Home Blog Page 2028

„ჯივიპი“ უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემას აახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები უნივერსიტეტის ქუჩაზე პარალელურად 4 სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის შედეგად ჯამში 5.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვლება.

პროექტის ფარგლებში განახლდება 2 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენის და 3 კმ სიგრძის წყალარინების ქსელები, დამონტაჟდება 38 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, 62 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა.

“ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია” – პრემიერი

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, „ჯარის ბანაკის” პროექტი, რომელიც ვფიქრობ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას დააინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში განაცხადა, სადაც თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის – „ჯარის ბანაკის” გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროექტი ხორციელდება თავდაცვის და განათლების სამინისტროს ჩართულობით.

„ამ პროექტის მიმართ ინტერესი თავიდანვე ძალიან მაღალი იყო, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. ეს პროექტი ხორციელდება ორი სამინისტროს ჩართულობით, თავდაცვის და განათლების სამინისტროს ჩართულობით. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება. მოგეხსენებათ, რომ ეს ბანაკი წელს პირველად იმართება, ჩვენ დავიწყეთ უკვე ერთი კვირის წინ, დაახლოებით. სულ, ჯამში 800 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას ამ ბანაკში, თითო როტაციაში 100 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, დაახლოებით და აგვისტოს ბოლოს დასრულდება აღნიშნული პროექტი.

მინდა რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო. ჯარის მნიშვნელობა და ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა თავიდანვე, სკოლებიდან, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება, მეტი ინფორმაცია უნდა შევიტანოთ, რომ გაიზარდოს ინფორმირებულობა და ცნობიერება ამაღლდეს ახალგაზრდებში. გაიგონ თავად, თუ როგორ იმართება ჯარი, თავად გექნებათ თქვენ ეს უნიკალური შანსი, რომ გაეცნოთ სამხედრო საქმიანობას, მიიღოთ მონაწილეობა. ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ, ერთი მხრივ, ზოგადად ინტერესის გაზრდას ჯარის მიმართ. თქვენ პირადად შეხვდებით ჩვენი ომების მონაწილე, გმირ ჯარისკაცებს, ცოცხალ გმირებს შეხვდებით, რომლებიც თავად მოგიყვებიან ჩვენი ჯარის საგმირო საქმეებს, არა მხოლოდ ჩვენს წარსულში ჩადენილ საგმირო საქმეებს, არამედ ჩვენს აწმყოში, რამდენიმე წლის წინ მომხდარ საგმირო საქმეებს”, – განაცხადა პრემიერმა.

უკრაინა სამხედრო ტექნიკას კარგავს: რამდენი „ლეოპარდი“ განადგურდა დღემდე

გერმანული გაზეთი „ბერლინერ ცაიტუნგი“ (Berliner Zeitung) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინა სამხედრო ტექნიკას კარგავს: რამდენი „ლეოპარდი“ განადგურდა დღემდე“ (ავტორი – ფრანც ბეკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დასავლეთის სახელმწიფოებმა უკრაინას დიდი იმედებით მიაწოდეს მძიმე საბრძოლო ტექნიკა იმ რწმენით, რომ კიევი მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს რუსეთთან ომში. სამწუხაროდ, უკრაინის არმიის ზაფხულის შეტევიდან ერთი თვის შემდეგ დასავლელებს იმედი გაუცრუვდათ – გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, გერმანიის მიერ მიწოდებული ტანკებიდან – „ლეოპარდებიდან“ – რამდენიმე უკვე განადგურებულია. კერძოდ, ოთხი Leopard 2A6 და სამი Leopard 2A4. გარდა ამისა, ასევე გამოყვანილია მწყობრიდან 25 ამერიკული ჯავშნიანი საბრძოლო მანქანა „ბრედლი“. ეს მოხდა ივნისის დასაწყისში, როცა უკრაინის არმიამ კონტრშეტევა წამოიწყო. მძიმე ტექნიკა ძირითადად რუსების მიერ დანაღმულ ველებზე გავლისას დაზიანდა.

