Home Blog Page 2056

არ ვთვლი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის დემოკრატიული პროცესები – ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ მომავლის განხილვა არ არის ჩემი კომპეტენცია, მოგეხსენებათ, დავტოვე ეს პარტია და, შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებაა, როგორ ჩაატარებენ არჩევნებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ პარტიაში შიდა დემოკრატია თუ არ იქნება, პარტიის განვითარებისთვის ეს მძიმე იქნება.

„რაც შეეხება პოლიტსაბჭოს არჩევნებს, თავიდანვე ჩემი პოზიცია იყო მკვეთრი, რომ შიდაპარტიული დემოკრატიისთვის ისეთი პოლიტსაბჭოს არჩევნები, როგორიც ყრილობაზე ჩატარდა, არ უნდა ჩატარებულიყო. რაც შეეხება სხვა პროცესებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“, და ნებისმიერ პარტიაში, შიდა დემოკრატია თუ არ იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მძიმე, მათ შორის, პარტიის განვითარებისთვის. თვითონ პარტიის არჩევანია, როგორ გააგრძელებს ის მუშაობას. პოლიტსაბჭოს არჩევნები როგორც ჩატარდა იმ ყრილობაზე, მე ეს ვთქვი ერთ-ერთ მიზეზად, რატომაც დავტოვე პარტია. ამიტომ, შესაბამისად, არ ვთვლი, რომ ეს იყო დემოკრატიული და არ ვთვლი, რომ პარტიაში მიდის დემოკრატიული პროცესები. დანარჩენი მათი გადასაწყვეტია, როგორ განვითარებას და რა კალაპოტს ჰპოვებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

“ფრენების აღდგენა, ისევე როგორც შეჩერება, არის ცალმხრივი გადაწყვეტილება” – გია ვოლსკი

ჩვენ არც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან და ოკუპირებულია ქვეყნის დიდი ნაწილი, განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობაც გააჩნიათ და მასშტაბურ სავაჭრო ურთიერთობებსაც ინარჩუნებენ, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დემარშს რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, უმჯობესია შეხვედრის შემდეგ ისაუბრონ, შეიძლება თუ არა ამის დემარშად მონათვლა, თუ ეს იქნება საქმიანი განხილვა.

“უმჯობესია შეხვედრის შემდეგ ვილაპარაკოთ, რას იტყვიან ელჩები, ვიცე პრემიერი რა პასუხს გასცემს და საერთოდ, შეიძლება თუ არა, მისვლის და განცხადების დემარშად მონათვლა, თუ განხილვა იქნება საქმიანი? მე ვფიქრობ, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს ყველას: ფრენების აღდგენა, ისევე როგორც შეჩერება არის ცალმხრივი გადაწყვეტილება და შენი მხრიდან გარკვეული რეჟიმის დაწესებას, როცა ფრენების აღდგენის შემდეგ, ფრენები წყდება, ჰქვია კონკრეტული სახელი, ეს არის სანქციები და მას შეიძლება შედეგები მოჰყვეს. ასე რომ, ისედაც ურთულეს მდგომარეობაში სანქციების რეჟიმში შესვლა… ჩვენ არც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს და ოკუპირებულია ქვეყნის დიდი ნაწილი, განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობაც გააჩნიათ და სერიოზულ და მასშტაბურ სავაჭრო ურთიერთობებსაც ინარჩუნებენ. ასე რომ ამ თემის განხილვა აუცილებელია და ვფიქრობ, პროცესია, რომლის განმავლობაში, მუდმივი კონსულტაციები უნდა გვქონდეს მათ შორის ევროპელ პარტნიორებთან, როგორ დამთავრდება, მერე ვიმსჯელოთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს  ხვდება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დემარში ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით ხორციელდება.

“პრეზიდენტზე ზეწოლას ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია” – არჩილ თალაკვაძე

რეალურად, პრეზიდენტზე ორკესტრირებულ ზეწოლას და შეტევას ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია. ვინც შეუძლიათ, ამ პროცესში ყველა ჩართული ჰყავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია პრეზიდენტის პოლიტიკური ფონის დაძაბვისთვის გამოყენებას ცდილობს.

