Home Blog Page 2051

ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას გიგანტური გრაფიტი გამოჩნდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური, გიგანტური გრაფიტი გამოჩნდა.

მათი ინფორმაციით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის კედელზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ბათუმის სტადიონის ფონზეა გამოსახული.

„ქუჩის მხატვრობა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, „უეფას“ 21 წლამდე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით მომზადდა, რაც სპორტული ტურიზმის, ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ცნობილი ქართველი ფეხბურთელის მურალი 430 კვადრატული მეტრისაა და მასზე მხატვარი გიორგი გამეზარდაშვილი მეტსახელად „გამეზა“ „სთრით არტ ფესტის“ გუნდთან ერთად 10 დღის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა. აღნიშნულ მურალს დეპარტამენტი ბათუმის, როგორც სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის პოზიცინიორებისა და სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით სამიზნე ქვეყნებში აქტიურად გამოიყენებს. კედლის მხატვრობა ბათუმში შოთა რუსთაველის გამზირზე, ბულვართან ახლოს მდებარეობს, რაც მის ხილვადობასა და პოპულარობას გაზრდის“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველამ იცის მიზეზი, რის გამოც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო.

„მგონი, ყველამ იცის მიზეზი. მგონი, კარგად იცით, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატო-ს გაფართოება, ასევე ბევრი სხვა მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

ღარიბაშვილს ასევე ჰკითხეს, მიაჩნია თუ არა, რომ ნატო-ს გაფართოება იყო ომის დაწყების პროვოცირება. პრემიერის თქმით, საკითხზე სპეკულირება არ სურს.

„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი. ამიტომ, ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი შეცვალა, რომლის დროსაც ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთის, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით ამ საკითხის ირგვლივ ყველა ბრალდება და მისტიკა მოიხსნება.

„მე არ მინდა საქართველოს პოლიტიკაზე აქ ვისაუბრო, მაგრამ რეალური ოლიგარქი არის თავდაცვის ყოფილი მინისტრი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბრატისლავაში გლობსეკის უსაფრთხოების კონფერენციაზე წამყვანი დაინტერესდა, რატომ ფიქრობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ოლიგარქია, რადგან მას გაუჩნდა ასოციაცია, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე საუბრობდა.

„ასე მოიხსენიებენ [კეზერაშვილს] და არ არის სწორი? როგორც კი მივიღებთ ამ კანონს [დეოლიგარქიზაციის შესახებ] ყველაფერი იქნება გარკვეული და მისტიკას მოვხსნით ამ საკითხს და ბრალდებებს. უსაფუძვლოა, არგუმენტების გარეშეა ეს ბრალდებები. რადგან იკითხეთ დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის საკითხი, ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს განხორციელებული. ადამიანი, რომელმაც ეს ცვლილება მოახდინა ქვეყანაში 2012 წელს, რომელმაც შეცვალა ბრუტალური, დიქტატორული რეჟიმი სააკაშვილის. სააკაშვილის პერიოდში არ არსებობდა დემოკრატიის ნიშანი, ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ციხეებში კლავდნენ, ქუჩებში კლავდნენ. 300 ათასზე მეტი ადამიანი იყო გასამართლებული. არ იყო არც თავისუფალი მედია, არც რეალური სამართალი, არც კანონის უზენაესობა. ჩვენ დრამატული ცვლილებები მოვახდინეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში და ეს ცვლილება იყო დრამატული. დღე და ღამე რომ განსხვავდება, ისეთი განსხვავებაა [ახლანდელ სიტუაციას და ყოფილი ხელისუფლების დროინდელს შორის]“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა იქნება, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ევროპულ ინტერესში შედის”

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის მიზანშეწონილობა კი მას შემდეგ დადგება დღის წესრიგში, რაც საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.

