,,IRI-ის ხელით სოციოლოგიური კვლევის მონაცემები გაყალბდა”- კობახიძე

124
spot_img

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები გაყალბებულია.

კობახიძე აღნიშნულს სამწუხარო ფაქტად აფასებს.

„დეტალებში არ შევალ. სამწუხაროა, შემაშფოთებელია და იძლევა დასკვნების გამოტანის საშუალებას ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ, IRI-ის ხელით გაყალბდა სოციოლოგიური კვლევის მონაცემები. კვლევები ადრეც სხვადასხვა მიმართულებით ყალბდებოდა ხოლმე. მაგალითად, წინა კვლევაში განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო პერსონალური რეიტინგების გაყალბება. საინტერესო ის არის, რომ ვინც, წინა კვლევაში ფავორიტები იყვნენ, მაგალითად, [დავით] უსუფაშვილი, [ნინო] ლომჯარია, [ანა] დოლიძე, რომლებსაც თითქოს ჰქონდათ წარმოუდგენელი რეიტინგები, რამდენიმე თვის შემდეგ, საერთოდ ვეღარ აღმოჩნდნენ IRI-ის კვლევაში. აქედან ჩანს, რომ თავიდან ბოლომდე მანიპულაციაა ეს ყველაფერი – რაც იდება ხოლმე, სამწუხაროდ, IRI-ის სახელით. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ უნდა ველოდოთ გარკვეულ სირთულეებს მომავალშიც, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან სამწუხაროა კვლევების ასეთ დონეზე გაყალბება“, – განაცხადა კობახიძემ IRI-ის ბოლო კვლევენთან დაკავშირებით დასმულ კითვაზე პასუხად.