Home Blog Page 2050

“ეს არის ვიღაცის კაბინეტში, ვიღაცის დავალებით დაწერილი ეგრეთ წოდებული კვლევები”

კვლევებთან დაკავშირებით მე ზოგადად ჩემი დამოკიდებულება მაქვს – 2012 წლიდან კვლევების მიზანმიმართული გაყალბება ხდება ოპოზიციის დაკვეთით და მათი უშუალო მონაწილეობით, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა „ედისონ რისერჩის“ მიერ ბოლოს ჩატარებული პოლიტიკური რეიტინგების კვლევას.

თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული კვლევების მიზანს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია წარმოადგენს.

„კვლევებთან დაკავშირებით მე არაერთხელ გამიკეთებია განმარტება. რატომ მაქვს ასეთი დამოკიდებულება? 2012 წლამდე და 2012 წლიდან მოყოლებული ყოველთვის ხდება მიზანმიმართული გაყალბება აღნიშნული კვლევების, რომელიც ჩვენი ოპოზიციის დაკვეთით და მათი უშუალო ჩართულობით მზადდება. მიზანმიმართული მცდელობაა, საზოგადოების აზრზე მანიპულირება მოახდინონ, მაგრამ რეალურად ჩვენ ვიცით, რა ხდება ქვეყანაში, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას რა მხარდაჭერა აქვს. ეს არჩევნების შემდეგ გამოიკვეთება ყველაზე კარგად. 2012 წლიდან მოყოლებული გამარჯვებული პოლიტიკური პარტია გახლავთ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო. მე დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება, რადგან ხალხი რეალურად ხედავს და აფასებს იმ საფრთხეებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, სამწუხაროდ. ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, გაატაროს ქვეყნის ინტერესი, ეროვნული ინტერესი და, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესი, დაიცვას მშვიდობა, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. რეალურად ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მცდელობა, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“მზად ვართ, შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ, რათა ევროპას კიდევ უფრო დავუახლოვდეთ” – კახა კალაძე

საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რომ ევროპასთან დაახლოებისთვის შემდეგი ნაბიჯები გადადგას“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია იმ შრომის შედეგია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად მიაღწია.

„დიდი იმედი მაქვს, რომ დეკემბერში დადებითი, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს იმ ბრძოლისა და შრომის შედეგია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები არ იღებდნენ მონაწილეობას პროცესში, რათა 12-პუნქტიანი გეგმა შესრულებულიყო და დეპოლარიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი გადადგმულიყო. პირიქით, ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ პოლარიზაცია გაღრმავებულიყო. ასევე, დარბოდნენ ბრიუსელში, რომ მათ და ასევე, საქართველოს  ე.წ. ზოგიერთ მეგობარს, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში თავიანთი უხამსი განცხადებებით დაგვამახსოვრდნენ, პროცესისთვის ხელი შეეშალათ, ქვეყანას სტატუსი არ მიეღო, შემდეგ კი ეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოეყენებინათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვაჩვენეთ, რომ შევასრულეთ ყველა ის წინაპირობა, რომელიც იყო მოთხოვნილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელ კოლეგებთან ერთად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

„საქართველო მანამდეც იმსახურებდა სტატუსს, ამას გულწრფელად ვამბობ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, თუმცა, მიზანმიმართულად, ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს. რა თქმა უნდა, კარგია, რომ დღეს რეკომენდაცია მიღებულია დადებითი შეფასებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად, რომელთაც მართლა გული შესტკივათ საქართველოზე და უნდათ საქართველოს ევროპული მომავალი, ყველაფერი გავაკეთეთ და დღესაც მზად ვართ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ისე ხომ არ არის, რომ რაღაც გავაკეთეთ და უნდა გავჩერდეთ? ეს გრძელვადიანი პროცესია და საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რომ შემდეგი ნაბიჯები გადადგას, რათა ევროპას კიდევ უფრო დავუახლოვდეთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

“თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავენ, რა პრეტენზია აქვთ პოლიტიკოსობაზე?” – კახა კალაძე ოპოზიციის მოთხოვნაზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროკომისიის დათქმა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, რა თქმა უნდა, შესრულდება. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ტარდება.