ივნისის შუა რიცხვებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი მელნიკმა ბერლინს უფრო მეტი ტანკებისა და სხვა მძიმე ტექნიკის გაგზავნა სთხოვა. მისი აზრით, ბუნდესვერს ამჟამად 300 ტანკი აქვს და შეუძლია ადრე მიცემული (18 ტანკის) რაოდენობა სამჯერ გაზარდოს.

სამწუხაროდ, გერმანიის ბუნესვერის შეიარაღებაში დარჩენილი 300 ტანკიდან (Leopard 2) მხოლოდ 130-ია საბრძოლო მდგომარეობაში. ეს არის შედეგი იმ სიტუაციისა, როცა გერმანიაში თავდაცვის სფეროს არასაკმარისი ყურადღება ეთმობოდა და, შესაბამისად, ინვესტიციებიც მცირე იყო..

რამდენი ტანკი დარჩა უკრაინას? სულ კიევისადმი მიწოდებული იყო 18 Leopard 2A6 გერმანიიდან და 36 Leopard 2A4 პოლონეთიდან, ნორვეგიიდან და ესპანეთიდან. სულ 54 საბრძოლო ტანკი. თუ განადგურებულების რაოდენობას მიწოდებულს შევადარებთ, გამოდის, რომ უკრაინას დასავლური ტანკების 13% უკვე აღარ აქვს.

უკრაინის არმიისათვის ყველაზე „ძვირადღირებული“ 8 ივნისი გამოდგა, როცა სოფელ მალაია ტოკმაჩთან არსებულ დანაღმულ ველზე 33-ე და 47-ე ბრიგადებმა 14 ტანკი დაკარგეს და ეს მოხდა სულ რაღაც რამდენიმე წუთის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, ტანკების განადგურებას ცოცხალი ძალის მსხვერპლიც მოჰყვა, არაფერი რომ არ ვტქვათ მატერიალურ ზარალზე. 2023 წლის მონაცემებით, გერმანიამ უკრაინას სამხედრო მიზნით 5,4 მილიარდი ევრო გამოუყო, რაც 2022 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია. უახლოეს წლებში კი დაგეგმილია კიდევ 10,5 მილიარდი ევროს გამოყოფა.

წყარო

“შევიმუშავეთ ძალიან კარგი თავდაცვის ახალი კოდექსი, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეში დაამტკიცებს” – პრემიერი

შევიმუშავეთ ძალიან კარგი თავდაცვის ახალი კოდექსი, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეში დაამტკიცებს, მიიღებს, ახალი კოდექსით დავარეგულირეთ მათ შორის წვევამდელთა სამსახურის ახალი პირობები, რომელიც ძალიან მოქნილი იქნება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში განაცხადა, სადაც თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის – „ჯარის ბანაკის” გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავდაცვის ახალი კოდექსი ძალიან პოპულარული იქნება ახალგაზრდებში.

