Home Blog Page 2065

“დღეს თუ რამე ჩრდილი ადგას ჩვენი თავისუფლების ზეიმს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია რუსეთის მიერ”- პრემიერი

დღეს თუ რაიმე ჩრდილი ადგას ჩვენი თავისუფლების ზეიმს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია რუსეთის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სრულფასოვანი თავისუფლება – უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას გულისხმობს.

„მე ღრმად მწამს, რომ სწორედ ერთიანობა არის გზა ქართველთა, აფხაზთა, ოსთა და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის თავისუფლებისკენ. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესითა და განვითარებით თანაბრად ისარგებლოს მისმა თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის, ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ მშვიდობისა და ნდობის აღდგენის გზა არის უალტერნატივო. მე მჯერა ჩვენი საერთო მომავლის. მჯერა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ძალისხმევით, ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს ჩვენი შვილებისთვის აფხაზთა, ოსთა, ქართველთა მომავალი თაობებისთვის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

“საქართველო ევროპის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება, მაგრამ ვერც ევროპა იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე” – შალვა პაპუაშვილი

გასულ წელს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ჩართვა 9 აპრილის თაობისთვის მხოლოდ სანუკვარი ოცნება თუ იქნებოდა. თუმცა, დღეს ესეც უკვე რეალობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების პროცესში.

„საქართველო ევროპის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება, მაგრამ ვერც ევროპა იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე. ამ ისტორიულ დღეს, მადლობას, აგრეთვე, ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობრებს, რომელთა მხარდაჭერა და სოლიდარობა გვეხმარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში. უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, უფრო და უფრო იზრდება მშვიდობის მნიშვნელობა. ამიტომაც, საქართველოს თავდაცვის ძალების როლი განუზომელია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. განსაკუთრებული იმედით მივმართავ ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს ფიცი დადეს ღვთისა და ჩვენი დროშის წინაშე. მინდა გისურვოთ, რომ თქვენი სამშობლოსადმი სამსახური ყოფილიყოს მშვიდობიანი, მაგრამ გამარჯვებებით აღსავსე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ანწუხელიძის და ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიშს გიხდით შეურაცხყოფისთვის” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს ის დღეა, როცა ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, გამოსავალი ვეძებოთ და მომავლის იმედი დავიბრუნოთ.

„ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არამხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა. გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას, გარყვნილებას და მაინც, საკუთარ შვილებს, ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი, ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ. დღეს ის დღეა, როცა ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, ვეძებოთ გამოსავალი და დავიბრუნოთ მომავლის იმედი. სიძულვილის ენამ, დაპირისპირებამ, ურთიერთგაგება და პატივისცემა შეცვალა, ეს სახელმწიფოს ასუსტებს. ვაჟას სხვა სიტყვებიც უნდა გვახსოვდეს – „ციხე რომ შიგნიდან ტყდება, მაშინ იმარჯვებს მტერია“, სწორედ ესაა ქართველობის დაკარგვის საფრთხე, ჩვენივე ხელით და ჩვენივე ნებით. ჩვენი ისტორიის მქონე ერმა, როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ, ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე კარგ, თუ ან ცუდ განცხადებაზე იყოს დამოკიდებული – ყველაფერზე, გარდა საკუთარ ინტერესზე. რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო. ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ან კიდევ, როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს. ნუთუ გვავიწყდება, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს. კარგად ვხედავთ დღეს, ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს, 26 მაისია და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მინდა ვუსურვო ქვეყნის გამარჯვება და გამთლიანება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს ყველა მოქალაქეს და ჩვენი სამშობლოს ყველა მეგობარს, ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების, სიმტკიცისა და ქართველი ხალხის ძლიერი და შეუპოვარი სულის სიმბოლოა.

„დღეს განსაკუთრებული სიამაყითა და სიხარულით აღვნიშნავთ იმ გზას, რომელმაც საქართველო დღევანდელ თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფომდე მოიყვანა. გამორჩეულად მადლიერები ვართ ჩვენი წინაპრების, რომლებმაც თავისი სიმამაცითა და შეუპოვრობით შექმნეს სახელმწიფოებრიობა და შეგვინარჩუნეს ეროვნული თვითმყოფადობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიკვდილის შემდეგ, თავისუფლების საპარლამენტო ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს დამფუძნებელი კრების ხელმძღვანელი პირები.

