Home Blog Page 2045

“ტოლერანტობა ქართველი ხალხის უნიკალური ტრადიციაა” – პრემიერი

დიახ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია; მაგრამ ჩვენი კათოლიკეები,  მუსლიმები, ებრაელები ჩვენს წინაპრებთან ერთად ქმნიდნენ ჩვენს დიდ ისტორიას და ქმნიან მის დღევანდელობას. ჩვენთვის ძალზე ძვირფასია მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანმშრომლობის ეს ისტორია. ჯერ კიდევ XI-ე საუკუნეში ჩვენი უდიდესი მეფე, დავით აღმაშენებელი რელიგიურ დღესასწაულებზე მეჩეთში სტუმრობდა მუსლიმებს პატივისცემის გამოსახატად. სხვათა შორის, საქართველო უნიკალური ქვეყანა იმითაც, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი, შიიტი და სუნიტი მუსლიმები დღესაც ერთსა და იმავე მეჩეთში ლოცულობენ, – ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტოლერანტობა ქართველი ხალხის უნიკალური ტრადიციაა.

„ისტორიულ ძველ თბილისში ერთმანეთის გვერდით არის მართლმადიდებლური ტაძარი, სომხური ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ტოლერანტობაზე მიანიშნებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, სადაც ებრაელები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ცხოვრობდნენ,  არასდროს ყოფილა მათი დევნა. ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26-საუკუნოვან ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ჩვენს ერებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან უნიკალურ მეგობრული თანაცხოვრების უდიდეს აღიარებას ნიშნავს.

ასე რომ, ტოლერანტობა ჩვენი უნიკალური ტრადიციაა და საფრთხეს წარმოადგენს არა რომელიმე რელიგია, უმცირესობა, ან განსხვავებული აზრი, არამედ ის, ვინც რწმენისა და ფასეულობების გარეშე, ცინიზმით შეირაღებული, ხშირად სწორედ რელიგიის, დემოკრატიის, თავისუფლების სახელით – სინამდვილეში თავისუფლებასა და სიმართლეს უპირისპირდება,”- აღნიშნა პრემიერმა.

“რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს და რომელიც ყველას გვეხება”

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს და რომელიც ყველას გვეხება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლის, სასტიკი ნგრევის შეჩერება უდიდეს საერთო ძალისხმევას მოითხოვს.

“დღესაც, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ყველა ჩვენგანის, მთელი კაცობრიობის მიზანი და ამოცანა – მშვიდობის უზრუნველყოფაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ვგულშემატკივრობთ რა უკრაინას, უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ სამშვიდობო მოლაპარაკებების, ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის პირობების შესაქმნელად.

თქვენ იცით, რომ ჩვენ გადავიტანეთ მძიმე ომი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში; ჩვენმა ქვეყანამ ამ ომში დიდი ადამიანური მსხვერპლი გაიღო; ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ;

ქართველებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ქართველები მცირე, მაგრამ ძლიერი, თავისუფლებისმოყვარე ერია. მაგრამ როდესაც საჭიროა, ჩვენ თავდადებით ვიბრძვით თავისუფლების, საკუთარი ოჯახებისა და სამშობლოს დასაცავად. მთელ ჩვენს ისტორიაზე რომ არ ვილაპარაკოთ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ჩვენ გადავიტანეთ არაერთი ომი ჩვენს ქვეყანაში; ბოლო წლებში ჩვენი მამაცი ჯარისკაცები ნატოს ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად იცავდნენ გლობალურ უსაფრთოებას. ავღანეთის სამშიდობო მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ჩვენ ყველაზე მეტი ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი; 32 ქართველი გმირი ჯარისკაცი დაიღუპა ამ ბრძოლაში, ასეულობით კი – დაშავდა.

ასე რომ, ვიცით რა, რა მოაქვს ომს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის. იესო ქრისტე ამბობს სახარებაში: ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. ამ ურთულეს დროში, მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობისა, ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ისტორიაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა საქართველოში”,– განაცხადა პრემიერმა.

