Home Blog Page 2045

,,ჯეო სქაის“ – ეკიპაჟის სრული შემადგენლობა საქართველოში ბრუნდება

,,ჯეო სქაის“ განცხადებით, ავიაკომპანიამ საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით განახორციელა ეკიპაჟის წევრების მშვიდობიანი ევაკუაცია ეგვიპტის საზღვრამდე.

ავიაკომპანიის ცობით, ეკიპაჟის სრული შემადგენლობა 27 აპრილს იქნება საქართველოში.

„ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ეკიპაჟის 20 წევრი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სუდანში, კერძოდ, დედაქალაქ ხარტუმში. მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, თანამშრომელთა უსაფრთხოებისათვის გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა მათი უსაფრთხო დაბრუნება საქართველოში. ავიაკომპანია „ჯეო სქაიმ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით მოახდინა მათი მშვიდობიანი ევაკუაცია სახმელეთო გზით ეგვიპტის საზღვრამდე, სადაც მათ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიხეილ თიგიშვილი დახვდათ. ეკიპაჟის სრული შემადგენლობა 27 აპრილს იქნება საქართველოში.

სუდანში 14 აპრილს დაწყებული სამხედრო დაპირისპირების დროს, ავიაკომპანიის ეკიპაჟის 20 წევრი იმყოფებოდა დედაქალაქ ხარტუმში. მას შემდეგ ავიაკომპანია „ჯეო სქაი“ უწყვეტ რეჟიმში იმყოფებოდა კომუნიკაციაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მათი დახმარებითა და ჩართულობით ეკიპაჟის წევრები უვნებლები დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა

ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას უკრაინული მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობილია, რომ პატრიარქი კირილი გახდა პირველი ადამიანი, რომელიც ჩეხეთმა სანქციების სიაში შეიტანა.

გადაწყვეტილების დასაბუთებაში ნათქვამია, რომ კირილი პუტინის დიდი ხნის მოკავშირეა და თავისი ქმედებებით უკრაინაში რუსეთის აგრესიას მხარს აქტიურად უჭერს.

„ის [კირილი] ისტორიული და რელიგიური თვალსაზრისით უკრაინის ტერიტორიას რუსეთის შემადგენლობაში თვლის. ამიტომ ყველას, ვინც რუსეთისა და უკრაინის ერთიანობის წინააღმდეგ იბრძვის, „ბოროტების ძალებს“ უწოდებს. მაშასადამე, პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ უკრაინაში აგრესია არის „მეტაფიზიკური განზომილების ბრძოლა“ „უკრაინის სულიერი წმენდისა“ და „კაცობრიობის გადარჩენისთვის“. ასევე, პატრიარქმა კირილმა არაერთხელ დალოცა რუსი ჯარისკაცები და ის მხარს უჭერს მათ ქმედებებს – არწმუნებს, რომ სწორი მიმართულებით მიდიან“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

მასწავლებელთა პორტფოლიოს წარდგენის ვადა გახანგრძლივდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მედიასთან განაცხადა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პორტფოლიოს წარდგენის ვადა გაახანგრძლივეს.

„ვინაიდან მასწავლებლის პორტფოლიო წარმოადგენს პედაგოგის ინდივიდუალური, პრაქტიკული საქმიანობის ამსახველ ინსტრუმენტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეალური სურათის დასანახად და მხოლოდ გამოცდის ფორმით შეუძლებელია მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასება, ჩვენი სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომელიც სულ ერთი კვირის წინ შევქმენი, გადავწყვიტეთ, რომ პორტფოლიოს წარდგენის ვადა, რომელიც განსაზღვრული იყო პირველ მაისამდე, გადავწიეთ კიდევ ერთი თვით და განვსაზღვრეთ პირველ ივნისამდე, ვინაიდან მასწავლებლებმა მშვიდად, წყნარად, გააგრძელონ მუშაობა აღნიშნულ საკითხზე და ეს არის სწორედ ის გონივრული ვადა, სადაც ისინი უპრობლემოდ შეძლებენ თავიანთი ე.წ. პრაქტიკული საქმიანობის დამამტკიცებელი სხვადასხვა მტკიცებულების წარმოდგენას კომისიისთვის, რომ განვსაზღვროთ მათი კვალიფიკაციის ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ პორტფოლიოს წარდგენის ვადამ გადაიწია, მასწავლებლებს შეეძლებათ გაზრდილი სტატუსის დანამატით 2023-2024 სასწავლო წლიდან ისარგებლონ“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

გიორგი ამილახვარის თქმით, ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს ვადების გადაწევის გადაწყვეტილებას.

„ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს ამ გადაწყვეტილებას რაც აქამდე მე მომივიდა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მასწავლებელთა კორპუსში, ვინაიდან ყველა ინდივიდუალური თუ სხვა ჯგუფის ინტერესები გავითვალისწინეთ. ერთადერთი, რის კომპრომისზეც არ წავალთ, ეს არის ხარისხი. შესაბამისად, რაც სჭირდება ჩვენი შვილებისთვის უკეთესი განათლების შექმნას, ამის საფუძველზე იქნება ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული პირველ რიგში მასწავლებლების ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა მინისტრმა.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში კავკასიური ლეგიონის მეთაური ლადო გამსახურდია ავრცელებს. ქართველი გმირი სწორედ ამ ლეგიონის წევრი იყო.

უცნობია დაღუპვის მიზეზი და ადგილი. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მეომრების თქმით,  ზურაბ ოდიშვილი არაერთ ქიმიურ დაბომბვაში მოყვა და შესაძლოა, გარდაცვალებაც სწორედ ამან გამოიწვია.

ზურაბ ოდიშვილი 43-ე ქართველი გმირია, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას შეეწირა.

„ამ კვლევებით, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ცდილობენ”- თამთა მეგრელიშვილი

კვლევებით, რომელთაც გვთავაზობენ, რეალურად საზოგადოებრივ აზრს კი არ იკვლევენ, არამედ მის ფორმირებას ცდილობენ. რა თქმა უნდა, ეს კვლევები ყოველ ჯერზე აცდენილია რეალობას.“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გამოქვეყნებული კვლევები სიმართლესთან ერთად ცრუ ინფორმაციასაც აპარებს ხალხს, რაც ემსახურება საზოგადოების აზრის ფორმირებას.

„კვლევებით, რომელთაც გვთავაზობენ, რეალურად საზოგადოებრივ აზრს კი არ იკვლევენ, არამედ მის ფორმირებას ცდილობენ. რა თქმა უნდა, ეს კვლევები ყოველ ჯერზე აცდენილია რეალობას. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და სხვა ორგანიზაციები მანიპულირებენ ისეთი მნიშვნელოვანი თემებით, როგორიცაა ეკლესია, საპატრიარქო, ჯარი, მყარი ინსტიტუციები და სიმართლესთან ერთად გვაწვდიან ცრუ ინფორმაციასაც, რათა ეს იყოს ადვილად დასაჯერებელი. მაგალითად, ავიღოთ პატრიარქის რეიტინგი, რომელიც არის 91%. თუ გავაანალიზებთ ხალხის განწყობასა და პატრიარქისადმი დამოკიდებულებას, შესაძლებელია, რომ ეს ციფრი ნამდვილი იყოს. ასევე, მაგალითად, ამბობენ, რომ ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობამ 80% შეადგინა. რა თქმა უნდა, საზოგადოების განწყობებს თუ შევაფასებთ და გადავხედავთ, შესაძლებელია, რომ ეს მართალი იყოს, მაგრამ 15-იდან 13 პარტიას აქვს, როგორც ხედავთ, 1-დან 3%-მდე, ამ ფონზე კი „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენიმე ერთეულით მეტი.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობებია, მაგრამ ამ ფონზე ძალიან საყურადღებოა, რომ კონფლიქტის თემა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში აინტერესებს 5%-ს. ეს დამაფიქრებელთან ერთად შეუძლებელიცაა, რადგან შეუძლებელია, საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ 5% იყოს დაინტერესებული ამ პრობლემით. აქ საქმე გვაქვს იმასთან, რომ ისინი ცდილობენ, აზრის ფორმირება მოახდინონ საზოგადოებაში და ეს პრობლემა რატომღაც მივიწყებულ პრობლემათა რიგს მიაკუთვნონ, ანუ შეცვალონ, ან მიაძინონ ქართველი ხალხის მკაფიო პოზიცია და დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით. ასევე შეუძლებელია, ხალხის 80%-ს სურდეს ევროინტეგრაცია, ამასთანავე მიიჩნევდეს, რომ სახელისუფლებო გუნდი, „ქართული ოცნება“, რუსეთისკენ მიაქანებს ქვეყანას და ამავდროულად ზედიზედ რამდენიმე ვადით ხელისუფლებაში მოჰყავდეს ეს პარტია.

