Home Blog Page 2030

ქვეყნის მასშტაბით ბომბის არსებობის შესახებ ათობით ცრუ შეტყობინება შევიდა

ევაკუაცია რამდენიმე სკოლასა და სასამართლო შენობებში – თბილისსა და რეგიონებში, ბომბის შესახებ შეტყობინება რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებაში შევიდა. თბილისში შეტყობინებები სააპელაციო, საქალაქო და უზენაეს სასამართლოებში შევიდა, ასევე შეტყობინებები მიიღეს რაიონულ სასამართლოებში – თელავში, გორში, ქუთაისში. შეწყვეტილია სამუშაო პროცესი, მოქალაქეებსა და თანამშრომლებს შენობებს ატოვებინებენ.

ასევე, შეტყობინებების გამო განხორციელდა რამდენიმე სკოლისა და საბავშვო ბაღის ევაკუაცია. თითქმის ყველგან, სადაც შევიდა ზარი მუშაობენ გამნაღმველები და სამართალდამცველები კინოლოგებთან ერთად.

ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით რაიმე ტიპის ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6209 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6209 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6209 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6335 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0126 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8023 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8376 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0353 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება

საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. შესაბამისი განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ბრეგაძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე მოუწევს.

„დღეს საქართველოს მთავრობამ პრემიერის დავალების შესაბამისად მომზადებულ კანონპროექტზე იმსჯელა, საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფო ზრუნავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარებაზე. სწორედ, ამიტომ ჩვენი მხრივ გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რომ მაქსიმალურად და გონივრულ ფარგლებში სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს პროცედურები შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გაუმარტივდეთ.

სწორედ, ამ მიზნით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე მოუწევს და არა დამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დრო და რესურსი დაიზოგება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან 6 თვემდე მცირდება.

„მეორე ცვლილება ეხება იმას, რომ პირს უფლება ექნება წარუმატებლობის შემთხვევაში გამოცდა შეუზღუდავად გადააბაროს. იმ შემთხვევაში, თუ კი მას ექნება დადებითი შედეგი ეს ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება. ასევე, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან 6 თვემდე მცირდება, რაც საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება იმ პირებისთვის, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ.

ასევე, მეოთხე ცვლილება უკავშირდება ჩვენს მიერ საერთაშორისო ვალდებულებებს. კერძოდ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც მოქალაქეობის არ მქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების დადგენილი 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება.

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ, მათ შორის, იმ პირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ და არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვთ. დღევანდელ დღემდე მათ საქართველოში 10 წლიანი ცხოვრების ცენზი მოეთხოვებათ, ხოლო მას შემდეგ რაც ჩვენ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი მიიღებს, მათ 5 წელი მოეთხოვებათ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

“ელენე ხოშტარიამ წინაპარზე თქვას უარი? – რომან გოცირიძე

ელენე ხოშტარიას წინაპარმა შექმნა ინტელექტუალური საკუთრება და ყველა სპექტაკლიდან, სადაც კი მისი მხატვრობა იქნება, კუთვნილი ფული ერიცხება. ხოშტარიამ წინაპარზე თქვას უარი? – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.

გოცირიძის თქმით, ეს საერთაშორისო ნორმაა.

„ელენე ხოშტარიას წინაპარმა შექმნა ინტელექტუალური საკუთრება და ყველა სპექტაკლიდან, სადაც კი მისი მხატვრობა იქნება, ნიუ იორკში, პარიზში, მოსკოვში თუ თბილისში, კუთვნილი ფული ერიცხება. რა თქვას ახლა, წინაპარზე თქვას უარი? მოსკოვში დაიდგას ქართველი ადამიანის შრომის შედეგი და ფული ჩაერიცხოს რუსეთის ბიუჯეტს? თუ ათეულ ათასებს ურიცხავენ, ე.ი. სიცოცხლის შემდეგაც მისი შრომის პროდუქტი შემოსავალს იძლევა. არავის ფულს ასე არ ჩაურიცხავენ, ეს არის საერთაშორისო ნორმა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

“ჯერ ორი კვირის წინ საქეიფოდ შემოსული ხალხი „კადიროველებად“ გაასაღეს”- ნინო ფოჩხუა

ჯერ 2 კვირის წინ საქეიფოდ შემოსული ხალხი „კადიროველებად“ გაასაღეს, ახლა კი ბომბების შეტყობინებებით გააგრძელეს თემა. აგერ მე და აგერ თქვენ – საღამოს „ნაცმედიამ“ თუ არ დააკავშიროს ეს ყველაფერი ერთმანეთს, – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის მიერ გააქტიურებულ თემებს.

