Home Blog Page 2055

დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო მთავრობის ოპოზიცია ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში აქცია 14:00 საათზე გაიმართება და მასში მონაწილეობას ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ პირობები არ შეასრულა და სწორედ ამიტომ უნდა გადადგეს.

ამასთან, ოპოზიციური პარტიები ოკუპირებული აფხაზეთის „ძალოვანი სტრუქტურის“ წარმომადგენლებს განცხადებით მიმართავენ.

„შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობა კატეგორიულად კრძალავს ძალოვანი სტრუქტურების, მათ შორის „თავდაცვის სამინისტროს“ მონაწილეობას სახელმწიფოს პოლიტიკურ პროცესებში.

მივმართავთ მოქმედი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, ნუ გამოიყენებთ ძალას, ერთი სისხლი და ხორცი გვაქვს, ერთი ერი ვართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 მაისს პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დროს, 08:30 საათიდან 21:00 საათამდე წულუკიძის მოედნიდან ჩამომსვლელ – მ. ლაღიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მოძრაობა შეიზღუდება კახეთის გზატკეცილიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებითაც. აღნიშნული შეზღუდვები გაუქმდება 30 მაისს 21:00 საათზე.

„31 მაისს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კახეთის გზატკეცილზე 09:00 საათიდან 12:30 საათამდე ავტომობილების მოძრაობა კვლავ შეიზღუდება.

კერძოდ, წულუკიძის მოედნიდან ჩამომსვლელ – მ. ლაღიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ავტომანქანები იმოძრავებენ 17 შინდისელი გმირის ქუჩის გავლით, ჯავახეთის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩაზე ამომავალი პანდუსი დაიკეტება და ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ჯავახეთის ქუჩაზე, მოსკოვის გამზირის მიმართულებით.

ქალაქის ცენტრის მიმართულებით მიმავალ ავტომობილების ნაკადს გადაადგილება შეეძლება კახეთის გზატკეცილიდან ჯავახეთის ქუჩისკენ ჩამსვლელი პანდუსით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ 30 და 31 მაისს, მოქალაქეები საპოლიციო სერვისების მიღებას შეძლებენ მ. ლაღიძის ქუჩაზე განთავსებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ექსპრეს ფილიალის საშუალებით 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე.

ასევე, დისტანციურად მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატელეფონო მომსახურების ცენტრის საშუალებით“, – ნათქვამია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

კიევზე მასიური თავდასხმა განხორციელდა – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ -უკრაინის ომის 461-ე დღე

რუსული ძალები უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ თავს. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა.

„მტერმა ბალისტიკური ტრაექტორიის რაკეტები გამოიყენა – წინასწარი ინფორმაციით „ისკანდერები“. შესაძლოა, რომ S-300 და S-400 რაკეტებიც იყო გამოყენებული“, – განაცხადა იგნატმა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის პოდილსკის რაიონში რაკეტების ნამსხვრევების შედეგად ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ის ლოკალიზებულია.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში რაკეტების 6 ნამსხვრევი ჩამოვარდა.

უკრაინის რამდენიმე ოლქში, ჩერნიგოვის, კიევის, ჟიტომირის, ჩერკასისა და კიროვოგრადის ოლქებში, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია უპილოტო საფრენი აპარატების გადაადგილების შესახებ იუწყება. მათი ცნობით, ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქ კიევის რამდენიმე რაიონში აფეთქებების ხმები ისმოდა. გოლოშეევსკის რაიონში, სადაც მაღალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, შენობიდან 20 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებული მოხუცი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, კიდევ ორ დაშავებულს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დედაქალაქზე მასიური თავდასხმა განხორციელდა. საჰაერო შეტევა თითქმის სამ საათს გაგრძელდა. წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დედაქალაქის საჰაერო სივრცეში 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

რუსულმა ძალებმა კიევს ირანული Shahed-136/131 ტიპის დრონებით დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 31 დრონიდან 29 გაანადგურეს.

შეგახსენებთ, 30 მაისის ღამეს უკრაინის ზოგიერთ ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქების პირველი ხმები დედაქალაქ კიევში ადგილობრივი დროით ღამის 3:00 საათზე გაისმა. თავდასხმის შედეგად, გოლოსეევსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

30 მაისს ქუთაისში +30 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ფოთში ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს. დღისით +24 გრადუსია, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ახალციხეშიც წვიმს, სადაც დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომშიც, დღისით +29, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსია იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +30 გრადუსია და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +19 გრადუსი და ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +19, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავშიც, სადაც დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +33 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +33 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა.

