Home Blog Page 2071

„უკრაინამ რუსებს გამარჯვების შანსი უკვე წაართვა” – “ამერიკის ხმის” ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან

აშშ-ის რადიოსადგურის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ინტერვიუ აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილ სარდალთან, გენერალ ფრედერიკ ბენჯამენ ჰოჯესთან სათაურით „უკრაინამ რუსებს გამარჯვების შანსი უკვე წაართვა, კონტრიერიში კი, ალბათ, ზაფხულში დაიწყება“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

– ბატონო გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ზოგადი მიმოხილვით დავიწყოთ – როგორ აფასებთ ამერიკის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას ინტერნეტ სივრცეში?

– საზიანოა, როდესაც რაღაც ასეთი ხდება, რადგან ქვეყნებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება ეფუძნება ნდობას. თუ სხვა ქვეყნებს სჯერათ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავიცვათ საიდუმლო ინფორმაცია, მათ ამ ინფორმაციის გაზიარება არ მოუნდებათ. ეს არის ერთი ასპექტი. მეორე მხარე კი ისაა, რომ არასოდეს გინდა, რომ შენმა მტერმა იცოდეს, თუ რა იცი შენ მის შესახებ. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, მათ შეუძლიათ გაარკვიონ, თუ საიდან იცი ის, რაც იცი. ეს საზიანოა ამ კუთხით. ამასთან, არ მგონია, რომ რაიმე კონკრეტული საბრძოლო გეგმები გამჟღავნდა. არ ვფიქრობ, რომ უკრაინის მომავალ შეტევას ამ ინციდენტმა რაიმე ზიანი მიაყენოს. ასევე, არ მგონია, რუსები საკმარისად მოქნილები იყვნენ იმისთვის, რომ თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ამ დოკუმენტებში მათთვის რაღაც ღირებული აღმოჩნდა, ამ ინფორმაციის გამოყენება შეძლონ.

– ამბობთ თუ არა იმას, რომ ეს კონტრდაზვერვის კუთხით უფრო იყო ჩავარდნა, ვიდრე თავდასხმა ან რაიმე სხვა?

– ეს საკითხის საინტერესო ფორმულირებაა. როგორ მოხდა ეს? ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გამოძიება მალე ჩატარდეს, ზიანი გაიწმინდოს და გამოძიებამ გაარკვიოს სად იყო პრობლემები და როგორ მოხდა ეს ყველაფერი.

– თავდაპირველად, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს რუსეთთან დაკავშირებული ოპერაცია იყო. თქვენ რას ფიქრობთ ამ ვარაუდზე?

– ვფიქრობ, რომ ეს კარგი ვარაუდია. რუსები, ჩინელები, ირანელები, ჩრდილოეთ კორეელები, ყველა ჩვენი მტერი და პოტენციური მტერი მუდმივად ცდილობს შეაღწიოს ჩვენს დაცულ სისტემებში ინფორმაციის მისაღებად, ან იმის გასარკვევად, თუ რას ვაკეთებთ. საინფორმაციო სივრცე არის ომის წარმოების ერთ-ერთი სფერო, ამიტომ ყოველთვის ვვარაუდობ, რომ ეს ხდება.

(…)

– მას შემდეგ, რაც საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაზე ინფორმაცია გავრცელდა, მედიაში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ უკრაინელებს საკუთარი სამხედრო გეგმების შეცვლა უწევდათ. როგორ აფასებთ თქვენ გაჟონვის გავლენას უკრაინის მიერ სავარაუდოდ დაგეგმილი კონტრშეტევის გეგმებზე?

– ვფიქრობ, უკრაინის გენერალური შტაბი იმდენად კვალიფიციურია, რომ მათ უკვე გაკეთებული ექნებათ შეფასება და დადგენილი ექნებათ ის მოჰყვა თუ არა ამას რეალური ზიანი. არის თუ არა რაღაც ისეთი, რაც მათ გეგმებში ცვლილებების შეტანას აიძულებს. და თუ არის ამის მიზეზი, მათ ეს გამოსავალი უკვე ნაპოვნი აქვთ. მაგრამ ისინი ასევე საკმარისად მოქნილები არიან იმისთვის, რომ ეს სიტუაცია საკუთარ უპირატესობად აქციონ. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ისინი ამით ისევე იმედგაცრუებულები არიან, როგორც – ჩვენ, რადგან ჩვენ ვართ ის, ვისაც აშკარად გამოეკვეთა დაუცველობა თუ შეცდომა. უკრაინელებზე ეს უარყოფითად არანაირად არ აისახება.

