Home Blog Page 2044

“2008 წლის ომი თურმე არაფერი ყოფილა, ჩვენი გმირი ბიჭები ტყუილად დახოცილან, რისთვის იბრძოდნენ?!”

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომ ისტორიაში პირველად, უკრაინა, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გამო, რუსეთის თავდასხმის ქვეშაა.

მისი შეფასებით, ასეთი განცხადება აღმაშფოთებელია, მაშინ, როდესაც იმავე მიზეზით საქართველოში იყო 2008 წლის აგვისტოს ომი.

„ყველაზე ცუდი და აღმაშფოთებელია ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში ის, რომ თურმე, ისტორიაში პირველად, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გამო, რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო. 2008 წელი თურმე არაფერი ყოფილა. ჩვენი გმირი ბიჭები ტყუილად დახოცილან, რისთვის იბრძოდნენ?!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ასეთი განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია.

„ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი თავის, ქვეყნის ფასი უნდა ვიცოდეთ. ის გზა, რომელიც ჩვენმა ხალხმა აირჩია, არაერთხელ გაგვიჟღერებია – ეს არის ევროპული მომავალი. მაგრამ, ამ რთულ გზაზე, ასეთი განცხადებების მოსმენა დიდ ბრაზს იწვევს პირადად ჩემში, ადამიანში, რომელიც ამ ქვეყანაში დაიბადა, გაიზარდა და ეამაყება, რომ არის ქართველი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ლატვიის პრეზიდენტად ედგარს რინკევიჩსი აირჩიეს

ლატვიის სეიმის წევრებმა ქვეყნის პრეზიდენტად საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი აირჩიეს.

100-წევრიან სეიმში გამართული კენჭისყრის შედეგად ედგარს რინკევიჩსის კანდიდატურას 52-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

მოქმედი პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი, რომელიც ამ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს, მეორე ვადით კენჭს არ იყრიდა.

რინკევიჩსის მთავარი მეტოქე, ბიზნესმენი ულდის პილენსი იყო, რომელმაც 25 ხმა მოიპოვა.

49 წლის ედგარს რინკევიჩსი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2011 წლიდან იკავებდა. მანამდე, ის მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივნად, ასევე იყო ლატვიის რადიოს ჟურნალისტი. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ის პოპულარული იყო ლატვიაში მეზობელი რუსეთის მიმართ ხისტი პოზიციის და უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის გამო.

კაფეში მომხდარი მკვლელობის მცდელობისთვის ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, კაფე ,,სტრადაში” მომხდარი მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 მაისს, ქ. თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში, ბრალდებულმა, შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთ პირს დაზიანებები მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. ინციდენტის დროს, ასევე საფრთხე შეექმნა კაფეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ვინაიდან, ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფება მიმალვაში, 30 მაისს, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რის შემდეგაც მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

“ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატო-ს წევრობაზე უარისთვის” – გიორგი გახარია

ნატო-ს წევრობის სურვილის დასახელება რუსული აგრესიის მიზეზად არის რუსული ნარატივი და იმის დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს.

როგორც გახარია აღნიშნავს, ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატო-ს წევრობაზე უარისთვის.

„ნატო-ს წევრობის სურვილის დასახელება რუსული აგრესიის მიზეზად არის რუსული ნარატივი და კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატოს წევრობაზე უარისთვის “მეორე ფრონტის” და „ნეიტრალიტეტის“ ყალბი ნარატივის ქვეშ. ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა არის მშვიდობის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი“, – წერს გახარია სოციალურ ქსელში.

“ეროვნული ბანკის მხრიდან ხდება სანქციების დაცვის მონიტორინგი” – არჩილ მესტვირიშვილი

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ეროვნული ბანკი განსაკუთრებით აქტიური იყო გასულ წელს, რადგან ფინანსური სექტორი შეუერთდა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთისა და ბელორუსიის მიმართ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ შევქმენით დამატებით განყოფილება სანქციების მონიტორინგის განსახორციელებლად. სანქციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ძალიან სერიოზულად უდგება ფინანსური სექტორი. ეროვნული ბანკის მხრიდან ხდება ამ სანქციების დაცვის მონიტორინგი. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს მიღებული კანონი, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებთან დაკავშირებით, სადაც ეროვნულ ბანკს ეძლევა უფლება რომ ფულის გათეთრების კუთხით მოახდინოს ვირტუალური აქტივების პროვაიდერების მონიტორინგი და ზედამხედველობა, რაც მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან სავალდებულო გახდება“ , – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

ვინ იყო საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბრაზილიაში მოკლეს

ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სასტუმროში, საქართველოს მოქალაქე, 31 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს.