„სიმბოლურია, რომ დღეს, ერთი საუკუნის შემდეგ ერთ-ერთი ასეთი მოღვაწე დაუბრუნდა სამშობლოს და პატივით მიებარება მშობლიურ მიწას. ხელისუფლების ძალისხმევით, დღეს, გადასახლების ადგილიდან, ჩამოვასვენეთ სახელმწიფო მოღვაწის, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობისა და პარლამენტარიზმის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით ვაჯილდოვებთ დამფუძნებელი კრების ხელმძღვანელებს: კრების თავმჯდომარეს კარლო ჩხეიძეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ალექსანდრე ლომთათიძეს და თავმჯდომარის მოადგილეებს – ექვთიმე თაყაიშვილსა და სვიმონ მდივანს. ქართველი ხალხის სახელით, პატივს მივაგებთ მათი, ისევე, როგორც პრეზიდენტის მიერ ეროვნული გმირის წოდებით დაჯილდოებული „სამხედრო ცენტრის“ მეთაურების და პირველი რესპუბლიკის ყველა გმირი ქართველის ღვაწლს ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სიტყვით გამოსვლის დროს, პარლამენტის თავმჯდომარემ ასევეი საუბრა საბჭოთა ოკუპაციის პირობებში ქართველი ერის თავგანწირული ბრძოლის შესახებ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში.

„ამ დიდი წინაპრებისა და მათი თანამედროვე პატრიოტების ძალისხმევის მიუხედავად, 1918 წლის 26 მაისს მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ მხოლოდ სამ წელს გასტანა, თუმცა, დამოუკიდებლობის დაკარგვამ და საბჭოთა ანექსიამ ვერ ჩაახშო ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება და დამოუკიდებლობის მისწრაფებები. საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, სწორედ 26 მაისის თავისუფლების იდეას ეფუძნებოდა ქართველი ხალხის რწმენა, გაეგრძელებინა ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ამ სულისკვეთებამ შედეგი გამოიღო და თაობათა ოცნება რეალობად იქცა – საქართველომ, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ჩვენი მშობლების თაობის ძალისხმევით, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო დამოუკიდებლობის აღდგენა. ფასდაუდებელი და სამაგალითოა წინა თაობების, ჩვენი ერის და ბერის, ბრძოლა და თავგანწირვა საქართველოს თავისუფლების მოპოვებაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

“ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა ხალხის მოთმინების გამოცდა” – სალომე ზურაბიშვილი

ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა. ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა – უნდა იცოდე, ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან, ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტირების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს.

„დღეს, ამ საზოგადოებას გაუგებრობის და შეურაცხყოფის შერეული განცდაც დაეუფლა. ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენ პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, განსაკუთრებულად უნდა იცავდეს სტაბილურობას. სწორედ, ამიტომ ხელისუფლებას ევალება, რომ არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ ვნებათაღელვა და ესკალაცია მოჰყვება. ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა. ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. უნდა იცოდე ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან, ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტირების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ოკუპაციის კანონის და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება, რადგან ამან ერთი მხრივ, შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და მეორე მხრივ, უთანხმოება ჩვენს უახლოეს და სტრატეგიულ პარტნიორებთან.

„მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობაზე და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე?! გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს. ოკუპაციის კანონის და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება, რადგან ამან ერთი მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და მეორე მხრივ, უთანხმოება ჩვენს უახლოეს და სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, „გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა შენივე ქვეყნის მმართველი ქსენოფობიას გაბრალებს.“

„ასევე, გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა შენივე ქვეყნის მმართველი ქსენოფობიას გაბრალებს. ჩვენს ისტორიას ასეთი ბრალდება არ ახსოვს. ბრალდება ქვეყნის მიმართ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შემწყნარებლობით და სტუმართმოყვარეობით სახელი გაითქვა. ეს ყოველივე არა მხოლოდ წარსულითაა გამტკიცებული, ქართველ და ებრაელთა 26 საუკუნოვანი თანაცხოვრებით, არამედ დღესაც, როცა ოკუპანტი ქვეყნიდან უსიტყვოდ მივიღეთ და ვაცხოვრებთ 80 ათასამდე იმიგრანტს და მთელი ამ დროის განმავლობაში, არცერთი სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა. ეს ბრალდება, ასევე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია”

ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი ისტორიის მქონე ერმა არ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ, ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე კარგ, თუ ან ცუდ განცხადებაზე იყოს დამოკიდებული.

“რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო. ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ან კიდევ, როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს. ნუთუ გვავიწყდება, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს. კარგად ვხედავთ დღეს, ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს, 26 მაისია და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მინდა ვუსურვო ქვეყნის გამარჯვება და გამთლიანება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დაკავების მიზეზები პოლიციამ ჟურნალისტებთან არ განმარტა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ „დაკავებული ადამიანი არ ემორჩილებოდა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას“.

მოგვიანებით საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აღნიშნული პირი ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და გაარღვია კორდონი.

ამასთან, როგორც სირაძემ განაცხადა, მათ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც მსვლელობა ევროკავშირის დროშით გამართეს, მოუწოდეს, რომ მსვლელობა საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაესრულებინათ, რათა არ ჩაეშალათ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.

„პირი ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და გაარღვია კორდონი. აქცია ჩაატარონ პარლამენტის წინ, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს ღონისძიება, შესაბამისად, მოვუწოდებთ, რომ აქცია დაასრულონ პარლამენტთან ნუ გადავლენ და ნუ ჩაშლიან ღონისძიებას. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დროშას – აქციის მონაწილეები არ შევუშვით და არა დროშიანი ადამიანები“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც პარლამენტთან ევროკავშირის და საქართველოს დროშებით მივიდნენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია, რომელსაც კორდონი აქვს გაკეთებული.

“ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას” – ირაკლი ღარიბაშვილი

თავისუფლების იდეალი ისტორიის ყველა ეტაპზე  იყო ჩვენი მრავალათასწლოვანი კულტურის, საზოგადოებრივი ცხოვრების, ქართველთა ყოველდღიურობის უმთავრესი განმსაზღვრელი.  ჩვენ უძველესი ქრისტიანული ქვეყანა ვართ, სადაც ღვთის სიტყვას თვით იესო ქრისტეს მოციქულები ქადაგებდნენ; საუკუნეებია ჩვენს განვითარებას სწორედ  სახარებისეული ფასეულობები განაპირობებს, რომელთა შორის თავისუფლება უზენაესია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო არის ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მეფე ერეკლეს ქვეყანა  და სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას.

„საქართველო გმირების ქვეყანაა. ჩვენ ვახტანგ გორგასლის ქვეყანა ვართ, ჩვენ დავით აღმაშენებლის ქვეყანა ვართ, ჩვენ თამარ მეფის ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ მეფე ერეკლეს ქვეყანა  და სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას. „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი” – მეფე ერეკლეს ეს სიტყვები დიდი აკაკის პოემიდან სახელმძღვანელო უნდა იყოს თითოეული ქართველისათვის და პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლება პირადი  ღირსებისა და ეროვნული სიამაყის ფუნდამენტია. თავისუფლება ჩვენი დიდი წინაპრებისთვის მუდმივად ბრძოლით მოსაპოვებელი მიზანი იყო და არა თავისთავადი მოცემულობა. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პოლიტიკურად დამოუკიდებელი ქვეყანაა, ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს, სამწუხაროდ, ბევრი შიდა და გარე, ხილული თუ ფარული მტერი ჰყავს, შესაბამისად, ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს ჭირდება განმტკიცება, რომელიც მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას და ეს ჩვენი ვალდებულებაა,”- განაცხადა პრემიერმა.

“დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ბრძოლა, შრომა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის”

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც კობახიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ბრძოლა და შრომა დამოუკიდებლობისთვის.

„გილოცავთ 26 მაისს. გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს. „საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“ – მერაბ კოსტავას ეს სიტყვები, ალბათ, არასოდეს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც არის დღეს. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ბრძოლა, შრომა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის. ბრძოლასთან და შრომასთან ერთად, გვჭირდება გონიერება, რათა არ გავიმეოროთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან არაერთგზის დაშვებული შეცდომები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის განვითარება მრავალი წლით დახია უკან. ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტი ვერ იქნება სრულფასოვანი, ვიდრე ის სრულად მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 80 პროცენტზე ვრცელდება. მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, აფხაზებისა და ოსების დაბრუნება არის ის, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სრულქმნის. საქართველოს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ ამ ოცნების ახდენას. მჯერა, საქართველო აუცილებლად გახდება ერთიანი სახელმწიფო კეთილდღეობის ევროპული დონით. თავისი უნიკალური კულტურით, მყარი ფასეულობებით და დამოუკიდებლობისთვის გმირული ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, საქართველო მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს“, – წერს ირაკლი კობახიძე.