ჩემი ყურადღება საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ მიიქცია. ყოველთვის ვვარაუდობდი, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი ამუნიცია და უწევთ შეზღუდული რაოდენობის რაკეტების გამოყენება. თუ ეს ინფორმაცია ზუსტია – და ამ ეტაპზე ეს არ ვიცით – მაშინ ადმინისტრაციამ არა მხოლოდ მეტი შეიარაღება უნდა მისცეს უკრაინას, არამედ უნდა გადავხედოთ მათთვის F-16 ტიპის მოიერიშეების ან სხვა სახის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას. ასევე უნდა მივცეთ მათ ATACMS-ები, მცირე დიამეტრის სახმელეთო ბომბები ან სხვადასხვა ტიპის შორი რადიუსის ზუსტი დამიზნების შესაძლებლობები.

რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ყირიმი სარაკეტო თავდასხმების ბაზად გამოიყენოს. ამაში შავი ზღვის ფლოტს ვგულისხმობ. თქვენ იცით, რომ ისინი სხედან სევასტოპოლში, გემები შეჰყავთ შავ ზღვაში, საიდანაც უკრაინულ საცხოვრებელ კორპუსებს რაკეტებს ესვრიან და შემდეგ ისევ პორტში ბრუნდებიან. რატომ არ ვეხმარებით უკრაინას სევასტოპოლში ბაზირებული შავი ზღვის ფლოტის ან რუსეთის საჰაერო ძალების განადგურებაში? ან ყირიმიდან გაშვებული დრონების ჩამოგდებაში? განსაკუთრებით თუ მათ საჰაერო თავდაცვისთვის შეიარაღება არ ჰყოფნით, რატომ არ ვაძლევთ მათ ამ შესაძლებლობას? იმედი მაქვს, ეს უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს ადმინისტრაციაზე.

– რა ხდება ბახმუტში? რუსები ამბობენ, რომ ქალაქის 75 პროცენტს აკონტროლებენ, უკრაინელები ამას უარყოფენ. თუმცა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიანიშნა, რომ თუ ქალაქის დატოვება საჭირო გახდა, ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. თქვენ როგორ ხედავთ ბახმუტში არსებულ სიტუაციას?

– ვფიქრობ, რომ უკრაინის გენერალური შტაბი მართალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მათ მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ, სამწუხაროდ დაკარგეს ბევრი ჯარისკაცი, მაგრამ მათ შეძლეს ის, რომ ახალი სატანკო ბრიგადების გამოყენების გარეშე რუსეთი შეაჩერეს. ამასობაში კი აგრძელებენ კონტრშეტევისთვის წვრთნას და მზადებას, რომელიც, ვფიქრობ, ამ ზაფხულს იქნება და არა – გაზაფხულზე. ეს კონტრიერიში გამოაჩენს იმას, რომ შედეგი იმ ძალიან ძვირადღირებულ დანაკარგებად ღირდა. მათ რუსებს ნებისმიერი გამარჯვების შანსი გაუქრეს.

რუსები იქ ძალიან დაზარალდნენ. დაკარგეს დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და გამოიყენეს ბევრი საბრძოლო მასალა. რუსეთს მთელი ყურადღება ბახმუტზე და ვუჰლედარზე აქვს გადატანილი, ამასობაში კი უკრაინა საკუთარი კონტრშეტევისთვის ემზადება. სამხედრო დოქტრინაში ჩვენ ამას ძალის ეკონომიას ვუწოდებთ. მე ვყოფილვარ ძალის ეკონომიის პოზიციაში, როცა არ გაქვს საკმარისი რესურსები, მაგრამ შენგან იგივე ეფექტურობას მოელიან, რადგან პრიორიტეტი სხვაგან არის. ვფიქრობ, მათ ეს ძალიან კარგად გააკეთეს. ეს, რა თქმა უნდა, რთული გადაწყვეტილებები იქნებოდა პრეზიდენტისთვის, გენერალ ზალუჟნისთვის და გენერალური შტაბისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან, საქმე ისაა, რომ რუსებს ამის ათვისების უნარი არ აქვთ. ბახმუტი რომც აიღონ, მერე რა? მათ ხომ არ აქვთ მოლოდინის რეჟიმში მყოფი ჯავშანტექნიკის კოლონები, რომლებიც მზად არიან ხარკოვში ან კიევში შევიდნენ. მათ ეს შესაძლებლობა უბრალოდ არ აქვთ.