„რა თქმა უნდა, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს. 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნები ასეთ გარემოში ტარდებოდა და ამაზე შესაბამისი დასკვნებიც მეტყველებს. 2024 წლის არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსსა თუ პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას წარუდგინოს თავისი ხედვა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“  საარჩევნო ბარიერის დაწევას, კახა კალაძე პასუხობს, რომ ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადახედვა არ განიხილება.

„არ ვაპირებთ ამის გადახედვას. ხომ აქვთ პრეტენზია და ამბობენ, რომ  მხარდაჭერა გვაქვს, ძლიერი პოლიტიკოსები ვართო. აგერ არის 5%-იანი ბარიერი და გადალახონ. თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ, რა პრეტენზია გაქვს პოლიტიკოსობაზე?  ეს ბარიერი დარჩება და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები მიიღებენ ხმებს იმის მიხედვით, ვის როგორი მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“გვჯერა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკური მანდატის განახლებას მოუტანს „ქართულ ოცნებას“

გვჯერა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკური მანდატის განახლებას მოუტანს „ქართულ ოცნებას“, რათა საქართველო ევროკავშირთან ნამდვილ ინტეგრაციამდე მიიყვანოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე წერს.

„ხუთი მითი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ – ევროკომისიის რეკომენდაცია, მიენიჭებინა საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ისტორიული გადაწყვეტილებაა. შარშან, ქვეყნისათვის ევროპული პერსპექტივის მიცემის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს სრულებით ახალი დონის პროგრესს. მას თან ახლავს უფრო მეტი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. ევროკომისიის განცხადებამ გაამართლა საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მოლოდინები და სათანადოდ ასახა ჩვენი ათწლიანი ურყევი ერთგულება ევროპული გზისა და დასავლური ორიენტაციისადმი. იმედია, ეს გადაწყვეტილება გახდება დეკემბერში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინამორბედი.

ქართული საზოგადოება და ხელისუფლება მიესალმნენ ევროკომისიის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებას და დააფასეს იგი. სამწუხაროდ, დღე, რომელიც უნდა ყოფილიყო ეროვნული ერთიანობის მომენტი, ოპოზიციის მიერ ამ მიღწევაში ხელისუფლების როლის დისკრედიტაციის გამუდმებულმა მცდელობებმა წაახდინა. ეს მცდელობები ეყრდნობა მითებს, რომელთა მიზანი საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციაა და, მათი უსაფუძვლობისა და ცილისმწამებლური ხასიათის მიუხედავად, პასუხს საჭიროებს.

შესაბამისად, ეს სტატია არ ეხება სამომავლო გეგმებს ევროკავშირის ახალი წინადადებების შესრულების შესახებ, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის სამომავლო წევრობას უკავშირდება. ხელისუფლება დროულად გასწევს სათანადო ძალისხმევას, რათა ქვეყანა წინ წასწიოს ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგი საფეხურის, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისაკენ. ამის ნაცვლად, ამ სტატიის მიზანია, გავაქარწყლო მითები საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის წევრობის შესახებ, რომლებიც გამოიგონეს და გაავრცელეს ბოლო რამდენიმე თვეში და რომლებიც დაიბადა დეზინფორმაციის, პოლიტიკური მიკერძოებისა და არასწორი აღქმების შედეგად.

1. საქართველოს მთავრობამ ძალიან ცოტა გააკეთა კანდიდატის სტატუსისათვის
უმთავრესი მითია, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი იმ 12 პრიორიტეტის სათანადოდ შესრულების გარეშე, რომლებიც განსაზღვრა ევროკომისიამ 2022 წლის ივნისში. არაფერია აღნიშნულზე უფრო შორს სიმართლისგან. ქართული ოცნების ხელისუფლებამ 12 პრიორიტეტზე ფაქტობრივად მარტომ იმუშავა. განსაკუთრებით დიდი სამუშაო გასწია პარლამენტმა. საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებმა, კომიტეტებმა და აპარატმა შეასრულეს უზარმაზარი მოცულობის სამუშაო. მიღებული იქნა თითქმის ასი კანონი ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც წარმოადგენს მთლიანი საპარლამენტო საქმიანობის მესამედს.

