფხაზებთან და ოსებთან საუკუნოვან ერთობას! შფოთავს კელი და დეპარტამენტი, გვეურჩებით?! ფრენებს ბედავთ ჩვენი ნების გარეშე! მორჩა დემოკრატიული კუკუდამალობანა, ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი სანქცია!“, – წერს ხაინდრავა Twitter-ზე.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ, თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“.

რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის წინააღმდეგია -დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის წინააღმდეგია. ამის შესახებ განცხადება დიმიტრი პესკოვმა რუსულ სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

პესკოვის თქმით, რუსეთი უკრაინაში დასახული ამოცანების შესრულებას ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ან სხვა „ხელმისაწვდომი საშუალებებით“ შეეცდება.

„რუსეთი განიხილავს მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებას: რუსეთის ინტერესების უზრუნველყოფას, რუსეთის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებას სპეციალური საომარი ოპერაციით ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებებით“, – განაცხადა პესკოვმა.