გადადგომას არ ვაპირებ, მინდა, ერთხელ და სამუდამოდ ეს ყველამ კარგად გაიგოს. ვიდრე მეც და ჩემი გუნდით მივიჩნევთ, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში ერთად ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს, ჩემი პოზიცია არის ასეთი და ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა ბერაიას მიმართა: „ირაკლი, სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე. კომიტეტზე ვერ გაგრძელდება ჯანსაღად სიტუაცია, ვიდრე იქნები ჩაბღაუჭებული ამ თანამდებობას. ყოველ სხდომაზე ამას შეგახსენებ. სირცხვილია ყოველი დღე, რომელსაც ატარებ ამ კომიტეტის პოსტზე. ამ კომიტეტში, პირველ რიგში, უნდა იყოს ღირსება, რაც დაკარგულია შენი უღირსი საქციელის გამო“.
ირაკლი ბერაიას თქმით, პლენარულ სხდომაზე მის მიერ გაკეთებული გამონათქვამები სამწუხარო იყო, რაზეც უკვე გაკეთებული აქვს განცხადება და ამ თემაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს.
„ამ თემაზე ერთხელ უკვე ვისაუბრე და დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, ის სამწუხარო გამონათქვამი, რაც ჩემ მიერ იქნა გაჟღერებული პლენარულ სხდომაზე, ვფიქრობ, რომ არ უნდა თქმულიყო, ეს იყო მიუღებელი და ამასთან დაკავშირებით მე განვაცხადე. შესასაბამისად, ამ თემაზე მეტ დეტალიზაციას არ ვაპირებ. ყველაფერი ნათქვამია. ასევე, ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ გადადგომას არ ვაპირებ, მინდა, ეს ყველამ ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაიგოს. ვიდრე მეც და ჩემი გუნდიც მივიჩნევთ, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს. ჩემი პოზიცია არის ასეთი და ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს. მე თქვენ და თქვენს ზოგიერთ კოლეგას ნამდვილად არ მოვთხოვ ბოდიშის მოხდას, რადგან მიმაჩნია, რომ თქვენი აზროვნება და შეგნება ამას ვერ შეწვდება. ასე რომ, ამ საკითხზე დავასრულოთ საუბარი“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.