„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.
– ბატონო სანდრო, ხელისუფლების ის წარმომდგენლები, რომლებიც მართლა სოროსის ჯიბეში გაიზრდნენ, თქვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ, იმ იდეების განხორციელებას აპირებენ, რის გამოც გებრძოდნენ–ირაკლი კობახიძე, თალაკვაძე და სხვები, თქვენზე დიდი კონსერვატორები გამოდიან,როცა პოლიტიკაში ულტრალიბერალური იდეებით მოვიდნენ. რა მოხდა?
– სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს. მე შეიძლება ბევრი რამ გავატარო, კონიუქტურიდან გამომდინარე, შეიძლება რაღაცებზე გავჩუმდე, მაგრამ როდესაც ადამიანები ცდილობენ ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის სახელის გამოყენებას საკუთარი მერკანტელური ინტერესების გამო, ეკლესიის, ქრისტიანობის გამოყენებას, ამას არასდროს გავატარებ და ყოველთვის ვამხელ. როგორც ჩემი დიდი მასწავლებელი, ბატონი მერაბ კოსტავა იტყოდა, ჩვენი ერთადერთი და მთავარი იარაღი არის მხილება. მხილება ის იარაღია, რომელსაც ვერავინ დაუდგება წინ და ნიშნავს სიმართლის თქმას ხალხისთვის. მმართველ ელიტას ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალაქეები, ვგონივართ იდიოტები ან ამნეზიით შეპყრობილნი. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ დაგვავიწყდა, თუ საიდან მოდიან მდინარაძე, კობახიძე, თალაკვაძე და არა მარტო ისინი, დღევანდელი ხელისუფლების კიდევ ბევრი წარმომადგენელი?! ისინი იყვნენ სოროსელები და ბევრ ეროვნულ იდეას ებრძოდნენ წლების მანძილზე. იყვნენ უცხოელებზე მიწის გაყიდვის მომხრეები. შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებებიც მზად ჰქონდათ და რომ არა „ქართული მარშისა“ და სხვა ეროვნული ძალების ერთობლივი წინააღმდეგობა, კონსტიტუციაში შეიტანდნენ ამ ჩანაწერს. ესენი არიან ის ადამიანები, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ლევან ბერძენიშილი გახადეს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. იმ ლევან ბერძენიშვილს ჩააბარეს პარლამენტში განათლების სფერო, რომელსაც ჭირის დღესავით სძულს ყველაფერი ქართული, ილია ჭავჭავაძე, ერეკლე მეფე, ახლა ხევსურებს მიაყენა შურაცხყოფა. თინა ხიდაშელი თავადაცვის მინისტრად დანიშნეს და დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ. „სოროსელები“– თამარ ჩუგოშვილი ვიცე–სპიკერი გახადეს და ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი… ეს ხალხი საუბრობს ეკლესიურობასა და მართლმადიდებლობის დაცვაზე? ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს ფარისევლობაა. დღეს გაუჭირდათ, სხვა ხელმოსაჭიდი აღარაფერი დარჩათ ხალხის მოსატყუებლად გარდა იმისა, რომ მართლმადიდებლობა, ქართული ეკლესია, ეროვნულობა, ტარდიციები, ოჯახური სიწმინდე გამოიყენონ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. გამოიყენონ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ის მილიონები, რომელიც ჩვენ მოგვპარეს, გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა, რათა კიდევ ძარცვონ საქართველო და თავიანთი გაფუფუნებული ცხოვრება არ დაკარგონ. სწორედ ამისთვის იყენებენ ჩვენს სიწმინდეებს. ეს დიდი ცოდვაა, მაგრამ მათ არ იციან, რადგან უწიგნურებით სავსეა ეს ხელისუფლება.