– არც “ვაგნერის” ჯგუფს? ისინი ბახმუტში განსაკუთრებით აქტიურები არიან. ზოგიერთი მიმომხილველი იმასაც კი ამბობს, რომ პრიგოჟინი თავისი შეიარაღებული ძალით პუტინისთვის უფრო საშიშია, ვიდრე – უკრაინისთვის. თქვენ რას ფიქრობთ ამ დაჯგუფებაზე?

– თქვენ მართალი ხართ. უკრაინისთვის ძალიან სასარგებლოა ის, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას ერთმანეთი ასე ძალიან სძულს და ერთმანეთს ასე ძალიან არ ენდობა. აქ პრიგოჟინს, შოიგუს, გერასიმოვს, კადიროვს და სხვებს ვგულისხმობ. ამ ადამიანებს ერთმანეთი არ მოსწონთ. შედეგად, მათ არ აქვთ ერთიანი სამეთაურო სტრუქტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ აქვთ ომის წარმოების ერთიანი გეგმა. ამ ეტაპზე რუსებს არ აქვთ თვალსაჩინო გეგმა იმისა, თუ როგორ შეინარჩუნებენ აქამდე დაკავებულ ტერიტორიებს. საინტერესო იქნებოდა ერთ მშვენიერ დღეს გავიგოთ ის, თუ თავდაპირველი “ვაგნერელებიდან “- რომლებიც სავარაუდოდ, კარგად აღჭურვილი ძლიერი მებრძოლები და კარგი ჯარისკაცები იყვნენ – რამდენი პროცენტია ჯერ კიდევ ცოცხალი ან ბრძოლისუნარიანი. ეს არ ვიცით, მაგრამ ვიცით ის, რომ “ვაგნერის” ჯგუფი ჯერ ისევ აგრძელებს ოპერაციებს აფრიკაში.

წყარო

“პრეზიდენტმა არ მოგვაწოდა ინფორმაცია ლაშა ხუციშვილის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით”-ანა დოლიძე

 პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერი, ანა დოლიძე მის ფეისბუქ გვერდზე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოწოდებულ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას ეხება.

 ’’ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამოუკიდებლობა არის მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ ეროვნულმა ბანკმა შეასრულოს თავისი დანიშნულება, მათ შორის, დაიცვას მომხმარებელთა უფლებები. რასაც დღეს ეროვნული ბანკი ვერ ასრულებს და არ აკეთებს. იქ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის დანიშვნა იქნება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაზიანება. ამიტომ აქტიურად ვაკვირდებით ამ პროცესს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშივლი.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოქმედი ფინანსთა მინისტრის,  ლაშა ხუციშვილთან დაკავშირებით. ვინაიდან, დადასტურებული არ იყო ხუციშვილის მონაწილეობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესში. პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ უთითებს კანონმდებლობის რომელი მუხლების საფუძველზე არ გვაწვდის ინფორმაციას. ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ გასცემს. ევროპული ფასეულობების შორის მთავარი არის თანამონაწილეობა, მსჯელობა და დისკუსია. სამწუხაროდ, ეს ნაბიჯი არ არის გადადგმული ევროპული ფასეულობების მიმართულებით’’- აცხადებს ანა დოლიძე

ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა – გიული ალასანია

ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და დაცვის მხარე სასჯელის დროებით გადავადებას ითხოვს და იმედს გამოთქვამს, რომ სტრასბურგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

„სიცხე და მაღალი წნევა ისევ აქვს. გადაადგილება, რა თქმა უნდა, ძალიან უჭირს, კუნთის ნასახი არ აქვს და როგორ უნდა გადაადგილდეს. გუშინ პირდაპირ დამანახა – ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა. ვითხოვთ, რომ ამ იურიდიული საქმეების განხილვა დროებით გადაიდოს და შესაძლებლობა მიეცეს მას, რათა თავისი ჯანმრთელობა აღიდგინოს.

დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა სტრასბურგიდან. მე ეს მოლოდინი მაქვს. არ ვიცი, რა იქნება და რა შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

” BBC-ის მიუკერძოებლობაზე კითხვებს ვერასდროს დავსვამ”- კობა ნაყოფია

BBC-ის მიუკერძოებლობაზე კითხვებს ვერასდროს დავსვამ, რადგან ძალიან ავტორიტეტული და პატივსაცემი მედიასაშუალებაა მსოფლიოში, მაგრამ ამავე დროს ადამიანის დანაშაული მტკიცდება სასამართლოზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებთან დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი ღირსება და სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოს გზით. უნდა დაველოდოთ მოვლენებს“, – აღნიშნა ნაყოფიამ.

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

“ახალი შტამის მიმდინარეობა „ომიკრონის“ სხვა შტამების მსგავსია” – ალექსანდრე გოგინავა

ბოლო 2 თვეა, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესება არ აღინიშნება, ამის არანაირი წინაპირობა არ გვაქვს,- ასე აფასებს ეპიდვითარებას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, ქვეყანაში „ომიკრონის“ სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს, რომლის მიმდინარეობაც მსუბუქია.

„ბოლო 1 თვე, თვენახევრის განმავლობაში, კვირაში რამდენიმე ასეული დადასტურებული შემთხვევა გვქონდა და ერთეული გარდაცვალება. ეს დინამიკა არ გაუარესებულა, პირიქით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში დადებითი ტენდენცია შეინიშნება. კვირაში რამდენიმე ათეულიდან ასეულ შემთხვევამდე გვაქვს და ერთეული გარდაცვალება.

ბოლო 2 თვეში არ აღინიშნება ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესება, ამის არანაირი წინაპირობა არ გვაქვს. ქვეყანაში „ომიკრონის“ სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს, რომლის შესახებაც ვიცით. მათი მიმდინარეობა მსუბუქია, თუმცა საყურადღებოა იმ ადამიანებში, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს.

კორონავირუსის ახალი შტამის, XBB.1.16-ის ახალი შემთხვევები საქართველოში ჯერ დადასტურებული არ არის. ჩემი აზრით, ის იქნება „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს მსგავსი. ახალი შტამის კლინიკური მიმდინარეობა „ომიკრონის“ სხვა შტამების მსგავსია. სხვა შტამებისგან განსხვავებით, ახალ შტამს მეტად აქვს გამოხატული კონიუნქტივიტი“, – აღნიშნა გოგინავამ.

“ძალიან უხერხული საყურებელია დაპირისპირება, რაც “ნაცმოძრაობაშია”- რატი იონათამიშვილი

ძალიან უხერხული საყურებელია ის დაპირისპირება, რაც „ნაცმოძრაობაში“ არსებობს. ამ ადამიანებს ერთადერთი აინტერესებთ, რომ საკუთარ პარტიაზე ჰქონდეთ გავლენა და ძალაუფლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ზნე არც ოპოზიციაში შეუცვლია.

„მზად არიან, ძალაუფლებისთვის გაწირონ ყველა და ყველაფერი. ამით გვახსენებენ „ნაცმოძრაობის“ ბიოგრაფიას, მათ არც ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში ზნე არ შეუცვლიათ. შესაბამისად, ეს დეჟავუ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავს უპრინციპო ადამიანებს ხელისუფლების სადავეები არასოდეს ჰქონდეთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

“ჩვენს ეზიდ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ახალი წლის დღესასწაულს, აიდა სარსალეს”-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეზიდ თემს „აიდა სარსალეს“ დღესასწაულს ულოცავს.

მისი თქმით, ეზიდ მოქალაქეებს მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას უსურვებს.

„ჩვენს ეზიდ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ახალი წლის დღესასწაულს – „აიდა სარსალეს“. ქვეყნისადმი ერთგულებითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეულ თქვენს თემს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლაში. მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – ნათქვამია პრემიერის მისალოც ტექსტში.

“აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტები არ გულისხმობს ავტომატურად ბიუჯეტიდან დაფინანსებას” – აზარაშვილი

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტზე FDA-ის და EMA- ს ავტორიზაცია ეხება ქვეყნებში შეტანის და გაყიდვის უფლებას და არ გულისხმობს ავტომატურად ბიუჯეტიდან მედიკამენტის დაფინანსებას – ვერანაირ ვადებზე ვერ ვისაუბრებთ, ამაზე საბჭო მსჯელობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამა თუ იმ მედიკამენტთან დაკავშირებით სამინისტროში მოქმედი იშვიათი დაავადებების საბჭო მსჯელობს და ბოლო შეხვედრაზე, რომელიც მარტის ბოლოს გაიმართა, კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა.

„თემა იმდენად სენსიტიურია, რომ ამ ფორმატში გადაწყდა განხილვა, რადგან ბავშვებს შეეხება. კომიტეტს დეტალურად გავაცანი საბჭოს გადაწყვეტილებები, რა ეტაპზეა, რა ხდება პროტოკოლთან, „გაიდლაინების“ შემუშავების კუთხით და ა.შ. კითხვები იყო მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. აქვე დეტალურად გავაცანი ინფორმაცია, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეს მედიკამენტი არ ფინანსდება. არის სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები, მაგალითად გერმანიის, ბრიტანეთის, სადაც განხილვაც კი შეჩერებულია ამის ბიუჯეტიდან დაფინანსების თაობაზე. ის ნაწილი, რაც ეხება FDA- ის (აშშ-ისს საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტო) და EMA- ს (ევროპის წამლის სააგენტო) ავტორიზაციას, ეს არის ქვეყნებში შეტანის და გაყიდვის უფლება, ეს არ გულისხმობს ავტომატურად იმ ქვეყნების ბიუჯეტიდან მედიკამენტის დაფინანსებას.

არაერთი შეხვედრა, ათეულობით შეხვედრა გაიმართა სამინისტროში დეპარტამენტების უფროსების, ჩემი მოადგილეების დონეზე. ამ მხრივ, ვფიქრობ, ძალიან გამჭვირვალეა ჩვენი სამინისტროს მუშაობა, არ ვაკლებთ მცდელობას, რომ თუ რაიმე შესაძლებლობაა მედიკამენტის შეძენა იქნება, დაფინანსება თუ ა.შ, უკან არ დავიხიოთ.

ასევე, კითხვა იყო აღნიშნული დიაგნოზის მქონე ბავშვების სხვა საჭიროებებზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი საჭიროება ფსიქოლოგთან დაკავშირებული იქნება, მასაჟთან თუ სხვა, განვიხილოთ და უზრუნველვყოთ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. ასევე, მშობლებს შევთავაზე იმ ბავშვებისთვის, სადაც თანმდევი დაავადებებიც არსებობს, რომელიც სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული, დიაგნოსტიკა ჩატარდეს როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ, შეგვიძლია ეს დავაორგანიზოთ.

(მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით) ვერანაირ ვადებზე ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს დახურულ მოუსმინეს. მინისტრი კომიტეტზე „ლელოს“ მოთხოვნის საფუძველზე მივიდა.კომიტეტზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა საკითხი განიხილეს.

სხდომას ესწრებოდნენ მშობლებიც, რომლებიც რამდენიმე თვეა მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აქციებს მართავენ.

ნიუ-იორკში პარკინგის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა

ნიუ იორკში, მანჰეტენზე ოთხსართულიანი ავტოსადგომის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების პერსონალს შენობიდან დაშავებულების გამოსაყვანად სპეცტექნიკის გამოყენება მოუწია.

შენობაში მყოფი ერთ-ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბეტონის ფილებს შორის რამდენიმე მანქანაა მოყოლილი.

სამაშველო ოპერაცია ადგილზე ამ დრომდე გრძელდება, რადგან, პოლიციის ინფორმაციით, შენობის ნგრევის საშიშროება ამ დრომდე არის.

ნიუ იორკის მერიის ცნობით, ავტოსადგომის შენობა დაზიანებული იყო და ბზარები აღენიშნებოდა.

ხილითა და თხილით გლობალური ვაჭრობა შემცირდა – როგორია საქართველოს მაჩვენებლები

2022 წელს ხილითა და თხილით გლობალური ვაჭრობა, რომელიც სტაბილურად წლიდან წლამდე იზრდებოდა, პირველად შემცირდა. შესაბამისად, EastFruit-ის ანალიტიკოსებმა მიზეზების გამოკვლევა დაიწყეს.