„საქართველო ჯერჯერობით არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ და გვაქვს ევროინტეგრაციის სურვილი. როდესაც ჩვენ გვექნება სტატუსი, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რასაკვირველია, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ინტერესში შედის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში”- პრემიერი

ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პანელის ერთ-ერთმა მონაწილემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კითხვით მიმართა, რომელიც საქართველოში პოლარიზაციის დასრულებას შეეხებოდა.

კერძოდ, ფრანგმა ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა: „თქვენ ბრძანეთ პოლარიზაციის დასრულების საკითხი, როგორც იმ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი. თუ შეიძლება, გვითხარით მეტი ამის თაობაზე“.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოში პოლარიზაციას დაასრულებს კანდიდატის სტატუსის მიღება.

„თუ გვინდა, თავიდან ავიცილოთ შემდეგ GLOBSEC-ის სამიტზე მსგავსი კითხვები და მსგავსი პოლარიზაცია, მოგვანიჭეთ მაშინ სტატუსი. სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ვხედავთ ბრუტალურ ომს უკრაინაში და ვერ ვხედავთ რაიმე ძალისხმევას ან ნებას რომელიმე მხრიდან, რომ ეს ომი გაჩერდეს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მსოფლიო 2008 წლის ომის დროს ვერ ფიქრობდა, რამდენად სერიოზული იყო ეს ომი.

ღარიბაშვილს ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, უნდა დაესანქცირებინათ თუ არა ქვეყნებს რუსეთი 2008 წელს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მაშინ მსოფლიომ ეს საკითხი სერიოზულად ვერ მიიღო.

„მიმაჩნია, რომ მსოფლიო იმ დროს ვერ ფიქრობდა, რამდენად სერიოზული იყო ის ომი ჩვენთან, მაგრამ ექვსი წლის შემდეგ რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია. არავინ ფიქრობდა, რომ ამას გააკეთებდა, მაგრამ ეს ასე მოხდა. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში სამი ომი გვქონდა. 90-იანი წლების დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები დავკარგეთ, შემდეგ იყო სამოქალაქო ომი და შემდეგ 2008 წელს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მსოფლიომ სერიოზულად ვერ მიიღო ეს საკითხი. ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა. მაგალითად, დღეს გვეკითხებიან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომელიც რუსეთთან 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს, მანამდეც გვქონდა. წინა მთავრობა ომის შემდეგ ცდილობდა, აღედგინა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. უვიზო რეჟიმი მიანიჭეს ომის შემდეგ, მიჰყიდეს სტრატეგიული ობიექტები, ომის შემდეგ ენერგოობიექტები მიჰყიდეს რუსეთის სახელმწიფოს საწარმოებს. მიუხედავად ამისა, შედარების მიზნით, მინდა, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა 2.3 მილიარდი ევრო გადაუხადა რუსეთს 2008 წლიდან 2022 წლის პერიოდში. ეს არის რეალობა, მაგრამ ახლა ჩვენ განსხვავებული რეალობა გვაქვს. ახლა ვხედავთ ბრუტალურ ომს უკრაინაში და ვერ ვხედავთ რაიმე ძალისხმევას ან რაიმე ნებას რომელიმე მხრიდან, რომ ეს ომი გაჩერდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი გაიხსნა

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით 2023 წლის 30-31 მაისს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიხსნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი, სახელწოდებით „მდგრადი განვითარება – მწვანე, ჭკვიანი, ბიზნეს-მეგობრული“.

ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკური განვითარების ახალ გამოწვევებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა.

„ეკონომიკური განვითარების ცვალებადი პარადიგმებისა და სწრაფად მზარდი გამოწვევების ეპოქაში, განვითარების თანამედროვე ტენდენციებისა და ცხოვრების ადეკვატური სტანდარტების უზრუნველყოფა, ჩვენგან მოითხოვს  რაციონალურ, გონივრულ და ეფექტიან გადაწყვეტილებებს.

ეკონომიკის გააქტიურება და სიცოცხლისუნარიანი, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური სისტემის გაზრდა, ურბანული პროექტების განხორციელება,  ბიზნეს – მეგობრული გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა და ინოვაციების დანერგვა ჩვენი დღის წესრიგის უმთავრესი პრიორიტეტია და არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით.