როგორც  ადგილობრივი მედია წერს,  გარდაცვლილი მეზღვაური ილია კახაბერიძე იყო და ის  საწოლზე მიბმული იპოვეს.

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

ბრაზილიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

“რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება და იბრძვის ამის წინააღმდეგ”- მამუკა მდინარაძე

რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება და იბრძვის ამის წინააღმდეგ. ეს არის საკითხი, რომელიც უდავოა და გლობალური ომის პარტიის ყველა აგენტმა გამოიყენა ანტიქართული კამპანიისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სინამდვილეში საქმე სხვანაირადაა. ერთადერთი საკითხია, რომელზეც თანამედროვე ცივილიზებული სამყარო თანხმდება და მას ამ საკითხში რუსეთიც კი ეთანხმება, რომ რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება და იბრძვის ამის წინააღმდეგ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის საოკუპაციო ომს აწარმოებს. არის სხვა მიზეზებიც, მათ შორის ის, რომ უნდა გაქრობა იმ ქვეყნების, რომლებიც მისთვის ბუფერს წარმოადგენდნენ და ეს შეიძლება ასე აღარ იყოს. ეს ქვეყნები შეიძლება გახდნენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. ესეც აღიზიანებს და ამის წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ ვუდასტურებ თითოეულ სიტყვას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც თქვა, რომ ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოებაა. არის საკითხები, რომლებიც უდავოა და ეს უდავო საკითხები გლობალური ომის პარტიის ყველა აგენტმა გამოიყენა ანტიქართული კამპანიისთვის“,- აღნიშნა მდინარაძემ.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავას უსაფრთხოების ფირუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი.

იქამდე, ამის შესახებ ბრატისლავას უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა. მის ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, იმაზე, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ნატოს გაფართოების პერსპექტივაა, მსოფლიო ლიდერები მუდმივად საუბრობენ.

“პრემიერის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან” – არასამთავრობოები

სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვგმობთ GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც იმეორებს კრემლის პოზიციას და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის უსამართლო შეჭრის მიზეზად უკრაინის ნატო-ში გაერთიანების სურვილს მიიჩნევს.

პრემიერ-მინისტრს შევახსენებთ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრება უკრაინის ხალხის ისტორიული არჩევანია, რომელიც უკრაინის კონსტიტუციით არის გამყარებული. პრემიერს შევახსენებთ იმასაც, რომ ჰელსინკის აქტი განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეუერთდეს ნებისმიერ ხელშეკრულებას ან ალიანსს.

სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს. ამასთან, სამწუხაროდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არც ამჯერად გამოიყენა შესაძლებლობა, ყველა შესაძლო ფორმით დაეგმო რუსეთის ფედერაციის უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე.

ასევე შევახსენებთ პრემიერ-მინისტრს, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის ხალხმაც, აბსოლუტური უმრავლესობით, 2008 წლის 5 იანვარს გამართული პლებისციტის საფუძველზე, მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრებას. აღნიშნული არჩევანი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ნატო-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“

„დემოკრატიის კვლევის ცენტრი“

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“

„მედიის განვითარების ფონდი“

„მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“

„პრევენცია პროგრესისთვის“

„რონდელის ფონდი“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“

„საქართველოს სასამართლოს გუშაგი“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“

„უფლებები საქართველო“

„ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“

„წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი“

“ნაცმოძრაობა” ნელ-ნელა უძლურდება და იშლება, ხაბეიშვილი ჰყავთ თავმჯდომარედ, მეტი რაღა ქნან?”

„ნაცმოძრაობა“ ნელ-ნელა უძლურდება და იშლება, ხაბეიშვილი ჰყავთ თავმჯდომარედ, მეტი რაღა ქნან? დაშლის და დაუძლურების მეტი ინდიკატორი რა უნდა იყოს? ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას ძალიან აწყობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაიკავოს ის ველი, რასაც მთავარი ოპონენტის და კონკურენტის ველი ჰქვია.

