“საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს” – შალვა პაპუაშვილი

38
spot_img

საქართველოს ყველა მოქალაქეს და ჩვენი სამშობლოს ყველა მეგობარს, ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების, სიმტკიცისა და ქართველი ხალხის ძლიერი და შეუპოვარი სულის სიმბოლოა.

„დღეს განსაკუთრებული სიამაყითა და სიხარულით აღვნიშნავთ იმ გზას, რომელმაც საქართველო დღევანდელ თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფომდე მოიყვანა. გამორჩეულად მადლიერები ვართ ჩვენი წინაპრების, რომლებმაც თავისი სიმამაცითა და შეუპოვრობით შექმნეს სახელმწიფოებრიობა და შეგვინარჩუნეს ეროვნული თვითმყოფადობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიკვდილის შემდეგ, თავისუფლების საპარლამენტო ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს დამფუძნებელი კრების ხელმძღვანელი პირები.

„სიმბოლურია, რომ დღეს, ერთი საუკუნის შემდეგ ერთ-ერთი ასეთი მოღვაწე დაუბრუნდა სამშობლოს და პატივით მიებარება მშობლიურ მიწას. ხელისუფლების ძალისხმევით, დღეს, გადასახლების ადგილიდან, ჩამოვასვენეთ სახელმწიფო მოღვაწის, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობისა და პარლამენტარიზმის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით ვაჯილდოვებთ დამფუძნებელი კრების ხელმძღვანელებს: კრების თავმჯდომარეს კარლო ჩხეიძეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ალექსანდრე ლომთათიძეს და თავმჯდომარის მოადგილეებს – ექვთიმე თაყაიშვილსა და სვიმონ მდივანს. ქართველი ხალხის სახელით, პატივს მივაგებთ მათი, ისევე, როგორც პრეზიდენტის მიერ ეროვნული გმირის წოდებით დაჯილდოებული „სამხედრო ცენტრის“ მეთაურების და პირველი რესპუბლიკის ყველა გმირი ქართველის ღვაწლს ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სიტყვით გამოსვლის დროს, პარლამენტის თავმჯდომარემ ასევეი საუბრა საბჭოთა ოკუპაციის პირობებში ქართველი ერის თავგანწირული ბრძოლის შესახებ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში.

„ამ დიდი წინაპრებისა და მათი თანამედროვე პატრიოტების ძალისხმევის მიუხედავად, 1918 წლის 26 მაისს მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ მხოლოდ სამ წელს გასტანა, თუმცა, დამოუკიდებლობის დაკარგვამ და საბჭოთა ანექსიამ ვერ ჩაახშო ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება და დამოუკიდებლობის მისწრაფებები. საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, სწორედ 26 მაისის თავისუფლების იდეას ეფუძნებოდა ქართველი ხალხის რწმენა, გაეგრძელებინა ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ამ სულისკვეთებამ შედეგი გამოიღო და თაობათა ოცნება რეალობად იქცა – საქართველომ, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ჩვენი მშობლების თაობის ძალისხმევით, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო დამოუკიდებლობის აღდგენა. ფასდაუდებელი და სამაგალითოა წინა თაობების, ჩვენი ერის და ბერის, ბრძოლა და თავგანწირვა საქართველოს თავისუფლების მოპოვებაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.