Home Blog Page 2063

“ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია”

ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი ისტორიის მქონე ერმა არ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ, ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე კარგ, თუ ან ცუდ განცხადებაზე იყოს დამოკიდებული.

“რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო. ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ან კიდევ, როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს. ნუთუ გვავიწყდება, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს. კარგად ვხედავთ დღეს, ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს, 26 მაისია და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მინდა ვუსურვო ქვეყნის გამარჯვება და გამთლიანება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დაკავების მიზეზები პოლიციამ ჟურნალისტებთან არ განმარტა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ „დაკავებული ადამიანი არ ემორჩილებოდა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას“.

მოგვიანებით საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აღნიშნული პირი ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და გაარღვია კორდონი.

ამასთან, როგორც სირაძემ განაცხადა, მათ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც მსვლელობა ევროკავშირის დროშით გამართეს, მოუწოდეს, რომ მსვლელობა საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაესრულებინათ, რათა არ ჩაეშალათ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.

„პირი ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და გაარღვია კორდონი. აქცია ჩაატარონ პარლამენტის წინ, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს ღონისძიება, შესაბამისად, მოვუწოდებთ, რომ აქცია დაასრულონ პარლამენტთან ნუ გადავლენ და ნუ ჩაშლიან ღონისძიებას. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დროშას – აქციის მონაწილეები არ შევუშვით და არა დროშიანი ადამიანები“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც პარლამენტთან ევროკავშირის და საქართველოს დროშებით მივიდნენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია, რომელსაც კორდონი აქვს გაკეთებული.

“ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას” – ირაკლი ღარიბაშვილი

თავისუფლების იდეალი ისტორიის ყველა ეტაპზე  იყო ჩვენი მრავალათასწლოვანი კულტურის, საზოგადოებრივი ცხოვრების, ქართველთა ყოველდღიურობის უმთავრესი განმსაზღვრელი.  ჩვენ უძველესი ქრისტიანული ქვეყანა ვართ, სადაც ღვთის სიტყვას თვით იესო ქრისტეს მოციქულები ქადაგებდნენ; საუკუნეებია ჩვენს განვითარებას სწორედ  სახარებისეული ფასეულობები განაპირობებს, რომელთა შორის თავისუფლება უზენაესია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო არის ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მეფე ერეკლეს ქვეყანა  და სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას.

„საქართველო გმირების ქვეყანაა. ჩვენ ვახტანგ გორგასლის ქვეყანა ვართ, ჩვენ დავით აღმაშენებლის ქვეყანა ვართ, ჩვენ თამარ მეფის ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ მეფე ერეკლეს ქვეყანა  და სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას. „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი” – მეფე ერეკლეს ეს სიტყვები დიდი აკაკის პოემიდან სახელმძღვანელო უნდა იყოს თითოეული ქართველისათვის და პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლება პირადი  ღირსებისა და ეროვნული სიამაყის ფუნდამენტია. თავისუფლება ჩვენი დიდი წინაპრებისთვის მუდმივად ბრძოლით მოსაპოვებელი მიზანი იყო და არა თავისთავადი მოცემულობა. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პოლიტიკურად დამოუკიდებელი ქვეყანაა, ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს, სამწუხაროდ, ბევრი შიდა და გარე, ხილული თუ ფარული მტერი ჰყავს, შესაბამისად, ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს ჭირდება განმტკიცება, რომელიც მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას და ეს ჩვენი ვალდებულებაა,”- განაცხადა პრემიერმა.

“დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ბრძოლა, შრომა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის”

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც კობახიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ბრძოლა და შრომა დამოუკიდებლობისთვის.