„ანტიქართველების მორიგი „სპეცოპერაცია”? გუშინ ნაცმოძრაობის სიცრუის მანქანას მთელი დღე ჰქონდა თემა, აქ რომ „კადიროველები“ შემოვიდნენ ეს არის სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვისო. დღეს რა ხდება? სხვადასხვა ობიექტებზე შედის ანონიმური ზარები, თითქოს შენობაშია ბომბი… ეს ახლა არ არის საეჭვო დამთხვევა? ეს არ არის ორგანიზებული კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ? ჯერ 2 კვირის წინ საქეიფოდ შემოსული ხალხი „კადიროველებად“ გაასაღეს, ახლა კი ბომბების შეტყობინებებით გააგრძელეს თემა. აგერ მე და აგერ თქვენ – საღამოს ნაცმედიამ თუ არ დააკავშიროს ეს ყველაფერი ერთმანეთს… ეს მავნებელი არაადამიანები! – წერს ნინო Facebook-ზე.

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს, კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს, კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკის შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები მიმოიხილეს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანნა მარია შიკო ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“როდესაც იქნება შესაბამისი სამედიცინო პირობები, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში” – ბრეგაძე სააკაშვილზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, როდესაც შესაბამისი სამედიცინო პირობები იქნება.

აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კლინიკიდან ციხეში სააკაშვილის გადაყვანის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა საფრთხე არ არის, როდესაც ადამიანი არის მსჯავრდადებული პატიმარი. ის, როდესაც დადგება შესაბამისი პირობა, იქნება გადაყვანილი. ანუ ეს [გადაყვანა] საფრთხე არ არის პატიმრის შემთხვევაში. „ვივამედის“სამედიცინო პერსონალთან ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს. ბუნებრივია, ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურ რეჟიმში ვიგებთ. როგორც მოგახსენეთ, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები, სამედიცინო პირობებს ვგულისხმობ ის, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი“ , – განაცხადა ბრეგაძემ.

“ობიექტური ჟურნალისტიკა უბრალოდ არ არსებობს უკრაინაში” – ზურაბ ქადაგიძე

ესეც რეალობა კულისებიდან, სადაც იდგმება და ასე “იყიდება” ომის პერიპეტიები…და რატომ ჰგონია ვინმეს, რომ არისტოვიჩებისა და დანილოვ-პოდოლიაკების მართული პროცესები სხვანაირი იქნებოდა?, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გამოცემა Semafor-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ომის გაშუქებაზე მომუშავე ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტები სამხედროების მხრიდან მკაცრად კონტროლირდებიან, შეწინააღმდეგების შემთხვევაში კი აკრედიტაციას კარგავენ.

„ესეც რეალობა კულისებიდან, სადაც იდგმება და ასე “იყიდება” ომის პერიპეტიები… და რატომ ჰგონია ვინმეს, რომ არისტოვიჩებისა და დანილოვ-პოდოლიაკებისს მართული პროცესები სხვანაირი იქნებოდა? აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პლატფორმა და საინფორმაციო მედია დახურეს, სრული კონტროლია ინფორმაციის გავრცელებაზე, ობიექტური ჟურნალისტიკა უბრალოდ არ არსებობს უკრაინაში.
ალბათ, “ომი ყველაფერს ჩამოწერს”- პრინციპის იმედი აქვს ზელენსკის, თორემ სხვა შემთხვევაში, გაკიდებენ სარზე…“, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

“2012 წლამდე თანაბრად უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა ყველას, იმიტომ, რომ ყველა იმ ბოროტი, მკვლელი სისტემის შემოქმედი იყო”-მდინარაძე

„ნაცმოძრაობის“ კლასტერის შიგნით ცდილობენ სახელებს და გვარებს დაუკავშირონ წარსული ცოდვები, რაც მრავლად აქვთ თავისი პოლიტიკური ე.წ. მოღვაწეობის პერიოდში. 2012 წლამდე თანაბრად უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა ყველას, იმიტომ, რომ ყველა იმ ბოროტი, მკვლელი სისტემის შემოქმედი იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კეზერაშვილ-ადეიშვილთან ოპოზიციის ერთობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. მისი თქმით, დღესაც, ვინც ნაცმოძრაობის პოლიტიკას იზიარებს, 2012 წლამდე იმ ცოდვებსაც იზიარებს და თანაავტორი ხდება იმ ყველაფრის, რაც მათ ჩადენილი ჰქონდათ თავის დროზე.