„ეს ის ოპოზიციაა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს არალეგიტიმურ, გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენიებდა და მას პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებდა. პოლიტიკური უსინდისობაა, როცა ეს ოპოზიცია საუბრობს, თითქოს პრეზიდენტზე გავლენის მოხდენა გვინდა. ცალსახად ვთქვით, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილია ქვეყნის ინტერესები – სახელმწიფო შტოებს შორის ბალანსი არ იყოს დარღვეული. თანმიმდევრული ვართ, რადგან პრეზიდენტის არჩევისას ვთქვით, რომ ზეპარტიული პრეზიდენტი სჭირდებოდა ქვეყანას. რადიკალური ოპოზიცია ფარისევლურად ცდილობს, პრეზიდენტი პოლიტიკური ფონის დაძაბვისთვის და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5823 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5823 ლარი ეღირება, ევრო – 2.7664 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1881 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5876 ლარი ღირდა, ევრო – 2.7752 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1985 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 მაისს ამოქმედდება.

“ჩვენ გვქონდა ბოლო წლების ყველაზე არასამართლიანი საარჩევნო პროცესი” – ქემალ ქილიჩდაროღლუ

თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარმა კონკურენტმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ განვლილი არჩევნები ბოლო წლების ყველაზე უსამართლო პროცესად შეაფასა. მისი თქმით, არჩევნებზე მკაფიოდ გამოვლინდა ხალხის ნება ავტორიტარული მმართველობის ცვლილებისთვის.

„ჩვენ გვქონდა ბოლო წლების ყველაზე არასამართლიანი საარჩევნო პროცესი. სახელმწიფოს ყველა შესაძლებლობა მობილიზებული იყო ერთი პოლიტიკური პარტიისთვის. ისინი ერთ კაცს გაუფინეს ფეხქვეშ. მე ვიბრძოდი, რათა თქვენ კეთილდღეობასა და სიმშვიდეში გეცხოვრათ. გავაგრძელებ ამის კეთებას“, – მიმართა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ამომრჩევლებს.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მიიღო.

„ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს.

„ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას! საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან. მათ ძლიერი ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც აგრძელებს განვითარებას და მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას საქართველოსა და თურქეთს შორის ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად“, – დაწერა ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ (YSK) განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მიიღო.

“ნაციონალური მოძრაობა” მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის”-ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ყვარელში განუცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ზაფხულში დასვენებას.

პოლიტიკურმა საბჭომ დღეს გადაწყვიტა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. ჩვენ ვაპირებთ ყველა ქალაქსა და რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრას, მათ შორის იქნება რეგიონული კონფერენციები, სადაც ასევე დაყენებული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ეს ღონისძიებები, მათ შორის საპროტესტო აქციები. „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ზაფხულში დასვენებას, არ აპირებს, მოსვენება მისცეს რუსულ რეჟიმს, აპირებს განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობას.

პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა სტრუქტურულმა ერთეულმა, იმ კონკრეტულმა წარმომადგენლობამ, რომელიც მუშაობს მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან ქვეყნის შიგნით და გარეთ, უზრუნველყოს მაქსიმალურად კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებები. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქართველმა ხალხმა რუსული რეჟიმისა და ბიძინა ივანიშვილის გამო, კანდიდატის სტატუსი არ დაკარგოს.

ასევე იცით, რომ 50-მდე რეგიონული საქალაქო ოფისები გაიხსნა და დამატებით სხვადასხვა ქალაქში, მუნიციპალიტეტში, სოფლების დონეზეც კი, ვეცდებით მაქსიმალურად, რომ ჩამოვაყალიბოთ ლოჯისტიკური ცენტრები, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს შეეძლებათ აქტიურობა. რუსული ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ადამიანის ჩართვა მნიშვნელოვანია და ჩვენ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავდივართ. გვექნება სულ მცირე 10 რეგიონული კონფერენცია, შეხვედრები ასობით სოფელში, ქალაქსა თუ რაიონში, მთელი ზაფხულის განმავლობაში ვიმუშავებთ მოსახლეობასთან. პარალელურად გვექნება საპროტესტო აქციებიც, რომელიც ცხადია, მიეძღვნება პრეზიდენტ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“იმედი მაქვს, შორს არ არის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ჯერი დადგება”

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტი“ ალან გაგლოევი იმედს გამოთქვამს, რომ ე.წ. „რესპუბლიკა“ მალე რუსეთის შემადგენლობაში შევა.