ეს ყველაფერი მიღწეული იქნა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მათ შორის სამინისტროებთან, სააგენტოებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, მჭიდრო კოორდინაციით. სამუშაოს დიდი ნაწილი, ჩვეულებრივ, შესაძლოა არ ყოფილიყო გარე დამკვირვებლისათვის მაშინვე შესამჩნევი, თუმცა ბრიუსელსა და ევროპულ დედაქალაქებში ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რა იქნა მიღწეული.

უმრავლეს შემთხვევაში, ევროკავშირის მიერ დასახული პრიორიტეტები თავდაპირველად გარკვეულწილად არაზუსტი და ბუნდოვანი იყო, საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ მოახდინა მათი ხელახალი კონცეპტუალიზაცია და, მეტ-ნაკლებად, ზუსტ და შემოწმებად ჩარჩოში მოაქცია, თან გაუზიარა ევროპელ პარტნიორებს, რათა პრიორიტეტები ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში შესრულებულიყო.

მართლაც, ევროკომისიის მიერ ამჯერად რეკომენდებული ახალი ცხრა „გადასადგმელი ნაბიჯი“ წინა რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილს იმეორებს და, თანაც, ახლებურად და უფრო თანმიმდევრულადაა ფორმულირებული, ვიდრე წინა 12 რეკომენდაცია. ახალი პრიორიტეტები გულისხმობს, რომ კომისია აღიარებს, რომ წინა რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულდა ან ახლებურად უნდა იქნეს ფორმულირებული შემდგომი, უფრო დეტალური მუშაობისთვის.

2. სტატუსს იმსახურებდა ხალხი და არა მთავრობა
დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ხალხისაგან განცალკევება წარმოადგენს კრემლის ჩვეულ ტაქტიკას და წარსულში, წარმოადგენდა საბჭოური რეჟიმის რჩეულ რევოლუციურ მიდგომას. დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მთავრობა მოქმედების ხალხის ნების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის მიერ ჯერ ევროპული პერსპექტივის, ხოლო შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიღება წარმოადგენს აღნიშნულის დასტურს. ქართული ოცნება იყო ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც წინა საარჩევნო კამპანიაში გასცა დაპირება, ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2024 წელს გაეკეთებინა და გულმოდგინედ იმუშავა ამ მიზნის მისაღწევად.

გარდა ამისა, მთავრობისა და ხალხის განცალკევების შესახებ სოფისტური არგუმენტის გაზიარების შემთხვევაშიც კი, იგი ვერ უძლებს კრიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვის თანახმად, ქართველი ამომრჩეველი დიდი უპირატესობით უჭერს მხარს მმართველ ქართულ ოცნებას ოპოზიციასთან მიმართებაში, ზოგჯერ ერთად აღებულ ოპოზიციასთან მიმართებაშიც კი.

ოპოზიციის მცდელობამ, განეცალკევებინა ქართველი ხალხი მთავრობისაგან, გამოიწვია ის, რომ ერთ-ერთმა უცხოელმა კრიტიკოსმა საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ქედმაღლურად „საჩუქარიც“ კი უწოდა, რაც, ალბათ, ქართულ საზოგადოებაზე მეტად ევროკავშირისათვის იყო დამამცირებელი.

3. საქართველოს მთავრობა დისტანცირდა ევროპისგან
ქართულმა ოცნებამ 2018 წელს მიღებულ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შეიტანა ორმაგი დებულება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, შესაბამისად, ევროკავშირსა და ნატოში. გარდა ამ და სხვა საკანონმდებლო ზომებისა, ყველა დიპლომატიური გამარჯვება ევროკავშირის ფრონტზე, რომელმაც საქართველო ევროპის მიმართულების წასწია წინ, მიღწეული იქნა ბოლო 11 წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, რომელიც ასევე მოიცავდა ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებას. ჩვენ მივაღწიეთ და ამასთანავე წარმატებით შევინარჩუნეთ უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დაბოლოს, გასულ წელს ჩვენ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა ქვეყნისათვის.