„ასევე, მინდა რამდენიმე სიტყვით გითხრათ, რომ ჩვენ შევიმუშავეთ ძალიან კარგი თავდაცვის ახალი კოდექსი, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეში დაამტკიცებს, მიიღებს. ჩვენ დავარეგულირეთ მათ შორის წვევამდელთა სამსახურის ახალი პირობები, რომელიც ძალიან მოქნილი იქნება, ძალიან პოპულარული იქნება ახალგაზრდებში. მინიმუმ 6 თვიანი პროგრამები იქნება, ასევე იქნება 8 თვიანი, 10 თვიანი, 11 თვიანი იმის მიხედვით, ვის რა ინტერესი აქვს. ასევე, სტუდენტებისთვის მოვიფიქრეთ ახალი გამოსავალი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ სტუდენტი, რომელიც ჩაერთვება ამ ახალ პროგრამაში და წელიწადში 1 თვეს დაჰყოფს, გაატარებს დროს, მიიღებს მონაწილეობას ჯარში, 4 წლის თავზე, 4 თვის დასრულების შემდეგ მას ჩაეთვლება სამხედრო სამსახური მოხდილად. ეს მინდოდა მეთქვა თქვენთვის. მინდა ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის მომზადებაში, ბატონ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, ბატონ გიორგი ამილახვარს, ჩვენს სამხედროებს, ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენს საპატრიარქოს მინდა მადლობა გადავუხადო. ვიცი, რომ ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართება ყოველ საღამოს. მეც თუ დამპატიჟებთ სიამოვნებით ჩავერთვები. მიმაჩნია, რომ აუცილებელია დისკუსია გაიმართოს, ნებისმიერ კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი ჩვენს ახალგაზრდობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ პროექტის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს. თქვენ გეკუთვნით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალი. ჩვენი მომავალია თქვენს ხელში, ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ხელი შეგიწყოთ მაქსიმალურად თქვენს სწორ განვითარებაში, სწორ აღზრდაში და რაც მთავარია, თქვენი მიზნების მიღწევაში,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორ გაიყო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების საზოგადოება: მოლდოვა და საქართველო – პუტინის მომხრეები და მოწინააღმდეგეები

გერმანული ფედერალური ტელეარხის „ცე-დე-ეფ“-ის (2DF//ZDF – Zweites Deutsches Fernsehe) ეთერში ორ ივლისს გადაიცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი მოლდოვასა და საქართველოს შესახებ, რომლის ტექსტი ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით: „როგორ არის(ავტორი – სებასტიან ემი).

ვიდეოსიუჟეტი იწყება მოლდოვაში შექმნილი სიტუაციის მიმოხილვით:

„დღეს მოლდოვური საზოგადოება გაყოფილია ისე რადიკალურად, როგორც არასდროს: მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს სურს, რომ ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში, მათ არაფერი საერთო არ უნდათ რუსეთთან, მაგრამ მეორე ნახევარი რუსეთთან ახლო ურთიერთობის მომხრეა. მოწინააღმდეგეები უფრო მეტად ქალაქებშია – ისინი შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინის ერთად მოლდოვასაც თავს დაესხმება. სოფლებში კი პირიქით – მომხრეებს მიაჩნიათ, რომ რუსეთთან ურთიერთობა ბევრი სიკეთის მომტანია, მაგალითად, ენერგეტიკით (იაფფასიანი გაზით) უზრუნველყოფის სფეროში“, – აღნიშნავს კორესპონდენტი და მოლდოვას მოსახლეობის წარმომადგენლებს ესაუბრება – ქალაქისა და სოფლების მცხოვრებლებს.

რეპორტაჟი საქართველოდან:

„ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსაც სურს, მაგრამ რუსეთს ამის დაშვება არ უნდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველოს – სამხრეთკავკასიური ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირება მოახდინა. რუსული ტანკები თბილისიდან – საქართველოს დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იდგნენ. ამიტომაც ბევრი ქართველი უკრაინის მომხრედ გამოდის. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობა დაპროგრამებულია… თუმცა, როგორც კი რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, ათი ათასობით რუსი სწორედ საქართველოში გამოიქცა“, – აღნიშნავს ტელეჟურნალისტი სებასტიან ემი, რომელიც თბილისში იმყოფება და ქართული საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ წარმომადგენლებს ესაუბრება – გირჩის“ აქტივისტს ბადრი გრიგალაშვილს, „ლელოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს (ვიდეოსიუჟეტში რატომღაც ხელისუფლების – მმართველი პარტიის – მომხრეები არ ჩანან).

გერმანელი ჟურნალისტის თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას პრორუსულობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა არასაკმარისად აკრიტიკებს რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო და დასავლური ანტირუსული სანქციებისადმი მიერთებისაგან მეტწილად თავს იკავებს. გარდა ამისა, რუსების მოზღვავებამ საქართველოში ნეგატიური შედეგები მოიტანა – მკვეთრად გაიზარდა ფასები საცხოვრებელ ფართობზე. ვიდეოსიუჟეტის ავტორი ესაუბრება სტუდენტ გიორგის, რომელიც, საცხოვრებელი ბინის ქირავნობის მაღალი ფასების გამო ძალიან რუსების მიმართ ძალიან ნეგატიური განწყობა აქვს.

