Home Blog Page 2054

თიბისის ციფრული ბანკის თამაშის მეორე კვირა დაიწყო

თიბისის ციფრული ბანკის თამაშის პირველი კვირა დასრულდა და უკვე გამოვლინდა 125 გამარჯვებული, რომელიც Tbilisi Open Air-ის 3-დღიანი აბონემენტით დასაჩუქრდა.

დღეიდან, მომხმარებლებს, რომლებმაც გასულ კვირას აბონემენტის მოგება ვერ შეძლეს, ისევ ეძლევათ შანსი, ჩაერთონ მეორე კვირის თამაში და დასაჩუქრდნენ.

აქვე მოკლედ შეგახსენებთ თამაშში მონაწილეობის წესებსაც:

აბონემენტის მოსაგებად, ყოველ კვირა, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უნდა შეასრულო ციფრული ბანკის ყოველდღიური მისიები. თუ ექვსივე დღის მისიას წარამტებით შეასრულებ, ბოლო, კვირა დღეს, შეძლებ მონაწილეობა მიიღო კვირის ფინალურ მარათონში, სადაც გამარჯვებული 125 მონაწილე საჩუქრად მიიღებს ფესტივალის აბონემენტს.

თითოეული დღის მისიის შესასრულებლად ზუსტად ერთი კალენდარული დღე, ანუ 24 საათი გექნება. თუ დღის განმავლობაში ვერ მოასწარი მისიის სრულყოფილად შესრულება, ან დღის მისია გამოტოვე, ყოველკვირეულ თამაშს გამოეთიშები და მიმდინარე კვირაში ბილეთების მოგების შანსს დაკარგავ. ამიტომ მისიები რომ არ გამოგრჩეს, ყურადღებით ადევნე თვალი ციფრულ ბანკს.

კამპანიის ფინალი იქნება 10 კითხვიანი მარათონი, რომელსაც ყველა მონაწილე ერთდროულად დაიწყებს. ხოლო, გამარჯვებული იქნება პირველი 125 მონაწილე, რომელიც ფინალურ დღეს ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს.

გაითვალისწინე, თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს თიბისის ციფრული ბანკი და არის 18 წლის და ზევით.

უფრო მეტ ინფორმაციას ამ ვებგვერდიდან მიიღებ: ციფრული ბანკის თამაში.

განახლე ციფრული ბანკი და ჩაერთე თამაშში.

 

R

“ნაციონალური მოძრაობა” პოლიტსაბჭოს სხდომას ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში მართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში მართავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის  განცხადებით, განსახილველ საკითხებს შორის  მიხეილ სააკაშვილის საკითხია, რა რეჟიმით უნდა გააგრძელოს პარტიამ ბრძოლა სააკაშვილის თავისუფლებისთვის.

„დღეს იკრიბება „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული პოლიტიკური საბჭო და სამდივნო. განსახილველ საკითხებს შორის იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი, როგორ აგრძელებს პარტია მუშაობას, რა რეჟიმით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა მისი თავისუფლებისთვის. ცხადია, გვექნება საუბარი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევასთან, რომელიც მდგომარეობს რუსულ ხელისუფლებაში და ფაქტობრივად, კრემლიდან მართულ ბიძინა ივანიშვილზე და შემდეგ უკვე ივანიშვილის მიერ მართულ რუსულ პარტიაზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც მომდინარეობს ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე ცხადია, დღეს საუბარი გვექნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, რა უნდა გააკეთოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მათ შორის საგარეო მიმართულებით როგორ უნდა იშრომოს, რა სტრატეგია უნდა ავირჩიოთ, რომ ხალხმა დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიიღოს და რუსულმა პარტიამ ვერ შეძლოს, წაართვას ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის  პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით,   სხდომაზე იმსჯელებენ პარტიის განვითარებაზე და ასევე ქართული პოლიტიკაში სააკაშვილის როლზე.