დაისვა კითხვა: ახლა რომ ტარდებოდეს არჩევნები, ხმას ვის მისცემდითო? – შეუძლებელია, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს 19% და „ნაციონალურ მოძრაობას“ – 14%. ყველამ ვიცით, რომ ასეთი მცირე სხვაობა შეუძლებელი და აბსურდულია. საერთო ჯამში, კვლევა არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციური ძალების პოლიტიკური დაკვეთა. ეს არ არის ის რეალობა, რომელსაც ქართულ საზოგადოებას უნდა სთავაზობდეს ავტორიტეტული კვლევა! როგორ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილსა და შალვა ნათელაშვილს ერთი და იგივე რეიტინგი ჰქონდეთ?! -ეს მოცემულობა უკვე ღიმილის მომგვრელია. ვის ეჯიბრებიან? – კაცს, მეცენატს, ქველმოქმედს.

აბსურდია, რომ მათ ერთნაირი რეიტინგი ჰქონდეთ. ეს პოლიტიკური დაკვეთაა, რომელიც, ალბათ, ჯეროვნადაც ვერ შესრულდა რეალურად. არ ვიცი, რა იყო გეგმაში, მაგრამ ცალსახად ნათელია, რომ დილეტანტმა, უბრალო მოქალაქემ, რომელიც კვლევების დიდი მცოდნე არ არის, რომ გადაავლოს თვალი, თავისთავად მიხვდება ყველაფერს. კვლევას აქვს თავისი ტექნიკა, როგორ უნდა აწარმოო იგი იმისათვის, რომ იყოს სრულყოფილი და პროდუქტიული, იმ შედეგის მომცემი, რა მიზნითაც ეს კვლევა კეთდება. ცალსახად ნათელია, რომ ეს არის აბსურდული, პარტიის ოფისში დაწერილი შედეგები, რომელიც დიაგრამით ასახეს და „ავტორიტეტულმა“ ორგანიზაციამ სააშკარაოზე გამოიტანა,“ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

რუსეთში თამარ გვერდწითელისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ

ორგანიზაცია „რუსეთის მამები“ ითხოვენ, რომ რუსეთის სახალხო არტისტს თამარ გვერდწითელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჩამოერთვას. ამის შესახებ ტელეგრამ არხი „მეში“ იტყობინება.

ამავე ინფორმაციით, მათ უკვე მიმართეს საგამოძიებო კომიტეტს და მთავარ პროკურატურას.

„რუსეთის მამების“ აქტივისტი ანდრეი ზგონიკოვი ამბობს, რომ „რუსული საზოგადოების საყვარელი ვარსკვლავი „ლამაზად არ იქცევა“.

მისივე თქმით, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ გვერდწითელმა რუსეთის ფედერაციაში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა.

ინფორმაციისთვის, „რუსეთის მამები“ რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერი ორგანიზაციაა.

 

“მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ სამედიცინო მონაცემები ძალიან მწირია” -სილვიუ დომენტე

შეხვედრამ კვლავ აჩვენა რამდენად კომპლექსური საკითხია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ აქონდროპლაზიასა და მედიკამენტ „ვოსორიტიდის” თაობაზე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღევანდელი შეხვედრა კონკრეტულად აქონდროპლაზიას და საქართველოში ამ დაავადების მქონე ბავშვების მედიკამენტებზე წვდომას დაეთმო. საქმე იშვიათ დაავადებასა და მედიკამენტებს ეხება, რომლებიც იშვიათი დაავადებების მკურნალობისთვის გამოიყენება.

