Home Blog Page 2050

,,ეს არის ტერორისტული თავდასხმა”- პუტინი (ფოტოები)

ჩვენ არ დაგვიწყია ომი 2014 წელს, კიევის რეჟიმმა დაიწყო ომი დონბასში. ჩვენ არ ვიყენებთ იმ საშუალებებს, რომელსაც უკრაინელები იყენებენ. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა მოსკოვში მშვიდობიან ობიექტებზე თავდასხმა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, რუსული არმია ზუსტ დარტყმებს ახორციელებს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის „უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტაბზე, რომელსაც ორი დღის წინ დაარტყა“. „მოგეხსენებათ, კიევის რეჟიმმა სხვა გზა აირჩია, რუსეთის, მოქალაქეების დაშინებისა და საცხოვრებელ კორპუსებზე დარტყმის მცდელობის გზა. ეს, რა თქმა უნდა, ტერორისტული თავდასხმის ნიშანია“, – აღნიშნა პუტინმა. დღეს მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვს რვა უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს, რომლიდანაც ხუთის ჩამოგდება შეძლეს. უკრაინაში თავდასხმაში კიევის მონაწილეობას უარყოფენ.

 

თეთრი სახლი რუსეთში თავდასხმებს მხარს არ არ უჭერს – როიტერი

თეთრი სახლი რუსეთში თავდასხმებს მხარს არ არ უჭერს – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ აშშ აგროვებს ინფორმაციას მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შესახებ.

როგორც მედია წერს, ვაშინგტონში ხაზგასმით განაცხადეს, რომ აშშ არ უჭერს მხარს რუსეთში თავდასხმებს და ორიენტირებულია უკრაინის დახმარებაზე თავისი ტერიტორიის დაბრუნებაში.

„ჩვენ ვნახეთ ახალი ამბები და ჯერ კიდევ ვაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მოხდა. ზოგადად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთში თავდასხმებს“, – აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მომხდარს „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა. უკრაინაში რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმაში კიევის მონაწილეობას უარყოფენ.

,,საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება“- ზურაბიშვილი (ფოტო)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

ზურაბიშვილის განცხადებით, მიშელმა საქართველოს ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„მადლობა შარლ მიშელს საქართველოს ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ. საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

„უკრაინას უფლება აქვს, თავისი თავი საზღვრებს მიღმა დაიცვას“ – ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლის განცხადებით უკრაინას „ლეგიტიმური უფლება“ აქვს, რომ საკუთარი თავი საზღვრების მიღმა დაიცვას.

მისივე თქმით, საზღვრებს მიღმა „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების“ განადგურება უკრაინის თავდაცვის ნაწილია.

„მას [უკრაინას] აქვს თავდაცვის ლეგიტიმური უფლება, რა თქმა უნდა, საკუთარ საზღვრებში, მაგრამ მას ასევე აქვს უფლება გამოიყენოს ძალა მის საზღვრებს მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, გამოიყენოს ძალები უკრაინის წინააღმდეგ. ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების განადგურება უკრაინის თავდაცვის ნაწილია“, – განაცხადა კლევერლიმ.

,,პრემიერი დაუპირისპირდა „გლობალური ომის პარტიის პროპაგანდის ძირითად სლოგანს“- შაქარიშვილი

„ბრატისლავაში, ირაკლი ღარიბაშვილმა ისეთი სიმართლე თქვა, რომლის არათუ მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერება, გაფიქრებაც კი იკრძალება. პრემიერის მიერ ხმამაღლა ნათქვამმა სიმართლემ გააცოფა ევრო-ბიუროკრატია, რადგან ეს სიმართლე მათ მიერ ნაშენები კონიუნქტურის მიღმაა“, – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „აი ია“-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ამით პრემიერი დაუპირისპირდა “გლობალური ომის პარტიის” პროპაგანდის ძირითად სლოგანს – არაპროვოცირებული ომი.

