„სტრატეგია აღმაშენებელმა ზეიმით გამოაცხადა, რომ ევროპარლამენტში პოლიტიკურმა გაერთიანებამ, Alde-მ მხარი დაუჭირა მათ მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს ხელისუფლებას, გმობს მის მიერ გატარებულ პოლიტიკას, მოუწოდებს მთავრობას შეასრულოს 12 პუნქტი. რეზოლუციის ტექსტში ასევე ნახსენებია ივანიშვილი, როგორც ოლიგარქი. Alde მოუწოდებს მთავრობას გაათავისუფლოს ლაზარე გრიგორიადისი, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, alde-ს რეზოლუციამ, ოპოზიციის ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტობრივად დაადასტურა:
„თანმიმდევრულად მივყვეთ, მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია ევროპულ პოზიციასთან, საქართველო საკუთარი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, უერთდება სანქციებს, სანქციების დარღვევის ან გვერდის ავლის ერთი ფაქტი არ არსებობს. რაც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას, რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებელი როგორც პოზიცია, ასევე, ოპოზიცია არის, შესაბამისად რეზოლუცია ობიექტური რომ იყოს, ოპოზიცია აუცილებლად გაკრიტიკებული იქნებოდა, რადგან ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო ცხოვრებას. ივანიშვილის ოლიგარქად შერაცხვა, რეალობაზე მეტად აღქმებს ეფუძნება. რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნას, ობიექტური რეზოლუცია, არა გათავისუფლებას, არამედ საქმის მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვდა. თითოეული ადამიანი, რომელმაც რეზოლუციის ტექსტზე იმუშავა, ფარისეველი და ქვეყნის მტერია, რადგან ყოველი რეზოლუცია, რომელიც მმართველი გუნდის წინააღმდეგ არის მიმართული, სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. alde-ს რეზოლუციამ, ოპოზიციის ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტობრივად დაადასტურა“, – წერს ჩიხელიძე.