გაგლოევი მოხარულია, რომ რუსეთთან გერთიანების თაობაზე „ხალხის სურვილი გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას დაემთხვა“.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ ასევე სრულად დაუჭირა მხარი დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციაში შესვლას. მოხარული ვართ, რომ დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც ხალხის სურვილი რუსეთთან გაერთიანების შესახებ დაემთხვა ამ ნაბიჯის გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას. იმედი მაქვს, შორს არ არის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის ჯერი დადგება“, – განაცხადა მან.

გაგლოევის მტკიცებით, სამხრეთ ოსეთის მთავარი მოკავშირე არის და იქნება რუსეთი.

მისი თქმით, ე.წ. „რესპუბლიკამ“ დაამყარა კონსტრუქციული და მეგობრული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, რომელიც „გააზრებულად ეკიდება ყველა პრობლემას და მზადაა, საჭირო დახმარება გაუწიოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში“.

“რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღადგინა, ეს ჩვენზე არანაირად არ მოქმედებს” – ასლან ბჟანია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ფაქტს აფხაზეთზე არანაირი გავლენა არ აქვს და ე.წ. „რესპუბლიკისთვის“ მნიშვნელოვანია რუსეთთან საჰაერო კომუნიკაცია ჰქონდეს.

„რაც შეეხება საჰაერო რუსეთთან საჰაერო მიმოსვლას, ამ კუთხით ჩვენც ვმუშაობთ, აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო კომუნიკაციის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების დოკუმენტი უნდა გაფორმდეს. სანამ ჩვენ ამით ვიყავით დაკავებული, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღადგინეს. ეს ჩვენზე არანაირად არ მოქმედებს, ეს მხარეების საქმეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საჰაერო კომუნიკაცია იყოს ჩვენსა და რუსეთს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ საკითხს მოვაგვარებთ. არის სირთულეები, არის დაბრკოლებები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მუშაობა გრძელდება“, – აღნიშნა ბჟანიამ.

“დემოკრატიული ქვეყნების ქედმაღლური გადაწყვეტილებები სასიკვდილო რეჟიმს ქმნის” – Junge Welt

გერმანულ გაზეთ „იუნგე ველტში“ (Junge Welt) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სასიკვდილო რეჟიმი: ეკონომიკური სანქციების გამოკვლევა“ (ავტორი – არნოლდ შელცელი).

„როგორც ჩანს, დასავლეთში ნელ-ნელა უკვე ხვდებიან იმას, რომ გვამების მთებზე, რომლებიც დემოკრატიის ექსპორტისა და ადამიანის უფლებების დაცვის სახელით ჩნდებიან, მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები ნეგატიურ რეაგირებას ახდენენ. უამრავი სანქციების ინიციატორების – დემოკრატიული ქვეყნების ქედმაღლური გადაწყვეტილებები სასიკვდილო რეჟიმს ქმნის და ძალზე ცუდ ეფექტს იწვევს ძირითადად მოსახლეობის ღარიბ ფენებზე, თუმცა არის იმედი, რომ მათი ეგოისტური ქცევა მალე დასრულდება.

ავღანეთიდან დასავლეთის პანიკური გაქცევა 2021 წელს და კონდოლიზა რაისის მიერ შემუშავებული ანტისირიული პროექტის „დიდი ახლო აღმოსავლეთის“ კრახის გამო, დასავლეთის სამხედრო მადა არ ჩამცხრალა და ის ანტირუსულ სანქციებად გარდაიქმნა, თუმცა ემბარგო, ვითომდა კრემლის წინააღმდეგ გამოცხადებული, უფრო მეტად მოსახლეობის მდგომარეობაზე ახდენს უარყოფით გავლენას.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიუნხენის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის (IFO) მიერ მომზადებული მოხსენების მიხედვით (სათაურით „ეკონომიკური სანქციები ძირითადად ღარიბ მოსახლეობა ურტყამს“) აღნიშნულია, რომ „ემბარგოს ინიციატორებად ყველაზე ხშირად დასავლეთის ქვეყნები გამოდიან, უპირველესად კი აშშ და ევროკავშირი, ხოლო სანქციების ობიექტებად – აფრიკის სახელმწიფოები“. ამრიგად, დასავლეთი ხელს უშლის მთელი კონტინენტის განვითარებას, რომლის ქვეყნების უმრავლესობა ანტირუსულ „ლაშქრობაში“ არ მონაწილეობს.

