Home Blog Page 2038

საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია

პოლონეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.

 თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს ვიზიტი და პოლონეთის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  

„შეხვედრების დროს განხილული იქნება ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები, რაც არის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაცია. პოლონელ კოლეგას მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას  ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას როგორც საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხრივ”-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან.

ზბიგნევ რაუ  შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ზბიგნევ რაუ ასევე  გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.

,,ჩვენ ვიბრძვით აშშ-თან და არა „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“- თურქეთის შსს მინისტრი

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლით ქვეყანა რეალურად აშშ-ს ებრძვის.

სულეიმან სოილუმ აღნიშნა, რომ თურქეთი ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას ებრძვის.

„ჩვენ ყველა [ტერორისტულ] ორგანიზაციას ვებრძვით, როგორიცაა FETOPKK [ქურთისტანის მუშათა პარტია], DAESH [ისლამური სახელმწიფო]. ჩვენ არ ვიბრძვით PKK-ის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით აშშ-ის წინააღმდეგ. ნუთუ ასეთი გულუბრყვილოები ვართ, რომ ეს არ ვიცოდეთ? ჩვენ ეს ვიცით. აშშ-ს სურს იქ ტერორისტული სახელმწიფოს შექმნა“, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

,,ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია”- ზელენსკი

ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია.

„ერთსაათიანი საუბრისას განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების მთელი სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შესაძლო ურთიერთქმედების გზებს უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების მიზნით. არავის სურს მშვიდობა უკრაინელ ხალხზე უფრო მეტად. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და ვიბრძვით ჩვენი მომავლისთვის, ვიყენებთ თავდაცვის განუყოფელ უფლებას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და მდგრადი, დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და გაეროს წესდების პატივისცემაზე. ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის ფარგლებში უნდა აღდგეს“, – დასძინა მან.

სამეგრელო-ზემო სვანეთს რეგიონს გერმანიის ელჩი სტუმრობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა. შეხვედრაზე საელჩოსთან ერთად რეგიონში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის kfw-ს ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება მათ შორისაა რეგიონული ნაგავსაყრელის აშენება, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს. ასევე მიმდინარეობს ნარჩენების შეგროვების სპეციალური მანქანებისა და კონტეინერების გადაცემა მუნიციპალიტეტებისთვის.

„დღეს გერმანიის ელჩს ვუმასპინძლეთ, ეს ელჩის პირველი ვიზიტია ჩვენს რეგიონში. საელჩოსთან ერთად ამ რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. გამოვყოფდი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს, რომლის დახმარებითაც ჩვენს რეგიონში თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელი მოეწყობა. ამავე ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჩვენს მუნიციპალიტეტებს გადასცა ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური მანქანები. გასულ კვირას უკვე მივიღეთ 11 ახალი მანქანა, მანამდე კი სხვადასხვა ზომის კონტეინერები გადაეცათ მუნიციპალიტეტებს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით სეპარირების კუთხითაც და პროექტის ფარგლებში ზუგდიდის გადაეცა მუყაოსა და ქაღალდის სეპარირების სპეციალური ტექნიკა. საელჩოსთან თანამშრომლობა უფრო აქტიურად გაგრძელდება და ამ საკითხებზე დღეს გამართულ შეხვედრაზეც ვისაუბრეთ” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.

თავის მხრივ ელჩმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობაზე ისაუბრა. ზუგდიდის მერმა კი იმ პრიორიტეტულ პროექტებს გაუსვა ხაზი სადაც საელჩოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება

,,ახლო აღმოსავლეთის შესახებ, ძალიან მოკლედ”- ამირან სალუქვაძე

ახლო აღმოსავლეთის შესახებ, ძალიან მოკლედ
7 აპრილს დავწერე, ახლო აღმოსავლეთში ბევრი რამ იცვლება მეთქი. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის შუამავლობით, ირანსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა.. მალე საელჩოებს გახსნიან.
ეს შეირგება არაა ცალკე აღებული მოვლენა, არამედ დიდი პროცესის ნაწილია.
საუდის არაბეთი განიხილავს ხუსიტებთან სტაბილურ დაზავებას და იემენში კონფლიქტის დასრულებას. მხარეები უკვე მუშაობენ პორტების და აეროპორტების სრულად გახსნაზე.
საუდის არაბეთში ჰამასის ლიდერების შეხვედრა გადაიდო, თუმცა პროირანულ დაჯგუფებებთან ურთიერთობები არ შეიძლება ისრაელის შეშფოთებას არ იწვევდეს.
ბოლო პერიოდში საუდის არაბეთის ურთიერთობების გაცივებას აშშ-სთან და დათბობას რუსეთთან ყველა შეამჩნევდით. მიუხედავად CIA-ს შეფის ვიზიტისა, ნავთობის ბაზარზე რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმებულ მოქმედებებს აგრძელებენ.
ნავთობის ფასის დაგდება ვერ მოხერხდა. ის ისევ რუსეთისთვის კომფორტულ ზონაშია და 80 დოლარის ნიშნულზე მერყეობს. ექსპერტები გაძვირებასაც მოელიან. აშშ-ის რეზერვები 40%-მდეა შევსებული, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდ მომხმარებელს რეზერვების ან შევსება, ან შენარჩუნება მოუწევს.
ახლახანს შედგა სირიის ლიდერის ვიზიტი საუდის არაბეთში. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. იგეგმება სირიის დაბრუნება არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში.
ორი დღის წინ კი, მოსკოვში, რუსეთის, თურქეთის, ირანის და სირიის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა შედგა. ასტანის სამეული არაა ახალი ფორმატი, სირიის საკითხის ირგვლივ შეიქმნა მაგრამ სირიის წარმომადგენელთან ერთად არასდროს შეკრებილან. გახმოვანდა სირიის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რაც თურქეთის მხარდაჭერის გამო სირიაში ამერიკას პრობლემას უქმნის. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დატოვებენ სირიას, თუმცა გამოწვევაა.
ეს ყველაფერი ხდება აშშ-ისრაელის ურთიერთობების გაგრილების და ისრაელში გამვითარებული მძიმე შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე.
წლების წინ, როცა სირიის კონფლიქტის შესახებ ანალიზს ან ვიდეო ბლოგებს ვწერდი, ისევე როგორც სხვა კოლეგები, ხშირად აღვნიშნავდი, რომ ახლო აღმოსავლეთში, მ.შ. სირიაში უამრავი გარე აქტორის (აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირი, რეგიონის ქვეყნები) ინტერესებია გადაკვეთილი. როცა იწყება ურთიერთობების გადალაგება, არსებული სტატუს-კვოს შეცვლა, ეს ყოველთვის იწვევს თანმდევ პროცესებს, უკურეაქციებს.
საინტერესო იქნება რა რეაქციები ექნება ამ პროცესებს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე ისრაელს. იყო ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების გააქტიურების მოლოდინი, თუმცა ზემოთ აღნიშნული პროცესის ფონზე, განსაკუთრებული არაფერი შეიმჩნევა. მეტიც, ისრაელი საფრთხედ არიქვამს პირველ რიგში ირანის და პროირანული დაჯგუფებების დიპლომატიურ აქტივობებს.
არც ამერიკის მხრიდან ვხედავთ რაიმე აქტიურ ნაბიჯებს. შესაძლოა ეს უკრაინაში რუსეთის აგრესიით იყოს გამოწვეული, რადგან უკრაინის მხარდაჭერის, ასევე ტაივანი-ჩინეთის საკითხის კუთხით დიდი ძალისხმევა და რესურსებია მიმართული.
ეს ბლოგი მხოლოდ ზედაპირული მიმოხილვაა, სიღრმისეული ანალიზის და შეფასებების, მით უმეტეს, პროგნოზების გარეშე. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვივარაუდო, რომ ახლო აღმოსავლეთი იმდენად რთული რეგიონია, როცა გარკვეულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადალაგება და დათბობა იწყება, ეს პროცესი საფრთხედ აღიქმება სხვა აქტორებისთვის, რაც სამომავლოდ ახალი, შესაძლოა ადრინდელზე გაცილებით მწვავე დაძაბულობების მიზეზად შეიძლება იქცეს.