შეხვედრამ კვლავ აჩვენა რამდენად კომპლექსური საკითხია და რამდენი კითხვა არსებობს. ამავდროულად, მსოფლიოს მასშტაბით ამ მედიკამენტის სამედიცინო მონაცემები ძალიან მწირია.

რამდენიმე პროცესის მიმდინარეობს. პირველია, საქართველოში ამ მედიკამენტის გამოყენების დამტკიცება და, როგორც წესი, ეს ექსპერტებისა და მრავალდისციპლინარული გუნდის მიერ ხდება ხოლმე სამედიცინო მონაცემებსა და კლინიკურ ცდებზე დაყრდნობით. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ფარმა-ეკონომიკურ ანალიზსა და ხარჯების ეფექტურობაზე დაყრდნობით ხდება”, – განაცხადა დომენტემ.

ამასთან, მისივე თქმით, მედიკამენტის გამოყენებისთვის დამტკიცება მხოლოდ პირველი ეტაპია, ეს არ ნიშნავს, რომ დამტკიცების შემდეგ იგი ავტომატურად ხელმისაწვდომი იქნება.

„ვინაიდან საქმე იშვიათ დაავადებას ეხება, ძალიან ცოტა პაციენტი არსებობს ამგვარი მკურნალობის ქვეშ. ასე რომ, კლინიკური მონაცემები ძალიან მწირია და ბევრ ქვეყანაში [მედიკამენტის] გამოყენებისთვის დამტკიცების პროცესს საკმაოდ დიდი დრო მიაქვს.

მაგრამ გამოყენებისთვის დამტკიცება მხოლოდ პირველი ეტაპია. ეს არ ნიშნავს, რომ დამტკიცების შემდეგ ეს მედიკამენტები ავტომატურად ხელმისაწვდომი იქნება მკურნალობისთვის. შემდეგი ეტაპია სახელმწიფოს მიერ მისი კომპენსაციის დამტკიცება და კომპენსაციის ბევრი სქემა არსებობს, ამიტომ უნდა გადაწყდეს როგორ მოხდება ამ მედიკამენტის დაფარვა – სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ალტერნატიული წყაროებიდან თუ შერეული წყაროებიდან. ასე რომ, გარკვეული დრო ამასაც მიაქვს და დამოკიდებულია ქვეყნების ჯანდაცვის სისტემაზე, საბიუჯეტო მონაცემებზე და ბევრ სხვა ფაქტორზე“, – განაცხადა დომენტემ.

“ვოსორიტიდთან” დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება, არ მინდა, ცრუ მოლოდინები შევქმნა”

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ქართულ პროტოკოლში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უნდა შეიქმნას, განსაზღვრული იქნება მედიკამენტის გამოყენების პირობები იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს.

მისივე თქმით, მედიკამენტთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი გრძელდება.

„სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქონდროპლაზიის პროტოკოლზე მუშაობს, ესწრებოდა საბჭოს შეხვედრას. მათ გამოთქვეს თავიანთი პოზიციები და აღნიშნეს, რომ მზად არიან, პროტოკოლი ერთი თვის ვადაში ჩამოაყალიბონ. პროტოკოლი იქნება ბევრი მიმართულებით – ჩამოყალიბებული იქნება სრულყოფილი მართვის სქემა, მათ შორის განისაზღვრება მედიკამენტის ადგილი და გამოყენების პირობები იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. შემდეგ საბჭო და სამუშაო ჯგუფი მიიღებს გადაწყვეტილებას უშუალოდ მედიკამენტის ადმინისტრირების შესახებ. პროცესი მიმდინარეობს და, ვფიქრობთ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად ჩვენც მეტი სიცხადე გვექნება, რა გზას მივმართოთ უშუალოდ მედიკამენტთან დაკავშირებით. ამავე დროს, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ მრავლობითი საჭიროებები, რაც ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ, უნდა შეფასდეს დღესვე და მოხდეს ამ საჭიროებების დაკმაყოფილება, იქნება ეს ჩვენს ქვეყანაში თუ უცხოეთში. შეხვედრა დათმობილი იყო პროფესიული წრეებისთვის და ტექნიკური საკითხები იყო განხილული, მათ შორის მედიკამენტის ანაზღაურების მექანიზმები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის შემდეგ შეხვედრაზე დასწრების საშუალება ექნებათ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებსაც.