ბერლინში, პარიზში, ლონდონში და ვაშინგტონში გაკვირვებულები არიან იმით, რომ აფრიკის ქვეყნები ასეთ ე.წ. „პრორუსულ პოზიციას“ გამოხატავენ. მათთვის მიუღებელია, რომ მათ თავიანთი არჩევანი გააკეთეს. ცხადია, დასავლეთისთვის მათი პოლიტიკა მიუღებელია, ამიტომაც შესაბამის პროპაგანდას ეწევიან. როცა კონგოს პრეზიდენტი ფელიქს ჩისეკედი პეკინს გაემგზავრა, დასავლურ პრესაში დაიწერა, რომ „კონგოს განზრახული აქვს ჩინეთს თავისი სასარგებლო წიაღისეულის გამოყენების უფლება მისცესო“.

„რასაკვირველია, დასავლეთის გაგებით, კონგო სანქციებს იმსახურებს, მაგრამ ინიციატორების ქედმაღლობა მათთვისვეა სასიკვდილო, პეკინს და კინშასას ეს არ აღელვებთ. ფელიქს ჩისეკედის პეკინში ვიზიტი იმედს იძლევა, რომ დასავლეთის ეგოიზმი მალე დასრულდება“, – ნათქვამია სტატიაში.

წყარო

“სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას არც არასოდეს ჩამოშორებია და ყოველთვის ზიანის მოტანით იყო დაკავებული”-ირაკლი ქადაგიშვილი

მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას არც არასოდეს ჩამოშორებია. ყოველთვის მიმართული იყო იმისკენ, რომ პოლიტიკაში ჩართული ყოფილიყო და ზიანის მოტანით იყო დაკავებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის უკრაინაში ყოფნა ქართულ პოლიტიკაში ჩარევას ემსახურებოდა.

„იმის გამო, რომ „ნაცმოძრაობას“ დღის წესრიგი არ აქვს, რაღაც ახალი ხანმოკლე საინფორმაციო გზავნილი შემოიტანეს სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. თითქოს აქამდე სხვა პოლიტიკაში იყო. უკრაინაში მისი ყოფნა ქართულ პოლიტიკაში ჩარევას ემსახურებოდა. აქ არანაირი სიახლე არ არის. ქართული პოლიტიკის ნაწილია, მაგრამ დადებითობის თვალსაზრისით მისი შედეგი ნულია, უარყოფითობის კუთხით კი მისი საქმიანობა ასეთია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“რუსეთ-უკრაინის ომის მიზეზი კიევისათვის ნატოს წევრობის შეთავაზებაა” – ინტერვიუ ჰენრი კისინჯერთან

აშშ-ის გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) 27 მაისის ნომერში, ჰენრი კისინჯერის დაბადების 100 წლის აღსანიშნავად, აქვეყნებს სპეციალურ სარედაქციო სტატიას სათაურით „ჰენრი კისინჯერის გაფრთხილება 100 წლის ასაკში: სახელმწიფო მოღვაწე წუხს ამერიკული ლიდერობისა და რწმენის გაქრობის გამო“, რომელშიც ყოფილი სახელმწიფო მდივნის ცხოვრება და საქმიანობაა მიმოხილული, ნაჩვენებია მისი პოზიცია აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართ, ასევე თანამედროვე პრობლემებზე. გაზეთში გამოქვეყნებულია აგრეთვე ვრცელი ინტერვიუ ჰენრი კისინჯერთან: იუბილარს ჟურნალისტი ტუმკუ ვარადარაჯანი ესაუბრება სხვადასხვა საკითხებზე – რუსეთ-უკრაინის ომზე, ნატოს გაფართოებაზე, აშშ-რუსეთისა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობაზე და ა.შ.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე მიმოხილვას:

