ირაკლი კობახიძის არ დასწრებას დამოუკიდებლობის დღის ოფიციალურ ღონისძიებაზე აქვს ორი მიზეზი – ეს იყო გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და კრემლისთვის, რომ მას არ აინტერესებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მეორე – ეს იყო საბოტაჟი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის არ დასწრებას გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება გადადის „უმწვავეს რეჟიმში“.
„ცივილიზებულმა სამყარომ, დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. არის კრემლის, პუტინის რუსეთი, რომელმაც არც მიულოცა, არც აღიარებს ქვეყნის დამოუკიდებლობას და ზუსტად, ასე იქცევა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, ვგულისხმობ ირაკლი კობახიძეს, რომელსაც არ აინტერესებს დამოუკიდებლობის დღე და არც გამოცხადებულა ოფიციალურ ღონისძიებაზე.
გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად რუსულია მისი დამოკიდებულება დამოუკიდებლობის დღისადმი, წარმოუდგენელია მმართველი პარტიის, პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი არ იღებდეს მონაწილეობას ასეთ ოფიციალურ ღონისძიებაში, ეს არის გზავნილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, კრემლისთვის, რომ მას არ აინტერესებს დამოუკიდებელი საქართველო.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს აქვთ დაპირისპირება ერთმანეთთან, ვერ იყოფენ პრემიერ-მინისტრის სკამს, ვერ იყოფენ ბიძინა ივანიშვილის სკამზე ვინ უფრო მოურავი იქნება და ეს იყო ერთგვარი საბოტაჟი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ასე ძიძგნიან ჩვენს ქვეყანას, ვერ იყოფენ თანამდებობებს, მილიონებს, კორუფციულ სისტემებს, რომლებიც მრავლად არის „ქართულ ოცნებაში“. ეს იყო გზავნილი ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ის არ დაემორჩილება ირაკლი ღარიბაშვილს.
საბოლოო ჯამში, ეს დაპირისპირება გადადის უმწვავეს რეჟიმში, თუმცა საქართველოს მოქალაქეებმა კარგად უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ეს ყველა რუსი და კრემლიდან მართული აგენტურა გვყავს გასაგდები კინწისკვრით, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარება და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.