„ბრატისლავაში, ირაკლი ღარიბაშვილმა ისეთი სიმართლე თქვა, რომლის არათუ მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერება, გაფიქრებაც კი იკრძალება. პრემიერის მიერ ხმამაღლა ნათქვამმა სიმართლემ გააცოფა ევრო-ბიუროკრატია, რადგან ეს სიმართლე მათ მიერ ნაშენები კონიუნქტურის მიღმაა. ამით პრემიერი დაუპირისპირდა “გლობალური ომის პარტიის” პროპაგანდის ძირითად სლოგანს – არაპროვოცირებული ომი! რეალურად კი ყველამ იცის, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი პროვოცირებულია და ამ პროქსი ომისთვის მზადება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხადია ეს არ ამართლებს იმ ტრადეგიას, რაც უკრაინაში ხდება, ეს სასწრაფოდ უნდა დასრულდეს და ამაში დიდ როლს შეასრულებს სიმართლე, რეალობის ჯანსაღი გაანალიზება და არა ფსევდო-ტრენდები! ლიბერალური მედია კრძალავს სიმართლის გავრცელებას, მთელს მსოფლიოს ფსევდო-რეალობაში აიძულებს ცხოვრებას და ვინც არ ემონება მათ ნარატივებს, ყველანაირი მეთოდით ცდილობენ მათ გაჩუმებას. ნახეთ, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯონ მერშეიმერის ვრცელი ნაშრომი (“რატომ არის უკრაინის კრიზისი დასავლეთის ბრალი?”https://www.economist.com/…/john-mearsheimer-on-why-the…, ამერიკელი პროფესორი ამაზე ჯერ კიდევ 2014 წელს წერდა. წაიკითხეთ, დიდი ამერიკელი მოაზროვნის, ნოამ ჩომსკის ინტერვიუები (https://geo-first.com/noam-comski-ukraina-tavisufali…/) სადაც ცნობილი მეცნიერი პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის პროვოცირებული და პროქსი ომი. ასევე გაეცანით, მშვიდობის დარგში ნობელიანტის ადოლფო პერეს ესკიველის მოსაზრებებს ამერიკის დღევანდელ პოლიტიკაზე, დაშვებულ შეცდომებზე და ევროპის მდგომარეობაზე. დღეს, ვინც დაყოვნებლივ გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამ სიმართლეს, იქნებ წაიკითხონ ცნობილი ამერიკელი დიპლომატის ჯორჯ ქენანის წერილი, რომელიც 1997 წელს “The New York Times”- ში გამოქვეყნდა NATO-ს გაფართოების პოლიტიკის შესახებ, რასაც ქენანი “საბედისწერო შეცდომას” უწოდებდა. გაიხსენონ, რაზე აფრთხილებდა მათ ჰენრი კისინჯერი და კიდევ ძალიან ბევრი მოაზროვნე ადამიანი. დიახ ბატონებო, შეეგუეთ – ტყუილზე დაშენებული კონიუნქტურა გენგრევათ და საქართველო არ აპირებს ამ ნანგრევებში დარჩენას!“ – წერს ვატო შაქარიშვილი ფეისბუკზე.

„ციტატა ეკუთვნის NATO-ს წევრი ქვეყნის შს მინისტრს”- ქართველიშვილი

„ბატონმა სულეიმან სოილუმ ბრძანა: „ლაჩრები გვიწოდეთ, თუ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც ამ ქვეყანას ავნებს, მათ შორის ამერიკულ ჯარებს,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა. მან სულეიმან სოილუს საკმაოდ თამამი განცხადების ციტირებამდე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თურქეთი გახლავთ NATO-ს წევრი და EU-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

„Говорит Анкара!“ საინტერესო ციტატა მინდა, მოვიყვანო თურქეთში გამარჯვებული პრეზიდენტის მხარდამჭერი მიტინგიდან. ციტატა ეკუთვნის NATO-ს წევრი და EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს. ბატონმა სულეიმან სოილუმ ბრძანა: „ლაჩრები გვიწოდეთ, თუ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც ამ ქვეყანას ავნებს, მათ შორის ამერიკულ ჯარებს. მომდევნო 5 წლის განმავლობაში თურქეთს ასეთი შესაძლებლობა პირველად გაუჩნდა. ჩვენ პირველად გამოვიჭირეთ დასავლეთი სუსტ მდგომარეობაში. პირველად დავიჭირეთ ამერიკა ასეთ მდგომარეობაში. პირველად 100 წლის განმავლობაში ჩვენ ისინი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად დავიჭირეთ. ალაჰის ნებითა და წყალობით, ჩვენ ახლა ყველაზე ძლიერ პერიოდში ვართ ბოლო 300 წლის განმავლობაში. ხვალინდელი დღე, დემოკრატიის ძალით, ხალხის ძალაუფლებით, იქნება გარდამტეხი მომენტი დასავლური ძალების ჩაგვრისა და მათი ბოროტი საქმეებისაგან მსოფლიოს გადარჩენაში,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