„გილოცავთ 26 მაისს. გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს. „საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“ – მერაბ კოსტავას ეს სიტყვები, ალბათ, არასოდეს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც არის დღეს. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ბრძოლა, შრომა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის. ბრძოლასთან და შრომასთან ერთად, გვჭირდება გონიერება, რათა არ გავიმეოროთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან არაერთგზის დაშვებული შეცდომები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის განვითარება მრავალი წლით დახია უკან. ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტი ვერ იქნება სრულფასოვანი, ვიდრე ის სრულად მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 80 პროცენტზე ვრცელდება. მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, აფხაზებისა და ოსების დაბრუნება არის ის, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სრულქმნის. საქართველოს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ ამ ოცნების ახდენას. მჯერა, საქართველო აუცილებლად გახდება ერთიანი სახელმწიფო კეთილდღეობის ევროპული დონით. თავისი უნიკალური კულტურით, მყარი ფასეულობებით და დამოუკიდებლობისთვის გმირული ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, საქართველო მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს“, – წერს ირაკლი კობახიძე.

„ძვირფასო თანამემამულეებო, ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს” – პრეზიდენტი

დღეს თქვენი აქ დგომა იმის ნიშანია, რომ ჩვენს არცერთ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია – ჩვენი ჯარი სახელმწიფოს გამძლეობისა და მედეგობის უტყუარი ნიშანია, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას წვევამდელებს, რომლებმაც სამხედრო ფიცი დადეს.

პრეზიდენტის თქმით, ქართულმა ჯარმა ქვეყნის საზღვრებს მიღმა სამშვიდობო მისიებში თავდადებისა და პროფესიონალიზმის მრავალი მაგალითი აჩვენა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, 1923 წლის 21 მაისს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით მებრძოლ 15 სამხედროს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს.

„ძვირფასო თანამემამულეებო, ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღეს 26 მაისია, დამოუკიდებლობის დღე – თქვენი ფიცის დადების დღე. თქვენ ამ ფიცით საქართველოს ურყევ ერთგულებას და თავდადებას უცხადებთ. დღეს თქვენ საქართველოს ჯარს უერთდებით, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საყრდენია. დღეს თქვენი აქ დგომა იმის ნიშანია, რომ ჩვენს არცერთ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენი ჯარი სახელმწიფოს გამძლეობისა და მედეგობის უტყუარი ნიშანია. ამ ჯარმა ქვეყნის საზღვრებს მიღმა სამშვიდობო მისიებში თავდადებისა და პროფესიონალიზმის მრავალი მაგალითი აჩვენა. 26 მაისი ის დღეა, როცა ქართულ ჯარს მადლიერებას ვუცხადებთ და ყველა ერთად პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველა დროსა და ადგილას დაღუპულ გმირებს. დღევანდელ დღეს არ შეიძლება არ ვახსენოთ 100 წლის წინ, 1923 წლის 21 მაისს, დილის 5-ის ნახევარზე დახვრეტილი საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ 15 მებრძოლი ვაჟკაცი, გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით. 100 წელი გავიდა, თუმცა საფლავი და საპატიო ყარაული ჯერ არ ღირსებიათ, ამიტომ გამოვედი ინიციატივით, რომ 100 წლის თავზე თითოეულ მათგანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს. კოტე აფხაზის სიტყვები კი ჩვენს მეხსიერებაში ჩაიწერა და ეხმიანება ილიას, ვაჟას, აკაკის, ნიკოს და სხვების სულისკვეთებას – „ჩვენი პირი დასავლეთისკენ უნდა იყოს მიქცეული, ჩვენი პირი შავი ზღვისკენ უნდა იყოს მიქცეული. დღესაც ეს გამოძახილი ჩვენი საზოგადოების სულისკვეთებას ესატყვისება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე” -ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ დადეს

“ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე” – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ დადეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სამხედრო ფიცის დადების ცერემონია თბილისსა და 10 რეგიონში გაიმართა.

ფიცი ჩაიბარა თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.

თბილისში მიმდინარე ღონისძიებას პრეზიდენტი, მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

ფიცის დადების ცერემონიამდე ქართველ მებრძოლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

“დღესაც საქართველო ჰყავს იგივე მტერი – რუსეთი – ყველა ჩვენგანის მისიაა, ერთად გავაგრძელოთ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენება”

დღეს, ყველა ჩვენგანის განსაკუთრებული მისიაა, ერთად გავაგრძელოთ ერთიანი და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენება და საბოლოოდ დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

ის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს იგივე მტერი ჰყავს-რუსეთი.