ყველა ეს მიღწევა წარმოადგენს ხელისუფლების ძლიერი პოლიტიკური ნებისა და მუდმივად განვითარებადი საჯარო ინსტიტუტების ეფექტურობის შედეგს.

4. ოპოზიციამ ბევრი გააკეთა სტატუსის მისაღებად
აღნიშნული წარმოადგენს ყველაზე მანკიერ და ცინიკურ მითს. ოპოზიცია, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიცია, ჯერ შეეცადა ევროკავშირის 12 პრიორიტეტზე მუშაობის საბოტაჟს, მერე კი მისი მნიშვნელობის დაკნინებას. თუმცა, როგორც კი ისინი მიხვდნენ, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა დიდი იქნებოდა, შეეცადნენ თავიანთი თავისათვის მიეწერათ ეს მიღწევა.

სიმართლე, რა თქმა უნდა, არ არის ჩვენი ოპონენტების მხარეს. საპარლამენტო მუშაობა 12 პრიორიტეტზე წარმოებდა სამუშაო ჯგუფებსა და საპარლამენტო კომიტეტებში. ოპოზიციის მონაწილეობა (უფრო სწორად, არმონაწილეობა) არის საკითხი, რომლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასება ძალიან მარტივია. მარტივი ანალიზი გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის წვლილი იყო ძალიან მოკრძალებული, რბილად რომ ვთქვათ. პირიქით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა პროცესის დაზიანებას. მათ გათვლას წარმოადგენდა, რომ 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობა მიგვიყვანდა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ წარუმატებლობასთან. შედეგად, ოპოზიციის აზრით, ხალხი განეწყობოდა ხელისუფლების წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ რადიკალურმა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო მუშაობას. მათ არ მიუღიათ მონაწილება ხმის მიცემის პროცესის უდიდეს ნაწილში, რომელიც აუცილებელი იყო ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო კანონმდებლობის მისაღებად. აღნიშნულის გადამოწმება ძალიან მარტივია. გარდა ამისა, მათი დიდი ნაწილი არ იშურებდა ენერგიას საზღვარგარეთ გასამგზავრებლად და ხელისუფლების ძალისხმევის დასაკნინებლად. ოპოზიცია წარუმატებელი იყო ევროპულ დედაქალაქებში და ევროკომისიაში, თუმცა უფრო „წარმატებული“ გამოდგა ევროპულ პარლამენტში, რომელიც ევროკავშირის ის პოლიტიკური ორგანოა, რომელიც ყველაზე მეტად ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენას და მიკერძოებას.

სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკურად მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობდა რადიკალებთან.

შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც მმართველ პარტიას შეეძლო თანამშრომლობა ოპოზიციის შედარებით ზომიერ ფრთასთან (მაგალითად სახალხო დამცველის არჩევა საპარლამენტო კონსენსუსით), პროგრესი მიღწეული იქნა და რეკომენდაცია ერთხმად შესრულებულად ჩაითვალა. იგივე შეიძლება ითქვას საარჩევნო რეფორმაზეც, რომელთან დაკავშირებითაც, ევროკავშირის შეფასებით, ‘მნიშვნელოვანი პროგრესი’ იქნა მიღწეული.

მიუხედავად ამისა, ევროკავშირის განსაზღვრული პრიორიტეტები, რომლებიც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას მოითხოვდა, რბილად რომ ვთქვათ უფრო პრობლემური აღმოჩნდა, ოპოზიცია, განსაკუთრებით რადიკალური ნაწილი, ხელს უშლიდა მათი შესრულების პროცესს. ასეთი იყო დე-პოლარიზაციის და სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის შემთხვევები. მაშინაც კი, როდესაც შედარებით ზომიერი ოპოზიციონერი პარლამენტარები თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან, ისინი ხდებოდნენ სისტემატური ბულინგის მსხვერპლნი მათი რადიკალური კოლეგებისა და ზოგიერთი პოლიტიკურად მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან. ეს სამარცხვინო პრაქტიკა საჯაროდ გამოაშკარავდა შედარებით ზომიერი ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ, რომლებიც ხმა მისცეს სახალხო დამცველის კონსენსუსით არჩევას, ისე, როგორც ამას ევროკავშირის პრიორიტეტები მოითხოვდა.