,,რუსეთთან ურთიერთობით დახურულ კარს მიღმა ყველა ქვეყანა საკუთარ სარგებელს ნახულობს”- ქადაგიძე

„ერთია, რომ საუბრობდნენ, რუსეთი რამენაირად იზოლაციაში მოვაქციოთო და სინამდვილეში, რუსეთთან ურთიერთობით დახურულ კარს მიღმა ყველა ქვეყანა საკუთარ სარგებელს ნახულობს. თურმე საქართველო უნდა ყოფილიყო რუსეთის იზოლაციაში მომქცევი, რაც სინამდვილეში, საქართველოს აქეთ მოაქცევდა იზოლაციაში და გახდიდა მათხოვრად, რომ კვარტლიდან კვარტლამდე იქნებ რამე გრანტი გადმოერიცხათ“, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა და ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო შეფასებების მიხედვით, საქართველო მოწინავეა და ევროკავშირის წევრ გარკვეულ ქვეყნებს უსწრებს, რაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, რადგან მან პირდაპირ განაცხადა, რომ არანაირად ჩაჯდებოდა იმ პოლიტკონიუნქტურაში, რომელიც თითქოსდა სრულ იზოლაციაში აქცევდა რუსეთს, სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ რუსეთი ევროკავშირისგან დღიურად 700 მილიონ ევრომდე შემოსავალს იღებს.

„როდის დაიწყო გადაკვეთა საქართველოსა და დასავლეთის აქტორებს შორის? მაშინ, როდესაც გარკვეულწილად დასავლეთმა აიღო გლობალური პოლიტკონიუნქტურის ხაზი და ამ პოლიტკონიუნქტურაში საქართველო არ ჩაჯდა. ღვთის წყალობით, ქვეყანას მართლა ჰყავს ხელისუფალი, რომელიც პასუხისმგებელია არა მარტო საკუთარ ინტერესებზე, არამედ – საზოგადოების ინტერესებზე. ხელისუფლებამ აირჩია ეროვნული სტრატეგია და ინტერესები, როცა რუსეთთან მიმართებით ხუთასამდე საერთაშორისო რეზოლუციას შეუერთდა; თუნდაც ჰააგის თემაში საქართველო ერთ-ერთი მოწინავე და ინიციატორი იყო; ფინანსურ საკითხებში ყველანაირად შეუერთდა სანქციებს, მაგრამ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს საზოგადოების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეკონომიკურ სანქციებში ვერ ჩავერთვებითო.

ამან შედეგი მოიტანა ის, რომ არარეალური, უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური მოგება ნახა ქვეყანამ. დღეს, თუნდაც საერთაშორისო შეფასებებს რომ გადავხედოთ, საქართველო მოწინავეა და მთელ ევროპას თუ არა, ევროკავშირის წევრ გარკვეულ ქვეყნებს უსწრებს – ახლო აღმოსავლეთში პირველია, რეგიონში პირველია და აზიის არაერთ ქვეყანას უსწრებს. ეს მოიტანა იმან, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ არანაირად ჩაჯდებოდა იმ პოლიტკონიუნქტურაში, რომელიც თითქოსდა სრულ იზოლაციაში აქცევდა რუსეთს, სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ დღიურად 700 მილიონ ევრომდე შემოსავალს იღებს რუსეთი ევროკავშირისგან. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს წლიური ეკონომიკური მოგება, რაც რუსეთისგან აქვს, იგივეა, რასაც რუსეთი ოთხ დღეში იღებს ევროკავშირისგან. ამავდროულად, როცა საუბრობდნენ, რომ თითქოს რუსეთისგან ნავთობპროდუქტებს არ მიიღებდნენ – ევროკავშირი მაინც იღებს მას გადამუშავებული სახით მესამე ქვეყნებიდან; ასევე, დღემდე მიეწოდებათ ბუნებრივი აირი რუსეთიდან, თან უკრაინის გავლით და ა.შ. ამ ორმაგი სტანდარტის პოლიტკონიუნქტურაში არ ჩაჯდა საქართველო.