„სახელებს და გვარებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ნაცმოძრაობის კლასტერის შიგნით ცდილობენ სახელებს და გვარებს დაუკავშირონ ის წარსული ცოდვები, რაც მრავლად აქვთ თავისი პოლიტიკური ე.წ. მოღვაწეობის პერიოდში. 2012 წლამდე თანაბრად უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა ყველას, იმიტომ, რომ ყველა იმ ბოროტი, მკვლელი სისტემის შემოქმედი იყო და ცალკე აღებული ერთი ან ორი სახელი და გვარი იმ ყველაფერს ვერ უზრუნველყოფდა. დღესაც, ვინც „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას იზიარებს, 2012 წლამდე იმ ცოდვებსაც იზიარებს და თანაავტორი ხდება იმ ყველაფრის, რაც მათ ჩადენილი ჰქონდათ თავის დროზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვებას ვერ მიაღწევს – პაატა მანჯგალაძე

ვაღიაროთ რეალობა – „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვებას ვერ მიაღწევს, ისევე როგორც პირიქით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დროა, ოპოზიციამ მიაღწიოს შეთანხმებას, რა ტიპის კაბინეტს ჩამოაყალიბებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.

მისივე თქმით, ყველაფერი წინასწარ უნდა იცოდნენ.

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხი პოლიტიკაში აქტიურად უნდა იყოს თუ არა, ეს თავად მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გადაწყვიტონ. ამაზე სხვა ოპოზიციური პარტია ვერაფერს იტყვის, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. სრულად ვიზიარებ ხაბეიშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომ კოალიციური მთავრობა გვჭირდება. ჩვენ არა მარტო უნდა ვაჩვენოთ ჩვენი უპირატესობა, რომ ევროპა, უსაფრთხოება, მშვიდობა, კომფორტი დაკავშირებულია ოპოზიციასთან, არამედ ხალხმა ზუსტად უნდა იცოდეს, ვინ მოდის ხელისუფლებაში. ამიტომ უკვე დროა, ოპოზიციამ მიაღწიოს შეთანხმებას, რა ტიპის კაბინეტს ჩამოაყალიბებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, გამარჯვების შემთხვევაში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის პრემიერ-მინისტრი, ვინ არის ვიცე-პრემიერი, შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ვინ იქნება პროკურორი. ყველაფერი წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რათა „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ რუსული ოპერატიული ლეგენდის გავრცელების შესაძლებლობა, რომელზეც „ქართული ოცნების“ პიარი მუშაობს, რომ დაბრუნდება ისეთი ხალხი, რომ დაიწყება რევანში, შურისძიება. ქართულ პოლიტიკაში ჩემთვის მთავარი ფაქტორია, სად მიმყავს საქართველო – კადიროვის ჩეჩნეთის გზაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ აპირებს, თუ ევროპის გზაზე. ეს იქნება წყალგამყოფი. „ქართულ ოცნებას“ არ დავუტოვებთ სივრცეს, თან რუსეთში წაიყვანოს ქვეყანა, თან აქ საზოგადოება მოატყუოს, შექმნას შირმა, თითქოს „ქართული ოცნება“ არის ევროპული ძალა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის პრობლემა არ აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციას კონსულტაციები ჯერ არ დაუწყია.