Visa-სა და თიბისის პარტნიორობით საქართველოში Visa-ს B2B საერთაშორისო გადახდების პლატფორმა დაინერგება

თიბისისა და Visa-ს პარტნიორობით საქართველოში B2B საერთაშორისო გადახდების პლატფორმა – Visa B2B Connect დაინერგება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და  Visa B2B Connect-ის, CEMEA-ს რეგიონის ხელმძღვანელმა ვიშალ ვირმანმა მოაწერეს ხელი.

 

Visa B2B Connect გადახდების სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესების ოპერაციების განვითარებას და საქართველოდან მსოფლიოს მრავალ ბაზარზე ტრანზაქციების განხორციელებას.

 

Visa B2B Connect-ი ოთხ ძირითად ფუნქციონალს ეფუძნება. მათ შორის, ისეთ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა  distributed ledger technology (DLT), რაც უზრუნველყოფს როგორც მონაცემების გაუმჯობესებულ ხედვას, ასევე ტრანზაქციების მიმართულებების პროგნოზირებას. ამ პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება  გამგზავნი ბანკიდან ქსელის შიდა და გარე მიმღები ბანკების მიმართულებით, რაც პროცესს შუამავალი რგოლისაგან ათავისუფლებს.

 

„თიბისი, როგორც ბაზრის ლიდერი, ორიენტირებულია მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებასა და ეკონომიკის განვითარებაში თავისი წვლილის შეტანაზე, ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი კი ინვესტიციებისა და ვაჭრობის ზრდის ხელშეწყობაა. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, ბიზნესებს გამარტივებული და სანდო საოპერაციო გადაწყვეტები შევთავაზოთ, მათ შორის, ფულის მოძრაობისა და გადახდების მიმართულებით. Visa-სთან პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უზრუნველვყოფთ ბიზნესებისათვის ალტერნატიული გადახდების სისტემის იმპლემენტაციას, რაც მათი ტრანზაქციების უწყვეტ რეჟიმში განხორციელებას გულისხმობს. ინოვაციებისა და დიჯიტალიზაციის დანერგვით ჩვენ განვაგრძობთ ტრანზაქციების გეოგრაფიული დაფარვის გაფართოებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას”. – აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისის გენერალურმა დირექტორმა

„ვამაყობთ, რომ Visa B2B Connect პლატფორმას ჩვენს პარტნიორთან თიბისი ბანკთან ერთად ვავითარებთ.   გვჯერა, რომ ტექნოლოგიური სიახლეების ერთობლივი დანერგვით, კორპორაციულ კლიენტებს, ბიზნესებს, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, მსოფლიოს მასშტაბით, უსაფრთხო და ეფექტიანი ტრანზაქციების განხორციელებაში დავეხმარებით. ჩვენი მიზანია, თიბისი ბანკთან ერთად კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ინოვაციებსა და გადახდების ახალი ტექნოლოგიების დანერგვას საქართველოში”.- აღნიშნა დიანა კიღურაძემ, კავკასიაში Visa-ს რეგიონალურმა მენეჯერმა.

 ბიზნესის განვითარებისა და საბანკო ოპერაციების გამარტივებისათვის, თიბისისა და Visa-ს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი  თუ ინიციატივა განხორციელდა.

 

“არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას – უმრავლესობაზე”

როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას – უმრავლესობაზე, ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი – ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა – ქალია, მამა კი – კაცი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა პატივს სცემს თითოეული მოქალაქის უფლებებს და ამას საქმით ამტკიცებს.

“ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი თითოეული მოქალაქის უფლებებს და ამას საქმით ვამტკიცებთ.

2014 წელს, ერთი მხრივ, ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ ასევე, საკუთარი მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმნაციული კანონი, რომელიც განუხრელად იცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.

მაგრამ ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი – ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა – ქალია, მამა კი – კაცი. იმ ადამიანების, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის უფლებებს, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას, რომლის შედეგადაც ჩვენმა პარტიამ მოგვიანებით კონსტიტუციაში შეიტანა ქორწინების, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობის დეფინიცია.

ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ტრადიციულ, კონსერვატიულ, ოჯახურ ღირებულებს იზიარებს. ეს ფასეულობები მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა არ არის, იგი ცოცხალი დღევანდელობაა, გარემო, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ და გვსურს, ჩვენი შვილები აღვზარდოთ. მე ოთხი შვილის მამა გახლავართ და ქართველი მშობლების უდიდეს უმრავლესობასთან ერთად, მსურს ჩვენი მომავალი თაობები ქრისტიანობაზე დაფუძნებულ უნიკალურ ღირებულებზე აღიზარდონ; ისე, როგორც ჩვენ აღგვზარდეს ჩვენმა მშობლებმა.