„სახარება“ წაიკითხონ და ნახონ, რომ ყველაზე დიდი ცოდვა ურწმუნოება კი არ არის, არამედ ფარისევლობა – ხალხს როდესაც აჩვენებ, რომ თითქოსდა მორწმუნე ხარ, ქრისტიანობის დამცველი და სინამდვილეში ხარ პირუკუ, ანტიქრისტიანი. ეკლესიაში ჩემს სიგრძე სანთელს რომ დაიჭერენ, მოგეხსენებათ, ეს ქრისტიანობას არ ნიშნავს. უამრავი ბავშვის მშობლების განცხადება შედის ჯანდაცვის სამინისტროში, ოპერაციების, მკურნალობის დაფინანსებას ითხოვენ, ზოგს უცხოეთში დაფინანსება სჭირდება და მათთვის კაპიკს ვერ იმეტებენ. სამაგიეროდ, თავიანთ პარაზიტ შვილებს უცხოეთის კურორტებზე ასვენებენ, უცხოეთის ძვირადღირებულ სასწავლებლებში ჰყავთ გაგზავნილი, სადაც განცხრომით აცხოვრობენ. თან იმ ევროპასა და ამერიკაში, რომელთაც ყოველდღე ლანძღავენ. არ მინდა, საქართველოს მოსახლეობა ამ ბიუჯეტის წურბელებმა იდიოტებად ჩათვალონ, თავად ფერი იცვალონ და ჩვენ მათ ფერისცვალაბაზე თვალი დავხუჭოთ. საიდან დაიწყეს მათ? ლიბერალიზმით დაიწყეს, შემდგომში „ევროპელი სოციალისტები“ გახდნენ, „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“ შევიდნენ, საიდანაც ახლა გამოვიდნენ. იქიდანაც გამოასწრეს, თორემ უნდა გაერიცხათ. ახლა უკვე კონსერვატორობა მოინდომა „ქართულმა ოცნებამ“, რადგან იციან, რომ კონსერვატორობა, ტრადიციების მიმდევარი ხალხის რაოდენობა ყველაზე მეტია საქართთველოში, მათთვის კი ეს ხალხი, საარჩევნო ხმები, ელექტორატია. ახლა ცდილობენ, ამ ხალხის ხმები მიიღონ, არჩევნები მოიგონ და თუ ამ გზით დარჩნენ ხელისუფლებაში, მერე კვლავ გააგრძელებენ ანტიქრისტიანულ, ანტიმართლმადიდებლურ საქმიანობას და ლიბერალური იდეების ცხოვრებაში გატარებას. ზუსტად ოჯახისა და ტრადიციების საწინააღმდეგო კანონებს მიიღებენ, რომელთა დამცველებადაც დღეს გვევლინებიან. ჩემნაირმა, ეროვნული მოძრაობიდან წამოსულმა ხალხმა უნდა ვამხილოთ ეს ფარისევლები.
–„ქართული მარში“ იყო ყველაზე მსხვილი და ორგანიზებული კონსერვატიული გაერთიანება. მაღალი რეიტინგი გქონდათ, 2017 წელს 15 ათასიანი აქციაც გამართეთ და ამ რაოდენობის ხალხი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის მერე, არავის ჰყავდა გამოყვანილი სახელისუფლებო რესურსის გარეშე. მახსოვს, ლიბერალურმა ტელევიზიებმა დაგბლოკეს, „ქართულ მარშს“ ბოიკოტი გამოუცხადეს და თქვენს აქტივობებსაც არ აშუქებდნენ. „ქართული მარშის“ დაშლაში ხელისუფლებას, სუს–ს და სხვა სტრუქტურებს დიდი წილი უდევთ–აგენტურა ჩანერგეს და ათას უბედურებას აკეთებდნენ. იმიტომ ხომ არ გააკეთეს ეს, რომ დაეშლათ „ქართული მარში„, ადგილი გაეთავისუფლებინათ და მერე თავად დაეკავებინათ კონსერვატიული ნიშა?