“თუ არ გინდათ აქციაზე მოსვლა, რას იგესლებით და რას იგინებით, ვინ გახევთ კალთებს” – მანჯავიძე

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს

“უნივერსიტეტში, სამხედრო კათედრაზე ლექტ,ორი გვყავდა ასეთი-მაიორი ვიკულოვი,
საკმაოდ გონებახვილი კაცი იყო, ხუმრობა უყვარდა. რომ ვერ გაიგებდა რამეს რომელიმე სტუდენტი, ძალიან კომიკურ გამომეტყველებას იღებდა და იტყოდა ხოლმე- Значит так-повторяю для особо непонятливых-გამორჩეულად გაუგებართათვის ვიმეორებო.
ამ უაზრო მესიჯ-ბოქსების გამეორებას მოეშვით ზოგ-ზოგიერთები-რატომ მივდივართ და მიზნები რა არისო-თუთიყუშებივით რომ იმეორებთ.
ასჯერ ითქვა რა მიზნით ტარდება ეს აქცია.
თუ არ გინდათ მოსვლა, რას იგესლებით და რას იგინებით, ვინ გახევთ კალთებს.
ნორმალურმა ადამიანებმა და ბავშვებმა რა დააშავეს , თორემ თქვენთვის კი იყო მიშა გამოწერილი.”- წერს მანჯავიძე

,,აშშ მიესალმება ჩინეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს”- კირბი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ თეთრი სახლი მიესალმება ჩინეთიისა და უკრაინის ლიდერებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.

„ეს [სატელეფონო საუბარი] კარგია. მიგვიყვანს თუ არა ეს რაიმე მნიშვნელოვან სამშვიდობო მოძრაობამდე, გეგმამდე თუ წინადადებამდე, ეს ახლა არ ვიცით“, – აღნიშნა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

„ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ გვინდა ეს ომი დასრულდეს. ეს შეიძლება დაუყოვნებლივ დასრულდეს, თუ პუტინი უკრაინას დატოვებს. როგორც ჩანს, ეს არ არის მოსალოდნელი. თუ მშვიდობის მოლაპარაკებები იქნება, ეს მაშინ უნდა მოხდეს, როცა პრეზიდენტი ზელენსკი ამისთვის მზად იქნება. შეერთებული შტატები მიესალმება ნებისმიერ ძალისხმევას სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, თუ ეს მშვიდობა შეიძლება მდგრადი და სანდო იქნება“, – დასძინა ჯონ კირბიმ.

,,IRI-ის ხელით სოციოლოგიური კვლევის მონაცემები გაყალბდა”- კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები გაყალბებულია.

კობახიძე აღნიშნულს სამწუხარო ფაქტად აფასებს.

„დეტალებში არ შევალ. სამწუხაროა, შემაშფოთებელია და იძლევა დასკვნების გამოტანის საშუალებას ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ, IRI-ის ხელით გაყალბდა სოციოლოგიური კვლევის მონაცემები. კვლევები ადრეც სხვადასხვა მიმართულებით ყალბდებოდა ხოლმე. მაგალითად, წინა კვლევაში განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო პერსონალური რეიტინგების გაყალბება. საინტერესო ის არის, რომ ვინც, წინა კვლევაში ფავორიტები იყვნენ, მაგალითად, [დავით] უსუფაშვილი, [ნინო] ლომჯარია, [ანა] დოლიძე, რომლებსაც თითქოს ჰქონდათ წარმოუდგენელი რეიტინგები, რამდენიმე თვის შემდეგ, საერთოდ ვეღარ აღმოჩნდნენ IRI-ის კვლევაში. აქედან ჩანს, რომ თავიდან ბოლომდე მანიპულაციაა ეს ყველაფერი – რაც იდება ხოლმე, სამწუხაროდ, IRI-ის სახელით. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ უნდა ველოდოთ გარკვეულ სირთულეებს მომავალშიც, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან სამწუხაროა კვლევების ასეთ დონეზე გაყალბება“, – განაცხადა კობახიძემ IRI-ის ბოლო კვლევენთან დაკავშირებით დასმულ კითვაზე პასუხად.