ამიტომ, ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს, მაგრამ როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას – უმრავლესობაზე. მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია, რომელსაც ქართველის იდენტობა, თვითყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია ეფუძნება”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო” – ირაკლი ღარიბაშვილი

უდავო ფაქტია, რომ დღეს გლობალური წესრიგი იცვლება. მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ამ რთული ვითარებიდან ვერავინ შეძლებს, მარტომ იპოვოს გამოსავალი. საჭიროა ერთიანობა, გლობალური თანამშრომლობა ახალი, უფრო სამართლიანი წესრიგისათვის. მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთიანობისთვის ძალას საქართველოს აძლევს ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ისტორიას და კულტურას.

„რა გვაძლევს ძალას ამ ერთიანობისთვის? უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული, უნივერსალური ფასეულობები, რომელიც განსაზღვრავს მთელ ჩვენს ისტორიას და კულტურას, ჩვენს ყოველდღიურობას. ეს ფასეულობები მარტივად გამოითქმის – ეს არის რწმენა, თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება, სიმართლე, თანასწორობა, ოჯახის სიწმინდე, მშობლების, წინაპრების, ტრადიციების პატივისცემა, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი. ყველაფერი, რაც შეიძლება შევაჯამოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებში – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.

საქართველოს მთელი ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება. არსებითად, ეს ფასეულობები ერთ წიგნში – სახარებაშია თავმოყრილი. ალბათ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც, ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა. დაახლოებით იმავე დროს, მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში ქართულად ითარგმნა სახარება; თუმცა ქრისტიანობის ქადაგება ჩვენთან გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ ქრისტეს პირველმა მოციქულებმა დაიწყეს. ორი ათასი წელია მთელ ჩვენს ისტორიას და კულტურას სწორედ სახარების ფასეულობები განსაზღვრავს. ეს ფასეულობები ყოველთვის საფუძვლად ედო ქართულ იდენტობას, აერთიანებდა ჩვენი ხალხს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ უძველესი, მაგრამ პატარა, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, იმპერიების და ცივილიზაციების შეჯახების ეპიცენტრში მდებარე ქვეყანა გადაურჩა ისტორიის იმ ქარტეხილებს, რომლებმაც არაერთი დიდი და ძლევამოსილი იმპერია გაანადგურა,”- აღნიშნა პრემიერმა.

“უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს” – პრემიერი

უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვიქტორ ორბანი სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია.

“განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარს, პრემიერ ორბანს; უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად  სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“სენატორი დურბინი – გვარამია მსოფლიოს თავისუფალი დემოკრატიული მომავლისთვის მებრძოლიაო”

რეჟისორი, გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“ სენატორი დურბინის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გააკეთა.

„სენატორი დურბინი დეპუტატი, ჰაკერი მაკკეინის ინსტიტუტი

– გვარამია მსოფლიოს თავისუფალი დემოკრატიული მომავლისთვის მებრძოლიაო! მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი და ბოლშევიკები

– თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის მებრძოლი კომუნისტები არიანო
ვის დაუჯეროთ?“, – წერს გოგა ხაინდრავა.

საქართველომ ოფიციალურად გადაიბარა 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი

დღეს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე კორეის რესპუბლიკისგან საქართველომ ოფიციალურად გადაიბარა 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მასშტაბური ღონისძიება თბილისში, 2-5 მაისს გაიმართება.

ასევე, დღეიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს.

საქართველოს, როგორც მომავალი წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის, პოპულარიზაციის მიზნით, მოეწყო სპეციალური სტენდი, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ბევრი დელეგატი ესტუმრა.

5 მაისს გაიმართება ოფიციალური და კულტურული ღონისძიება, სადაც საქართველო წარდგება, როგორც აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა.

“კრემლზე თავდასხმა რუსი ოლიგარქების კოლექტიური დაკვეთით განხორციელდა”

უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებულ თავდასხმას რუს ოლიგარქებს უკავშირებს.