ჰენრი კისინჯერი თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მთავარ მიზეზს კიევისათვის ნატოს წევრობის შეთავაზება წარმოადგენს. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ იგი საკმაოდ „ირონიულ სიტუაციაში“ აღმოჩნდა: იმიტომ, რომ ადრე, როცა იგი უკრაინის ნატოში მიღების წინააღმდეგ გამოდიოდა, უმცირესობაში იყო და ახლაც, როცა მხარს უჭერს კიევის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისაკენ სწრაფვას, ისევ უმცირესობაშია. „ვფიქრობ, რომ 2008 წელს უკრაინისათვის ნატოში მიღების დაპირება იმ სერიოზულ შეცდომას წარმოადგენდა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, დღევანდელი ომის დაწყებამდე მიგვიყვანა“, – ამბობს ჰენრი კისინჯერი ინტერვიუში, – „ამჟამად კი ვაშინგტონი აბსოლუტურად სწორად მოქმედებს. ამიტომაც მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკას უკრაინის მიმართ… ჩემი აზრით, დასავლეთმა უკრაინის ომი უკვე მოიგო იმ თვალსაზრისით, რომ თავიდან იქნა აცილებული რუსეთის შეტევა უშუალოდ ევროპის ქვეყნებზე“.

გარდა ამისა, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის თვალსაზრისით, კონფლიქტის კიდევ ერთი მიზეზია რუსული პოლიტიკის ამბივალენტური ხასიათი (ორმაგი დამოკიდებულება) ევროპისადმი. „რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას ევროპაზე, თუმცა თავის ევროპულ პოლიტიკაში ორმაგ მიდგომებს ამჟღავნებდა. რუსეთი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში თავისივე ამბივალენტურობის ტყვე იყო – ევროპას ხან აღტაცებული უყურებდა, საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობით, ხანაც საფრთხეს გრძნობდა ევროპისაგან“, – განმარტავს იუბილარი.

ჰენრი კისინჯერის აზრით, უკრაინა დღეისათვის ყველაზე შეიარაღებულ ევროპულ ქვეყანას წარმოადგენს, მაგრამ კიევი ამ ეტაპზე არ უნდა შეეცადოს ყირიმის დაბრუნებას: „თუ კრემლი დაკარგავს სევასტოპოლს, რომელიც ისტორიულად არასოდეს არ ყოფილა უკრაინული, მაშინ ამით საფრთხე შეექმნება თვით რუსეთის მთლიანობას – დაიწყება ცენტრიდანული პროცესები, სახელმწიფოს დაშლა, რომელიც მსოფლიოსათვის უკრაინის ომის შემდეგ ახალი თავსატეხი გახდება, რაც მსოფლიოსათვის სასურველი არ არის“.

ჰენრი კისინჯერი თვლის, რომ პლანეტის წამყვან ქვეყნებს ორიენტირები აერიათ და რიგ შემთხვევაში საერთოდ დაკარგეს. „დღეს ისინი ახალი გარემოებების მიმართ ადაპტაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში იმყოფებიან. აშშ თავის თავს ყოველთვის სამართლიანად და უმწიკვლოდ თვლის და სჯერა, რომ არაეგოისტურ პოლიტიკას ატარებს. ჩვენ, ამერიკელებს, გვჯერა, რომ ჩვენი შეხედულებები წარმატებულია არა იმიტომ, რომ საკუთარ თავს საუკეთესოდ ვთვლით (ინტელექტუალური თვალსაზრისით), არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ, ჩვენი ხედვა, როგორიც არ უნდა იყოს ის, ყველა შემთხვევაში უნდა დომინირებდეს. ეს, რასაკვირველია, მტკიცე მორალური რწმენის გამოხატულებაა, რომელსაც თან ძალის დემონსტრირებაც ახლავს. აშშ-ის ასეთი წარმოდგენები თავის თავზე სხვა ქვეყნებს არ მოსწონთ, განსაკუთრებით ჩინეთს“, – აცხადებს ასწლოვანი დიპლომატი ინტერვიუში.

წყარო