„1918 წლის 26 მაისს აღდგა 117 წლით ადრე რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული ქართული სახელმწიფოებრიობა და დაარსდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. დღესაც, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 105 წლის შემდეგ, ქართულ სახელმწიფოებრიობას, მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ჰყავს იგივე მტერი – რუსეთი.

დღეს, ყველა ჩვენგანის განსაკუთრებული მისიაა, ერთად გავაგრძელოთ ერთიანი და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენება და საბოლოოდ დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახში, სადაც დაცული იქნება ჩვენი წინაპრების ბრძოლით მოპოვებული ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თვითმყოფადობა, უზრუნველყოფილი იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება!”, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

სლოგანით – “წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ” სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ

“წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ”, – ამ სლოგანით სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბნენ. მათ თან აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანის წინ გაშალეს.

სამოქალაქო აქტივისტების განმარტებით, იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანია ევროკავშირში წევრობა, ისეთ მნიშვნელოვან დღეს, როგორიც 26 მაისია, საქართველოს დროშასთან ერთად უნდა იყოს გამოფენილი ევროკავშირის დროშა, რაც მათივე თქმით, “ხელისუფლებამ არ გააკეთა”.

ამასთან, აქტივისტები სკანდირებენ: “არა რუსულ რეჟიმს”, “საქართველო”. გაჟღერდა ევროკავშირის ჰიმნი.

“მინდა ვიწამო, რომ მოვახერხებთ ერთად დგომას და რუსული საფრთხისა და სახელმწიფოებრიობის მესამედ დაკარგვის კოშმარის თავიდან აცილებას”

26 მაისი, ყველაზე ნათელი, ყველაზე ქართული, ყველაზე კეთილშობილი დღესასწაული საქართველოში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, ზურაბ მარშანია წერს.

მისი თქმით, ეს დღე საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენისა, 217 წლიანი მონობის შემდეგ რუსული ცარიზმის უღელქვეშ.

“ვინ წარმოიდგენდა 1918 წლის გაზაფხულს იმას, რომ სულ რაღაც არასრული სამი წლის შემდეგ ჩვენი სამშობლო რუსული ბოლშევიზმის ჯოჯოხეთში მოხვდებოდა, სადაც ჯერ 1924 წელს განადგურდებოდა თითქმის მთელი ჭეშმარიტი ქართული ელიტა, რასაც მოჰყვებოდა უამრავი უდანაშაულო ქართველის დახვრეტა თუ პატიმრობაში სულის ამოხდა სტალინურ შინსახკომ/სუკ-ში და გულაგებში და 300000 ქართველი ახალგაზრდის დაღუპვა სხვის ომში. და აი 1980-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ტალღამ, ზვიადისა და მერაბის თაოსნობით, მეორედ მეოცე საუკუნეში მოახერხა ჩვენი სამშობლოს გამოგლეჯა სისხლიანი რუსული იმპერიის კლანჭებიდან. თუმცა, მესამედ, უკვე ოცდამეერთე საუკუნის ოციან წლებში, უნდა პუტინის სისხლიან იმპერიას საქართველოს გადაყლაპვა და ვაგლახ, რომ ისევე როგორც ასი წლის წინ ქართველების ხელით ლამობს ამის გაკეთებას.

რას იზამ, კონსტანტინე მირზათა, სიმონ მაყაშვილების, შადიმან ბარათაშვილების, იოსებ ჯუღაშვილებისა და სერგო ორჯონიკიძეების ნაკლებობა საქართველოში არასოდეს იგრძნობოდა. და მე მაინც მჯერა ჩემი ერის, იმიტომ, რომ გვყავდნენ დავით აღმაშენებელი, ცოტნე დადიანი, ბიძინა ჩოლოყაშვილი, სოლომონ დიდი, პატარა კახი, სულხან-საბა ორბელიანი, ანტონ კათალიკოსი, სოლომონ დოდაშვილი, ალექსანდრე ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, დავით სარაჯიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ვალიკო ჯუღელი, ამბროსი ხელაია, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. კრწანისის, ბაზალეთისა და აფხაზეთის კატასტროფებიც ყოფილან ჩვენს ისტორიაში, დიდგორის, ასპინძისა და 9 აპრილის გამარჯვებებთან ერთად. გილოცავთ 26 მაისს ქართველებო. გილოცავთ უკლებლივ ყველას.

