„განვითარებით, მშვიდობით, ევროპულობით უნდა გავხდეთ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ დაკარგული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ. უბრალოდ, ასე უნდა გავმთლიანდეთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
მან ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობასა და ამავე დროს ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„შანტაჟი გვახსოვს ბიძინა ივანიშვილზეც, მისი პოლიტიკაში დაბრუნებისა და ქვეყნის ომში ჩართვის მოთხოვნით. ჩვენ პირდაპირი მოწოდებები გვახსოვს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული პირებისგან, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას. ბოლოს საითაც არ უნდა ვიაროთ, რა ლოგიკაც არ უნდა განვავითაროთ, რაც უნდა მოვყვეთ ან ვერ მოვყვეთ, მაინც იქით მივდივართ – საქართველოს მადლობას ეტყვიან მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ის ჩაერთვება ომში და გაწირავს თავს გლობალური მიზნებისთვის.
დიდმა ქვეყნებმა შეიძლება იბრძოლონ და შესაძლოა, დიდი მსხვერპლი გაიღონ, მაგრამ ფიზიკურად მაინც გადარჩნენ და ამ დიდ საოკუპაციო ომში, დიახ, უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ნატოს გაფართოების, ერთად ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიმდინარეობს, საქართველო ვერ, არ ჩაერთვება, რადგან გარდა ადამიანური მსხვერპლისა, შესაძლოა ქვეყნის ფიზიკური განადგურების საფრთხე იყო. ჩვენ ამას არ და ვერ გავრისკავთ და ეს მშვიდობა არის ძნელად გადასატანი, რადგან ომის გარდა, ზუსტად ვიცით, არაფერს დაგვიფასებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზითაა შესაძლებელი.
„სირთულეც ამაში მდგომარეობს, რომ შენ გაკისრია მისია – ამ გლობალურ კონტექსტში ფიზიკურად გადარჩე და რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის წარმოების პარალელურად, მეორე ნაწილი არ გახდე და ომში არ ჩაგითრიონ. ამავდროულად უზრუნველყო, რომ გზა იყოს ევროპული, რაც არ უნდა სპეკულაციური მესიჯები, შანტაჟი, პროვოკაციები იყოს, ევროპის გზაზე იარო. ამავდროულად, ეს გზა თავსებადი გახადო მთავარ მიზანთან, რომელსაც ჰქვია ტერიტორიების დეოკუპაცია. მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ ეს ხალხი და ტერიტორიები. ჩვენი მესიჯი, რაც უნდა ხდებოდეს, უნდა იყოს ერთი ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების მიმართ, რომ არასდროს საქართველო არ იფიქრებს მათ დაბრუნებას ომით. არასდროს! ამ სიტყვას არასდროს უნდა გადავიდეთ. უნდა ვიფიქროთ, რომ განვითარებით, მშვიდობით, ევროპულობით უნდა გავხდეთ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ ეს ადამიანები, ტერიტორიები, უნდა დავიბრუნოთ. უბრალოდ, ასე უნდა გავმთლიანდეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.