„რასაკვირველია, რუსების საქართველოში მომრავლება ქართული საზოგადოების ანტირუსულ დამოკიდებულებას აძლიერებს. ეკატერინა, რომელიც ომის წინააღმდეგ არის განწყობილი და რუსეთიდან ვლადიმერ პუტინის რეჟიმს გასული წლის მარტში გამოექცა, ამბობს, რომ მას სამშობლოში მოღალატედ თვლიან, ხალხის მტრად და უცხოელ აგენტად.

„ემიგრაცია სასიამოვნო და კარგი არ არის. რაც არ უნდა იყოს, საქართველო ჩემთვის მაინც უცხო ქვეყანას წარმოადგენს, უცხო ხალხს, ახალ ცხოვრებას, რომლის მიჩვევას ხშირად ხანგრძლივი დრო ჭირდება“, – ამბობს კატერინა. კიდევ ერთი რუსი მიგრანტი – ალექსანდრე, გერმანელ ჟურნალისტთან საუბარში აცხადებს, რომ იგი აშკარად გრძნობს ქართველების ანტირუსულ დამოკიდებულებას: „ადგილობრივ მოსახლეობას ეშინია, რომ რუსეთის არმია საქართველოში თავმოყრილი რუსების უფლებების დაცვის მოტივით ისევ შემოიჭრება“.

მოკლედ, ქართველებს მიაჩნიათ, რომ სწორედ რუსების მიერ გამოწვეული ფასების ზრდის გამო ზარალდებიან, რუსები კი საქართველოში თავს ბედნიერად არ თვლიან და გრძნობენ, რომ მათ მიმართ დაძაბული განწყობაა შექმნილი. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ასეთ ომში გამარჯვებული არ ჩანს“, – ასკვნის გერმანელი ჟურნალისტი ვიდეოსიუჟეტის დასასრულს.

წყარო

პოლონეთში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს და პოლონური მარკეტინგული კომპანიის „Malinova” ერთობლივი ორგანიზებით, ქართული ღვინის ფესტივალი პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში გაიმართა.

„ღონისძიების ჩატარების მიზანს, პოლონეთის ბაზარზე არსებულ მსხვილ იმპორტიორ კომპანიებთან და ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა. შესაბამისად, ფესტივალის აუდიტორია და მონაწილე კომპანიები აღნიშნული მიზნის გათვალისწინებით განისაზღვრა“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამთა ყველაიძემ, რომელიც აღნიშნულ ფესტივალზე ღვინის ეროვნულ სააგენტოს წარმოადგენდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ისეთი მსხვილი ქსელური მარკეტებისა და ღვინის იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Makro Cash&Carry; Biedronka; Vininnova; Zasada Group, Food&Wine, Dom Wina და სხვა. ფესტივალს, ჯამში, 120 ადამიანი დაესწრო.

წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის 8 მწარმოებლის, მათ შორის, მცირე მარნების პროდუქცია, რომლებიც სტუმრებს თავად კომპანიის წარმომადგენლებმა გააცნეს.

ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, დიანა ჟღენტი დაესწრო.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, მიმდინარე წელსაც აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს.

” მეორე ფრონტთან დაკავშირებით ადგილი აქვს ბოდვას, რაც საქართველოს უსაფრთხოებასა და ევროპულ პერსპექტივას აზიანებს”- თეონა აქუბარდია

სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძე საქართველოში არის რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი სპიკერი, მეორე ფრონტთან დაკავშირებით ადგილი აქვს ბოდვას, რაც საქართველოს უსაფრთხოებას და ევროპულ პერსპექტივას აზიანებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდია გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, სადაც მან კიდევ ერთხელ შეაფასა ოპოზიციის რეაქცია პრიგოჟინის მიერ ბახმუტში ამბოხის მოწყობის მცდელობაზე.