„ზოგადად, მშობლების წარმომადგენელი არის სამუშაო ჯგუფში. მშობლებს მონაწილეობის მიღების საშუალება სამუშაო ჯგუფის შემდეგ სხდომაზე ექნებათ. როგორც მოგეხსენებათ, ორი ჯგუფი მუშაობს – იშვიათი დაავადებების საბჭო, რომელსაც ფართო პროფილი აქვს, სადაც მხოლოდ აქონდროპლაზიაზე არ არის მსჯელობა და მეორე – სამუშაო ჯგუფი, რომელიც უშუალოდ აქონდროპლაზიის პროტოკოლის მიმართულებით მუშაობს. პრეპარატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება. არ მინდა, ცრუ მოლოდინები შევქმნა. კონსულტაციები გრძელდება, სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ვფიქრობთ, ერთი თვე, ასევე ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება იქნება გადამწყვეტი გადაწყვეტილების მიღებისთვის“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5019 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5019 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5046 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7661 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7618 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადდა 2023 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადდა 2023 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“.

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება  მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად;  მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტთა და დოქტორანტთა), ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის;  სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, დაეხმარება მოსწავლეს, გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე:

 https://bit.ly/41AWAHF

„თუ დასავლეთი სტრატეგიას არ შეცვლის, უკრაინა ახალ ქაბულად გადაიქცევა“ – Focus

გერმანულ ჟურნალ „ფოკუსში“ (Focus) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თუ დასავლეთი სტრატეგიას არ შეცვლის, უკრაინა ახალ ქაბულად გადაიქცევა“ (ავტორი – გაბორ შტაინგარტი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

დასავლეთი უკრაინაში რიგი არასასიამოვნო პრობლემების წინაშე დადგა. ფრონტის ხაზი ძალიან გაჭიმულია, უკრაინის არმიის აღჭურვილობა არასაკმარისია, ანტირუსული ისეთ ეფექტური არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდებოდა. დასავლეთი უკრაინაში კოლოსალურ თანხებს ხარჯავს, მაგრამ იმავდროულად საზოგადოების მხარდაჭერა სუსტდება. ნატოშიც ერთიანობა მტკიცე არ არის და ხშირად მხოლოდ საქმით კი არა, სიტყვებით გამოიხატება. ამრიგად, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა მალე მოსალოდნელი მშვიდობისაკენ გადადგამს ნაბიჯს, მაგრამ ეს იქნება მშვიდობა რუსული პირობებით, – ნათქვამია სტატიაში.

„დიახ, კარგი ახალი ამბავი იქნება, თუ გავიგონებთ, რომ უკრაინა მშვიდობას უახლოვდება, მაგრამ იგივე კარგ ამბავს მეორე მხარეც აქვს: როგორც ჩანს, ეს ისეთი მშვიდობა იქნება, რომელიც „რუსული დიქტატით“ დამყარდება.
უკრაინას დღეს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს – როგორც ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში და ფრონტზე, ასევე ქვეყნის გარეთ – დასავლეთის რეაქცია კიევის მიმართ გარეგნულად ერთიანია, მაგრამ მასში რამდენიმე არასასიამოვნო მომენტი შეინიშნება:

პირველი – ფრონტის ხაზი ძალიან გრძელი და გაჭიმულია, თითქმის 1300 კილომეტრი. ასეთ სიტუაციაში უკრაინის არმიისათვის წარმატების მოპოვება ძალიან რთული იქნება. უკრაინა სულ უფრო მეტად მოგვაგონებს დაშლის პერიოდში მყოფ სახელმწიფოს: დაკარგულია დონბასის სამრეწველო რეგიონის – რამდენიმე ოლქის ტერიტორია, აზოვის ზღვის მთლიანი სანაპირო თავისი მსხვილი ნავსადგურებით (მარიუპოლით და ბერდიანსკით), ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსეთის აკონტროლებს, ყირიმი კი ისეა გამაგრებული, რომ უკრაინას მისი ბრძოლით დაბრუნება, რბილად რომ ვთქვათ, გაუჭირდება.

მეორე – როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები თვლიან, დასავლეთის განცხადებების მიუხედავად, რომ უკრაინის არმია უკვე კარგად არის აღჭურვილი, რეალობა სხვას აჩვენებს: კიევისათვის გადაცემული იარაღი, ტანკების ჩათვლით, ჯერ კიდევ არასაკმარისია გადამწყვეტი წარმატების მისაღწევად.

მესამე – დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ეკონომიკური სანქციები მაინცდამაინც დიდად ეფექტური არ აღმოჩნდა. თვით დასავლური საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ აღიარებული პროგნოზით, 2023-2024 წლებში რუსეთის ეკონომიკა კი არ დაინგრევა, არამედ წინ წავა: მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 0,7%-დან 1,3%-მდე გაიზრდება. ის პროდუქცია, რომლის მოსკოვისადმი მიწოდება დასავლეთმა აკრძალა, რუსეთში მაინც შედის – მესამე ქვეყნების მეშვეობით. რუსულ გაზს და ნავთობს, ევროპის ნაცვლად, ახლა ინდოეთი და ჩინეთი ყიდულობს (არა იმ რაოდენობით, როგორსაც ევროკავშირი ყიდულობდა, მაგრამ კრემლი მაინც დიდ შემოსავლებს იღებს). მოკლედ, მოსკოვმა ახალი კლიენტები გაიჩინა.

მეოთხე – დასავლეთის იმედების მიუხედავად, რომ რუსეთი საერთაშორისო არენიდან გარიყული აღმოჩნდებოდა, მოლოდინი არ გამართლდა: მსოფლიოს სახელმწიფოთა უდიდესი ნაწილი თვლის, რომ აშშ-საც თავისი მნიშვნელოვანი ბრალი მიუძღვის ომის გაჩაღებაში. გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ჰყავს ჩინეთის სახით
მეექვსე – დღეისათვის დასავლეთს უკრაინაში უკვე 55 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ვალების სახით არსებობს. აშშ-მა და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ კიდევ 130 მილიარდის დახმარებას გაუწევენ. მოკლედ, წარმატების ფასი მატულობს, მაგრამ თვითონ ისეთი წარმატება, რომელიც გარდამტეხი იქნება, ჯერ არ ჩანს.

მეშვიდე – დასავლეთისათვის არასასიამოვნო ტენდენციას წარმოადგენს ის, რომ ოდესღაც აქტიური დასავლური საზოგადოების მხარდაჭერა უკრაინელთა მიმართ თანდათან სუსტდება. ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ მოსახლეობის აზრით, რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციები არ ღირს იმისათვის, რომ ხალხმა ესოდენ მწვავე ეკონომიკური დისკომფორტი განიცადოს, გამოხატული ენერგორესურსებზე და კვების პროდუქტებზე ფასების მატებაში.

მერვე – ითვლება, რომ ომის შედეგად ნატოს ერთიანობა განუხრელად განმტკიცდა, მაგრამ სინამდვილეში ალიანსის ერთიანობა მხოლოდ რიტორიკულ ასპექტში არსებობს. რეალურად ნატოს წევრები უკრაინის მიმართ ერთნაირად არ იქცევიან – ზოგი მეტად ეხმარება, ზოგი ნაკლებად, ზოგიერთები კი საერთოდ უარს აცხადებენ გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-საგან ევროპის პოზიციის გლობალური განსხვავება დააფიქსირა – ევროკავშირმა ავტონომია უნდა შეინარჩუნოს და განამტკიცოს.