მსოფლიოს ხილის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი 25 ქვეყნის მონაცემებით, რომელზეც მსოფლიოში ხილის ექსპორტის მოცულობის 80% მოდის, 2022 წელს 4,05 მილიარდი დოლარით შემცირდა.

საინტერესოა ისიც, რომ ლიდერი 25 ქვეყნიდან მხოლოდ 6-მა ქვეყანამ აჩვენა ექსპორტის ზრდა, ეს კი უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემებია.

თუკი შევხედავთ სტატისტიკას, ვინ გაზარდა ექსპორტი და ვინ შეამცირა, მაშინ პრობლემის კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე პასუხი უფრო აშკარა ხდება: ხილისა და თხილის ექსპორტი გაზარდა ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ჩილე, პერუ, კოსტა რიკა, ეგვიპტე, მაროკო და გვატემალა, ე.ი. იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ისარგებლეს არასეზონური მიწოდების შესაძლებლობითა და იაფი მუშახელის არსებობით. მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებმა, ისევე როგორც აშშ-მა, ე.ი. ქვეყნებმა, რომლებსაც აქვთ მაღალი შემოსავალი და მაღალი შრომითი ხარჯები, მნიშვნელოვნად შეამცირეს ხილისა და თხილის ექსპორტი.

რატომ დაეცა გლობალური ვაჭრობა ხილითა და თხილით 2022 წელს?

„ხილი და თხილი, როგორც წესი, არ არის აუცილებელი საკვები. 2022 წელს მსოფლიომ განიცადა ეკონომიკური და ენერგეტიკული შოკი, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთის სამხედრო აგრესიით უკრაინის წინააღმდეგ. ამან გამოიწვია მწარმოებლებისთვის ენერგიის ხარჯების მკვეთრი ზრდა, ლოჯისტიკის ღირებულების მკვეთრი ზრდა და ასევე ძირითადი საკვები პროდუქტების ხარჯების ზრდა. ამიტომ ამ პირობებში ხილსა და თხილზე მოთხოვნა შესამჩნევად შესუსტდა. კიდევ ერთი მიზეზი იყო კლიმატის ცვლილებით და სხვადასხვა ამინდის ანომალიებით გამოწვეული პრობლემები, რაც იწვევს ხილის კულტურების ზარალს“, – განაცხადა ანდრიი იარმაკმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო დეპარტამენტის ეკონომისტმა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვაჭრობის ვარდნა ფასდება დოლარში ღირებულებით, ხოლო 2022 წელს დოლარის ინფლაციამ ბოლო წლების რეკორდულ 8%-ს გადააჭარბა, რაც, ფაქტობრივად, მსოფლიო ექსპორტის ძალიან მკვეთრ რეალურ შემცირებაზე მიუთითებს.

როგორ შეიცვალა ხილის გლობალური ექსპორტი წამყვან ქვეყნებში?

შეერთებული შტატები თხილისა და ხილის მსოფლიოს წამყვანი ექსპორტიორი, დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის შემოსავლით, შემოსავლის უმეტეს ნაწილს ნუშის, ფისტას, კაკლის, ახალი ვაშლისა და სუფრის ყურძნის ექსპორტიდან იღებს. ყველა ამ თანამდებობაზე, გარდა კაკლისა, საექსპორტო შემოსავლის შესამჩნევი კლება დაფიქსირდა.

ესპანეთმა მკვეთრად შეამცირა ექსპორტი ხილის ექსპორტის ხუთივე ძირითად კატეგორიაში: ციტრუსები, კენკრა, ქვის ხილი, გოგრა და თხილი. ესპანეთის ექსპორტის შემოსავალი ასევე დაეცა ფინიკისა და სუფრის ყურძნის კატეგორიაში.

მექსიკამ, მიუხედავად იმისა, რომ შეამცირა ექსპორტი, დარჩა მესამე ადგილზე ექსპორტიორთა გლობალურ რეიტინგში. ამავდროულად, საექსპორტო ძირითადი კატეგორია, ავოკადო, დინამიკურ ზრდას განაგრძობდა. მაგრამ მექსიკიდან კენკრის ექსპორტი 2022 წელს თითქმის განახევრდა! შემცირდა თხილის ექსპორტიც, მაგრამ ციტრუსისა და ნესვის საექსპორტო გადაზიდვები კვლავ იზრდებოდა.