ოკუპირებულ აფხაზეთში გეორგიევსკის ლენტებს არიგებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში დაიწყო აქცია „გეორგიევსკის ლენტი“, რომელიც 9 მაისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

„გასულ წელს აფხაზეთში 20 ათასი გეორგიევსკის ლენტი დავარიგეთ. წელსაც ამდენი იქნება. ამ სიმბოლოზე დიდი მოთხოვნილება არსებობს“, – განაცხადა ოკუპირებულ აფხაზეთში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენელმა ევგენი პავლოვმა.

გეორგიევსკის ლენტებს აფხაზური მილიციის თანამშრომლები საგზაო ავტოინსპექციის საგუშაგოებზე დაარიგებენ.

გეორგიევსკის ლენტი რუსეთის იმპერიის მიერ წმინდა გიორგის ორდენთან ერთად 1769 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს შეიქმნა. ორდენითა და ლენტით რუსეთის იმპერიისადმი გამოჩენილი ერთგულებისა და სიმამაცის გამო აჯილდოებდნენ.

,,ყველაფერს გააკეთებენ რათა ენმ – მ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისია არ შექმნას”- კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაფერი იმ კამპანიის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ისინი ღიად აწარმოებენ ამ კამპანიას და სასამართლოზე მორიგი შეტევაც ამის შემადგენელი ნაწილია“.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისია არ შექმნას.

„რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე არ შექმნას საგამოძიებო კომისია. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციას გავიტანთ ბოლომდე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ჯეო სქაის“ – ეკიპაჟის სრული შემადგენლობა საქართველოში ბრუნდება

,,ჯეო სქაის“ განცხადებით, ავიაკომპანიამ საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით განახორციელა ეკიპაჟის წევრების მშვიდობიანი ევაკუაცია ეგვიპტის საზღვრამდე.

ავიაკომპანიის ცობით, ეკიპაჟის სრული შემადგენლობა 27 აპრილს იქნება საქართველოში.

„ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ეკიპაჟის 20 წევრი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სუდანში, კერძოდ, დედაქალაქ ხარტუმში. მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, თანამშრომელთა უსაფრთხოებისათვის გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა მათი უსაფრთხო დაბრუნება საქართველოში. ავიაკომპანია „ჯეო სქაიმ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით მოახდინა მათი მშვიდობიანი ევაკუაცია სახმელეთო გზით ეგვიპტის საზღვრამდე, სადაც მათ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიხეილ თიგიშვილი დახვდათ. ეკიპაჟის სრული შემადგენლობა 27 აპრილს იქნება საქართველოში.

სუდანში 14 აპრილს დაწყებული სამხედრო დაპირისპირების დროს, ავიაკომპანიის ეკიპაჟის 20 წევრი იმყოფებოდა დედაქალაქ ხარტუმში. მას შემდეგ ავიაკომპანია „ჯეო სქაი“ უწყვეტ რეჟიმში იმყოფებოდა კომუნიკაციაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მათი დახმარებითა და ჩართულობით ეკიპაჟის წევრები უვნებლები დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა

ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას უკრაინული მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობილია, რომ პატრიარქი კირილი გახდა პირველი ადამიანი, რომელიც ჩეხეთმა სანქციების სიაში შეიტანა.

გადაწყვეტილების დასაბუთებაში ნათქვამია, რომ კირილი პუტინის დიდი ხნის მოკავშირეა და თავისი ქმედებებით უკრაინაში რუსეთის აგრესიას მხარს აქტიურად უჭერს.

„ის [კირილი] ისტორიული და რელიგიური თვალსაზრისით უკრაინის ტერიტორიას რუსეთის შემადგენლობაში თვლის. ამიტომ ყველას, ვინც რუსეთისა და უკრაინის ერთიანობის წინააღმდეგ იბრძვის, „ბოროტების ძალებს“ უწოდებს. მაშასადამე, პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ უკრაინაში აგრესია არის „მეტაფიზიკური განზომილების ბრძოლა“ „უკრაინის სულიერი წმენდისა“ და „კაცობრიობის გადარჩენისთვის“. ასევე, პატრიარქმა კირილმა არაერთხელ დალოცა რუსი ჯარისკაცები და ის მხარს უჭერს მათ ქმედებებს – არწმუნებს, რომ სწორი მიმართულებით მიდიან“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.