მოსკოვში ორ კორპუსს დრონები დაეჯახა

მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატები ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. ამის შესახებ რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

ინფორმაციას ადასტურებს მოსკოვის  მერი.

„დღეს დილით ადრე, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა. ქალაქის ყველა საგანგებო სამსახური შემთხვევის ადგილებზეა. ისინი მომხდარის გარემოებას არკვევენ. მოცემული მომენტისთვის სერიოზულად არავინ დაშავებულა“, – წერს სერგეი სობიანინი „ტელეგრამში“.

https://ria.ru/20230530/bespilotniki-1874960146.html

“პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელობას, თითოეულ პროკურორსა და გამომძიებელს” – პრემიერი

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელობას, თითოეულ პროკურორსა და გამომძიებელს, საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაურის თქმით, დამოუკიდებელი, მაღალპროფესიული, ეფექტიანი პროკურატურა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი და ამდენად, დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია.

„მეამაყება, რომ ჩვენი პროკურატურა სწორედ ასეთ – თანამედროვე, ანგარიშვალდებულ, ევროპული სტანდარტების სახელმწიფო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.
მადლობას გიხდით იმ უდიდესი შრომისათვის, რომელსაც თქვენ ქვეყნის სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად ეწევით, და კვლავაც წარმატებებს გისურვებთ”, – აღნიშნავს პრემიერი.

ნატო კოსოვოში განთავსებულ ძალებზე თავდასხმას გმობს და ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს

ნატო კოსოვოში განთავსებულ ძალებზე თავდასხმას გმობს და ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც დაძაბულობას უფრო გაამწვავებს.

„ნატო მკაცრად გმობს KFOR-ის სამხედროების წინააღმდეგ ჩრდილოეთ კოსოვოში არაპროვოცირებულ თავდასხმებს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანი დაშავდა. მსგავსი თავდასხმები აბსოლუტურად მიუღებელია. ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს, და ჩაერთონ დიალოგში. კოსოვოში ნატო-ს ძალები ყველა აუცილებელ ზომას მიმართავენ უსაფრთხო და დაცული გარემოს შესანარჩუნებლად და გააგრძელებენ მიუკერძოებლად მოქმედებას გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1999 წლის რეზოლუციით მინიჭებული მანდატის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ეთნიკურ სერბებსა და ნატო-ს ძალებს შორის შეტაკების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. ნატო-ს ძალები სერბებით დასახლებული კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ადმინისტრაციულ შენობეთან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განათავსეს.

ვითარება კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში დილიდან გამწვავდა, როდესაც ადგილობრივი სერბები პოლიციას დაუპირისპირდნენ. მუნიციპალური შენობების წინ რამდენიმე ასეული სერბი შეიკრიბა და კოსოვოს პოლიციისა და ახალარჩეული ალბანელი მერების გაყვანა მოითხოვა. სერბებმა არ მიიღეს მონაწილეობა აპრილში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში და უარს აცხადებენ ალბანეთის წარმომადგენლების ხელისუფლებაში მიღებაზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სერბები მოსახლეობის 95 პროცენტზე მეტს შეადგენენ.

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღემ შეიძლება არჩევანის წინაშე დაგაყენოთ, რომელიც სამსახურს, ურთიერთობებს, პირად ცხოვრებას ან სხვა სფეროებს ეხება. როგორც არ უნდა ეცადოთ, ნეიტრალურ პოზიციას ვერ დაიკავებთ, ამიტომ არჩევანი უნდა გააკეთოთ და მის საფუძველზე იმოქმედოთ. ნებისმიერ არჩევანს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე ექნება, ამიტომ ეცადეთ კარგად გამოთვალოთ, თქვენთვის რომელი უფრო სასარგებლო იქნება.

კურო

ამ დღეს ისეთი მოწესრიგებული ხართ, როგორც არასდროს. ყველაზე მეტად არეულობა გაღიზიანებთ და ქაოსის ყველა გამოვლინებას ებრძვით. სამუშაო მაგიდის დალაგება ადვილია, საკუთარი აზრებისა და გეგმების მოწესრიგება კი – გაცილებით რთული. როცა ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენთ, მუშაობის დაწყებაც შეგიძლიათ, თუ, რა თქმა უნდა, ამის დრო დაგრჩათ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი ამბიციური გეგმის განხორციელებისთვის. ვარსკვლავების განლაგება, მოვლენათა განვითარება და გარშემო მყოფი ადამიანები სტატუსის გაძლიერებისკენ მიმართული გადამწყვეტი და გაბედული ნაბიჯებისკენ გიბიძგებენ. საეჭვოა, რომ ამ დღეს კუთხეში, მოკრძალებულად დგომა ან ნეიტრალური პოზიცია დაკავება შეძლოთ, რაც თქვენი თვითშეფასებისთვის ძალიან კარგია.