„მიხეილ სააკაშვილმა, ვის მამულებშიც დღეს ვიმყოფებით, შექმნა ქართული სახელმწიფო, პრაქტიკულად, საქართველოს ყველა ინსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს, არის მიშას მემკვიდრეობა, მაგრამ მას ჯერ კიდევ დიდი საქმეები აქვს გასაკეთებელი და თავის სიტყვა აქვს სათქმელი საქართველოს მომავალსა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„რატომ გაიმარჯვა ერდოღანმა“- რას წერს უცხოური პრესა

დღევანდელი საერთაშორისო მასმედიის მთავარ თემას, შეიძლება ითქვას, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაშუქება წარმოადგენს. როგორც უკვე ცნობილია, გაიმარჯვა თურქეთის პოლიტიკური ბლოკის – „სახალხო ალიანსის“ კანდიდატმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა (მიიღო ხმების 52,16%), წააგო „ეროვნული ალიანსის“ კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ (მიიღო ხმების 47,84%).

ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ გაიმარჯვა ერდოღანმა“ (ავტორი – ფრეიზერ ნელსონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ბევრი ვარაუდობდა, რომ ეს წელი რეჯეფ ერდოღანის მმართველობის ბოლო წელიწადი იქნებოდა და იგი, ბოლოსდაბოლოს, არჩევნებში დამარცხდებოდა, მაგრამ მან ყველა შანსი გამოიყენა და გაიმარჯვა. არჩევნებში მიღწეულმა წარმატებამ რეჯეფ ერდოღანი ერთ-ერთ იმ გავლენიან პოლიტიკოსად გადააქცია, რომლის პირადი პოპულარობა, მისსავე პარტიასთან შედარებით, ბევრად უფრო მაღალია. ამით პრაქტიკულად იმარხება თურქი რეფორმატორების იმედი, რომ ქვეყანაში რაიმე დემოკრატიული ცვლილება მოხდება.

ყოველი ადამიანი, რომელიც დღევანდელ თურქეთშია ნამყოფი, შეამჩნევდა, თუ რა ქაოსი გააჩინა რეჯეფ ერდოღანის მმართველობამ. ინფლაცია ისეთია, რომ მაღაზიებში ფასების მაჩვენებელი უკვე აღარ არის – იმდენად სწრაფად იცვლება ლირის კურსი. არსებობდა იმედი, რომ რეჯეფ ერდოღანის 22-წლიანი მმართველობა დასრულდებოდა. მოსახლეობა ჯერ კიდევ შარშან ფიქრობდა, რომ სავარაუდო კანდიდატი სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ იქნებოდა, მაგრამ რადგანაც იგი უსამართლოდ იქნა დაკავებული და არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვეს, ერდოღანის მოწინააღმდეგეებისათვის ბოლო იმედი 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ გახდა.
დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არჩევნები ფაქტობრივად დარღვევების გარეშე, პატიოსნად ჩატარდა, მაგრამ რამდენად დემოკრატიულია ისეთი არჩევნები, რომელშიც ყველაზე მეტად სავარაუდო და ერდოღანის მოწინააღმდეგე პოპულარულ პიროვნებას მონაწილეობის უფლება აკრძალული აქვს? თურქეთი ამჟამად ავტორიტარულ სახელმწიფოს წარმოადგენს – „პრეზიდენტისა და მთავრობის უპატივცემლობის გამოხატვის“ ბრალდებით ციხეში ათასობით ადამიანი ზის.

როცა მოსახლეობის იმედზე ვლაპარაკობ, მე მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ქალაქებში – სტამბოლში, ანკარაში, იზმირში – ადამიანები არ იწონებენ იმას, რომ ათა-თურქის სურათების ფონზე ქვეყანაში თანდათან ბრუნდებიან და ძლიერდებიან რელიგიური, კონსერვატიული და ნაციონალისტური ძალები. სწორედ ამიტომ მოაგროვა მესამე კანდიდატმა – ულტრამემარჯვენე სინან ოგანმა პირველ ტურში ხმები.