„გელა სამხარაული გადმოჯდა ჩემთან ერთი რამის სათქმელად, მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და ამ ოცნებას ასე თუ ავიხდენდი არ მეგონა, ასე ერთმანეთთან დაპირისპირებული „ნაცები“ ერთობ სასიამოვნო სანახავიაო. კარგია ეს. ჩვენ ხომ არ ვართ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, გზის დაგებაში და მსგავს რაღაცაში უშუალო მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენ აქედან გარკვეულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ საკანონმდებლო ინიციატივებით, ჩვენი მიღებული კანონებით, რაც ხშირად არ ჩანს. კულისებში იკარგება რამდენ კარგ კანონს მივიღებთ. დღეს 100-მდე კანონს ვუყარეთ კენჭი მთელი წინა დღეების განხილვაზე არავის უსაუბრია. მესმის, რომ საინფორმაციო სივრცეში არ რჩება ამისთვის დრო, უამრავ კარგ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ არანაკლებ კარგი საქმეა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება. სუბიექტურად, ჩვენ შესაძლოა ძალიან გვაწყობდეს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ იშლება, მაგრამ ქვეყანასაც ძალიან აწყობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაიკავოს ის ველი, რასაც მთავარი ოპონენტის და კონკურენტის ველი ჰქვია. „ნაცმოძრაობა“ ნელ-ნელა უძლურდება და იშლება. ხაბეიშვილი ჰყავთ თავმჯდომარედ, მეტი რაღა ქნან? დაშლის და დაუძლურების მეტი ინდიკატორი რა უნდა იყოს და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

“პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანა თავდასხმის ქვეშაა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი”

ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო, ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი რუსეთმა დაიწყო. ის უმიზეზოდ შეიჭრა უკრაინაში, რათა ქვეყანა რუკიდან წაეშალა, – ამის შესახებ უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავას უსაფრთხოების ფორუმზე GLOSEC-ზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში ომი აშკარა თავდასხმაა გაეროს ქარტიის პრინციპებზე. ფონ დერ ლაიენის განცხადებითვე, ესაა აგრეთვე ომი „ჩვენი ღირებულებებისა და გაერთიანებული და თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ“.

„პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანა თავდასხმის ქვეშაა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელები ასევე იბრძვიან „ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი ღირებულებებისთვის – დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის, საკუთარი ბედის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებისთვის“.

„აი, ამისთვის იბრძვის უკრაინა და პრეზიდენტი პუტინი ამის ჩახშობას ცდილობს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმითვე, უკრაინელი ხალხი წლების განმავლობაში იყო ევროკავშირისკენ უკრაინის სვლის არქიტექტორი, რომელიც მათ არაერთხელ დაადასტურეს თავიანთი სიმამაცით და თავდადებით.

„აქ, “გლობსეკზე”, როგორც მესმის, ამ ომის მიზეზებს განვიხილავთ, ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო, ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი რუსეთმა დაიწყო. ის უმიზეზოდ შეიჭრა უკრაინაში, რათა ქვეყანა რუკიდან წაეშალა. რუსეთი უარს ამბობს მიიღოს უკრაინა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუმცა უკრაინელების ნებამ, იბრძოლონ და იყვნენ თავისუფლები, გააოცა მთელი მსოფლიო”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

უახლოეს მომავალში პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა იგეგმება – კრემლი

კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი თურქი კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უახლოეს მომავალში ერთმანეთს შეხვდებიან, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმებული არაა თუ როდის და სად გაიმართება შეხვედრა.

როგორც მედია წერს, პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ერდოღანს სიტყვებით „ძვირფასო მეგობარო“ მიულოცა.

“ოფიციალურმა ანკარამ დიპლომატიური ბალანსი აირჩია მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა. თურქეთი უპირისპირდება დასავლურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ მაშინ, როცა ინარჩუნებს ახლო კავშირებს როგორც მოსკოვთან, ისე კიევთან”, – წერს “როიტერსი” და იქვე ხაზს უსვამს, რომ თურქეთმა რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლა და აგრეთვე, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას შუამავლობდა.

რუსეთის არმიაში ჯარისკაცების მიერ სამხედრო ნაწილების თვითნებური დატოვება რეკორდულად გაიზარდა – The Spactator

ბრიტანული „სფექთეითორი“ (The Spactator) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთის არმიაში ჯარისკაცების მიერ სამხედრო ნაწილების თვითნებური დატოვება რეკორდულად გაიზარდა“ (ავტორი – ლიზ ჰასელდინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ძალიან ცოტა რუსი ჯარისკაცი თუ მიდის საკუთარი ნებით უკრაინის „ხორცსაკეპში“, სადაც რუსეთმა უკვე დაახლოებით 100 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ჯერ კიდევ შარშან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ მოხალისე მებრძოლების შეგროვება ციხეებსა და კოლონიებში დაიწყო, შემდეგ კი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოეცხადებინა. ოფიციალურად ჯარში გაწვეული იქნა 300 ათასი მოქალაქე, თუმცა ჭეშმარიტი რაოდენობა ბევრად მეტია. უფრო მეტი რუსი – მილიონამდე – საზღვარგარეთ გაიქცა.