„ძვირფასო თანამემამულეებო, ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს” – პრეზიდენტი

დღეს თქვენი აქ დგომა იმის ნიშანია, რომ ჩვენს არცერთ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია – ჩვენი ჯარი სახელმწიფოს გამძლეობისა და მედეგობის უტყუარი ნიშანია, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას წვევამდელებს, რომლებმაც სამხედრო ფიცი დადეს.

პრეზიდენტის თქმით, ქართულმა ჯარმა ქვეყნის საზღვრებს მიღმა სამშვიდობო მისიებში თავდადებისა და პროფესიონალიზმის მრავალი მაგალითი აჩვენა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, 1923 წლის 21 მაისს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით მებრძოლ 15 სამხედროს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს.

„ძვირფასო თანამემამულეებო, ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღეს 26 მაისია, დამოუკიდებლობის დღე – თქვენი ფიცის დადების დღე. თქვენ ამ ფიცით საქართველოს ურყევ ერთგულებას და თავდადებას უცხადებთ. დღეს თქვენ საქართველოს ჯარს უერთდებით, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საყრდენია. დღეს თქვენი აქ დგომა იმის ნიშანია, რომ ჩვენს არცერთ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენი ჯარი სახელმწიფოს გამძლეობისა და მედეგობის უტყუარი ნიშანია. ამ ჯარმა ქვეყნის საზღვრებს მიღმა სამშვიდობო მისიებში თავდადებისა და პროფესიონალიზმის მრავალი მაგალითი აჩვენა. 26 მაისი ის დღეა, როცა ქართულ ჯარს მადლიერებას ვუცხადებთ და ყველა ერთად პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველა დროსა და ადგილას დაღუპულ გმირებს. დღევანდელ დღეს არ შეიძლება არ ვახსენოთ 100 წლის წინ, 1923 წლის 21 მაისს, დილის 5-ის ნახევარზე დახვრეტილი საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ 15 მებრძოლი ვაჟკაცი, გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით. 100 წელი გავიდა, თუმცა საფლავი და საპატიო ყარაული ჯერ არ ღირსებიათ, ამიტომ გამოვედი ინიციატივით, რომ 100 წლის თავზე თითოეულ მათგანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს. კოტე აფხაზის სიტყვები კი ჩვენს მეხსიერებაში ჩაიწერა და ეხმიანება ილიას, ვაჟას, აკაკის, ნიკოს და სხვების სულისკვეთებას – „ჩვენი პირი დასავლეთისკენ უნდა იყოს მიქცეული, ჩვენი პირი შავი ზღვისკენ უნდა იყოს მიქცეული. დღესაც ეს გამოძახილი ჩვენი საზოგადოების სულისკვეთებას ესატყვისება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე” -ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ დადეს

“ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე” – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ დადეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სამხედრო ფიცის დადების ცერემონია თბილისსა და 10 რეგიონში გაიმართა.

ფიცი ჩაიბარა თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.

თბილისში მიმდინარე ღონისძიებას პრეზიდენტი, მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

ფიცის დადების ცერემონიამდე ქართველ მებრძოლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

“დღესაც საქართველო ჰყავს იგივე მტერი – რუსეთი – ყველა ჩვენგანის მისიაა, ერთად გავაგრძელოთ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენება”

დღეს, ყველა ჩვენგანის განსაკუთრებული მისიაა, ერთად გავაგრძელოთ ერთიანი და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენება და საბოლოოდ დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

ის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს იგივე მტერი ჰყავს-რუსეთი.

„1918 წლის 26 მაისს აღდგა 117 წლით ადრე რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული ქართული სახელმწიფოებრიობა და დაარსდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. დღესაც, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 105 წლის შემდეგ, ქართულ სახელმწიფოებრიობას, მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ჰყავს იგივე მტერი – რუსეთი.

დღეს, ყველა ჩვენგანის განსაკუთრებული მისიაა, ერთად გავაგრძელოთ ერთიანი და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენება და საბოლოოდ დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახში, სადაც დაცული იქნება ჩვენი წინაპრების ბრძოლით მოპოვებული ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თვითმყოფადობა, უზრუნველყოფილი იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება!”, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.