რეჯეფ ერდოღანის მომხრეებს ეს არჩევნები წარმოდგენილი ჰქონდათ როგორც ინსტრუმენტი, რომლითაც პატრიოტულად განწყობილი თურქები დასავლეთს უტყამენ – იმ დასავლეთს, რომელსაც ქემალ ქილიჩდაროღლუ განასახიერებს. მას განზრახული ჰქონდა დემოკრატიის აღდგენა, ცენტრალური ბანკისადმი უფლებების დაბრუნება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სხვა. ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება გააუმჯობესებდა ურთიერთობას დასავლეთთან, ისევ წარმოაჩენდა ევროკავშირში თურქეთის მიღების საკითხს… „ზეწოლის მიუხედავად, არჩევნებში ხალხის ნება გამოვლინდა, რომ ავტორიტარული რეჟიმის შეცვლა აუცილებელია“, – თქვა ქემალ ქილიჩდაროღლუმ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხის ნება დათრგუნა შხამიანმა პროპაგანდამ და კულისების თამაშებმა, რასაც რეჯეფ ერდოღანი აწარმოებდა. ეს იყო კონსერვატორების, წარსულის ძალების მწვავე, დაძაბული და იმავდროულად უღირსი ბრძოლა ხელისუფლების შესანარჩუნებლად, რაშიც რეჯეფ ერდოღანმა გაიმარჯვა.

წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში რეჯეფ ერდოღანი თავს აჩვენებდა როგორც მსოფლიო ლიდერი, რომელმაც თურქეთს სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით ისეთი ძალა შთაბერა, რომელიც მას ადრე არ ჰქონდა. მან თავისი როლი და გავლენა გააფართოვა არამარტო აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, არამედ რუსეთ-უკრაინის ომის მიმართაც, თანაც საინტერესო სახით: უკრაინას იარაღს აწვდის, აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას და იმავდროულად მოსკოვთანაც ახლო კავშირებს ინარჩუნებს. რეჯეფ ერდოღანი ხაზს უსვამს: „თუ დღეს თურქეთს პატივისცემით ეპყრობიან და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ეს მხოლოდ მისი დამსახურებით, მისი წყალობით ხდება“. ასეთ პოზიციას იზიარებენ მისი მოკავშირეებიც.

რეჯეფ ერდოღანმა თანამემამულეებს „თურქეთის დიდებული საუკუნე“ აღუთქვა, მაგრამ აქედანვე ჩანს, რომ ასწლეული არალიბერალური იქნება. მიმდინარე წელს თურქეთში მუსტაფა ქემალ ათა-თურქის მიერ განხორციელებული რევოლუციის ასი წლისთავი უნდა აღინიშნოს. ერდოღანისეულმა თურქეთმა კი, რომელიც ნატოსა და G-20-ის წევრია, დასავლური მიმართულება უარყო. მართლაც საკვირველია, რომ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტის კრიტიკა უკანონოდ ითვლება, ამომრჩეველთა 48%-მა ხმა მაინც მოხუც კანდიდატს ქემალ ქილიჩდაროღლუს მისცა.

მოკლედ, რადგან საბოლოოდ რეჯეფ ერდოღანმა გაიმარჯვა, თურქებს ძალიან მცირე იმედი აქვთ, რომ უახლოეს ხანში ეკონომიკური კრიზისი დასრულდება.

წყარო

ეუთო ეუთო განადგურების წინაშეა – ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰაავისტოს განცხადებით, ორგანიზაცია ეუთო განადგურების წინაშეა.

პეკა ჰაავისტომ  მიზეზად რუსეთი და ბელარუსი დაასახელა.

ეუთო-ს თავმჯდომარეობა როტაციის პრინციპით ხდება. წესების მიხედვით, ახალ თავმჯდომარეს ორგანიზაციის 57-ვე წევრი ქვეყანა ამტკიცებს, თუმცა რუსეთსა და ბელარუსს არ სურთ დაამტკიცონ ესტონეთის თავმჯდომარეობა 2024 წელს.

როგორც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფინურ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, თუ 2024 წელს ეუთოს თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ, მომავალი წელი ორგანიზაციის განადგურების წელი იქნება.

“უმუშევრობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, დასაქმდა 32 000 სოციალურად დაუცველი” – ვლადიმერ ბოჟაძე

საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რაც შემდგომ განვითარებას, ეკონომიკის ზრდას, უმუშევრობის შემცირებას, ხელფასებისა და შემოსავლების ზრდას განაპირობებს,- ამის შესახებ საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის შედეგია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რამაც ბოლო ორ წელში საქართველოში სიღარიბისა და შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებლების კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განაპირობა. 2022 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით 2021 წელთან შედარებით 77 700 ადამიანმა შეძლო და თავი დაეღწია სიღარიბეს, 2022 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 574 000 რჩება, თუმცა ბოლო 10 წელში ეს მაჩვენებელი განახევრებულია, 2012 წელს 1 100 000 მოქალაქე იყო სიღარიბის ზღვარს ქვევით.