დამეთანხმებით, რომ მარტო ხელისუფლება ამ ურთულესს გზაზე უძლურია და მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით და ურთიერთმხარდაჭერით.

შემიძლია ამაყად ვთქვათ, რომ დღეს, ჩვენს დედაქალაქში, ურბანული განვითარების პროექტების განხორციელების ტემპი აღნიშვნის ღირსია.

ჩვენ, სკრუპულოზურად ვუდგებით ქალაქის თითოეული უბნის კეთილმოწყობას და სწრაფი ტემპით მივიწევთ წინ. ვაცოცხლებთ ძველს და ვქმნით ახალს. სიღრმისეულად ვიაზრებთ ყველა არსებული გამოწვევის არსს, რომელიც საჭიროებს მრავალმხრივი მიდგომების ჩამოყალიბებას და სწორი აქცენტების დასმას. ეს კი დაუღალავი შრომით და ჩვენი საზოგადოების ყველა ჯგუფის სრული ჩართულობით მიიღწევა. ჩვენს მთავარ ორიენტირს ჩვენი მოქალაქეები წარმოადგენენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე წლის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი ბევრად მასშტაბური და დატვირთულია.

„დღევანდელ ღონისძიებაზე  წარმოდგენილი მრავალფეროვანი თემატიკა ასახავს ურბანული ცხოვრების თანამედროვე, გლობალურ ტენდენციებსა და საჭიროებებს. დღეს აქ შევიკრიბეთ არა მარტო წარმატებებზე და მიღწევებზე სასაუბროდ, არამედ, იმ სირთულეების დაძლევაზე ერთად დასაფიქრებლად, რომელიც ასე აქტიურად იჭრება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში; ვიმსჯელოთ თანამედროვე მიდგომებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ხედვები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სიტყვის დასასრულს დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების სტუმრებს და პარტნიორებს.

„მსურს მადლობა გადავუხადო  ღონისძიების პარტნიორებს, ადგილობრივ და უცხოელ სპიკერებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც წლებია გვერდში გვიდგანან და ჩვენთან ერთად მუშაობენ როგორც ქალაქების, ასევე რეგიონის განვითარებაზე, ასევე ჩვენ უცხოელ და ადგილობრივ სტუმრებს. მადლობას ვუხდი  ჩემს კოლეგებს, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს, რომლებიც არაერთხელ გამხდარან მისაბაძი მაგალითი მათ მიერ დანერგილი ინოვაციების, ადგილობრივი დაგეგმარებისა და განვითარების მიმართულებით. დამეთანხმებით, რომ მუნიციპალიტეტების როლი რეგიონულ განვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია და ხშირ შემთხვევაში შეიძლება გადამწყვეტიც კი იყოს. აქ მყოფ სტუდენტებს  და საშუალო სკოლის მოსწავლეებს კი დიდ წარმატებებს ვუსურვებ. მოხარული ვარ, რომ გამოხატავენ დასწრების ინტერესს და სიახლეების გაცნობის სურვილს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ფორუმს ესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ასევე დიპლომატები, უცხოელი სტუმრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

