„თუ დასავლეთი სტრატეგიას არ შეცვლის, უკრაინა ახალ ქაბულად გადაიქცევა“ – Focus

270
spot_img

გერმანულ ჟურნალ „ფოკუსში“ (Focus) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თუ დასავლეთი სტრატეგიას არ შეცვლის, უკრაინა ახალ ქაბულად გადაიქცევა“ (ავტორი – გაბორ შტაინგარტი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

დასავლეთი უკრაინაში რიგი არასასიამოვნო პრობლემების წინაშე დადგა. ფრონტის ხაზი ძალიან გაჭიმულია, უკრაინის არმიის აღჭურვილობა არასაკმარისია, ანტირუსული ისეთ ეფექტური არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდებოდა. დასავლეთი უკრაინაში კოლოსალურ თანხებს ხარჯავს, მაგრამ იმავდროულად საზოგადოების მხარდაჭერა სუსტდება. ნატოშიც ერთიანობა მტკიცე არ არის და ხშირად მხოლოდ საქმით კი არა, სიტყვებით გამოიხატება. ამრიგად, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა მალე მოსალოდნელი მშვიდობისაკენ გადადგამს ნაბიჯს, მაგრამ ეს იქნება მშვიდობა რუსული პირობებით, – ნათქვამია სტატიაში.

„დიახ, კარგი ახალი ამბავი იქნება, თუ გავიგონებთ, რომ უკრაინა მშვიდობას უახლოვდება, მაგრამ იგივე კარგ ამბავს მეორე მხარეც აქვს: როგორც ჩანს, ეს ისეთი მშვიდობა იქნება, რომელიც „რუსული დიქტატით“ დამყარდება.
უკრაინას დღეს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს – როგორც ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში და ფრონტზე, ასევე ქვეყნის გარეთ – დასავლეთის რეაქცია კიევის მიმართ გარეგნულად ერთიანია, მაგრამ მასში რამდენიმე არასასიამოვნო მომენტი შეინიშნება:

პირველი – ფრონტის ხაზი ძალიან გრძელი და გაჭიმულია, თითქმის 1300 კილომეტრი. ასეთ სიტუაციაში უკრაინის არმიისათვის წარმატების მოპოვება ძალიან რთული იქნება. უკრაინა სულ უფრო მეტად მოგვაგონებს დაშლის პერიოდში მყოფ სახელმწიფოს: დაკარგულია დონბასის სამრეწველო რეგიონის – რამდენიმე ოლქის ტერიტორია, აზოვის ზღვის მთლიანი სანაპირო თავისი მსხვილი ნავსადგურებით (მარიუპოლით და ბერდიანსკით), ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსეთის აკონტროლებს, ყირიმი კი ისეა გამაგრებული, რომ უკრაინას მისი ბრძოლით დაბრუნება, რბილად რომ ვთქვათ, გაუჭირდება.

მეორე – როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები თვლიან, დასავლეთის განცხადებების მიუხედავად, რომ უკრაინის არმია უკვე კარგად არის აღჭურვილი, რეალობა სხვას აჩვენებს: კიევისათვის გადაცემული იარაღი, ტანკების ჩათვლით, ჯერ კიდევ არასაკმარისია გადამწყვეტი წარმატების მისაღწევად.

მესამე – დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ეკონომიკური სანქციები მაინცდამაინც დიდად ეფექტური არ აღმოჩნდა. თვით დასავლური საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ აღიარებული პროგნოზით, 2023-2024 წლებში რუსეთის ეკონომიკა კი არ დაინგრევა, არამედ წინ წავა: მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 0,7%-დან 1,3%-მდე გაიზრდება. ის პროდუქცია, რომლის მოსკოვისადმი მიწოდება დასავლეთმა აკრძალა, რუსეთში მაინც შედის – მესამე ქვეყნების მეშვეობით. რუსულ გაზს და ნავთობს, ევროპის ნაცვლად, ახლა ინდოეთი და ჩინეთი ყიდულობს (არა იმ რაოდენობით, როგორსაც ევროკავშირი ყიდულობდა, მაგრამ კრემლი მაინც დიდ შემოსავლებს იღებს). მოკლედ, მოსკოვმა ახალი კლიენტები გაიჩინა.

მეოთხე – დასავლეთის იმედების მიუხედავად, რომ რუსეთი საერთაშორისო არენიდან გარიყული აღმოჩნდებოდა, მოლოდინი არ გამართლდა: მსოფლიოს სახელმწიფოთა უდიდესი ნაწილი თვლის, რომ აშშ-საც თავისი მნიშვნელოვანი ბრალი მიუძღვის ომის გაჩაღებაში. გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ჰყავს ჩინეთის სახით
მეექვსე – დღეისათვის დასავლეთს უკრაინაში უკვე 55 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ვალების სახით არსებობს. აშშ-მა და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ კიდევ 130 მილიარდის დახმარებას გაუწევენ. მოკლედ, წარმატების ფასი მატულობს, მაგრამ თვითონ ისეთი წარმატება, რომელიც გარდამტეხი იქნება, ჯერ არ ჩანს.

მეშვიდე – დასავლეთისათვის არასასიამოვნო ტენდენციას წარმოადგენს ის, რომ ოდესღაც აქტიური დასავლური საზოგადოების მხარდაჭერა უკრაინელთა მიმართ თანდათან სუსტდება. ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ მოსახლეობის აზრით, რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციები არ ღირს იმისათვის, რომ ხალხმა ესოდენ მწვავე ეკონომიკური დისკომფორტი განიცადოს, გამოხატული ენერგორესურსებზე და კვების პროდუქტებზე ფასების მატებაში.

მერვე – ითვლება, რომ ომის შედეგად ნატოს ერთიანობა განუხრელად განმტკიცდა, მაგრამ სინამდვილეში ალიანსის ერთიანობა მხოლოდ რიტორიკულ ასპექტში არსებობს. რეალურად ნატოს წევრები უკრაინის მიმართ ერთნაირად არ იქცევიან – ზოგი მეტად ეხმარება, ზოგი ნაკლებად, ზოგიერთები კი საერთოდ უარს აცხადებენ გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-საგან ევროპის პოზიციის გლობალური განსხვავება დააფიქსირა – ევროკავშირმა ავტონომია უნდა შეინარჩუნოს და განამტკიცოს.

ამრიგად, თითქოსდა ერთიანი დასავლეთი გზას აცდენილის შთაბეჭდილებას ტოვებს: უკრაინისათვის იარაღის მიწოდება არასაკმარისია, რუსეთს რესურსები ბევრად უფრო მეტი აქვს; სანქციები არაეფექტურია; დასავლეთში სამშვიდობო გეგმის შემუშავებასა და რეალიზებაზე არავინ ზრუნავს, ანუ პერსპექტივაზე არავინ ფიქრობს. აუცილებელია, რომ უკრაინის მოკავშირეებმა სტრატეგია შეცვალონ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში კიევი დასავლეთისთვის ახალი ქაბული გახდება (ავტორი გულისხმობს დასავლური კოალიციის ავღანეთიდან გამოქცევის პრეცედენტს).

წყარო