ასევე ისტორიულ მაქსიმუმზეა უმუშევრობა და 2022 წელს 17.3% შეადგინა, მათ შორის დასაქმდა 32 000 სოციალურად დაუცველი, რომლებსაც შეუნარჩუნდათ სოციალური დახმარება. სიღარიბის შემცირებასთან ერთად ასევე შემცირდა მოსახლეობაში შემოსავლების უთანასწორობაც. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით შემცირდა 0.37-დან 0.36-მდე, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით უცვლელია და შეადგენს 0.34-ს. საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა არის შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რაც განაპირობებს შემდგომ განვითარებას, ეკონომიკის ზრდას, უმუშევრობის შემცირებას, ხელფასების და შემოსავლები, ზრდას, რაც უზრუნველყოფს სიღარიბის ეტაპობრივ შემცირებას“,– წერს ბოჟაძე.

“საქართველოში სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა დასული” – ლევან დავითაშვილი

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ასევე დასაქმებაზე აისახა, დასაქმება კი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ეკონომიკური ზრდით უნდა გაუმჯობესებულიყო. დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა მონაცემები სიღარიბის შესახებ, რომელთა თანახმადაც მისი დონე ისტორიულ მინიმუმამდეა დასული, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ლევან დავითაშვილმა საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ, გასული წლის სიღარიბის და შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომელთა თანახმადაც, 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ასევე მთავრობის მიზნობრივი სოციალური პოლიტიკა აისახა როგორც დასაქმების ზრდაზე, ასევე სიღარიბის შემცირებაზე. მისი თქმით, შედეგად, 2022 წელსაც სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და მან ისტორიულ მინიმუმს – 15.6%-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

როგორც ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში სიღარიბე აღმოფხვრილია – ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო 2022 წლის განმავლობაში. ეს კი, ლევან დავითაშვილის განმარტებით, მათ შორის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი პირდაპირი შედეგია.

„უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელთან შედარებით სიღარიბეს თავი დააღწია ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა – მაშინ საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 1.1 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. 2022 წელს სიღარიბეს თავი დააღწია დაახლოებით 63.3 ათასმა ადამიანმა. ჩვენ, ეს ტემპი, ეს ტენდენცია უნდა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოქალაქეების მდგომარეობა უკეთესი იყოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ ვსაუბრობდეთ სიღარიბეზე, ქვეყანაში სიღარიბე დავამარცხოთ, ეს ხელისუფლების და ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, სიღარიბის შემცირებასთან ერთად ასევე შემცირდა შემოსავლების უთანასწორობაც და ამ მიმართულებითაც ე.წ. ჯინის კოეფიციენტმა როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების მიხედვით ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მისი თქმით, ბევრი ძალიან წარმატებული, მაღალშემოსავლიანი ქვეყანაც ვერ უმკლავდება ხოლმე უთანასწორობის საკითხებს, ეს არის გამოწვევა ბევრი საზოგადოებისთვის.

„ამ მიმართულებითაც ე.წ. ჯინის კოეფიციენტი, რომელიც შემოსავლების განაწილებას ითვალისწინებს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0.36 გახდა. როგორც იცით, აბსოლუტური მინიმუმია, როდესაც კოეფიციენტი ნულისკენ მიისწრაფვის და რაც უფრო ნაკლებია ჯინის კოეფიციენტი, საზოგადოებაში შემოსავალი მით უფრო თანაბრადაა გადანაწილებული, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია სწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი.

“პოლიტპატიმრების საკითხი 2012 წელს დავამთავრეთ”- კახა კალაძე

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ საკუთარ ქვეყანაზე, განვითარებაზე, ტრადიციებზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, Alde-მ მხარი დაუჭირა მათ მიერ შეტანილ რეზოლუციას, რომლითაც მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლონ ნიკა გვარამია, ლაზარე გრიგორიადისი და მიხეილ სააკაშვილი.

როგორ კალაძემ აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი ხალხის ინტერესებს იცავს და მომავალშიც ასე გააგრძელებს.