ფორუმის თემატიკა მოიცავს ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და საჭიროებებს, რომელიც მოითხოვს ქალაქების სრულ ჩართულობას და პროაქტიულ ქმედებებს.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP საქართველო, M4EG), ევროკავშირი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), დანიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო. ასევე კომპანიები: „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ქალაქური“, „სარაჯიშვილი“.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის აპრილი-მაისის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 5 პირი დააკავა, რომელთა შორის 1 ლიეტუვას მოქალაქეა, ხოლო 2 პირს -ბრალდება წარედგინა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალბატონებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ რა დროსაც მათი პირადი კომპიუტერების, მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, ხმოვან შეტყობინებებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ. აღსანიშნავია, რომ ურთიერთობაში ყოფნის პერიოდში დაზარალებულები ზემო აღნიშნულ ინფორმაციას, მათ ნებაყოფლობით უგზავნიდნენ. ურთიერთობის დასრულების შემდეგ, შურისძიების მოტივით და შანტაჟის მიზნით ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს დაზარალებულების მშობლებს, ახლო ნათესავებს და ნაცნობებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებით დაირღვა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული ზ.ც., 2014 წლიდან 2022 წლის ზაფხულამდე პერიოდში, დაზარალებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და ასევე, დაზარალებულის ინფექციური დაავადების შესახებ ინფორმაციას ფლობდა. აღნიშული კი პირადი ცხოვრების საიდუმლოს წარმოადგენდა. ზ.ც.-მ 2022 წლის ზაფხულში, დაზარალებულის საერთო ნაცნობთან და 2023 წლის მარტის თვეში, სოციალური ქსელის პირად გვერდზე, დაზარალებულისგან თანხმობის გარეშე, მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია უკანონოდ გაავრცელა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო, რის შემდეგაც მოხდა ბრალდებულების დაკავება და მათთვის ბრალდების წარდგენა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 159 მუხლებით (პირადი მიმოწერის საიდუმლოს დარღვევა) გრძელდება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

“რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის სიამაყეს, ოპერატიულ ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექს „ისკანდერ“-ს გუშინ შეურაცხყოფა მიაყენეს”

რუსეთის, რუსეთის შეიარაღებული ძალების, რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის სიამაყეს, ოპერატიულ ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექს „ისკანდერ“-ს ( ინდექსი 9K720 ) გუშინ შეურაცხყოფა მიაყენეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე წერს.

მისი თქმით, გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი მიადგა რუსი იმპერიალისტების საყვარელ სათამაშოს, კიევის თავზე 11-ვე ბალისტიკური რაკეტა ჩამოგდებული იქნა.

“მითი დასრულდა. დეკლარირებული იყო, რომ ისკანდერის კვაზიბალისტიკური სტილის რაკეტა, უტევს 50 კილომეტრის სიმაღლიდან, ახორციელებს ზემანევრებს 20-30G გადატვირთვის ფარგლებში, უშვებს ცრუ სამიზნეებს, რებ ( რადიოელექტრონულიბრძოლის) სისტემების საშუალებით ახშობს მოწინააღმდეგის აღმოჩენის, მიზანში ამოღების და მიყოლის საშუალებებს და 500 კმ-ზე აღწევს სამიზნემდე. ვერც დღეს და ვერც მომავალში საჰაერო თავდაცვას ვერ უნდა ჩამოეგდო ეს რაკეტა. გუშინ 11 ჩამოაგდეს. 11-დან 11-ს ჩამოაგდეს.

უანალოგო „კინჯალის“ ფიასკოს შემდეგ მისი შემქმნელების ჯგუფი დაკავებულია სამხედრო-მეცნიერული აფერისტობისა და უანალოგო მონაცემების გაყალბება-მითვისების გამო. ისკანდერის ფიასკოს, შეიძლება ქალაქ კოლომნის ( სამეცნიერო-საკონსტრუქტორო ბიურო აქ არის განთავსებული) ბალისტიკური გასროლა მოჰყვეს მოსკოვის ოლქიდან მაგადანისკენ.

უუანალოგოთა სიაში, შეუბღალავი, მგონი მხოლოდ ტანკი არმატა დარჩა და ისიც იმიტომ, რომ ჯერ ვერ ჩააღწია ფრონტის ხაზამდე (უნიკალური ტანკია, მაგრამ დატანჯა ძრავმა),”- წერს გიორგი თავდგირიძე.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid0fheSFTnCDiyTNHmom8ULjBvCrhZQ6hjfSWa2VzBkozQgT5wN3s7ZBScm4ySzk66Kl&id=100000480514170

დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო მთავრობის ოპოზიცია ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში აქცია 14:00 საათზე გაიმართება და მასში მონაწილეობას ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ პირობები არ შეასრულა და სწორედ ამიტომ უნდა გადადგეს.

