Home Blog Page 2036

“აზერბაიჯანი ყოველთვის ავლენდა სოლიდარობას პალესტინის საკითხთან დაკავშირებით” – ილჰამ ალიევი

ვიმედოვნებთ, ღაზაში დაძაბულობა მალე მოგვარდება, – აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მილოცვის ტექსტში, რომელიც პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გაუგზავნა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ყოველთვის ავლენდა სოლიდარობას პალესტინის საკითხთან დაკავშირებით და მხარს უჭერს საკითხის გადაწყვეტას ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაყრდნობით, გაერო-ს რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად.

„ჩვენი ქვეყანა შემდგომშიც გააგრძელებს გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მხარდაჭერას“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

“ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გავაცანი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული სიახლეები” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეხვედრაზე საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.

„ქალბატონ პრეზიდენტს გავაცანი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული სიახლეები და კიდევ ერთხელ დავაფიქსირე საქართველოს მზადყოფნა, განვაგრძოთ თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მრავალწლიანი ტრადიცია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კოლეგები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან, ასევე, დააკვირდებიან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

“ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 252.1 ლარი შეადგინა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 250.9 ლარი იყო, ოქტომბერში კი ეს მაჩვენებელი ერთი ლარითა და 20 თეთრით გაიზარდა და ჯამში 252.1 ლარი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის სექტემბერთან შედარებით, ოქტბერში ერთი ლარითა და 10 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 223.3 ლარს შეადგენს. როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.).

როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქსტატის ცნობით, საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

“ზოგიერთი ოპოზიციონერის სიცანცარე ჩემთვის აუხსნელია” – ალეკო ელისაშვილი

რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფებში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. ყავის დასალევად არსად მივდივართ, ჩვენიც საკმარისი გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, სიცანცარეა, რასაც ოპოზიციიდან ზოგიერთი კოლეგა აკეთებს.

„ჩვენთვის მაშინაც გაუგებარი იყო რაღაც ზედმეტი ფორიაქი, როცა ამბობდნენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ყავის დასალევად არ შევიდოდნენ. ყავის დასალევად არსად მივდივართ, ჩვენი ყავაც საკმარისი გვაქვს. სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მივიღებთ, რათა პირნათელი ვიყოთ ევროკავშირთანაც და ქვეყნის მომავალთანაც.

სიცანცარეა, რასაც ოპოზიციიდან ზოგიერთი ჩემი კოლეგა სჩადის. პარლამენტში რაც შემოვიდნენ, ყოველდღე იძახიან, უნდა გავიდნენ და სულ ბოიკოტში იყვნენ, ოღონდ რატომ, კაცმა არ იცის და სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდნენ. ევროკავშირის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ერთად დასხედით და იმუშავეთო. „ქართულ ოცნებასთან“ ერთად რამდენიმე საათი ჯდომა არ მეხალისება, მაგრამ ქვეყნის მომავალს ასე სჭირდება და ეს გვითხრეს. ზოგიერთი ოპოზიციონერის სიცანცარე ჩემთვის აუხსნელია. გამოვიდნენ და თქვეს, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სტატუსი მოეცათო. შემოვიდნენ სამუშაო ჯგუფებში და ეს იქნება მათი მუშაობა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ილია დარჩიაშვილი ვიზიტით დანიის სამეფოს ეწვევა

16 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით დანიის სამეფოს ეწვევა.

ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს დანიელ კოლეგასთან ლარს ლოკე რასმუსენთან.

„შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკურ და განვითარების სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობებისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოებაზე თბილისმა მიიღო სპეციალური ჯილდო ნომინაციაში – „დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო“

შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოებაზე თბილისმა მიიღო სპეციალური ჯილდო  ნომინაციაში – „დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, მოპოვებული წარმატება ხელს შეუწყობს თბილისის უნიკალური ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.

„ქალაქ ლუგანოში, შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოებაზე (Swiss Tourism Awards), თბილისმა მიიღო სპეციალური ჯილდო ნომინაციაში – „დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო“. აღნიშნული დაჯილდოება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში ერთ-ერთი პრესტიჟული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი იმ ქალაქებისა თუ მიმართულებების აღიარებაა, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ინარჩუნებენ საკუთარ მატერიალურ თუ არამატერიალურ კულტურას. მოპოვებული ჯილდო კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს თბილისის, როგორც ტურისტულად უსაფრთხო და მიმზიდველი ქალაქის პოზიციონირებასა და მისი უნიკალური პოტენციალის პოპულარიზაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამოგზაურო მედიაკომპანიის – „ვანდელასთის“ (Wanderlust) მიერ გამართულ ცერემონიაზე თბილისი ნომინირებულ იქნა „ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქის“ ჯილდოზე.

„მე, როგორც ამ ქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებს, ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ თბილისი ასე წარმატებით ეცნობა მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქალაქს ბევრი ადამიანი ესტუმრება. ვცდილობთ, ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული, გამართული საზოგადეობრივი ტრანსპორტით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„უკრაინის კონტრშეტევა ჩაიშალა, დასავლეთს ახალი გეგმის შემუშავება სჭირდება“ – The Daily Telegraph

ზამთრის დადგომა უკრაინის არმიისათვის კონტრშეტევის დასრულებას ნიშნავს. უკვე ყველამ მკაფიოდ დაინახა, რომ კიევის ჯარებმა თითქმის ნახევარწლიანი საომარ მოქმედებების დროს ფაქტიურად ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს, თანაც უკრაინამ ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის ძალზე დიდი დანაკარგები განიცადა, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის” (The Daily Telegraph) მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში სათაურით „უკრაინის კონტრშეტევა ჩაიშალა, დასავლეთს ახალი გეგმის შემუშავება ჭირდება“ (ავტორი – ლუის ფეიჯი).

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

უკრაინაში ისევ დადგა წვიმების სეზონი. ასეთ პერიოდი იმდენად ტრადიციულია უკრაინისათვის, რომ მას ხალხმა „უგზოობის დრო“ უწოდა, რუსები კი „ტალახობას“ ეძახიან. „უგზოობა-ტალახობა“ წელიწადში ორჯერ დგება ხოლმე – გვიან შემოდგომაზე და ადრე გაზაფხულზე, როცა ყინული დნება და მიწა ფუვდება. უგზოობა დიდ პრობლემებს უქმნის არმიას – ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული ხდება: თვით ტანკებიც კი, რომლებსაც ტალახის პირობებშიც უნდა შეეძლოთ მოძრაობა, უკრაინულ აფუებულ შავ მიწაში ისე ეფლობიან, რომ საჭირო ხდება ბუქსირით ტლაპოდან მათი ამოყვანა. ტანკების სიმძიმით ასფალტიანი გზებიც ხშირად ინგრევა – მათ ქვეშ ნიადაგი წყლით არის გაჟღენთილი და ზეწოლას ვერ უძლებს. მოკლედ, დასავლური მძიმე წონიანი „ლეოპარდები“ და „აბრამსები“ უკრაინისათვის ასეთ სეზონში ფაქტიურად გამოუსადეგარი ხდებიან. რუსეთის არმია, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია.

უკრაინაში საკმაოდ მკაფიო სურათია გამოკვეთილი: ერთი მხრივ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ძლიერი დასავლური გავლენა-ზეწოლის ქვეშაა, ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ მეორე მხრივ, ჯარების სარდალი ვალერი ზალუჟნი, რომელმაც ფრონტზე შექმნილი სიტუაცია კარგად იცის, ამბობს, რომ ომი ჩიხში შევიდა, ანუ გახმაურებულმა კონტრშეტევამ კრახი განიცადა, ბლიცკრიგი არ შედგა.

ბევრი დასავლელი სამხედრო კომენტატორი, რომლებიც ზაფხულში ომახიანად იძახდნენ – აი, ახლა უკრაინის არმია ელვისებურ გარღვევას განახორციელებს და რუსებს ოკუპირებული ტერიტორიიდან გააძევებსო, დღეს ჩუმად არიან, ან თავს იმართლებენ, რომ დასავლეთი უკრაინას იმდენით არ დაეხმარა, რამდენიც საჭირო იყო.
რა თქმა უნდა, მათი არგუმენტები მისაღებია: აშშ-ისა და ევროკავშირის დიდი დაპირებების მიუხედავად, უკრაინამდე მხოლოდ დაახლოებით ასმა დასავლურმა ტანკმა ჩააღწია, რაც მართლაც საკმაოდ ცოტაა, მაგრამ ვიყოთ ობიექტურები: „ლეოპარდები“ და „ჩელენჯერები“, მართალია, მოძველებულია, მაგრად ბევრად უკეთესები არიან რუსულ საბჭოურ, თუნდაც მოდერნიზებულ ტანკებთან შედარებით. უკრაინის არმიის საკმაოდ ბევრმა ქვედანაყოფმა წრთვნა ნატოს ქვეყნებში გაიარა – დაისვენა, ჩაიცვა, ისწავლა და იარაღი მიიღო. კიევმა სპეციალურად დააკომპლექტა დასავლური ტანკებით ერთი ბრიგადა და ფრონტის ხაზზე რუსული თავდაცვითი ზღუდეების გასარღვევად გაუშვა, მაგრამ სამწუხაროდ, უმნიშვნელო შედეგით. ესე იგი, რა გამოდის? ან ექსპერტები ლაპარაკობენ ტყუილს, ან ტანკები ომში გადამწყვეტ როლს აღარ ასრულებენ? ან სულაც უკრაინელებმა არ იციან შეტევის სწორად დაგეგმვა?

რასაკვირველია, შეცდომების აღიარება არავის არ სიამოვნებს – დასავლელი იქნება თუ უკრაინელი. ისინი ერთმანეთს აბრალებენ წარუმატებლობას. ზოგიერთი პოლიტიკოსის თქმით, დასავლური ტექნიკა რომ დასავლელი ჯარისკაცების ხელში ყოფილიყო, ისინი მას უფრო უკეთესად მოიხმარდნენ და მეტ წარმატებას მიაღწევდნენ. მაგრამ რას იზამს დასავლელი ტანკისტი, როცა მისი ტანკი დანაღმულ ველს და მრავალჯერად გამაგრებულ ზღუდეებს მიადგება?

ისტორიულად ცნობილია, თუ როგორ „გაარღვია“ გერმანელმა გენერალმა ჰაინც გუდერიანმა ფრანგული „მაჟინოს ხაზი“ 1940 წელს, რომელიც, შეიძლება ითქვას, დღევანდელი გაგებითაც კი, ძალიან იყო გამაგრებული. გუდერიანმა მას, უბრალოდ, გვერდი აუქცია და საფრანგეთში ლუქსემბურგისა და ბელგიის გავლით შეიჭრა. უბრალო ჭეშმარიტებაა, რომ გამაგრებული ხაზი ყველგან ერთნაირი არ იქნება, მას აქვს სუსტი ადგილებიც. რუსების „სუროვიკინის ხაზსაც“, ალბათ თავისი სუსტი ადგილები ექნებოდა.

უკრაინის ჯარს ავიაციის მხარდაჭერა არ ჰქონდაო, ცდილობენ თავის მართლებას ზოგიერთები. არც რუსეთი არ იყენებს აქტიურად ტრადიციულ ავიაციას ფრონტის ხაზზე – ბომბდამშენებს, გამანადგურებლებს, შემტევ თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს… რუსები უფრო მეტად სარაკეტო სისტემებითა და დრონებით სარგებლობენ, რაც უკრაინელებსაც საკმაოდ აქვთ..

რუსებმა უკეთესად გაიაზრეს უკრაინის შეტევის მიმართულება – ზაპოროჟიედან მელიტოპოლისკენ და შემდეგ ბერდიანსკის ნავსადგურისაკენ, აზოვის ზღვის ნაპირზე, სახმელეთო დერეფნის გადაჭრის მიზნით. მათ სწორად ააგეს თავდაცვის ზღუდეები. თვით ჰაინც გუდერიანსაც კი გაუჭირდებოდა მათი გადალახვა. შესაბამისად, უკრაინელებს შეეძლოთ, ზაპოროჟიეს ნაცვლად, დონეცკის მიმართულებით შეტევა და აზოვის ზღვის ნაპირზე გასვლა, ანუ „სუროვიკინის ხაზის“ გვერდის ავლა (ანუ როგორც გერმანელმა გენერალმა გააკეთა).

რა თქმა უნდა, ამაში ჩვენი, დასავლეთის ბრალიც არის. იმიტომ, რომ ჩვენ ვუკრძალავთ უკრაინას საომარი მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანოს – საზღვარი გადალახოს და ოფიციალური საჯარისო ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე შეიყვანოს. გარდა ამისა, ჩვენ ვაჭიანურებდით (და ახლაც ვაჭიანურებთ) უკრაინისათვის იარაღის მიწოდების ვადებს…

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის წარუმატებლობაში ჩვენი წვლილიც არის შეტანილი. ჩვენ მათ ხელ-ფეხი შევუკარით და ისე ვაძალებდით ბრძოლას. გასაკვირია, რომ ასეთ პირობებში მათ რაღაცას მაინც მიაღწიეს. (…)
ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება: ზამთრის პერიოდში არავითარი კონტრშეტევა არ იქნება. ასევე სრულიად ნათელია, რომ თუ რაღაც კარდინალური არ მოხდება, მომავალი წელი უფრო მეტად პოზიციური ბრძოლების წელი იქნება. არის თუ არა ნამდვილად ჩიხში შესული ომი, როგორც ეს გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ აღნიშნა? სხვათა შორის, ბევრი ამ აღიარებას საბაბად იყენებს, რომ უკრაინას დახმარება შეუმცირდეს.

მაგრამ დახმარების შემცირება დიდი შეცდომა იქნებოდა, თუნდაც ამ ქვეყნის პერსპექტივა გაურკვეველი იყოს. თუ ჩვენ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ოდნავ მაინც გვადარდებს, კიევს იარაღი აუცილებლად უნდა მივცეთ. ეს იქნება ჩვენი იარაღის ყველაზე საუკეთესო მიზანმიმართული ხარჯვა, რაც კი ოდესმე ნატოს გაუკეთებია. (…)

სანამ უკრაინელები იბრძვიან, ვლადიმერ პუტინის მხრიდან სხვა ქვეყნების მიმართ საფრთხე შემცირებული იქნება. დღეს დასავლეთის ქვეყნები თავიანთი ბიუჯეტების მხოლოდ მცირე ნაწილს ხარჯავენ უკრაინის დასახმარებლად და ამით თავიდან იცილებენ რუსულ საფრთხეს. წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, როცა კრემლი უკრაინას დაამარცხებს და მთელ თავის აგრესიას ჩვენსკენ მომართავს… ამიტომ სიგიჟე იქნებოდა უკრაინისათვის დახმარების შეჩერება. სანამ უკრაინა ბრძოლის სურვილს ამჟღავნებს, მას უნდა დავეხმაროთ, ჩვენსავე სასარგებლოდ.

წყარო

ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი საბურთალოს რაიონში განხორციელდება

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, გამრეკელის I შესახვევის N6-ში მდებარე კორპუსის დემონტაჟი იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იგივე შესყიდვა წლის ბოლომდე ვარკეთილის მე-3 მასივის მე-4 კვარტალში მდებარე N6 კორპუსის ჩანაცვლების მიზნით გამოცხადდება.

„დედაქალაქში ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივში, კერძოდ, მე-7 კვარტლის N12 კორპუსის კედლების მოჩარჩოება დასრულებულია მე-4 სართულამდე, მე-7 სართულზე კი მიმდინარეობს გადახურვის ფილის მოწყობის სამუშაოები. ასევე, მე-3 მასივში, კალოუბნის N18-ში აქტიურ ფაზაშია საძირკვლის მოწყობის სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება 12 მისამართზე, ხოლო წლის ბოლომდე ტენდერი დამატებით 10-მდე მისამართზე გამოცხადდება.

„პროგრამის ფარგლებში, ჯამურად, დაახლოებით, 100-მდე მისამართიდან ფიქსირდება მომართვიანობა და თითოეულ მისამართზე მიმდინარეობს მესაკუთრეების მოთხოვნისა და რეგისტრირებული მონაცემების შესწავლა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ N55 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლითაც დასაშვებად მიიჩნია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით განსახორციელებელი გამარტივებული შესყიდვა გათავისუფლდეს ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ანგარიშსწორების იმპერატიული მოთხოვნისგან.

გარდა ამისა, თბილისის მერმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

„მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მომდევნო დღეების განმავლობაში სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდეს. სიახლეების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდეთ, რომ უფრო მეტი კომპანია ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“პრაქტიკულად, ოპოზიციას პოლიტიკური პანაშვიდები დაეწყო” – გურამ მაჭარაშვილი

პრაქტიკულად, ოპოზიციას პოლიტიკური პანაშვიდები დაეწყო, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებითმა გადაწყვეტილებამ გახარიას პარტიას ისტერიული სიცილი დააწყებინა და პრაქტიკულად აღარ არიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ნორმალური თანამშრომლობისთვის მზად არის.

„სალომე ზურაბიშვილი სინ ძინ პინს დაჭერას უპირებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალური მმართველები ერთმანეთს დაერივნენ და არაფორმალური მმართველი კეზერაშვილია თუ სააკაშვილი, ამას ვერ იყოფენ და ფორმალური მმართველი ხაბეიშვილი ამბობს, აბა, მე სად ვარო. კანდიდატის სტატუსის გამო ოპოზიცია იუმორისტულ ვითარებაში აღმოჩნდა და ჯერ სად არიან? 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნახავთ, ვინ გამოვა პოლიტიკური ფსიქოლოგიური წყობილებიდან და რომელი პარტია მიაღწევს ჯანსაღი ფსიქოლოგიით არჩევნებამდე. სამადაშვილი სად არის, რა მარაქაში უნდა გაერიოს? რა თქმა უნდა, ნორმალური თანამშრომლობისთვის მზად ვართ. თუ ცვლილებებზე მსჯელობას თუნდაც მწვავე კრიტიკით დაიწყებენ, ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე საფეხმავლო ხიდი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო ხიდი მოეწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მანამდე ავარიულობის გამო საფეხმავლო ხიდზე გადაადგილება აკრძალული იყო.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებობდა ძველი საფეხმავლო ხიდი, რომელიც აბსოლუტურად უსარგებლო და სახიფათო იყო. განხორციელდა ზემოთ ხსენებული ხიდის დემონტაჟი, შენარჩუნდა მხოლოდ ბურჯები, რომელიც გამაგრდა, დამონტაჟდა ლითონის კონსტრუქცია და მოაჯირები; მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების ქსელი LED სანათებით. ასევე, მოწესრიგდა ხიდამდე მისასვლელი გზები. პირველად დაიგო ამ ტერიტორიაზე ასფალტი. დღეს უკვე შესაძლებელია მოსახლეობამ ისარგებლოს უსაფრთხო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქში საახალწლო სამზადისი დაწყებულია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში საახალწლო სამზადისი დაწყებულია და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თბილისი ახალ წელს კიდევ უფრო ლამაზად და გამორჩეულად შეხვდეს.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი ძალიან საინტერესო გახდა უცხოელი ტურისტებისთვის, განსაკუთრებით კი საახალწლო დღეებში.

„უკვე ტრადიციად იქცა, რომ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი საახალწლოდ კიდევ უფრო ლამაზი და გამორჩეული იყოს. დედაქალაქში საახალწლო სამზადისი დაწყებულია. შეამჩნევდით, რომ ქუჩები უკვე ირთვება ილუმინაციებით. 30-ზე მეტ ქუჩაზე დამონტაჟდა საახალწლო განათებები და ეს პროცესი გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია საახალწლო ღონისძიებები. უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეებს. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, წელსაც გვექნება სიახლეები. თბილისის მთავარი გამზირი – რუსთაველი დეკემბრის დასაწყისში მოირთვება ახალი განათებებით და ვფიქრობ, ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი ეყოლება. ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი ძალიან საინტერესო გახდა უცხოელი ტურისტებისთვის, განსაკუთრებით საახალწლო დღეებში. ლამაზია საახალწლო სოფელი და ეს ტრადიცია წელსაც გვექნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა კიდევ უფრო მეტი მნახველი ყავდეს ჩვენს ქვეყანას და ქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქი 2024 წელს ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება, ვინაიდან გასულ წელს საახალწლო ნაძვის ხეს ფოიერვერკის გასროლის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა და დაზიანდა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, 16 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება.

„საახალწლო სოფელი“ წელს განთავსდება ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში. ეს ორი ადგილი იქნება, სადაც საახალწლო დღეებში შეგვეძლება ჩვენი პატარებით მისვლა. შესაბამისი სივრცე მოეწყობა ყველა თაობის ადამიანისთვის. რაც შეეხება გალაკონცერტს, ყველა მსურველს რესპუბლიკის მოედანზე 31 დეკემბერს ვუმასპინძლებთ. გპირდებით, რომ ჩვენი ქალაქი წელს ძალიან ლამაზი იქნება და ბევრი ადამიანი ისიამოვნებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“დედაქალაქი 2024 წელს ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება, რომელიც 15 დეკემბერს აინთება”

ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება დედაქალაქი 2024 წელს, რომელიც 15 დეკემბერს აინთება და ამით ოფიციალურად დაიწყება საახალწლო დღეები ჩვენს ქალაქში,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მეგობრებო, როგორც იცით, უკვე ტრადიციად იქცა, რომ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და გამორჩეული იყოს საახალწლოდ.

შეამჩნევდით ალბათ, რომ დაწყებულია საახალწლო სამზადისი, ირთვება თბილისის ქუჩები ილუმინაციებით. 30-ზე მეტ ქუჩაზე დამონტაჟდა საახალწლო განათებები და ეს პროცესი გრძელდება.

რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, წელსაც გვექნება სიახლეები. თბილისის მთავარი გამზირი- რუსთაველი დეკემბრის თვის დასაწყისში მოირთვება ახალი ილუმინაციებით და ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი ეყოლება იქაურობას.

ასევე, ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება დედაქალაქი 2024 წელს, რომელიც 15 დეკემბერს აინთება და ამით ოფიციალურად დაიწყება საახალწლო დღეები ჩვენს ქალაქში.

აქვე გეტყვით, რომ საახალწლო სოფელი წელს განთავსდება ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში. რაც შეეხება გალა კონცერტს, ყველა მსურველს რესპუბლიკის მოედანზე ვუმასპინძლებთ 31 დეკემბერს“,- აღნიშნა კალაძემ.