მინდა ვიწამო, რომ მოვახერხებთ ოდესღაც ერთად დგომას და რუსული საფრთხისა და სახელმწიფოებრიობის მესამედ დაკარგვის კოშმარის თავიდან აცილებას. მოვუწოდებ ჩვენ მთავრობას, როდესაც ადეკვატურად გაიაზრებენ თუ რა საფრთხის წინაშე დგას დღეს საქართველო, ვაჟკაცურად დაუდგნენ რუსეთს, ისე როგორც 1921-24 წლებში დაუდგნენ რუს ბოლშევიკებსა და მათ ქართველ სატრაპებს დემოკრატიული საქართველოს მთავრობა და ქართველი ერი. მოღალატეები ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებენ საქართველოში. გაუმარჯოს, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და არა რუსეთის მონა – დაჩმორებულ საქართველოს!”- წერს ზურაბ მარშანია.

საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგას და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

„დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებათა ტრიადას წარმოადგენს. პოლონეთისა და საქართველოს ისტორიულმა გამოცდილებამ ამ ფასეულობებისადმი პატივისცემისა და ერთგულების მყარი საფუძველი შექმნა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ – ნათქვამია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნიევ რაუს წერილში, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს გაუგზავნა. ზბიგნიევ რაუს სიტყვებით, საქათველოს ევროინტეგრაციის პროცესში, პოლონეთი თავიდანვე მხარს უჭერდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ეს არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც აძლიერებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს მოქალაქეთა კეთილდღეობას. წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს ამ გზაზე“, – ნათქვამია წერილში.

ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს რუმინელი კოლეგა, ბოგდან აურესკუ. მისალოც წერილში ის საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილ დეკლარაციას ეხმაურება, რომელიც ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობების დინამიკას განსაზღვრავს, მათ შორის, აუთვისებელი პოტენციალის მქონე სფეროებში.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას და მზადაა ამ მიმართულებით თავისი გამოცდილების გასაზიარებლად“ – წერს ბოგდან აურესკუ.

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე კი, ამ არჩევნის რეალიზებისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს მდგრადობა და სტაბილურობა. ჩეხეთის რესპუბლიკა განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული და პრო-დასავლური ორიენტაციის მხარდაჭერას“ – ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში.

ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ვლაჩოვსკი. თავის წერილში ის საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო უწყებებს შორის ხელმოწერილ თანამშრომლობის ოქმს ეხმაურება და წერს, რომ ეს ოქმი „თვისებრივად გააუმჯობესებს და გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს“.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრომი. წერილში ნათქვამია, რომ გასულ წელს აღინიშნა შვედეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი და ამავე დროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვენოვანესი ეტაპის დაწყება, რომელიც საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარებას უკავშირდება.

საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიასის მისალოც წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული მტკიცე ორმხრივი ურთიერთობები, რომლებსაც ბოლოდროინდელი შეხვედრები და ვიზიტები ადასტურებს. წერილში ნათქვამია, რომ საბერძნეთი საქართველოს ევროპული პერსპექტივის ერთგულია და მხარი უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოგზავნილ მისალოც წერილში, საქართველოს წინსვლას და კეთილდღეობას უსურვებს სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი. „საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში სერბეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის იმედი“ – ნათქვამია წერილში. ივიცა დაჩიჩი მადლიერებას გამოხატავს საქართველოს პრინციპული პოზიციისა და სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ილია დარჩიაშვილის სახელზე გამოგზავნილ მისალოც წერილში, ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, გორდან გრლიჩ რადმანი ხორვატიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას. „მზად ვართ ხელი შევუწყოთ ჩვენს თანამშრომლობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ხორვატია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ არჩევანს და მომავალშიც განაგრძობს ამ მხარდაჭერას“ – ნათქვამია წერილში.