„ჩვენ, ხელისუფლება ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს, იმას, რაც ჩვენს სამშობლოს, ქვეყნის მომავალს სჭირდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ საკუთარ ქვეყანაზე, ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე; უარი ვთქვათ იმ ტრადიციებზე, ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომლებიც გვაქვს და დღემდე მოვედით. შესაბამისად, ამ ყველაფერთან ერთად წარმოგვიდგენია ევროპული მომავალი, ქვეყნის განვითარება. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს საკუთარი ხალხის ინტერესებს. ეს ასეა და ასე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კითხვის საპასუხოდ კალაძემ აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„ჩვენ პოლიტიკური პატიმრების საკითხი 2012 წელს დავამთავრეთ. ყველამ ვიცით, რა ხდებოდა ამ მიმართულებით, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მიმართ. საბედნიეროდ, დღეს პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ჟურნალისტი რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში, თითქმის ყველა ბრიფინგზე სვამს პროვოკაციულ შეკითხვებს საქართველოზე, ლяკა ხოშტარიას „დროას” პოსტერებს აზიარებს”-შაქარიშვილი

ეს გახლავთ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ, რომელიც უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ თითქმის ყველა ბრიფინგზე სვამს პროვოკაციულ შეკითხვებს საქართველოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შაქარიშვილის თქმით, ოპოზიციური მედია ცდილობს, რაუფოღლუ დამოუკიდებელ ჟურნალისტად წარმოაჩინონ, თუმცა ის აქტიურად არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში და სოციალურ ქსელში, ელენე ხოშტარიას პარტია „დროას“ პოსტერებსაც აზიარებს.

„ეს გახლავთ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ, რომელიც უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ თითქმის ყველა ბრიფინგზე სვამს პროვოკაციულ შეკითხვებს საქართველოსთან დაკავშირებით. შემდგომ ნაც-ლიბერალური მედიები აქტიურად ატრიალებენ, თითქოს სახ-დეპი სხვა არაფერზე ლაპარაკობს, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხის გარდა…

მთავარი არხის წარმომადგენელი, დემნა დევდარიანი რომ “დაეწვათ,” გამოცვალეს კადრი და ვითომ “დამოუკიდებელი” ჟურნალისტი შემოაგორეს, რომელიც ჰოი საოცრებავ ლяკა ხოშტარიას „დროას” პოსტერებს აზიარებს და აქტიურად არის ჩართული საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ცხადია ნაც-ლიბერალური კოჰორტის მხარეს!“ – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

https://www.facebook.com/vatoshakarishvili/posts/pfbid02FoDre8t3J54UnwwfWHYHtJPY178AonZGJehwghyaoxpphkswvzEcfVxqK2QRwzGml

“ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს” – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის“ კახა კალაძის განაცხადებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით პოლემიკაში შესვლა არ სურს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდება.

„მის განცხადებებთან დაკავშირებით პოლემიკაში არ შევდივარ. ვითვალისწინებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამ ინტერესებიდან გამომდინარე, არ მინდა პოლემიკაში შესვლა. რა თქმა უნდა, ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს. ნებისმიერი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია საკუთარი ქვეყნის ინტერესს უნდა ატარებდეს, ამ ქვეყნის განვითარებისთვის დგამდეს შესაბამის ნაბიჯებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს ყველას ჰქონდეს გააზრებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კითხვის საპასუხოდ კახა კალაძემ აღნიშნა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ინტეგრაციას არც მიხეილ სააკაშვილთან და არც ნიკა გვარამიასთან.

დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ უნდა დაიცვან პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც, როცა მის პრესტიჟს თავად პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს.

“პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობენ, ვერ ვხდები”-  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

“პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობენ, ვერ ვხდები, რადგან საქმით სხვას აკეთებენ”- ასე გამოეხმაურა   პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებას.

“პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობენ, ვერ ვხდები, რადგან საქმით სხვას აკეთებენ. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის კრიტიკას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. პრეზიდენტის კრიტიკა თუ უსამართლოა, მაშინ მათ გარკვეული არგუმენტები უნდა გააჩნდეთ. პრეზიდენტის კრიტიკა თუ სამართლიანია, ჩვეულებრივად უნდა მიიღონ და ისე არ უნდა მოიქცნენ, ისე არ უნდა უპასუხონ, როგორც 26 მაისს.

