“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი
ავტორი: დავით ზარდიაშვილი
“უკრაინიზაცია” ამ კვაზი ერი-სახელმწიფოს, რომელიც ვერ, ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით მაინც, შედგა, უმძიმესი ტრაგედიაა; არა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ომშია და ფიზიკურად ინგრევა, მსხვერპლი, რაც ვერასდროს ვერაფრით ანაზღაურდება, ყოველ წუთას ეზრდება, მილიონობით ადამიანი, მათ შორის ლტოლვილები, მიუსაფარნი, უსახლკაროდ და უსახსროდ დარჩენილნი, განიცდიან ენით აუწერელ ტკივილსა და ტანჯვას; არამედ იმიტომაც, რომ სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისათვის გაღებული ეს უზარმაზარი მსხვერპლი თითქოსდა ამაოა და შედეგი არ მოაქვს, გამოსავალი არა ჩანს – არც ომს უჩანს კეთილი დასასრული და რაც მთავარია, უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მომავალი სულ უფრო მეტად ბუნდოვანი ხდება;
რუსული ოკუპაცია ოკუპაციად, აუნაზღაურებელი დანაკარგები – დანაკარგებად, მაგრამ მთავარი ესაა: სიმწრით მეცინება ხოლმე, როცა უკრაინის დამოუკიდებლობაზე პათეტიკურად საუბრობენ. ამაზრზენი რეალობა კი საპირისპიროა: უკრაინა ამჟამად 100%-ით არის დამოკიდებული უცხოეთზე, იმ გარეშე ძალთა ბალანსზე, რასაც უკრაინა, რაც არ უნდა დიდი მსხვერპლი გაიღოს, არსებითად ვერ შეცვლის; სავალალოა, რომ არა მხოლოდ ზელენსკის, არამედ უარესიც: ყოველი მთავრობა, რაც კი შეიძლება წარმოსადგენ პერსპექტივაში იქ მოვიდეს, უნდა იყოს და იქნება კიდეც ამ უცხოური ძალების კლიენტელა და მათი ნების შემსრულებელი. სხვა გზა – 2014 წლის შემდეგ უკრაინას არ დაუტოვეს. უცხოეთზე სრული დამოკიდებულება გამოიხატება არა მხოლოდ იმით, რომ გარდა ცოცხალი ძალისა, რაც გამოლევადია, ომის წარმოების ყველა სხვა რესურსი – ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური თუ სამხედრო, არსებითად გარეშეა; ეს თავისთავად უდიდესი უბედურებაა – უკრაინა პროქსი-სახელმწიფოა, პროქსი-ომის ინსტრუმენტია; უარესი უბედურება კი ისაა, რომ უცხოეთზე სხვისდება უკრაინის მიწა, ბუნებრივი რესურსები და ეკონომიკური სიმძლავრეების დიდი ნაწილი; ეს სიმძლავრეები ან ნადგურდება, ოკუპანტების ხელში გადადის ანდა, რაც ამას გადაურჩება, საერთაშორისო კორპორაციებს მიაქვთ თითქმის ყველაფერი, რისი წაღებაც კი შესაძლებელია; და პირველ რიგში, მათ მიაქვთ მომავლის პერსპექტივა: საინვესტიციო სუპერ-გიგანტი “ბლექ როკი” უკვე ფლობს კონტრაქტს, რომ ომისშემდგომი უკრაინის ეკონომიკური ყოფიერება ლამის სრულად განაგოს: მის კორპორაციულ და არა უკრაინის სუვერენულ ნებაზე იქნება დამოკიდებული, რა აშენდება იქ და რა არა, რა განვითარდება და რა არა, ვინ იცხოვრებს და იმუშავებს იქ და ვინ არა, როგორი იქნება უკრაინის ეკონომიკური რეაბილიტაციისა და აღმშენებლობის საინვესტიციო პორტფელი და რაც მთავარია, როგორ განაწილდება სარგებელი, რაც ამ ქვეყნის უმდიდრესი რესურსების ექსპლუატაციისგან შეიძლება მიიღონ.
დავსვათ რიტორიკული კითხვა: როდის უფრო მეტად იყო უკრაინა დამოუკიდებელი, 2014 წლამდე თუ მას შემდეგ?! პასუხი ნათელი და მკაფიოა. ამ თვალსაზრისით ჩვენი დღევანდელი დამოუკიდებლობის ხარისხი შეუდარებლად აღემატება უკრაინისას, რომელიც, ვიმეორებ – სრულად დამოკიდებული ქვეყანა გახდა და როგორც ჩანს, არც არავინ აპირებს იგი ამ დამოკიდებულებიდან, რაც კიდევ უარეს “ლომკებს” იწვევს, ვიდრე ნარკომანის წამალდამოკიდებულებაა, გაათავისუფლოს…
…”უკრაინიზაცია” ესაა: იგი არათუ კოლონიაა, არამედ იხვეწება – ოღონდ თქვენი კოლონია ვიყო და თუნდაც გავწყდებით ამისათვისო….
არავის – არც მტერს, არ ვუსურვებ ამგვარ მწარე ხვედრს…