ამის მსგავსად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება იჩენდა ინტერესს და განზრახვას თანამშრომლობისა, ხელისუფლება რთავდა მათ პროცესში (მაგალითად პარლამენტის თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმასთან). სამწუხაროდ, პოლიტიკურად მიკერძოებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეთიშა პროცესს და გარედან დაესხა თავს ხელისუფლებას.

5. კანდიდატის სტატუსი უკავშირდება გეოპოლიტიკას და არა საქართველოს მიღწევებს
გეოპოლიტიკური ფაქტორები ქმნიან ხელსაყრელ ან რთულ გარემოს, თუმცა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული გამოიყენებს თუ არა იგი ამ გარემოებებს სათავისოდ. საერთაშორისო პოლიტიკის ცვლილებები გავლენას ახდენს საქართველოს პროგრესზე ევროპის მიმართულებით. რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საქართველოსათვის შესაძლებლობად. ამ გაუმართლებელმა და არაადამიანურმა შეჭრამ კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც რთული უსაფრთხოების გამოწვევები ჩვენი ქვეყნისათვის. ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები თითქმის თბილისის მახლობლად არიან და ყოველდღიურად ემუქრებიან საქართველოს სუვერენიტეტს. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის ბოლოდროინდელი მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან ცხინვალის რეგიონში.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ქართველმა ხალხმა დემოკრატიული მმართველობა იარაღის მუქარის ქვეშ განავითარა. ძალიან რთულია ვიპოვოთ სხვა ერი, რომელსაც გააჩნია ასეთი დემოკრატიული მიღწევები მსგავს საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საქართველოსათვის შესაძლებლობად წარმოჩენა ამორალურია. დიახ, მან შეცვალა გეოპოლიტიკა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მისი შექმნის დღიდან და რჩება ასეთად ყველა მონაცემების მიხედვით.

რაც მთავარია, გეოპოლიტიკა არ შეცვლილა 2022 წლის ივნისის შემდეგ, როდესაც ევროკომისიის დასკვნა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იყო ნეგატიური. შესაბამისად, რიტორიკულად რომ ვიკითხოთ, როგორ აღმოჩნდა გეოპოლიტიკა მხოლოდ ახლა ჩვენს მხარეს, საქართველოს მიერ თავისი მიღწევების გაუმჯობესების გარეშე.

რა გველის წინ?

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ისტორიას დარჩება, ევროპული კომისიის გადაწყვეტილებაა და არა მისი პოლიტიზება.

წინ ბევრი სამუშაოა. კარგია, რომ ევროკავშირთან კომუნიკაცია ახალი ცხრა რეკომენდაციის გარშემო, ამჯერად, უკეთესადაა სტრუქტურირებული, ვიდრე აქამდე იყო. ეს გვაძლევს საშუალებას, კარგად გავაცნობიეროთ რეკომენდაციები, რათა ჩვენი პროგრესი უფრო უკეთ იყოს გაზომილი და დადასტურებული. გვჯერა, რომ არსებული სტრუქტურირებული დიალოგი ევროკავშირთან უფრო ეფექტურს გახდის საქართველოს მომავალ პროგრესს.

განსაკუთრებით საინტერესოა ახალი მოსაზრება დეზინფორმაციის თაობაზე, რომელიც, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს საქართველოს პოლიტიკური განვითარებისათვის. ეს ახალი წინადადება საქართველოს ხელისუფლებისათვის მისაღები და მოსაწონია. მანიპულაცია, არასწორი აღქმების შექმნა და პირდაპირი დეზინფორმაცია ის მანკიერებებია, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოს პოლიტიკურ კლიმატს წამლავდა. დეზინფორმაციასთან გამკლავება ყველაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის დასასრულებლად. დეზინფორმაციის დონის შემცირება დაგვეხმარება დემოკრატიის კონსოლიდაციაში და ევროკავშირისაკენ უფრო სწრაფად სვლაში.

საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, მაქსიმუმს მიაღწიოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მომავალ წლებში. გვჯერა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც 2024 წლის ოქტომბერს ჩატარდება, პოლიტიკური მანდატის განახლებას მოუტანს ქართულ ოცნებას, რათა საქართველო ევროკავშირთან ნამდვილ ინტეგრაციამდე მიიყვანოს.

მომავალი ბევრს გვპირდება. უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და დავაბრუნოთ საქართველო იქ, სადაც მისი ადგილია – ერების ევროპულ ოჯახში“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ევროკავშირის ქვეყნები ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვენ -ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა ითხოვს დაუყოვნებლივ ჰუმანიტარულ პაუზას, რათა ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი შევიდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ შევძელით ერთ განცხადებაზე შეთანხმება ევროკავშირის 27-ვე წევრის სახელით. ამ განცხადებაში ქვეყნები ითხოვენ დაუყოვნებლივ ჰუმანიტარულ პაუზებს და დერეფნებს ღაზაში არსებულ მძიმე სიტუაციის მოსაგვარებლად. ჩვენ ვთხოვეთ ისრაელს, რომ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად. ვგმობთ „ჰამასის“ მიერ საავადმყოფოში მყოფი ადამიანების ცოცხალ ფარად გამოყენებას, მაგრამ, ასევე, გამოვხატავთ შეშფოთებას დაბომბვის გამო საავადმყოფოებში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო“, – აღნიშნა ბორელმა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭო მიმდინარეობს, სადაც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და სომხეთსა და აზერბაიჯანთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

“მგონია, რომ ამას სალომე ზურაბიშვილი არ გააკეთებს” – კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს. მისივე თქმით, ამ ვარაუდის საფუძველს სალომე ზურაბიშვილის მიერ თვეების წინ გაკეთებული განცხადებები ქმნის.

„მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამას არ გააკეთებს. რადგან მას პრინციპულად სიტყვა ნათქვამი აქვს. მგონია, რომ ის თავის ნათქვამს არ გადააბიჯებს და გააკეთებს იმას, რაც განაცხადა თვეების წინ და რასაც ამბობდა ყოველთვის. მე მგონია, რომ ამას არ გააკეთებს, თუმცა გამორიცხული არაფერია. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ის იქნება გამზიარებელი იმ უბედურებების, რომელთა მთავარი შემოქმედი გახლდათ სააკაშვილი, რაც ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა იკადრა და აკადრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია” – კახა კალაძე ლავროვის განცხადებაზე

საქართველოს არჩევანი ევროპული მომავალია, რისთვისაც ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

მისივე შეფასებით, საქართველოსთვის ყველაზე დამაზიანებელი ქვეყნის შიგნით არსებული მტრობაა.

„ცხადია, ყველა ქვეყანას თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და დამოკიდებულება. ჩვენი არჩევანი ევროპული მომავალია და ამ რთულ გზაზე, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ცხადია, არსებობს გამოწვევები, სირთულეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თუმცა ყველაზე დამაზიანებელი და მძიმე მაინც ქვეყნის შიგნით არსებული მტრობა მგონია. რომელ რუსეთის მტრობაზეა საუბარი, როდესაც შენი ქვეყნის პოლიტიკოსები ბრიუსელში გარბოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო? ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეფერხებულიყო; ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო. დღეს ყველაზე დიდი მტერი საქართველოს ჰყავს რადიკალური ოპოზიციის სახით. რა რუსეთზეა საუბარი?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – ლავროვის განცხადება ევროკავშირის მისამართით გაკეთებული მუქარაა თუ საქართველოს, თბილისის მერი აცხადებს, რომ საქართველო ყოველთვის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

„მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და მომავალშიც ეს დამოკიდებულება გაგრძელდება. პირველი, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს და გაატარებს, ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესია. რაც არ უნდა მოწოდებები და ზეწოლა იყოს, არ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

“ოპოზიციის დიდი ნაწილი გვლანძღავდა, თურმე სამუშაო ჯგუფებში ყავისთვის დავდიოდით”-ალეკო ელისაშვილი

ყველა ჯგუფში ვიმუშავებ, რომელიც რეკომენდაციების შესრულებას ემსახურება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, რეფორმების შესრულება საქართველოს სჭირდება და პირნათლად შეასრულებენ, რაც ევროკომისიამ ქვეყანას დაავალა.