მათ განცხადებაში ბოლო წინადადება იყო, რომ შუამავლობა შეუძლიათ, გაუწიონ პრეზიდენტს საზოგადოების ნაწილთან. პრეზიდენტი საზოგადოებას ნაწილებად არ ჰყოფს, ყველას პრეზიდენტია. დიდი მადლობა, როგორმე, ჩვენ თვითონ საზოგადოებასთან ურთიერთობას გავაგრძელებთ. ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა და ახლა მათზე გაბრაზებული არიან. რა გავაკეთოთ? „ქართული ოცნება“ ამ განცხადებით ცდილობს, 26 მაისის ფაქტი რამენაირად გადაფაროს. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო და მისი ხასიათი ვერ გაიგო. მასზე პრევენცია და ზემოქმედება არ მოქმედებს. არ ვიცი, სიჯიუტეს პრინციპულობას ეძახით? პრეზიდენტი პრინციპული ნამდვილად არის“, – განაცხადა მსხილაძემ.

“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას.

“წისქვილკომბინატები იღებენ ვალდებულებას, რომ შეისყიდონ ქართული ხორბალი” – ოთარ შამუგია

დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის მიერ ხორბლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მალე დაიწყება ხორბლის მოსავლის აღების პროცესი და მნიშვნელოვანია ფერმერების დახმარება, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება და რეალიზაცია.

„ქვეყანაში სასურსათო პროდუქტებზე, მათ შორის ხორბალზე, თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა. შარშან გავაცხადეთ, რომ შესაძლებელია ქვეყანაში ხორბლის წარმოების თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 50 %-მდე გაიზარდოს. მინდა გითხრათ, რომ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენ 60%-იანი ზრდა გვაქვს წარმოების ნაწილში და, ვფიქრობთ, რომ წელს ზრდის დინამიკა შენარჩუნებული იქნება. შარშანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 30 %-ზე მეტი იყო თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი; გახსოვთ, რომ, 2 წლის წინ, ეს იყო, დაახლოებით, 15%-ის ფარგლებში. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ამ პროცესს კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი“, – აღნიშნა შამუგიამ.

მინისტრის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში მცირდება ფასები ფქვილზე, რამაც წისქვილკომბინატების დიდი ნაწილის ფაქტობრივი გაჩერება გამოიწვია, ვინაიდან ისინი არაკონკურენტულ გარემოში აღმოჩნდნენ.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით პროცესს და ფქვილის იმპორტი იყო მზარდი, ხორბალთან მიმართებაში; თუმცა, ხორბლის იმპორტი ხორციელდებოდა – დაახლოებით 25-30 000 ტონის ფარგლებში და წისქვილკომბინატები არასრული დატვირთვით, მაგრამ მაინც მუშაობდნენ. ასევე შეუფერხებლად ხორციელდებოდა ჩვენი ადგილობრივი მოსავლის დაბინავებაც. თუმცა, ბოლო სამ თვეში, ფქვილის იმპორტმა 2-ჯერ გადააჭარბა ხორბლის იმპორტს. დაახლოებით, 20 000 ტონაა შემოსული ხორბალი და 40 000 ტონა ფქვილი, რისი მიზეზიც უკვე ვახსენე. ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ჩვენ ინტენსიური შეხვედრები გვქონდა როგორც წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან, ასევე, პურის მრეწველთა კავშირთან და მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციასთან, ფქვილის იმპორტიორებთან.

ამ შეხვედრების მიზანი იყო, რომ ყველა მხარესთან შეგვეჯერებინა ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც უპირობოდ შევინარჩუნებდით პურის ფასს და, არსებულ ვითარებაში, ფერმერებიც შეუფერხებლად შეძლებდნენ მოსავლის რეალიზაციას. გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესდეს დამატებითი საფასური, რაც კონკურენტულ გარემოში ჩააყენებს წისქვილკომბინატებს. წისქვილკომბინატები იღებენ ვალდებულებას, რომ შეისყიდონ ქართული ხორბალი, იმუშაონ სრული დატვირთვით და პურის მწარმოებლებს ისეთი პირობებით მიაწოდონ პირველი ხარისხის ფქვილი, რომ ამან არ გამოიწვიოს პურის გაძვირება. დადგენილების პროექტი დაახლოებით ორ კვირაში შევა ძალაში, იქნება დროებითი ღონისძიება და იმოქმედებს 5 თვის განმავლობაში; თუმცა, ამ პერიოდში, ჩვენ მუდმივად დავაკვირდებით ბაზარზე არსებულ ვითარებას და, შესაბამისად, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც სიტუაციაზე იქნება მორგებული“, – განაცხადა შამუგიამ.

