„ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვებას ვერ მიაღწევს – პაატა მანჯგალაძე

110
spot_img

ვაღიაროთ რეალობა – „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვებას ვერ მიაღწევს, ისევე როგორც პირიქით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დროა, ოპოზიციამ მიაღწიოს შეთანხმებას, რა ტიპის კაბინეტს ჩამოაყალიბებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.

მისივე თქმით, ყველაფერი წინასწარ უნდა იცოდნენ.

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხი პოლიტიკაში აქტიურად უნდა იყოს თუ არა, ეს თავად მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გადაწყვიტონ. ამაზე სხვა ოპოზიციური პარტია ვერაფერს იტყვის, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. სრულად ვიზიარებ ხაბეიშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომ კოალიციური მთავრობა გვჭირდება. ჩვენ არა მარტო უნდა ვაჩვენოთ ჩვენი უპირატესობა, რომ ევროპა, უსაფრთხოება, მშვიდობა, კომფორტი დაკავშირებულია ოპოზიციასთან, არამედ ხალხმა ზუსტად უნდა იცოდეს, ვინ მოდის ხელისუფლებაში. ამიტომ უკვე დროა, ოპოზიციამ მიაღწიოს შეთანხმებას, რა ტიპის კაბინეტს ჩამოაყალიბებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, გამარჯვების შემთხვევაში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის პრემიერ-მინისტრი, ვინ არის ვიცე-პრემიერი, შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ვინ იქნება პროკურორი. ყველაფერი წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რათა „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ რუსული ოპერატიული ლეგენდის გავრცელების შესაძლებლობა, რომელზეც „ქართული ოცნების“ პიარი მუშაობს, რომ დაბრუნდება ისეთი ხალხი, რომ დაიწყება რევანში, შურისძიება. ქართულ პოლიტიკაში ჩემთვის მთავარი ფაქტორია, სად მიმყავს საქართველო – კადიროვის ჩეჩნეთის გზაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ აპირებს, თუ ევროპის გზაზე. ეს იქნება წყალგამყოფი. „ქართულ ოცნებას“ არ დავუტოვებთ სივრცეს, თან რუსეთში წაიყვანოს ქვეყანა, თან აქ საზოგადოება მოატყუოს, შექმნას შირმა, თითქოს „ქართული ოცნება“ არის ევროპული ძალა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის პრობლემა არ აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციას კონსულტაციები ჯერ არ დაუწყია.

„არ მჯერა ლეგენდების, რომ იმის უკან ის დგას, ამის უკან ეს დგას. მე ველაპარაკები ლევან ხაბეიშვილს და ვიცი, რომ ის უფლებაუნარიანია, გადაწყვეტილებისუნარიანია. ვინმე თუ აპირებს „ქართული ოცნების“ დამარცხებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის გაფორმების გარეშე, მე არ ვიცი ისეთი ოპოზიციური ძალა, რომელიც მარტო აიღებს 51 პროცენტს. ღმერთმა ქნას, იყოს, მაგრამ ასეთი ძალა არ არსებობს. დახმარება არ გვჭირდება არავისი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ წყალგამყოფი – კადიროვის, როსგვარდიას საქართველო გვინდა და „იქაური დემოკრატია“, „კადიროვის დემოკრატია“ თუ ევროპული დემოკრატია; ჩვენ ნატო-თი და ევროკავშირით განმტკიცებული მშვიდობა გვინდა თუ კადიროვით განმტკიცებული მშვიდობა. ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, პერსონალიებზე ლაპარაკი უადგილოა.

სამწუხაროდ, კონსულტაციები ჯერ არ დაგვიწყია, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციაა, რომ ადამიანები ხმას არ აძლევენ გაურკვევლობას. ჩვენ სამი რამ ნათლად უნდა ვუთხრათ მოქალაქეებს: პირველი, ეს არ არის გემოვნების არჩევნები, ეს იქნება საქართველოს პოლიტიკური მომავლის არჩევანი, მათ შორის ისტორიულ ჭრილში – გვინდა ევროპა, ევროპული დემოკრატია თუ გვინდა რუსეთი და კადიროვული დემოკრატია; მეორე – რაში მდგომარეობს ოპოზიციის უპირატესობა, რომ მშვიდობა, უსაფრთხოება დაკავშირებულია ნატო-სთან, ევროკავშირთან და არა – კადიროვთან; მესამე საკითხი – იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას არ შეესხას ფრთები, უნდა შევქმნათ ნათელი წარმოდგენა, ვინ მოდის ხელისუფლებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ სიცხადეში ოპოზიცია 10:0-ს მოუგებს ხელისუფლებას, არა იმიტომ, რომ ოპოზიცია ძლიერია, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ ასეთი არჩევანი ბევრჯერ გააკეთა და სწორედ ასეთი არჩევანის პირობებში დაამარცხა ზვიად გამსახურდიამ კომუნისტური პარტია. საბოლოო ჯამში, უნდა გავაკეთოთ არჩევანი, ვის უნდა თავისუფლება და ვის უნდა მონობა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.