კირჩხიბი

შესაძლოა, რომელიღაც პრობლემასთან ბრძოლაში დამარცხება აღიაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ და პრობლემის მოგვარება სამომავლოდ გადადოთ – სხვა დღეს პრობლემის მოგვარების მეტი შანსი გექნებათ.

ლომი

ამ დღეს თქვენი ტვინი სწრაფად და შეუმცდარად მუშაობს და უცნობი გარემოს შესწავლაში, პრობლემების გადაჭრაში და ახალი იდეების გენერირებაში გეხმარებათ. ერთი სიტყვით, ამ დღეს სასწაულების მოხდენა შეგიძლიათ. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა მიზნის მისაღწევად და საკუთარი ავტორიტეტის ასამაღლებლად გამოიყენოთ.

ქალწული

ფინანსურ საკითხებში რისკის მოყვარული არ ხართ – გადაწყვეტილების მიღებამდე გირჩევნიათ, სიტუაცია კარგად შეისწავლოთ. ამის გამო, შეიძლება ძალიან მაცდური ფინანსური პერსპექტივა დაკარგოთ, მაგრამ ზედმეტ ხარჯებს და შესაძლო დანაკარგებსაც თავიდან აიცილებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე პირადი ბიუჯეტის მოწესრიგებას დაუთმოთ – ახლა თქვენს ყურადღებიან მზერას არაფერი გამოეპარება!

სასწორი

ამ დღეს პირად საქმეებს, დასვენებას და გართობას დაივიწყებთ და მთლიანად საერთო საქმეების მოგვარებაზე გადაერთვებით. ამჟამად თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგის მიღებაა. სავარაუდოდ, თქვენი თავდადება შეუმჩნეველი არ დარჩება და უახლოეს ხანში ფინანსურ ბონუსებს მოგიტანთ.

მორიელი

ამ დღეს ინფორმაციასთან მუშაობის შესანიშნავ უნარებს გამოავლენთ! საჭიროების შემთხვევაში, ციფრებით და ფაქტებით ოსტატურად მანიპულირება, ინფორმაციის ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა შეგიძლიათ. წვრილმანების შემჩნევის უნარი სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება არასასურველია, რადგან მოსალოდნელი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. ეს ეხება გარიგებებს, მოლაპარაკებებს და ახალ პროექტებს. ჯობს, საქმის დაწყება ერთი დღით გადადოთ, ვიდრე შეცდომის შედეგებს ებრძოლოთ.

თხის რქა

ამ დღეს თუ საქმეს ხელს მოჰკიდებთ, დიდი შანსია, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ. ზოგ შემთხვევაში თქვენი მონდომება გაამართლებს, მაგრამ არა ყოველთვის. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თავდაჯერების მიუხედავად, ნებისმიერი სხვა ადამიანის მსგავსად, თქვენც შეიძლება შეცდეთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და ფაქტები ყურადღებით გადაამოწმეთ.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დროა, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობების მოგვარება დაიწყოთ. თუ თქვენ შორის გაუგებრობის კედელია აღმართული, მისი დანგრევა უნდა სცადოთ. გულახდილი საუბარი სულიდან მძიმე ტვირთს მოგაცილებთ და თქვენთვის სასურველ შედეგს მოგიტანთ. თუნდაც პრობლემა მყისიერად არ მოგვარდეს, ეს თქვენს ურთიერთობებზე მაინც სასიკეთოდ აისახება.

თევზები

ვარსკვლავები კატეგორიულად არ გირჩევენ, რომ ამ დღეს უფროსებთან და კარიერულად თქვენზე მაღლა მდგარ პირებთან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ. სამწუხაროდ, ურთიერთგაგებისთვის არახელსაყრელი დღეა, რის გამოც თქვენი ყველაზე მშვენიერი იდეაც კი შეიძლება დაიწუნონ. ამ დღეს მოქმედების საუკეთესო ტაქტიკა იქნება, რომ ურთიერთობები შეზღუდოთ და საკუთარი გეგმები არავის გაუმხილოთ.