„ნიშნის მოგებით საუბარი არ მინდა, მაგრამ კარგად გაიხსენეთ, მე და ჩემს პარტიას ოპოზიციის დიდი ნაწილი როგორ გვლანძღავდა, თურმე სამუშაო ჯგუფებში ყავის დასალევად დავდიოდით და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კაბინეტში ყოფნა გვიხაროდა. სინამდვილეში, ორი კაცი, მე და ლევან იოსელიანი ექვს სამუშაო ჯგუფში ვიყავით. რატომ? – რეკომენდაციებს ვასრულებდით. დღეს ღია და დახურულ შეხვედრაზე მხრებში გამართული ვზივარ, ჩემი კოლეგები სადღაც იმალებიან ხოლმე. პირნათლად შევასრულებთ იმას, რაც ევროკავშირმა დაგვავალა. თბილისიდან ბაქომდე ირბინეთო რომ დაევალებინათ, წავიდოდი და ვირბენდი, მაგრამ დაჯდომა, მუშაობა დაგვავალა. რეფორმების შესრულება ჩვენ გვჭირდება. დამოუკიდებელი სასამართლო შარლ მიშელს არ სჭირდება, ბრიუსელში მშვენიერი სასამართლოა, ეს ჩვენ გვჭირდება. მურუსიძე თავზე საფრანგეთს კი არ აზის, ჩვენ გვაზის და სამართალს გვპარავს. რაიმე რეფორმის ჩატარება თუ დაგვავალეს, ისევ ჩვენთვის არის უკეთესი. შესაბამისად, მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, თავზე ნაცარს კი არ უნდა გვაყრიდეს, არამედ ვალდებულებებს ასრულებდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

“საქართველომ გადადგა ნაბიჯები, რომ გააძლიეროს ჩართულობა ევროკავშირთან და გაზარდა რეფორმები ბოლო თვეებში” – ევროკომისია

საქართველომ გადადგა ნაბიჯები, რომ გააძლიეროს ჩართულობა ევროკავშირთან და გაზარდა რეფორმები ბოლო თვეებში, – აღნიშნულია ევროკომისიის X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„მიმდინარე კვირაში გავეცით რეკომენდაცია, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიტატის სტატუსი მიანიჭოს. საქართველომ გადადგა ნაბიჯები, რომ გააძლიეროს ჩართულობა ევროკავშირთან და გაზარდა რეფორმები ბოლო თვეებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“გადადგომას არ ვაპირებ, მინდა, ერთხელ და სამუდამოდ ეს ყველამ კარგად გაიგოს”-ირაკლი ბერაია

გადადგომას არ ვაპირებ, მინდა, ერთხელ და სამუდამოდ ეს ყველამ კარგად გაიგოს. ვიდრე მეც და ჩემი გუნდით მივიჩნევთ, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში ერთად ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს, ჩემი პოზიცია არის ასეთი და ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა ბერაიას მიმართა: „ირაკლი, სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე. კომიტეტზე ვერ გაგრძელდება ჯანსაღად სიტუაცია, ვიდრე იქნები ჩაბღაუჭებული ამ თანამდებობას. ყოველ სხდომაზე ამას შეგახსენებ. სირცხვილია ყოველი დღე, რომელსაც ატარებ ამ კომიტეტის პოსტზე. ამ კომიტეტში, პირველ რიგში, უნდა იყოს ღირსება, რაც დაკარგულია შენი უღირსი საქციელის გამო“.

ირაკლი ბერაიას თქმით, პლენარულ სხდომაზე მის მიერ გაკეთებული გამონათქვამები სამწუხარო იყო, რაზეც უკვე გაკეთებული აქვს განცხადება და ამ თემაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს.