„მჯერა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს აერთიანებს, ძლიერ იმპულსს შესძენს ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანებისკენ მიმართულ საქართველოს ძალისხმევას“ – ნათქვამია წერილში, რომელიც ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კონდოვმა თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს გაუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ ბულგარეთი უაღრესად აფასებს საქართველოსთან, როგორც სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორთან აქტიურ თანამშრომლობას.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაზე ამახვილებს ყურადღებას. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ დავეხმარებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოკლე ვადებში მიღებაში“ – ნათქვამია წერილში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა. „გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. ხოლო ოქტომბერში დაგეგმილი სამთავრობო სამიტი დამატებით იმპულსს შესძენს ჩვენს ურთიერთობებს“ – წერს პიტერ სიიარტო თავისი ქართველი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თავის ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს. „სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას, ხოლო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს ჩვენს მტკიცე ვალდებულებას თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებასთან დაკავშირებით“ – ნათქვამია წერილში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეხმიანება ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ალეინიკი და საქართველოსთან აქტიური დიალოგის გაგრძელების მზაობას გამოთქვამს.

მისი თქმით, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული და მდგრადი სახელმწიფოსა და საერთაშორისო არენაზე აქტიური მოთამაშის იმიჯის ჩამოყალიბებაში“.

საქართველოს დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავთან დაკავშირებით, ილია დარჩიაშვილს მისალოც წერილებს უგზავნიან ფილიპინების რესპუბლიკის, ინდონეზიის რესპუბლიკის, კამბოჯის, პარაგვაის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და საერთო ინტერესის ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს გამოთქვემენ.

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დაიწყო. თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია შედგება. ახალწვეულები ფიცს მთელ საქართველოში, წელს პირველად, ერთდროულად 10 რეგიონსა და თბილისში დადებენ.

რუსთაველის გამზირზე მოწყობილია ღვინის სივრცე, სადაც გაიმართება სომელიეს მასტერკლასი, სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ქვევრის ღვინის მახასიათებლების გაცნობა.

მუსიკალურ-თეატრალურ სივრცეში განთავსებულია კაფე რადიო, სადაც რუსთაველის გამზირიდან განხორციელდება პირდაპირი მაუწყებლობა სხვადასხვა გადაცემითა და მიწვეული სტუმრებით. გარდა ამისა, კაფე „ლიტერატურა“ სცენას დაუთმობს ახალგაზრდა მწერლებს, პოეტებსა და არტისტებს. ამასთან, მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები, კვების ზონა.

ქართული ავიაციის 100 წელთან დაკავშირებით წარმოდგენილია პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავის ინტერაქტიური ინსტალაცია, ავიაციის კოსტიუმების გამოფენა, წარმოდგენილია რეალური თვითმფრინავი, სადაც მისულ სტუმრებს შესვლა და ფოტოების გადაღება შეუძლიათ.

საქართველოს მასშტაბით საზეიმო ღონისძიებები 15 ქალაქში იმართება. 26 მაისის ღონისძიებებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი დაასრულებს.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 1918 წლის 26 მაისს მიიღო. 26 მაისს ქვეყანა 1991 წლიდან აღნიშნავს და ამით 1918 წლის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს იხსენებს – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას. ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით წითელი არმიის შემოჭრა და ქვეყნის ანექსია მოჰყვა. მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა კი, ემიგრაციაში წავიდა.

“უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს” – ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი ხალხის სახელით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ქართველებსა და უკრაინელებს შორის ურთიერთობა ურთიერთდახმარებასა და პატივისცემას ეფუძნება.

„თქვენო აღმატებულებავ! უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთდახმარებასა და პატივისცემას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი მტაცებლური შეიარაღებული აგრესიის პირობებში. ჩვენი სახელმწიფო ასევე ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დარწმუნებული ვარ, უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას, დააბრუნებენ სამართლიან მშვიდობას უკრაინასა და საქართველოში და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში. ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას, წარმატებებს თქვენს სახელმწიფო საქმიანობაში, ქართველ ხალხს კი მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია წერილში, რომელიც საქართველოში უკრაინის საელჩოს გვერდზეა გამოქვეყნებული.