“ვხედავთ ბრუტალურ ომს უკრაინაში და ვერ ვხედავთ რაიმე ძალისხმევას ან ნებას რომელიმე მხრიდან, რომ ეს ომი გაჩერდეს”

71
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მსოფლიო 2008 წლის ომის დროს ვერ ფიქრობდა, რამდენად სერიოზული იყო ეს ომი.

ღარიბაშვილს ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, უნდა დაესანქცირებინათ თუ არა ქვეყნებს რუსეთი 2008 წელს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მაშინ მსოფლიომ ეს საკითხი სერიოზულად ვერ მიიღო.

„მიმაჩნია, რომ მსოფლიო იმ დროს ვერ ფიქრობდა, რამდენად სერიოზული იყო ის ომი ჩვენთან, მაგრამ ექვსი წლის შემდეგ რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია. არავინ ფიქრობდა, რომ ამას გააკეთებდა, მაგრამ ეს ასე მოხდა. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში სამი ომი გვქონდა. 90-იანი წლების დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები დავკარგეთ, შემდეგ იყო სამოქალაქო ომი და შემდეგ 2008 წელს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მსოფლიომ სერიოზულად ვერ მიიღო ეს საკითხი. ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა. მაგალითად, დღეს გვეკითხებიან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომელიც რუსეთთან 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს, მანამდეც გვქონდა. წინა მთავრობა ომის შემდეგ ცდილობდა, აღედგინა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. უვიზო რეჟიმი მიანიჭეს ომის შემდეგ, მიჰყიდეს სტრატეგიული ობიექტები, ომის შემდეგ ენერგოობიექტები მიჰყიდეს რუსეთის სახელმწიფოს საწარმოებს. მიუხედავად ამისა, შედარების მიზნით, მინდა, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა 2.3 მილიარდი ევრო გადაუხადა რუსეთს 2008 წლიდან 2022 წლის პერიოდში. ეს არის რეალობა, მაგრამ ახლა ჩვენ განსხვავებული რეალობა გვაქვს. ახლა ვხედავთ ბრუტალურ ომს უკრაინაში და ვერ ვხედავთ რაიმე ძალისხმევას ან რაიმე ნებას რომელიმე მხრიდან, რომ ეს ომი გაჩერდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.