ანუ, ერთია, რომ საუბრობდნენ, რუსეთი რამენაირად იზოლაციაში მოვაქციოთო და სინამდვილეში, რუსეთთან ურთიერთობით დახურულ კარს მიღმა ყველა ქვეყანა საკუთარ სარგებელს ნახულობს და თურმე საქართველო უნდა ყოფილიყო რუსეთის იზოლაციაში მომქცევი, რაც სინამდვილეში, საქართველოს აქეთ მოაქცევდა იზოლაციაში და გახდიდა მათხოვრად, რომ კვარტლიდან კვარტლამდე იქნებ რამე გრანტი გადმოერიცხათ. სწორედ ამ ორმაგ სტანდარტებზე ისაუბრა პრემიერმა“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

“ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კობახიძე”- მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაიწყოს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სანქცირების პროცესი”- ხაბეიშვილი

დღეს, ნატოში გაწევრიანებაზე პირველი დეკლარირებული უარი განაცხადა რუსმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაიწყოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სანქცირების პროცესი – ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კობახიძე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოთქვამს სრულ მზადყოფნას პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად შეიმუშაონ ერთობლივი სამოქმედო გეგმა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ.

„ნატოში გაწევრიანებაზე პირველი დეკლარირებული უარი განაცხადა რუსმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ასევე იმართება კრემლიდან, პუტინის რუსეთის მიერ ევროკავშირის საბოტაჟის შემდეგ, ახალ უკვე დეკლარირებულად რუსმა ღარიბაშვილმა საქართველოს სახელით განაცხადა, რომ არ სურს ნატოში საქართველოს გაწევრიანება. ამ ერთი მოღალატეობრივი განცხადებით ჩარეცხა ფაქტობრივად ყველა ომში შინ თუ გარეთ დაღუპული ქართველების სისხლი, მოღალატე ღარიბაშვილმა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება არის უმნიშვნელოვანესი და ეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის. უახლოეს ისტორიაში ამისთვის იბრძოდა ეროვნული მოძრაობა, ამისთვის მოხდა “ვარდების რევოლუცია” მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით და სწორედ 2003 წლის შემდეგ პირველი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის, ვინც ევროკავშირის დროშა აღმართა პარლამენტის წინ და სწორედ ამიტომ, 2008 წელს თავს დაესხა საქართველოს მკვლელი პუტინის რეჟიმი,რადგან ამ ღირებულებებს არ ღალატობდა პრეზიდენტი სააკაშვილი და საქართველოს ხელისუფლება, სწორედ ამიტომ, 2008 წელს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა დაიცვეს ჩვენი ქვეყანა, დედაქალაქი და არ მისცეს ტერორისტ პუტინის რუსეთს იმის საშუალება, რომ აეღოთ დედაქალაქი და საქართველო გამქრალიყო როგორს დამოუკიდებელი სახელმწიფო. აქვე შეგახსენებთ, რომ ამაში ლომის წვლილი აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც დღეს პუტინის ტყვეობაში იმყოფება.

ვის არ უნდა საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება? ძალიან მარტივად, რამდენიმე წამში თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს – ეს არის პუტინი, ოფიციალური მოსკოვი და ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოში მოკალათებული რუსული პარტია ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არ არის ვიწროპარტიული თემა და საქართველოს მოქალაქეებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ეროვნული თემა, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი და საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის, ჩვენი შვილების წინაშე. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაიწყოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სანქცირების პროცესი და ცხადია, ეს პირველ რიგში ეხება რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საკუთარ სათამაშოდ აქცია ჩვენი ქვეყანა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოთქვამს სრულ მზადყოფნას პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად დავსხდეთ და შევიმუშაოთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. კონსტიტუციური ჩარჩოდან გასული რუსული მთავრობა ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

..სხვა ქვეყანას არავინ საყვედურობს და საყვედურობენ საქართველოს, სადაც ჯარი გვიდგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში”- მდინარაძე