რუსულ არმიას კიდევ ერთი სნეულება ურთულდება: ბოლო დროს, რუსეთის სამხედრო სასამართლოებში განხილული საქმეებიდან პირველ სარეკორდო ადგილს იკავებს მობილიზებულ ჯარისკაცთა უნებართვოდ წასვლა სამხედრო ნაწილებიდან (ე.წ. “სამოვოლკა“). ამ დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით.

რუსული კვლევითი გამოცემის „მედიაზონას“ მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე, ანუ ოთხი თვის განმავლობაში, სამხედრო სასამართლოებში შეტანილი იქნა „სამოვოლკების“ 1053 საქმე, რაც ბევრად მეტია 2022 წლის 12-თვიან მონაცემებზე, როცა სასამართლოებში მხოლოდ 1001 საქმე იქნა განხილული. და თუ ასე გაგრძელდება, მაშინ წლის ბოლომდე საქმეთა რაოდენობა სამჯერ გაიზრდება.

აპრილის მონაცემების მიხედვით, რეგიონებში ჯარისკაცების მიერ სამხედრო ნაწილების მიტოვების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა მოსკოვის, სამარისა და კალინინგრადის ოქლებში. ეს უკანასკნელი რუსეთის „ბალტიისპირა ფორპოსტს“ წარმოადგენს, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარეობს.

როგორც ჩანს, სამხედრო რეპრესიები უკრაინის ომის გაჭიანურების კვალობაზე კიდევ გაგრძელდება. მიმდინარე კვირაში მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლოში 12 ჯარისკაცის საქმე იხილება, რომლებმაც სამხედრო ნაწილები უნებართვოდ მიატოვეს. ჩელიაბინსკის ოლქში, რომელიც უცხოეთის სახელმწიფოს – ყაზახეთს ესაზღვრება, სასამართლოს წინაშე 8 რუსი ჯარისკაცი წარსდგა. დამნაშავედ აღიარებულ სამხედრო მოსამსახურეებს მკაცრი სასჯელი ელოდებათ – გამასწორებელ კოლონიებში ხანგრძლივი პატიმრობით. ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში ერთ-ერთ რიგით ჯარისკაცს, რომელიც „სამოვოლკაში“ ხუთი კვირის განმავლობაში იყო, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლო დროს ყველაზე მეტად შესამჩნევი ტენდენცია ისაა, რომ „სამოვოლკის“ მოყვარულ ჯარისკაცებისათვის მოსამართლეებს პირობითი სასჯელის განაჩენი გამოაქვთ. ამის მიზეზი ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებაში იმალება: მათ მისჯილი ვადა ფრონტზე უნდა მოიხადონ, ანუ ისინი ვალდებულნი არიან ფაქტობრივად გაურკვეველი ვადით იბრძოლონ. მათ სასჯელის მოხდის პერიოდში სახლში წასვლა (შვებულება) აკრძალული აქვთ. თუ ჯარისკაცი კიდევ გაიმეორებს სამსახურის ადგილის მიტოვებას, ის რეციდივისტი ხდება და მისნაირებს საპატიმროებში გზავნიან.

რუსეთის არმიაში „სამოვოლკების“ რაოდენობის ზრდა იმაზე მიუთითებს, თუ რა დაბალ დონეზეა „პატრიოტული სულისკვეთება“ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. ჯარისკაცები პრაქტიკულად სასოწარკვეთილებაში არიან ჩავარდნილნი. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ მეთაურები ჯარისკაცებს აძალებენ, რომ ისინი თავიანთი ამხანაგების სასამართლო სხდომებს დაესწრნენ – იმ მიზნით, რომ მომხდარი ფაქტი სხვებისთვის გაკვეთილი იყოს.

როგორც ფაქტები მოწმობს, მობილიზაციის დროს რუსი მამაკაცები იძულებით იქნენ წაყვანილი ფრონტზე. ახლა კი ვლადიმერ პუტინის ისევე უჭირს სამხედროების ფრონტზე შენარჩუნება, როგორც მათი გაწვევა.

წყარო