ნიდერლანდები – ხილის უმსხვილესი რეექსპორტიორი მსოფლიოში, მრეწველობის მდგომარეობის გარკვეული მაჩვენებელია. ნიდერლანდებში შემცირდა შემოსავალი ეგზოტიკური ხილისა და ავოკადოს, კენკრის, ციტრუსის, ვაშლის, თხილისა და ყურძნის ექსპორტიდან, მაგრამ გაიზარდა ბანანის რეექსპორტიდან მიღებული შემოსავალი.

ჩილე ერთადერთი ქვეყანაა ხუთეულში, რომელმაც გაზარდა ექსპორტი, მკვეთრად, თითქმის სამჯერ, გაზარდა შემოსავალი სუფრის ყურძნის ექსპორტიდან, რომელიც გახდა ქვეყნის შემოსავლის მთავარი წყარო, გაუსწრო ალუბალს. ჩილეს ალუბლის ექსპორტის შემოსავალიც საკმაოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წელს და მიაღწია რეკორდულ 2,1 მილიარდ დოლარს. კივის ექსპორტის შემოსავალი გაორმაგდა, ხოლო ჩილეს მოცვისა და ახალი ვაშლის ექსპორტის შემოსავალი შემცირდა.

როგორ შეიცვალა ხილის ექსპორტი ჩვენი რეგიონის ქვეყნებიდან?

საქართველომ ექსპორტიდან შემოსავალი 6%-ით, 13 მილიონი დოლარით შეამცირა, ძირითადი კლება დაფიქსირდა საექსპორტო ძირითად კატეგორიაში, რომელიც საქართველოსთვის თხილია. ასევე შემცირდა საქართველოს ექსპორტის შემოსავალი მანდარინიდან, ვაშლიდან და ხურმადან. მეორე მხრივ, შესაძლებელი გახდა ექსპორტის მოცულობის გაზრდა ისეთ საექსპორტო კატეგორიებში, როგორიცაა მოცვი, ატამი, ბროწეული, ქლიავი, ჩირი, ლიმონი, ნუში და სუფრის ყურძენიც კი.

თურქეთი, ხილისა და თხილის უმსხვილესი ექსპორტიორი ჩვენს რეგიონში, ექსპორტიორთა მსოფლიო რეიტინგში მერვე ადგილზე იყო. ამასთან, 2022 წელს თურქეთიდან ექსპორტი 8%-ით ან 424 მილიონი დოლარით შემცირდა, თურქეთიდან ექსპორტი თითქმის ევროკავშირის ქვეყნებსა და უკრაინაში შემცირდა. გაიზარდა მიწოდება აშშ-სა და რუსეთში.

პოლონეთი იღებს ძირითად შემოსავალს ექსპორტიდან გაყინული ჟოლოს გარე მარაგებიდან. ამ კატეგორიაში დაფიქსირდა ზრდა რეკორდულ დონემდე 2022 წელს, ისევე როგორც გაყინული ხილის კატეგორიაში. მაგრამ პოლონეთიდან გაყინული ბაღის მარწყვის ექსპორტი დაეცა. შემცირდა პოლონური ვაშლისა და მოცვის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალიც.

უზბეკეთმა 2022 წელს ხილისა და თხილის ექსპორტის შემოსავალი 21%-ით გაზარდა, შემოსავლის ზრდა დაფიქსირდა საექსპორტო ოთხ ძირითად პროდუქტზე: სუფრის ყურძენი, ქიშმიში, ატამი და ხურმა. მაგრამ უზბეკეთიდან ტკბილი ალუბლის ექსპორტი თითქმის სამჯერ დაეცა ანტი-რეკორდამდე ბოლო წლებში, რაც გამოწვეული იყო ამინდის ანომალიებით.

უკრაინამ ხილისა და თხილის ექსპორტი 15%-ით შეამცირა. შემცირება დაფიქსირდა სამ ძირითად კატეგორიაში: გაყინული ჟოლო და სხვა გაყინული ხილი. ისევე როგორც კაკალი. ამასთან, გაიზარდა შემოსავალი უკრაინული ახალი ვაშლის, მოცვისა და გაყინული მარწყვის ექსპორტიდან.