„არ მჯერა ლეგენდების, რომ იმის უკან ის დგას, ამის უკან ეს დგას. მე ველაპარაკები ლევან ხაბეიშვილს და ვიცი, რომ ის უფლებაუნარიანია, გადაწყვეტილებისუნარიანია. ვინმე თუ აპირებს „ქართული ოცნების“ დამარცხებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის გაფორმების გარეშე, მე არ ვიცი ისეთი ოპოზიციური ძალა, რომელიც მარტო აიღებს 51 პროცენტს. ღმერთმა ქნას, იყოს, მაგრამ ასეთი ძალა არ არსებობს. დახმარება არ გვჭირდება არავისი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ წყალგამყოფი – კადიროვის, როსგვარდიას საქართველო გვინდა და „იქაური დემოკრატია“, „კადიროვის დემოკრატია“ თუ ევროპული დემოკრატია; ჩვენ ნატო-თი და ევროკავშირით განმტკიცებული მშვიდობა გვინდა თუ კადიროვით განმტკიცებული მშვიდობა. ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, პერსონალიებზე ლაპარაკი უადგილოა.

სამწუხაროდ, კონსულტაციები ჯერ არ დაგვიწყია, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციაა, რომ ადამიანები ხმას არ აძლევენ გაურკვევლობას. ჩვენ სამი რამ ნათლად უნდა ვუთხრათ მოქალაქეებს: პირველი, ეს არ არის გემოვნების არჩევნები, ეს იქნება საქართველოს პოლიტიკური მომავლის არჩევანი, მათ შორის ისტორიულ ჭრილში – გვინდა ევროპა, ევროპული დემოკრატია თუ გვინდა რუსეთი და კადიროვული დემოკრატია; მეორე – რაში მდგომარეობს ოპოზიციის უპირატესობა, რომ მშვიდობა, უსაფრთხოება დაკავშირებულია ნატო-სთან, ევროკავშირთან და არა – კადიროვთან; მესამე საკითხი – იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას არ შეესხას ფრთები, უნდა შევქმნათ ნათელი წარმოდგენა, ვინ მოდის ხელისუფლებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ სიცხადეში ოპოზიცია 10:0-ს მოუგებს ხელისუფლებას, არა იმიტომ, რომ ოპოზიცია ძლიერია, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ ასეთი არჩევანი ბევრჯერ გააკეთა და სწორედ ასეთი არჩევანის პირობებში დაამარცხა ზვიად გამსახურდიამ კომუნისტური პარტია. საბოლოო ჯამში, უნდა გავაკეთოთ არჩევანი, ვის უნდა თავისუფლება და ვის უნდა მონობა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.

“თვითონ თემური წააქციეს და უკვე წაქცეულს ურტყამდნენ” – „რეტროს“ მფლობელის ადვოკატი

დაკავებული, რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე ამტკიცებს, რომ ფიზიკურად მას გაუსწორდნენ და სამართლებრივ დავას გეგმავს. პარალელურად, რესტორანში შრომის ინსპექციაა შესული

„ინფორმაცია, თითქოს კომპანიაში დასაქმებულები იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას, არის სიცრუე და გამოგონილი, ვინაიდან კომპანიაში დასაქმებულია 34 თანამშრომელი, რომელთაგანაც მხოლოდ 2 არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. კონფლიქტის მიზეზი გახლდათ ე.წ. ჩაის განაწილება, ანუ იმ თანხის, რომელსაც ოფიციანტებს უტოვებენ მომხმარებლები და რომლის განაწილებაში საერთოდ არ ერევა ადმინისტრაცია.

თვითონ თემური წააქციეს და უკვე წაქცეულს ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა არეში კომპანიის დასაქმებულები. არსებობს ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც გუშინ იყო ამოღებული გამოძიების მიერ. სრულად გადაეცა გამოძიებას მასალები. შესაბამისად, ვითხოვთ, რომ თემურის წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს“, – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ლევან მახარაშვილი.

ვარშანიძეს ბრალად ძალადობა ედება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე დაიწყო.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად ბათუმში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში კაცი მიმტანზე. ვიდეოს Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული პიროვნება, რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძეა.

ამასთან, რესტორნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ვარშანიძე თანამშრომლებზე წლების განმავლობაში ძალადობდა. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა დატოვა და ისინი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

ევაკუაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში

ევაკუაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში – შეწყვეტილია ყველა სხდომა, მოქალაქეებს და თანამშრომლებს შენობა დაატოვებინეს. არსებული ინფორმაციით, სასამართლოში შევიდა შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ.

არის სხვა ვერსიაც, რომელიც სახანძრო განგაშის გამოცხადებას ეხება. კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაკეთებულა.