ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი საბურთალოს რაიონში განხორციელდება

74
spot_img

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, გამრეკელის I შესახვევის N6-ში მდებარე კორპუსის დემონტაჟი იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იგივე შესყიდვა წლის ბოლომდე ვარკეთილის მე-3 მასივის მე-4 კვარტალში მდებარე N6 კორპუსის ჩანაცვლების მიზნით გამოცხადდება.

„დედაქალაქში ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივში, კერძოდ, მე-7 კვარტლის N12 კორპუსის კედლების მოჩარჩოება დასრულებულია მე-4 სართულამდე, მე-7 სართულზე კი მიმდინარეობს გადახურვის ფილის მოწყობის სამუშაოები. ასევე, მე-3 მასივში, კალოუბნის N18-ში აქტიურ ფაზაშია საძირკვლის მოწყობის სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება 12 მისამართზე, ხოლო წლის ბოლომდე ტენდერი დამატებით 10-მდე მისამართზე გამოცხადდება.

„პროგრამის ფარგლებში, ჯამურად, დაახლოებით, 100-მდე მისამართიდან ფიქსირდება მომართვიანობა და თითოეულ მისამართზე მიმდინარეობს მესაკუთრეების მოთხოვნისა და რეგისტრირებული მონაცემების შესწავლა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ N55 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლითაც დასაშვებად მიიჩნია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით განსახორციელებელი გამარტივებული შესყიდვა გათავისუფლდეს ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ანგარიშსწორების იმპერატიული მოთხოვნისგან.

გარდა ამისა, თბილისის მერმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

„მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მომდევნო დღეების განმავლობაში სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდეს. სიახლეების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდეთ, რომ უფრო მეტი კომპანია ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.