„მაშინ, როცა სრულიად დასავლეთი აანალიზებს სამხედრო გადატრიალების მცდელობას, როგორც პუტინის რეჟიმის სისუსტეს და ისინი პროგნოზირებენ, რომ ეს დამატებითი შესაძლებლობაა უკრაინის გამარჯვების, ამ მოცემულობაში „ქართული ოცნება“ ისევ შიდა პროპაგანდით ცდილობს, რუსეთის სიძლიერის მითის გაძლიერებას და ოპოზიციისკენ ისრების გადატანას. სრული სიყალბეა და „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა ე.წ. მშვიდობის მითის შექმნა, რადგან მშვიდობას ქვეყნის შიგნით ერთიანობა სჭირდება, რომელსაც ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი ებრძვის. ვხედავთ, როგორ საზიანო პოლიტიკას ეწევა „ქართული ოცნება“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 21 მსჯავრდებული აბარებს

პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი დაიწყო. წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში 21 პატიმარი მონაწილეობს, მათ შორის 1 არასრულწლოვანი.

პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით პატიმართათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ მოქმედებს, რომელიც უფრო ხელმისაწვდომს ხდის საუნივერსიტეტო განათლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აკადემიური სწავლების ხარისხს.

პენიტენციური სამსახური მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში, მსჯავრდებულთა განათლებასა და სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე ზრუნვას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

“უკრაინიდან რუსეთში თავშესაფარი 700 000 ბავშვმა იპოვა” – გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინიდან რუსეთში 700 000-მა ბავშვიმა „შეაფარა თავი“.

“ბოლო წლებში 700 000 ბავშვმა, რომელიც უკრაინის კონფლიქტის ზონებიდან დაბომბვას გაექცა, თავშესაფარი ჩვენთან იპოვა. ბევრმა მშობლებთან ერთად და ბავშვთა სახლების ბავშვებმა აღსაზრდელებთან ერთად”, – განაცხადა კარასინმა.

მოსკოვი ირწმუნება, რომ ბავშვების უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე შეყვანის პროგრამა მიზნად ისახავს კონფლიქტის ზონაში მიტოვებული ობლებისა და ბავშვების დაცვას.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციას ახორციელებს. უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად უკანონოდ დეპორტირებულად 19 492 უკრაინელი ბავშვი ითვლება.

“კობახიძის პროპაგანდით ებრძვიან ქარის წისქვილებს, „სამ გოჭს“ და „წითელქუდას“ – ხატია დეკანოიძე

საქართველოს მოქალაქეებისგან ქვეყანა როცა იცლება, „ქართული ოცნება“ ცდილობს, გამოგონილი თემებით გადაფაროს მნიშვნელოვანი თემები და პროპაგანდით ადამიანების ინტოქსიკაცია მოახდინოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადებაში ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის დასუსტებას არ გულშემატკივრობს.

„დიდი ბოდიში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია რუსეთის და პუტინის დასუსტებაა. „ქართული ოცნება“ რომ არ გულშემატკივრობს რუსეთის დასუსტებას, კობახიძის განცხადებაში სწორედ ეს გამოჩნდა. კობახიძის მიერ გავრცელებული პროპაგანდით ქარის წისქვილებს ებრძვიან – „სამ გოჭს“ და „წითელქუდას მაშინ“, როცა ქვეყანას სერიოზული გამოწვევები და პრობლემები აქვს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ. ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე.

“ჯარის ბანაკის“ პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას” – პრემიერი

„ჯარის ბანაკის“ პროექტი ბევრ ახალგაზრდას, ჩვენს შვილებს, მომვალ თაობას დააინტერესებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის – „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯარის როლი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია.

„დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, „ჯარის ბანაკის“ პროექტი, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ჩვენს შვილებს, მომვალ თაობას დააინტერესებს. ამ პროექტის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალი იყო თავიდანვე, როცა პროექტზე მუშაობა დავიწყეთ. ეს პროექტი ხორციელდება ორი სამინისტროს, თავდაცვისა და განათლების სამინისტროს ჩართულობით. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. ეს ბანაკი წელს პირველად იმართება. ბანაკში, ჯამში, 800 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას – თითო როტაციაში დაახლოებით 100 მოსწავლე. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

ჯარის მნიშვნელობა და, ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა თავიდანვე, სკოლიდან. ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება, მეტი ინფორმირებულობა უნდა იყოს, რომ ცნობიერება ამაღლდეს ახალგაზრდებში, თავად გაიგონ, როგორ იმართება ჯარი. თავად ექნებათ ეს უნიკალური შანსი, გაეცნონ სამხედრო საქმიანობას, მიიღონ მონაწილეობა. ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ, ერთი მხრივ, ინტერესის გაზრდას ჯარის მიმართ. თქვენ პირადად შეხვდებით ჩვენი ომების გმირ ჯარისკაცებს, ცოცხალ გმირებს, რომლებიც თავად მოგიყვებიან ჩვენი ჯარის საგმირო საქმეებს. არა მხოლოდ წარსულში მომხდარ საგმირო საქმეებს, არამედ ჩვენს აწმყოში, სულ რამდენიმე წლის წინ მომხდარ საგმირო საქმეებს. ამასთან, მიმაჩნია, რომ ეს ბანაკი ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი საცდური არის ახალგაზრდებისთვის. ბუნებრივია, საქართველო არის გლობალიზაციის ნაწილი, ამიტომ ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა. ამ პროცესში სახელმწიფოს როლი არის მნიშვნელოვანი.

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სწორი ღირებულებების, ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღებიდან, სკოლებიდან. რამდენიმე ხნის წინ შევიტანეთ სამხედრო სწავლება, „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სკოლებში, რაც, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. დღითი დღე იზრდება ინტერესი. ბევრი მოსწავლისგან გადმოცემით ვიცი, რომ ინტერესი არის ძალიან დიდი და ჩვენ ეს პროექტი უნდა გავაფართოოთ. ეტაპობრივად უნდა შევიდეთ ყველა სკოლაში და ბაღებშიც აუცილებელია ამ ელემენტის შეტანა.

როგორც აღვნიშნეთ, სწორი ორიენტირები უნდა განვუსაზღვროთ მომავალ თაობას. მიმაჩნია, რომ ეს პროექტი და ამ ბანაკში თქვენი ჩართულობა მოგცემთ საშუალებას, თავად მიიღოთ მონაწილეობა ძალიან საინტერესო საქმიანობაში, სამხედრო საქმეს გაეცნოთ. მათ შორის ალბათ საცეცხლე მომზადებაშიც მიიღებენ მონაწილეობას, გარკვეულ ტრენინგებს გაივლიან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, გავზარდოთ პატრიოტული სულისკვეთება ახალგაზრდებში, მეტი ინფორმაცია არის საჭირო ამისთვის. მიმაჩნია, რომ, ზოგადად, არა მხოლოდ ოჯახის როლი, არამედ განათლების სამინისტროს, ჯარის, ეკლესიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდების აღზრდაში, სწორი ორიენტირების განსაზღვრაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები შემცირდა – “საქსტატი”

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, “საქსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.0 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-19.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-4.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა თევზეულზე (3.3 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.8 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.0 პროცენტი) და ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (1.3 პროცენტი)“, – ნათქვამია ინფორმაციაში

ამასთან, რაც შეეხება წლიური ინფლაციის ფორმირებას, მასზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რამდენიმე ჯგუფზე.

„სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.7 პროცენტით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (10.7 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (91.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (9.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (5.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 11.6 პროცენტით, რაც -1.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-18.4 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.9 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.5 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.6 პროცენტი)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.