Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 33,93%-მდე შემცირდა.
მათივე ცნობით, ქვეყანაში დემოკრატიის ქულამ 3.07- დან 3.04-მდე დაიკლო. ორგანიზაცია საქართველოს „ტრანზიციულ ან ჰიბრიდულ რეჟიმად“ მოიხსენიებს.
როგორც Freedom House-ის ანგარიშშია აღნიშნული, დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი 3.50-დან 3.25 ქულამდე შემცირდა „ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციის გამო“. Freedom House-ს მაგალითად მოჰყავს მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორი ტელეკომპანიის დირექტორის სამართლებრივი დევნა, ისევე როგორც „სულ უფრო და უფრო მეტად პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემო, რომელმაც ძირი გამოუთხარა სარედაქციო დამოუკიდებლობას“.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიას 2022 წელს ყურადღებით აკვირდებოდნენ, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ნაბიჯები გადადგა, თუმცა „სტრუქტურული პრობლემები ისეთ სფეროებში, როგორიცაა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და მრავალპარტიული მმართველობა, ძირითადად გადაუჭრელი დარჩა, რაც საქართველოში დემოკრატიულ განვითარებასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს ხელს უშლის“.
„გარდა ქვეყნის მუდმივი პოლიტიკური პოლარიზაციისა, წელი ხასიათდებოდა სიტყვიერი თავდასხმების საგანგაშო დონით, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მიმართ, ისევე როგორც პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების შემაშფოთებელი შემთხვევებით“, – აღნიშნულია Freedom House-ის ანგარიშში.
გარდა ამისა, Freedom House აღნიშნავს, რომ „ევროსაბჭოს მიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებამ, სხვადასხვა კრიტიკული სფერო გამოვლინდა, მათ შორის ლგბტ+ თემისა და რელიგიური უმცირესობების ფართოდ გავრცელებული დისკრიმინაცია როგორც ონლაინ, ისე პირისპირ“.
Freedom House აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას „ომის პარტიად“ მოიხსენიებს, რაც ქვეყანაში არსებული პოლარიზციის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.
ორგანიზაცია ანგარიშში საუბრობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ დევნაზეც, რომელმაც მათი თქმით, შეშფოთება გამოიწვია სავარაუდო პოლიტიკური ანტაგონიზმის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევისა და მართლმსაჯულების სისტემის მიერ თავისუფალი და სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობის მინიჭებასთან დაკავშირებით.