მოლდოვამ, რომელიც რამდენიმე წელია ხილისა და თხილის ექსპორტიორთა რეიტინგში უკრაინის ქვემოთ იყო, 2022 წელს ექსპორტი 6%-ით, 15 მილიონი დოლარით გაზარდა, მიუხედავად უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად წარმოქმნილი მრავალი სირთულისა.

როგორ იმოქმედებს გლობალური ხილითა და თხილით ვაჭრობის კრიზისი რეგიონის ქვეყნებზე და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი?

როგორც east-fruit-ის ანალიტიკოსები ამბობენ, მოთხოვნის შემცირება ყოველთვის ყველაზე უარესია, რაც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ბაზარზე, გამონაკლისი არც ხილი და თხილია. როდესაც მოთხოვნა მცირდება, ფასები როგორც წესი, იკლებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ წარმოების ხარჯები კვლავ რჩება რეკორდულ მაჩვენებლებთან ახლოს, ეს უარყოფითად აისახება ხილისა და ბოსტნეულის სექტორის ყველა საწარმოს ეკონომიკაზე – ფერმერებიდან დაწყებული გადამამუშავებლებით და საბითუმო და საცალო მოვაჭრეებით დამთავრებული.

ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება გლობალურ სურსათის ბაზარზე.

როგორც FAO-ს სურსათის ფასების ინდექსიდან ვხედავთ, სასურსათო კალათაში ფასები აგრძელებს კლებას ზედიზედ მრავალი თვის განმავლობაში და უკვე 2021 წლის დონეს უახლოვდება.

მოთხოვნის აღორძინების მიზნით, მსოფლიომ უნდა გააცოცხლოს გლობალური ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები. თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს მკაფიო სიგნალები გლობალური ეკონომიკური ზრდის აღდგენის შესახებ.

მეორე მხრივ, რეგიონის ქვეყნებს კვლავ აქვთ უპირატესობა შრომის ხარჯებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხილის ბაზარზე წარმატებისთვის. ამ გლობალურმა კრიზისმა შეიძლება ახალი პერსპექტივები გაუხსნას ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, უზბეკეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი და უკრაინა. ყოველივე ამის შემდეგ, იმპორტიორები მსოფლიოს განვითარებული და მდიდარი ქვეყნებიდან ეძებენ შესაძლებლობებს ხილსა და თხილზე მოთხოვნის აღორძინების მიზნით, თუნდაც მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტებზე ფასების შემცირებით. და სწორედ ეს კატეგორიის ხილის ექსპორტი შეიძლება გახდეს რეგიონის ქვეყნებისთვის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი.

 

წყარო

“ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ეწინააღმდეგება, რას მალავენ, სასამართლოში კლანი თუ არ არსებობს”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განაცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნება“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„რას მალავენ? – მესმის, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პროცედურით ეწინააღმდეგებიან, მაგრამ თუ არაფერი ხდება, სასამართლოში კლანი არ არსებობს, უკეთესი არ იქნება, კომისია შეიქმნას და ვნახოთ, რომ არაფერი ხდება – არც კორუფცია არსებობს, არც კეთილსინდისიერების პრობლემა. სათქმელი თუ არ გვექნება, „ქართული ოცნება“ უფრო გამარჯვებული არ იქნება, ვიდრე ოპოზიციას ჩაუსაფრდეს, იქნებ, ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელმა ფეხი მოიტეხოს და პარლამენტში არ მოვიდესო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 51-მა წევრმა. კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა. სხდომაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მიიღეს გადაწყვეტილება, არ გაიარონ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. „ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

” სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას იყენებენ მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის”- თალაკვაძე

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას იყენებენ მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„თუ რამე კომისიის შექმნა შეუძლიათ, თუ რამე მხარდამჭერი გუნდის გაკეთება შეუძლიათ, დღეს ყველაზე მთავარი არის, რომ ისინი მივიდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაარწმუნონ და დაეხმარონ მას, რომ აღადგინოს სრულფასოვანი კვება, შეასრულოს დანიშნულება და რეკომენდაციები, რომელიც გასცეს ექიმებმა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება. „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესია, კომისიამ დაადგინოს, ირღვეოდა თუ არა პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის უფლებები და კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება თუ არა პატიმარი სათანადო პირობებში.