„ამ თემაზე ერთხელ უკვე ვისაუბრე და დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, ის სამწუხარო გამონათქვამი, რაც ჩემ მიერ იქნა გაჟღერებული პლენარულ სხდომაზე, ვფიქრობ, რომ არ უნდა თქმულიყო, ეს იყო მიუღებელი და ამასთან დაკავშირებით მე განვაცხადე. შესასაბამისად, ამ თემაზე მეტ დეტალიზაციას არ ვაპირებ. ყველაფერი ნათქვამია. ასევე, ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ გადადგომას არ ვაპირებ, მინდა, ეს ყველამ ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაიგოს. ვიდრე მეც და ჩემი გუნდიც მივიჩნევთ, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს. ჩემი პოზიცია არის ასეთი და ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს. მე თქვენ და თქვენს ზოგიერთ კოლეგას ნამდვილად არ მოვთხოვ ბოდიშის მოხდას, რადგან მიმაჩნია, რომ თქვენი აზროვნება და შეგნება ამას ვერ შეწვდება. ასე რომ, ამ საკითხზე დავასრულოთ საუბარი“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლითაც, ზამთრის პერიოდში ე.წ. ზამთრის საბურავების მქონე ავტომობილებით გადაადგილების ვალდებულება შემოდის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა შს სამინისტროს ინიციატივას, რომლის გათვალისწინებით, ზამთრის პერიოდში ე.წ. ზამთრის საბურავების მქონე ავტომობილებით გადაადგილების ვალდებულება შემოდის.

კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ზამთრის პერიოდში, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზონებში (უღელტეხილები, ასევე, მაღალმთიანი რეგიონები) დაწესდება მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ოთხივე ბორბალი აღჭურვილი ჰქონდეს ზამთრის საბურავი. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს მას დაეკისრება ადმინისტრაციული სანქციები – ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 5 ქულის დაკლება. საბურავების ტექნიკურ პარამეტრებს საქართველოს მთავრობა დაადგენს.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ორ ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ქონის ვალდებულება იარსებებს.

“იმდენად მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ გააჩნიათ” – ანრი ოხანაშვილი

ერთის მხრივ გვესმის მათი ომახიანი ტონი, რომ ხელისუფლებაში მოდიან და ამასთანავე ჩვენ გვთხოვენ ბარიერი დავუწიოთ, რომ იქნებ როგორმე გადალახონ და შეძლონ პარლამენტში შესვლა. ეს მეტყველებს რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია დღეს მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საუბრისას განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, საარჩევნო ბარიერის საკითხი არის დახურული და არ განიხილება.

„ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აქტიურობენ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, მიუთითებს ერთ რამეზე, რომ იმდენად მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ გააჩნიათ.

ერთის მხრივ გვესმის მათი ომახიანი ტონი, რომ ხელისუფლებაში მოდიან და ამასთანავე ჩვენ გვთხოვენ ბარიერი დავუწიოთ, რომ იქნებ როგორმე გადალახონ და შეძლონ პარლამენტში შესვლა. ეს მეტყველებს რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია დღეს მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები, რომ მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის რესურსიც კი არ გააჩნიათ. საარჩევნო ბარიერი დადგენილია 5%-იანი ბარიერის სახით, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, არ განიხილება.

ჩვენ საარჩევნო ბარიერის შეცვლის საკითხს არ განვიხილავთ. კეთილი ინებოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, მოემზადონ არჩევნებისთვის, უზრუნველყონ მათი რესურსის მობილიზება და თანასწორ, კონკურენტულ, სამართლიან პირობებში გავიდეთ ამომრჩეველთან და ამომრჩეველმა გადაწყვიტოს ვინ იმსახურებს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს და მოხვდეს პარლამენტში და ვინ არა. შესაბამისად, საკითხი, რომ ჩვენ შეიძლება განვიხილოთ საარჩევნო ბარიერი არის დახურული, დღის წესრიგში არ დგას და არ განიხილება”, – განაცხადა ოხანაშვილმა.