ამრიგად, თითქოსდა ერთიანი დასავლეთი გზას აცდენილის შთაბეჭდილებას ტოვებს: უკრაინისათვის იარაღის მიწოდება არასაკმარისია, რუსეთს რესურსები ბევრად უფრო მეტი აქვს; სანქციები არაეფექტურია; დასავლეთში სამშვიდობო გეგმის შემუშავებასა და რეალიზებაზე არავინ ზრუნავს, ანუ პერსპექტივაზე არავინ ფიქრობს. აუცილებელია, რომ უკრაინის მოკავშირეებმა სტრატეგია შეცვალონ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში კიევი დასავლეთისთვის ახალი ქაბული გახდება (ავტორი გულისხმობს დასავლური კოალიციის ავღანეთიდან გამოქცევის პრეცედენტს).

წყარო

“რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო გააქტიურდება საქართველოში დაკვეთილი პოლიტიკური კვლევები”- დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე IRI-ს კვლევას აფასებს. როგორც დეპუტატი წერს, კვლევა მიზნად საზოგადოებაში ოპოზიციის სასარგებლოდ წინასაარჩევნო განწყობების შექმნას ისახავს.

„გუშინ იყო IRI, ხვალ იქნება NDI, თუმცა, უცხოური ორგანიზაციების მიზანი ერთია – შექმნან საზოგადოებაში წინასაარჩევნო განწყობები ოპოზიციის სასარგებლოდ.

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო გააქტიურდება საქართველოში დაკვეთილი პოლიტიკური კვლევები მათთვის სასურველი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. IRI-ს კვლევაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციების არც ერთი კვლევის შედეგი არჩევნების შედეგებს არასოდეს დამთხვევია, მაინც ჯიუტად განაგრძობენ ხალხის მოტყუებასა და მომაკვდავი ქართული ოპოზიციის რეანიმაციას. ეს კვლევა არის „ნაცმოძრაობის“ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთების ტოლფასი, სადაც ჟანგბადს მაღალი წნევით აწვდიან, მაგრამ მაინც არ ჰყოფნის.

კვლევაში რამდენიმე საყურადღებო მესიჯია, რომლის აგორებასაც კვლევის დამკვეთები აუცილებლად შეეცდებიან.

ვიოლა ფონ კრამონმა ევროპიდან გვითხრა, რომ მოსახლეობის 89%-ს ევროკავშირში შესვლა სურს და ამ კვლევით ჩვენ დასავლეთთან ბრძოლა წავაგეთ.

ქალბატონ კრამონს ავიწყდება, რომ იმ პროცენტებში ჩვენი ხმებიც არის. ჩვენ ბრძოლა კი არ წავაგეთ, არამედ მოვიგეთ, რადგან მოსახლეობის არჩევანს რეალობად მალე სწორედ ჩვენ ვაქცევთ, განსხვავებით მათგან მხარდაჭერილი ქართული ოპოზიციისგან – ისინი დღეს ყველაფერს აკეთებენ, რათა არ მოგვცენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

IRI-ის კვლევაზე, 29 აპრილის შუალედურ არჩევნებზე ვერცერთმა პარტიამ კანდიდატის დაყენებაც რომ ვერ გაბედა, ეს არის ყველაზე კარგი დასტური, თუ რამდენად აცდენილია კვლევა რეალობას.

მათი კვლევით, საქართველოში კრიმინალებს უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ, ვიდრე – ქველმოქმედებას. ეს ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა.

რაც უფრო მეტ ასეთ არარეალური კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებენ უცხოური ორგანიზაციები, მით უფრო მეტად შეილახება მათი სახელი. როდესაც 11 წლის განმავლობაში ვერც ერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს არჩევნების შედეგებს ვერ ამთხვევ, ან კვლევა უნდა შეწყვიტო, ან – ხალხის მოტყუება. თუმცა, ხალხმა ეს ტექნოლოგიებიც კარგად შეითვისა და აღარ ტყუვდება“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.