– კი, ასეც არის. ჩვენი საინფორმაციო დაბლოკვა დაიწყეს სახელისუფლებო ტელევიზიებმა, მერე სხვებიც აჰყვნენ. ლიბერალები არიან ჩვენი მოწინააღმდეგეები და ბუნებრივია, ერთმანეთს ვებრძვით პოლიტიკურად, ეს ჩეულებრივი ამბავია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. მაგრამ ხელისუფლებამ ჩვენთან ბინძური მეთოდებით იბრძოდა. იმაშიც გეთანხმებით, რომ აგენტურა ჩანერგეს „ქართულ მარშში“. ხელისუფლებამ ეროვნულობის მანტია მოისხა, მაგრამ მას ძალიან ეშინია ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას იდეოლოგიისა. რატომ? ეს იდეოლოგიაა არის სწორედ ნამდვილი ეროვნულ–განმათავისუფლებელი იდეოლოგია, ნამდვილი ტრადიციონალიზმი, ნამდვილი კონსერვატიზმი. ახლა რა მიზანი აქვს ხელისუფლებას: მმართველ ელიტას მუდმივად ჰქონდა მიზანი,რომ ლიბერალიზმიდან მაინც რუსეთთან მისულიყვნენ. ლიბერლიზმი, სოციალიზმი და ახლა კონსერვატიზმი „ქართული ოცნებისთვის“ იყო შირმა და მათი ბოლო გაჩერება არის რუსეთი და რუსეთთან ერთად იმ საქმეების კეთება, რასაც დღეს აკეთებს. დღეს ცდილობენ, რომ კონსერვატიზმი და ტრადიციონალიზმი გააიგივონ რუსეთმეობასთან, რუსულ პოლიტიკასთან და ეს, სხვათაშორის, გამოსდით თავიანთი ტელევიზიების საშუალებით – ხალხის ნაწილს დააჯერეს, რომ კონსერატორები არიან. ხელისუფლების პოლიტიკა არის პრორუსული და ამაზე დავა აღარ შეიძლება, ეს ცალსახაა. მე მაინტერესებს, როგორ შეიძლება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას იდეოლოგია, ნამდვილი კონსერვატიზმი, თანხვედრაში იყოს პრორუსულობასთან? სწორედ საბჭოთა იმპერიამ, რუსეთის იმპერიამ მოკლა ორივე და უფრო ადრე ილია ჭავჭავაძე, რომელმაც ეროვნულ მოძრაობას, საქართველოს რუსეთის გავლენისგან გამოხსნისთვის ბრძოლას დაუდო სათავე. ილია ჭავჭავაძე რუსეთის იმპერიამ მოკლა, მისმა აგენტურამ საქართველოში – ილიას მკლელობის დამგეგმავები ისინი იყვნენ. მათ სურთ კონსერვატიზმი, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გარეშე, ილიას გარეშე, რადგან მათი იდეები ხელს უშლით. მეტიც, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ადანაშულებენ ეროვნული მოძრაობის დაწყებაში, იმაში, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლაში მიიღეს მონაწილეობა და ქართველმა ხალხმა თავისი წილი დაიდო ამ ბრძოლაში. ამბობენ, რომ არ გვებრძოლა, საბჭოთა იმპერია თავისით მაინც დაიშლებოდა, არც 9 აპრილი იქნებოდა, გადავრჩებოდით აფზახეთის ომს და სამაჩაბლოს მოვლენებს და როგორც უზბეკეთმა და ტაჯიკეთმა მიიღეს დამოუკიდებლობა, ჩვენც ასე უმტკივნეულოდ მივიღებდით დამოუკიდებლობასო, ახლა ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ვიქნებოდითო. მათი იდეალი საქართველოს ტაჯიკეთიზაციაა. შუა აზიის მგავსი უნდოდათ ყოფილიყო საქართველო და რომ არ არის, ამაში გამსახურდიას და კოსტავას ადანაშაულებენ. ისინი თვლიან, რომ 9 აპრილი იყო არა ქართველი ერის გამარჯვების დღე, არამედ შეცდომა, რომელსაც ხალხის დაღუპვა მოჰყვა. აქ არის ძალიან დიდი ღირებულებითი სხვაობა. აბსოლუტურად სხვა ღირებულებების მმართველი ელიტა გვყავს, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი ნამდვილი ეროვნული და ნამდვილი ქართული. მათ უმეტესობას მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირი ძალიან კარგი სახელმწიფო იყო, სადაც ქართველები ძალიან კარგად ვგრძნობდით. ისინი კომუნისტები და ბოლშევიკების თაყვანისმცემლები არიან. ამის შემდეგ, მათი განხილვა კონსერვატორებად და ტრადიციონალისტებად არც შეიძლება, ეს სრული აბსურდია. ერთსაც ვიტყვი ამ საკითხზე. „ქართული ოცნების“ დემოკრატიული გუნდი გუშინ აცხადებდა, რომ „სოციალ–დემოკრატიული ინტერნაციონალის“ წევრები და „ევროპელი სოციალისტების“ ალიანსში არიან. დღეს ამბობენ, კონსერვატორები ვართო. სოციალიზმი მემარცხენე პოლიტიკური მიმდინარეობაა, კონსერვატიზმი მემარჯვენე მიმდინარეობაა. შესაძლოა, ადამიანმა შეიცვალოს პოზიცია და მემარცხენე მემარჯვენე გახდეს ან პირიქით, მაგრამ პოლიტიკური ძალა მემარცხენე ყოფილიყოს და მერე მემარჯვენე გამხდარიყოს, მსგავსი რამ მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში დღემდე არ ყოფილა. ეს მარტო „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. აქედან ჩანს, რომ პოლიტიკური მრწამსი, იდეოლოგია საერთოდ არ გააჩნიათ. ესენი არც მემარჯვენეები არიან, არც მემარცხენეები, ესენი ძალაუფლების, ქონების, კომფორტის შესანარჩუნებლად ყველაფერზე წამსვლელი პოლიტიკოსები არიან.
– ის ხალხი იბრალებს კონსერვატორობას, რომლებიც პატრირქს, სასულიერო პირებს ყოველდღიურ რეჟიმში უსმენენ, მერე ამ მოსმენების მოკლე შინარსს, ე.წ. კრებსებს ტელევიზიებს აწვდიან, რათა მათ გაასაჯაროონ. თან ისეთ მასალებს აძლევენ, რომ ეკლესიის, სასულიერო პირების დისკრედიტაცია მოხდეს და მიზნსაც აღწევენ.
– კი, ბატონო, ფაქტია უსმენენ და „კრებსებსაც“ სპეცსამსახურები აწვდიან ტელევიზიებს, მე და თქვენ ამას ვერ მოვახერხებთ. აქ მეორე მომენტიც არის. აქ მეორე და ყველაზე ცუდი საკითხიც არის. მმართველ ელიტას სურს ეკლესიის მორგება თავის თავზე, ეკლესიის დამორჩილება. თავის დროზე ეს ბოლშევიკებმა მოახერხეს. დღესაც, რუსეთის მმართველ ელიტას ეკლესია მორგებული აქვს საკუთარ თავზე, რუსული ეკლესია სახელმწიფოს დანამატია. ჩვენთანაც იგივე პროცესები დაიწყო და ეკლესიის დისკრედიტაცია ლიბერალური ტელევიზიების საშუალებით, ამ პროცესის ნაწილია. საბედნიეროდ,ჩვენს ეკლესიაში ჯერ კიდევ მრავლად არიან ეშმარიტი სასულიერო პირები, რომლებიც არანაირ პოლიტიკურ ძალას არ დაექვემდებარებიან, არავის მაამებლები არ გახდებიან. თუმცა, ასეთი სასულიერო პირების რაოდენობა წლიდან წლამდე კლებულობს და წინა პლანზე ისეთი სასულიერო პირები გამოდიან, რომელთაც ძნელად თუ ვუწოდებთ სასულიერო პირებს, ისინი უფრო საერო პირები და პოლიტიკოსები არიან. ეკლესიაში ხელოვნურად ქმნიან პრობლემებს, რაც სააკშვილის დროს დაიწყო და ამ ხელისუფლების პირობებში უფრო გაშალა ფრთები. ჩვენ გვახსოვს „ციანიდის სკანდალი“ და ათასი სიბინძურე, რომელიც ხელოვნურად შექმნეს ეკლესიის გარშემო. მიუხედავად ამათი მცდელობისა, ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიას ვერასდროს დაეპატრონებიან. ზოგს ჰგონია, რომ ეკლესიას მართთავს, მაგრამ ასეთი ადამიანები მეცოდებიან, რადგან ქართულ ეკლესიას მართავს მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე.
–ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში, საერთაშორისო ულტრაკონსერვატორების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, რის გამოც ის ბევრმა გააკრიტიკა..
–ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის გამოირჩოდა თავისი კონსერვატიული შეხედულებებით. ეს სიმართლე უნდა ვთქვა. როდესაც მთავრობაში ვიყავი და მიწევდა ბრძოლა ეკლესიის, პატრიარქის, ტრადიციული ღირებულებების დასაცავად „ქართულ ოცნებსთან“ შემავალ სუბიექტებთან, ღარიბაშვილი მუდამ ჩემი მხარდამჭერი იყო. თუმცა, ძალიან აქტიურად ვერ მიჭერდა მხარს. ღარიბაშვილი ტრდიციონალისტია, ქართული იდეების მატრებელი და მისი ოჯახიც ამის ნათელი დასტურია. მისი გამოსვლა უნგრეთში იყო მისაღები. ხელისუფლებაში 10% მაინც ეროვნული ღირებულების მატარებელი ხალხია. თუმცა,90% საწინააღმდეგო პოზიციაზეა და ეს 10% იმ 90%–ს ვერ გადაწონის. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პარტიას და მმართთველ გუნდს მართავენ. მეორე კიდევ, მე მაინც განვასხვავებდი. კონსერვატიზმი არის სხვა და სხვაგვარი. უნგრეთის პრეზიდენტი, ვიქტორ ორბანი არ არის ჩემთვის კონსერვატორი. ორბანი იყო მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, ზურაბ ადეიშვილს დიდხანს ინახავდა უნგრეთში და სხვათაშორის, ორბანი იყო ბოლო სახელმწიფო ლიდერი, რომელიც 2012 წელს თბილისში ჩამოვიდა და სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორი კონსერვატორია ულტრალიბერალური პარტიისა და ლიდერის აქტიური მხარდამჭერი ორბანი? ჩემთვის მისაბაძია „ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია“, აგრეთვე დიდი სიმპათიით ვუყურებ ამერიკის „რესპუბლიკურ პარტის“, სადაც საკმაოდ ძლიერი კონსერვატორი პოლიტიკოსები არიან თავმოყრილნი. ევროპაშიც არიან კონსერვატორები, ნამდვილი კონსერვატორები და ისეთებიც, თავს კონსერვატორებს უწოდებენ და რუსეთის საქმის გამკეთებლები. რუსეთს აქვს იმის ბერკეტები, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ჰყავდეს თავისთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მის ინტერსებს ატარებენ. ამიტომ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთთისგან ჭეშმარიტი კონსერვატიზმი და პრორუსულობა. თუკი ვინმეს უნდა, რომ ჭეშმარიტი კონსერვატიზმის გზით იაროს, მაშინ ის უნდა გაემიჯნოს რუსეთის ინტერესებს, რუსეთის საქმე არ უნდა აკეთოს კონსერვატორის სახელს ამოფარებულმა. ასეთი ოდიოზური ფიგურები, ჩემთვის გარკვეულწილად ბუნდოვან წარმონაქმნებს წარმოადგენენ. ჩვენთანაც არიან.. როგორიც ევროპაში ორბანია, რომ დაახლოებით იგივე ჩვენთან არის მაგალითად, გურამ ფალავანდიშვილი. ოდიოზური ფიგურა არის ის, შეიძლება ასე ითქვას. მე არ ვიცი ახლა, მე არ მინდა, რომ ძალიან კრიტიკული გამოვდგე მასთან მიმართებაში, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს ასე არის.