„ბევრი ვერსია არსებობს კრემლის თავზე დრონების შესახებ. ჩემს პირად მოსაზრებას გამოვთქვამ ინსაიდერებზე დაყრდნობით – კრემლზე თავდასხმა განხორციელდა რუსი ოლიგარქების კოლექტიური დაკვეთით, რომლებიც პუტინის რეჟიმის გამო სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. ეს „განაწყენებულთა კლუბის“ პირველი კოლექტიური თამაშია“, – წერს არახამია TELEGRAM-ზე.

შეგახსენებთ, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ღამით უკრაინამ კრემლში პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა სცადა. აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.

უკრაინის ხელისუფლება მომხდართან კავშირს უარყოფს.

“მოსკოვისთვის”, “კრემლისთვის”- რუსებმა ოდესაში „კამიკაძე“ დრონები გაუშვეს

4 მაისის ღამეს, უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის დროს, რუსულმა ძალებმა ოდესის მიმართულებით Shahed-131/136-ის ტიპის 15 „კამიკაძე“ დრონი გაუშვეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „სამხრეთის“ ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობა განადგურდა.

„ოდესაში ღამით, მტერმა შეტევა Shahed-131/136 ტიპის 15 დრონით განახორციელა. 12 საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს”, – აცხადებენ სარდლობაში.

მათივე ინფორმაციით, სამი დრონი ქალაქის ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების საერთო საცხოვრებელს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა, თუმცა ის ადგილობრივმა მაშველებმა სწრაფად ჩააქრეს. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ოდესაში გაშვებულ „კამიკაძე“ დრონებზე ეწერა: „მოსკოვისთვის“ და „კრემლისთვის“.

შეგახსენებთ, წუხელ უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევსა და ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ვეტერანებისთვის ჩაფიძის გულის ცენტრი 143 -ე საქველმოქმედო აქციას ქედაში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 6 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 143-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები).

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან;

მისამართი: ქედა; რუსთაველის ქ. N 14; ევექსის კლინიკა;

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. მემორანდუმის გაფორმებიდან, დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 142 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 12 626 ბენეფიციარს.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

“თბილისში შეხვედრებზე ვსაუბრობთ 12 რეკომენდაციაზე, გვსურს, ვნახოთ, რა პროგრესს მიაღწიეს” – თომას ჰაკერი

გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრის, თომას ჰაკერის განცხადებით, თბილისში გამართულ შეხვედრებზე საუბარი ეხება 12 რეკომენდაციას, თუ რა პროგრესი არის მიღწეული ამ მიმართულებით.

„გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციით ვართ ჩამოსული თბილისში. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ 12 რეკომენდაციაზე და გვინდა ვნახოთ, რა პროგრესს მიაღწიეს აქ, საქართველოში და გვინდა, დავეხმაროთ ყოველმხრივ, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული საზოგადოების წევრი. წელს მოგვიანებით გადაწყვეტილება იქნება ბრიუსელისგან და ჩვენ აქ ვიმყოფებით, რომ ეს შევამოწმოთ. შეხვედრები გვაქვს პარლამენტისა და კომიტეტის თავმჯდომარეებთან, ასევე კოლეგებთან პარლამენტიდან“, – განაცხადა თომას ჰაკერმა.

მისივე თქმით, ასევე შეხვედრას გამართავენ იუსტიციის მინისტრთან და ამ შეხვედრაზე ნიკა გვარამიას საკითხზეც იქნება საუბარი.

„შევხვდებით იუსტიციის მინისტრს რეფორმებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ მე არ მომცეს ნება, მომენახულებინა ციხეში ნიკა გვარამია და იუსტიციის მინისტრთან ამ საკითხზეც ვისაუბრებთ. ევროპარლამენტი და გერმანიის ბუნდესტაგი მის პატიმრობას უფრო პოლიტიკური მიზეზებით განპირობებულად განიხილავს, ვიდრე სხვა მიზეზების გამო და ეს მედია თავისუფლების ნაწილია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს პლურალისტური საზოგადოების, პლურალისტური სახელმწიფოსკენ გზაზე და მედია თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი საკითხია 12 რეკომენდაციიდან“, – აღნიშნა გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრმა, თომას ჰაკერმა.