ამასთან, ოპოზიციური პარტიები ოკუპირებული აფხაზეთის „ძალოვანი სტრუქტურის“ წარმომადგენლებს განცხადებით მიმართავენ.

„შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობა კატეგორიულად კრძალავს ძალოვანი სტრუქტურების, მათ შორის „თავდაცვის სამინისტროს“ მონაწილეობას სახელმწიფოს პოლიტიკურ პროცესებში.

მივმართავთ მოქმედი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, ნუ გამოიყენებთ ძალას, ერთი სისხლი და ხორცი გვაქვს, ერთი ერი ვართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 მაისს პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დროს, 08:30 საათიდან 21:00 საათამდე წულუკიძის მოედნიდან ჩამომსვლელ – მ. ლაღიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მოძრაობა შეიზღუდება კახეთის გზატკეცილიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებითაც. აღნიშნული შეზღუდვები გაუქმდება 30 მაისს 21:00 საათზე.

„31 მაისს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კახეთის გზატკეცილზე 09:00 საათიდან 12:30 საათამდე ავტომობილების მოძრაობა კვლავ შეიზღუდება.

კერძოდ, წულუკიძის მოედნიდან ჩამომსვლელ – მ. ლაღიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ავტომანქანები იმოძრავებენ 17 შინდისელი გმირის ქუჩის გავლით, ჯავახეთის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩაზე ამომავალი პანდუსი დაიკეტება და ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ჯავახეთის ქუჩაზე, მოსკოვის გამზირის მიმართულებით.

ქალაქის ცენტრის მიმართულებით მიმავალ ავტომობილების ნაკადს გადაადგილება შეეძლება კახეთის გზატკეცილიდან ჯავახეთის ქუჩისკენ ჩამსვლელი პანდუსით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ 30 და 31 მაისს, მოქალაქეები საპოლიციო სერვისების მიღებას შეძლებენ მ. ლაღიძის ქუჩაზე განთავსებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ექსპრეს ფილიალის საშუალებით 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე.

ასევე, დისტანციურად მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატელეფონო მომსახურების ცენტრის საშუალებით“, – ნათქვამია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

კიევზე მასიური თავდასხმა განხორციელდა – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ -უკრაინის ომის 461-ე დღე

რუსული ძალები უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ თავს. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა.

„მტერმა ბალისტიკური ტრაექტორიის რაკეტები გამოიყენა – წინასწარი ინფორმაციით „ისკანდერები“. შესაძლოა, რომ S-300 და S-400 რაკეტებიც იყო გამოყენებული“, – განაცხადა იგნატმა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის პოდილსკის რაიონში რაკეტების ნამსხვრევების შედეგად ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ის ლოკალიზებულია.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში რაკეტების 6 ნამსხვრევი ჩამოვარდა.

უკრაინის რამდენიმე ოლქში, ჩერნიგოვის, კიევის, ჟიტომირის, ჩერკასისა და კიროვოგრადის ოლქებში, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია უპილოტო საფრენი აპარატების გადაადგილების შესახებ იუწყება. მათი ცნობით, ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქ კიევის რამდენიმე რაიონში აფეთქებების ხმები ისმოდა. გოლოშეევსკის რაიონში, სადაც მაღალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, შენობიდან 20 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებული მოხუცი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, კიდევ ორ დაშავებულს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დედაქალაქზე მასიური თავდასხმა განხორციელდა. საჰაერო შეტევა თითქმის სამ საათს გაგრძელდა. წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დედაქალაქის საჰაერო სივრცეში 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

რუსულმა ძალებმა კიევს ირანული Shahed-136/131 ტიპის დრონებით დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 31 დრონიდან 29 გაანადგურეს.

შეგახსენებთ, 30 მაისის ღამეს უკრაინის ზოგიერთ ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქების პირველი ხმები დედაქალაქ კიევში ადგილობრივი დროით ღამის 3:00 საათზე გაისმა. თავდასხმის შედეგად, გოლოსეევსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.