„სხვა ქვეყანას არავინ არაფერს საყვედურობს, ნატოს წევრ ქვეყანას არავინ საყვედურობს და საყვედურობენ საქართველოს, სადაც ჯარი გვიდგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში. ასეთი რეალური რისკებია, ეკონომიკას და მოქალაქეებს ორჯერ მეტი ზიანი მიადგება, ვიდრე ეს იყო პანდემიის დროს და ჩვენ გვსაყვედურობენ და გვაძალებენ სანქციების დაწესებას, არ ვაკეთებთ ამას. რამდენიმე დღის წინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ – ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე გაცილებით რთულად გადასატანია,“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამ არგუმენტების გამო ვამბობდი სწორედ, რომ რთულად გადასატანია ეს მშვიდობა, ძვირი გვიჯდება მშვიდობა, ოღონდ ეს სიძვირე არ გამოიხატება მატერიალურში ქვეყნისთვის, გამოიხატება ჩვენს ნერვებში და ჩვენ მიმართ შანტაჟში, მუქარაში. ამ შემთხვევაში ევროკავშირის ელჩებზე არ ვლაპარაკობ, ასე არავინ თარგმნოს. დემარში არის პირდაპირ სანქციების მოთხოვნა, რასაც ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას თავს არ დავატეხთ, რადგან რუსეთს ვერაფერს უზამს ის სანქციები და ჩვენ დაგვაზარალებს არაბუნებრივად“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესება დააზარალებს ქვეყანას და მოქალაქეებს.

„სანქციები დააზარალებს ქვეყანას და მის მოქალაქეებს. კიდევ უფრო სიღრმეში თუ შევალთ, გაგახსენებთ, რომ ფრენები პუტინის და სააკაშვილის უშუალო კომუნიკაციის შედეგად 2010 წელს აღდგა, ოღონდ მაშინ სააკაშვილი იხვეწებოდა ფრენების აღდგენას. შემდეგ ეს სანქცია დააწესა რუსეთმა, 2019 წელს. მაშინ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი პარტნიორები მოუწოდებდნენ რუსეთს, სანქცია მოეხსნა, ახლა მოიხსნა და ამას პასუხობენ დემარშით. ჯერ უპრეცედენტოა, როდესაც სხვა ქვეყნის გადაწყვეტილებას სხვა ქვეყანაში დემარშით პასუხობ. ჩემი აზრით, ეს არ არის ობიექტური, და მეორეც, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის დღეს რუსეთის ოკუპაციასთან მიმართებით რისკის შემცველი ნომერ პირველი ქვეყანა, რა თქმა უნდა, უკრაინის შემდეგ. გარდა ამისა, ეს ეკონომიკური თვალსაზრისით დააზიანებს ქვეყანას და მის მოქალაქეებს, რასაც არ ვაპირებთ.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა პირველი მოსმენით რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა

91-ხმით ერთხმად – პარლამენტმა პირველი მოსმენით ოპოზიციონერი დეპუტატების – რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა საკუთარი მხარდაჭერის ძირითად არგუმენტად დაასახელეს ის, რომ ამით ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას შეუწყობენ ხელს.

“მხარს გიჭერთ. გვაქვს სხვადასხვა არგუმენტი, მათ შორის მხარს იმიტომ გიჭერთ, რომ ოპოზიციონერობა რაღაცაზე უარის საფუძველი არ უნდა იყოს. ირაკლი კობახიძემ თქვა და ვადასტურებ, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო მარტივ მამრავლებად დაიშლება, კარგია. რომ არ დაგიმალოთ, ეს არის ჩვენი მოტივაცია. რომ იშლებით, ესეც კარგია!“, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატები წარმდგენი პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემთხვევაში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

პროექტის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, ექნებათ შესაძლებლობა შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა დატოვეს.

ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში ხორციელდება.

„აფხაზეთი არ იყიდება“- მიტინგი სოხუმის ცენტრში (ფოტოები)

სოხუმის დრამატული თეატრის შენობასთან ოპოზიციის მიტინგი მიმდინარეობს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ოპოზიციის მიერ დაანონსებული მრავალათასიანი საპროტესტო აქციის დაანონსების მიუხედავად, მიტინგში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია მთავრობის გადადგომა, ბიჭვინთის სანატორიუმის გასხვისების გაუქმება, ელექტროენერგიის ტარიფების დაწევა. „აფხაზეთი არ იყიდება“, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

იმის გამო, რომ საპროტესტო აქციის წინასწარ იყო დაანონსებული, დე ფაქტო მთავრობამ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღო. ე.წ. პრეზიდენტის რეზიდენტის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა დილიდან ალყა შემოარტყეს. ადგილზე სპეციალური ტექნიკაც იყო მობილიზებული.

 

უცხოური ვალუტის კურსი 31 მაისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5919 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5919 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5823 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0096 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7824 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7664 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0160 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.