“სიღარიბის შემცირებასთან ერთად შემცირდა შემოსავლების უთანასწორობაც” – გიორგი ცუცქირიძე

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: გიორგი ცუცქირიძე

დღეს საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სიღარიბის და შემოსავლების უთანასწორობის გაუმჯობესებული მაჩვენებლები, სრულიად თავსებადია უმუშევრობის შემცირების ტენდენციასთან, რაც დიდწილად სტაბილური გარემოს და განსაკუთრებით 2021-2022 წლებში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული..

ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი, რომ მცირდება მსოფლიო ბანკის ახალი კვლევითაც დადასტურდა, საქართველოში უმუშევრების რაოდენობა ბოლო 10 წელიწადში თითქმის განახევრებულია და 21 საუკუნის ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 11,3% შეადგინა, რაც არა თუ ბოლო ათწლეულის არამედ, ბოლო 20 წლის მინიმუმია, სადაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფიქსირდება და აღნიშნული მონაცემებიდან ნათლად ვხედავთ, რომ 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ასევე ჩვენი მიზნობრივი სოციალური პოლიტიკა აისახა როგორც დასაქმების ზრდაზე, ასევე სიღარიბის შემცირებაზე.

შედეგად, 2022 წელსაც სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და სიღარიბის დონემ ისტორიულ მინიმუმს – 15.6%-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, რაც ნიშნავს იმას, რომ წინა წელთან შედარებით დაახლოებით 77,7 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს.

ამასთან, ბოლო ათი წლის განმავლობაში სიღარიბის დონე თითქმის განახევრდა და 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა (549 ათასი ადამიანი) დააღწია თავი სიღარიბეს . შედარებისათვის თუ 2012 წელს 1.1 მილიონზე მეტი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, 2022 წელს 574 ათასი ადამიანია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.

ამ ციფრებიდანაც კარგად ჩანს ამ წლებში მიღწეული პროგრესი თუმცა მიუხედავად დაფიქსირებული პროგრესისა, სიღარიბე კვლავ რჩება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად.

აღნიშნული პროგრესი კი განპირობებულია იმ თანმიმდევრული ინკლუზიური ეკონომიკური პოლიტიკით რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს და რის შედეგადაც ქვეყანაში ბოლო ორი წელია გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფოს მხრიდან იზრდება სოციალური პოლიტიკის მიზნობრიობა და ძლიერდება სოციალური დაცვის მექანიზმები.

ამ მხრივ აღსანიშნავია, როგორც მიზნობრივი სოციალური დახმარებების, ბავშვთა შემწეობების და პენსიების ზრდა, ასევე დასაქმების შესაძლებლობები, რომელიც სოციალურად დაუცველებს საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის საშუალებით განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში კი სულ დასაქმდა 32 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი.

ნიშანდობლივია, რომ სიღარიბის შემცირებასთან ერთად შემცირდა შემოსავლების უთანასწორობაც და ამ მიმართულებითაც ჯინის კოეფიციენტმა როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების მიხედვით ისტორიულ მინიმუმს მიაღწია: ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით – 0.36, ჯინის კოეფიციენტი მთლიანი ხარჯების მიხედვით 0.39 და ჯინის კოეფიციენტი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით – 0.34.

ჯინის ინდექსი (ინგლისურად Gini Index) არის მოსახლეობაში შემოსავლების გადანაწილების დონის მაჩვენებელი მაღალ და დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს შორის და რაც უფრო ახლოა 0 თან მით უფრო დაბალია უთანასწორობა და პირიქით.

მთლიანობაში 2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა 17,3 %-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

ეს მონაცემები კიდევ ერთხელ აქარწყლებს ცალკეულ ექსპერტთა თუ ხელისუფლების ოპონენტთა კრიტიკას უმუშევრობის შემცირების და დასაქმების უტყუარობაზე!