დღევანდელი საერთაშორისო მასმედიის მთავარ თემას, შეიძლება ითქვას, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაშუქება წარმოადგენს. როგორც უკვე ცნობილია, გაიმარჯვა თურქეთის პოლიტიკური ბლოკის – „სახალხო ალიანსის“ კანდიდატმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა (მიიღო ხმების 52,16%), წააგო „ეროვნული ალიანსის“ კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ (მიიღო ხმების 47,84%).
ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ გაიმარჯვა ერდოღანმა“ (ავტორი – ფრეიზერ ნელსონი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„ბევრი ვარაუდობდა, რომ ეს წელი რეჯეფ ერდოღანის მმართველობის ბოლო წელიწადი იქნებოდა და იგი, ბოლოსდაბოლოს, არჩევნებში დამარცხდებოდა, მაგრამ მან ყველა შანსი გამოიყენა და გაიმარჯვა. არჩევნებში მიღწეულმა წარმატებამ რეჯეფ ერდოღანი ერთ-ერთ იმ გავლენიან პოლიტიკოსად გადააქცია, რომლის პირადი პოპულარობა, მისსავე პარტიასთან შედარებით, ბევრად უფრო მაღალია. ამით პრაქტიკულად იმარხება თურქი რეფორმატორების იმედი, რომ ქვეყანაში რაიმე დემოკრატიული ცვლილება მოხდება.
ყოველი ადამიანი, რომელიც დღევანდელ თურქეთშია ნამყოფი, შეამჩნევდა, თუ რა ქაოსი გააჩინა რეჯეფ ერდოღანის მმართველობამ. ინფლაცია ისეთია, რომ მაღაზიებში ფასების მაჩვენებელი უკვე აღარ არის – იმდენად სწრაფად იცვლება ლირის კურსი. არსებობდა იმედი, რომ რეჯეფ ერდოღანის 22-წლიანი მმართველობა დასრულდებოდა. მოსახლეობა ჯერ კიდევ შარშან ფიქრობდა, რომ სავარაუდო კანდიდატი სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ იქნებოდა, მაგრამ რადგანაც იგი უსამართლოდ იქნა დაკავებული და არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვეს, ერდოღანის მოწინააღმდეგეებისათვის ბოლო იმედი 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ გახდა.
დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არჩევნები ფაქტობრივად დარღვევების გარეშე, პატიოსნად ჩატარდა, მაგრამ რამდენად დემოკრატიულია ისეთი არჩევნები, რომელშიც ყველაზე მეტად სავარაუდო და ერდოღანის მოწინააღმდეგე პოპულარულ პიროვნებას მონაწილეობის უფლება აკრძალული აქვს? თურქეთი ამჟამად ავტორიტარულ სახელმწიფოს წარმოადგენს – „პრეზიდენტისა და მთავრობის უპატივცემლობის გამოხატვის“ ბრალდებით ციხეში ათასობით ადამიანი ზის.
როცა მოსახლეობის იმედზე ვლაპარაკობ, მე მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ქალაქებში – სტამბოლში, ანკარაში, იზმირში – ადამიანები არ იწონებენ იმას, რომ ათა-თურქის სურათების ფონზე ქვეყანაში თანდათან ბრუნდებიან და ძლიერდებიან რელიგიური, კონსერვატიული და ნაციონალისტური ძალები. სწორედ ამიტომ მოაგროვა მესამე კანდიდატმა – ულტრამემარჯვენე სინან ოგანმა პირველ ტურში ხმები.
რეჯეფ ერდოღანის მომხრეებს ეს არჩევნები წარმოდგენილი ჰქონდათ როგორც ინსტრუმენტი, რომლითაც პატრიოტულად განწყობილი თურქები დასავლეთს უტყამენ – იმ დასავლეთს, რომელსაც ქემალ ქილიჩდაროღლუ განასახიერებს. მას განზრახული ჰქონდა დემოკრატიის აღდგენა, ცენტრალური ბანკისადმი უფლებების დაბრუნება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სხვა. ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება გააუმჯობესებდა ურთიერთობას დასავლეთთან, ისევ წარმოაჩენდა ევროკავშირში თურქეთის მიღების საკითხს… „ზეწოლის მიუხედავად, არჩევნებში ხალხის ნება გამოვლინდა, რომ ავტორიტარული რეჟიმის შეცვლა აუცილებელია“, – თქვა ქემალ ქილიჩდაროღლუმ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხის ნება დათრგუნა შხამიანმა პროპაგანდამ და კულისების თამაშებმა, რასაც რეჯეფ ერდოღანი აწარმოებდა. ეს იყო კონსერვატორების, წარსულის ძალების მწვავე, დაძაბული და იმავდროულად უღირსი ბრძოლა ხელისუფლების შესანარჩუნებლად, რაშიც რეჯეფ ერდოღანმა გაიმარჯვა.
წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში რეჯეფ ერდოღანი თავს აჩვენებდა როგორც მსოფლიო ლიდერი, რომელმაც თურქეთს სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით ისეთი ძალა შთაბერა, რომელიც მას ადრე არ ჰქონდა. მან თავისი როლი და გავლენა გააფართოვა არამარტო აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, არამედ რუსეთ-უკრაინის ომის მიმართაც, თანაც საინტერესო სახით: უკრაინას იარაღს აწვდის, აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას და იმავდროულად მოსკოვთანაც ახლო კავშირებს ინარჩუნებს. რეჯეფ ერდოღანი ხაზს უსვამს: „თუ დღეს თურქეთს პატივისცემით ეპყრობიან და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ეს მხოლოდ მისი დამსახურებით, მისი წყალობით ხდება“. ასეთ პოზიციას იზიარებენ მისი მოკავშირეებიც.
რეჯეფ ერდოღანმა თანამემამულეებს „თურქეთის დიდებული საუკუნე“ აღუთქვა, მაგრამ აქედანვე ჩანს, რომ ასწლეული არალიბერალური იქნება. მიმდინარე წელს თურქეთში მუსტაფა ქემალ ათა-თურქის მიერ განხორციელებული რევოლუციის ასი წლისთავი უნდა აღინიშნოს. ერდოღანისეულმა თურქეთმა კი, რომელიც ნატოსა და G-20-ის წევრია, დასავლური მიმართულება უარყო. მართლაც საკვირველია, რომ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტის კრიტიკა უკანონოდ ითვლება, ამომრჩეველთა 48%-მა ხმა მაინც მოხუც კანდიდატს ქემალ ქილიჩდაროღლუს მისცა.
მოკლედ, რადგან საბოლოოდ რეჯეფ ერდოღანმა გაიმარჯვა, თურქებს ძალიან მცირე იმედი აქვთ, რომ უახლოეს ხანში ეკონომიკური კრიზისი დასრულდება.