 

კოსოვოში სერბ დემონსტრანტებთან შეტაკებისას ნატო-ს სამშვიდობო მისიის 25 სამხედრო დაშავდა

ჩრდილოეთ კოსოვოში სერბ დემონსტრანტებთან შეტაკებისას ნატო-ს სამშვიდობო მისიის 25 სამხედრო დაშავდა, – ამის შესახებ ნათქვამია კოსოვოში განთავსებული ნატო-ს მისიის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს ძალების იტალიური და უნგრული კონტინგენტის სამხედროები არაპროვოცირებული თავდასხმის სამიზნე გახდნენ და მიიღეს ტრავმები მოტეხილობებითა და აალებადი მოწყობილობების აფეთქების შედეგად დამწვრობებით.

„ნატო-ს დანაყოფებზე არაპროვოცირებული თავდასხმები მიუღებელია და ნატო-ს ძალები კოვოსში გააგრძელებენ თავიანთი მანდატის მიუკერძოებლად შესრულებას“, – ნათქვამია კოსოვოში ნატო-ს მისიის მეთაურის, ანჯელო მიკელე რისტუჩიას განცხადებაში.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის ცნობით, დაშავებულ სამხედროებს შორის 11 იტალიელია, სამი მათგანის მდგომარეობა სერიოზულია.

სერბული მედიის ცნობით, ასევე, სერბი დემონსტრანტების მხრიდან შეტაკებებისას 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი – კრიტიკულ, ხოლო ორი მძიმე მდგომარეობაშია.

ვითარება კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში დილიდან გამწვავდა. მუნიციპალური შენობების წინ რამდენიმე ასეული სერბი შეიკრიბა და კოსოვოს პოლიციისა და ახალარჩეული ალბანელი მერების გაყვანა მოითხოვა. სერბებმა არ მიიღეს მონაწილეობა აპრილში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში და უარს აცხადებენ ალბანეთის წარმომადგენლების ხელისუფლებაში მიღებაზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სერბები მოსახლეობის 95 პროცენტზე მეტს შეადგენენ. ვითარების ესკალაციის გამო კოსოვოს ეთნიკური სერბებით დასახლებულ ქალაქებში, ადმინისტრაციულ შენობებთან ნატო-ს ძალები განათავსეს.

ჩრდილოეთ კოსოვოში შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადა.

“მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ, თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად”-სააკაშვილი

“იმ ხალხის გასაგონად ვისაც ჩემთვის სიტყვა “თავისუფლება” არ ემეტება და მხოლოდ “ადეკვატური მკურნალობით” იფარგლება.
მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ. თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სრულიად ყალბი ბრალდებებით ვარ “გასამართლებული” და თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პატიმარი ვარ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მაინც გამათავისუფლებს და თქვენგანაც ველი მეტ გამბედაობას. ბოლოსდაბოლოს ევროპარლამენტი, პოლონეთის და ლიტვის სეიმები, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები ითხოვენ ჩემს გათავისუფლებას.
მე ერთი წუთით არ ვეგუები ამ უსამართლო, პუტინის პირად პატიმრობას!
ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თავისუფლებისთვის და თქვენი იმედი მაქვს ასევე,” – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ “აზიმუტის” თვითმფრინავები ცარიელი დაფრინავს – ნიკა გვარამია

განსაკუთრებული მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ “აზიმუტის” თვითმფრინავები ცარიელი დაფრინავს, – ამისშესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! როცა ადამიანებს ასე სჯერათ შენი სიმართლის, დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხად იქცევა

ცალკე განსაკუთრებული მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ “აზიმუტის” თვითმფრინავები ცარიელი დაფრინავს. არც მიტინგებზე გავიდნენ, მაგრამ არც თვითმფრინავში ჩასხდნენ. მთავარი ზუსტად ესაა: არ არსებობს არანაირი ბმა ქართველებსა და რუსებს შორის, უბრალოდ, ბუნებაში აღარ არსებობს, სამუდამოდ ჩაჭრილია აღუდგენლად. ვერ შეცვლის ამას ივანიშვილი და მისი ამქარი, რაც არ უნდა ქნას, ვერ შეცვლის“, – წერს ნიკა გვარამია.

https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/posts/pfbid0nCCfHnpuZNRDp65teDcpXd9smGRmg56UMbPDmjJD2zTTevbzHM7NsY8i2q35BzEvl

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი 31 მაისს, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

„საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან.

31 მაისს კი, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.