Home Blog Page 2025

“მაქვს კონკრეტული კითხვა მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელთან, პარტიის თავმჯდომარესთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან” – ნიკა მელია

რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები? „ვოლიდან“ „ვოლზე“ სურათს დაატარებთ და ვიშვიშებთ, ხვალ 50 კაციან აქციას ჩაატარებთ… მაქვს კონკრეტული კითხვა მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელთან, პარტიის თავმჯდომარესთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან… ახლა რას აკეთებთ, როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას? – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მელია აღნიშნავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ პროცესის გაწელვა, „ნაციონალური მოძრაობის“ გახლეჩა და დასუსტება და პარტიის წინა ხაზის მებრძოლებისაგან დაცლა გამოიწვია.

„თუ ახლა არის რამის დრო, არის პირველ რიგში გულწრფელობის დრო, სიმართლის თქმისა და სიყალბის დასრულების დრო, ისე არ იქნება არც ერთობა და არც გამარჯვება.

ყველა ნორმალური ადამიანი, დღეს შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით. ფაქტია, პოლიტიკოსის ფუნქცია კი ამ შეშფოთების მიღმა ქმედების პროცესში ასახვაა, არა პროცესში პროცესისთვის, აქციაში აქციისათვის, არამედ შედეგისათვის.

ვამბობდი და ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი გზა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა და პასუხად ვისმენდი რა დროს ეგაა, მიშაა სასწრაფოდ ციხიდან გამოსაყვანი, დღეები არ იცდის და საათებს აქვს მნიშვნელობაო. შედეგად კი მივიღეთ მხოლოდ პროცესის გაწელვა, პარტიის გახლეჩა და დასუსტება, ფიზიკურად პარტიის წინა ხაზის მებრძოლებისაგან დაცლა.

რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები? „ვოლიდან“ „ვოლზე“ სურათს დაატარებთ და ვიშვიშებთ, ხვალ 50 კაციან აქციას ჩაატარებთ, (აქციისთვის და არა შედეგისთვის – რაც არასდროს გამიკეთებია), ხვალ ზოგი წავა და საკუთარი სახლების მშენებლობას დახედავს, ზეგ სამარცხვინოდ პოპულისტური განცხადებით გამოვლენ საპენსიო ასაკის დაწევაზე.

ამასობაში საპარლამენტო სიას წერენ და თავის ადგილს ეძებენ „ოცნების“ მომავალ პარლამენტში, ისევ ფორმალური „ოპოზიციონერობისათვის“. ამასობაში მოვა პარასკევი და გაიშლება პარტიის “ლიდერშიფი” კომედიურ ტვ შოუებში. აი, ასეთი კომედიური ვითარება მივიღეთ.

მაქვს კონკრეტული კითხვა მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელთან, პარტიის თავმჯდომარესთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან, იმ ჯგუფთან, რომელიც საკითხის ურგენტულობიდან გამომდინარე, ახალ წელს ღამეებს პრეზიდენტის სასახლესთან ატარებდა…. ახლა რას აკეთებთ, როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას? ფორმალური რეპლიკები „თქვენ რა გააკეთეთ“ არ მიიღება – ბევრი რამ და მთავარი – ტყუილი არ მიკადრებია არც ხალხისთვის და პირველ რიგში არც პატიმრისთვის,“ – წერს ნიკა მელია.

“სააკაშვილის სურვილი, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, დებატებში შევიდეს ხელისუფალთან, კიდევ ერთხელ მეტყველებს მის მზაობაზე, სიცოცხლე დადოს სასწორზე”

უმძიმესია პრეზიდენტი სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ხილვა და დარწმუნებული ვარ, უმძიმესია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, ვისაც იოტისოდენა შინაგანი მორალი და ჰუმანურობა გააჩნია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„წარმოუდგენელია კომენტარები, რომელსაც ამ დრომდე აკეთებდნენ და აკეთებენ „რუსული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მთავარ მტერს მიზანმიმართულად კლავენ საპყრობილეში და დღევანდელმა კადრებმა ეს დაადასტურა.

მისი სურვილი, რომ ასეთი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად დებატებში შევიდეს დღევანდელ ხელისუფალთან, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მზადაა, საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დადოს სასწორზე და ყოველთვის იბრძოლოს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ხოლო ხელისუფლების მხრიდან უარი, იქნება ეს დებატები თუ თუნდაც უარი ევროდეპუტატებს, პარლამენტარებს, რომ შევიდნენ და ღია კომუნიკაციაში იყვნენ პრეზიდენტ სააკაშვილთან, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათ პრეზიდენტი სააკაშვილის ეშინიათ და იციან, რომ თანაბარ გარემოში, ისინი დამარცხდებიან სააკაშვილთან. მიუხედავად მათი მცდელობისა, რომ ტოტალურ იზოლაციაში ამყოფონ პრეზიდენტი სააკაშვილი, პოლიტიკური მარცხი მაინც გარდაუვალია „რუსული ოცნებისთვის“, რომელიც ცდილობს ქვეყნის რუსიფიკაციას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას ხელისუფლებას მიმართა, რომ მიეცეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა დებატებში.

„მომეცით საშუალება, დებატებში მივიღო მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ – მე. რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ თუ გინდათ, რომ არსად გაგექცეთ, ვითხოვ ერთადერთს – ღია კამათს“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

„საპარტნიორო ფონდი” არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი” – ირაკლი ღარიბაშვილი

„საპარტნიორო ფონდი“ არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც ათწლეულზე მეტია განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვის საქმეში, ახალი ტექნოლოგიების შემოტანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „საპარტნიორო ფონდის” საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფონდს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული ქვეყანაში.

„ჩემთვის დიდი პატივია, მივიღო მონაწილეობა დღევანდელ ღონისძიებაში. მინდა რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო კიდევ ერთხელ „საპარტნიორო ფონდის” მნიშვნელობის შესახებ. კარგად მოგეხსენებათ, რომ „საპარტნიორო ფონდი” არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც ათწლეულზე მეტია განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვის საქმეში, ახალი ტექნოლოგიების შემოტანაში და დღევანდელი ლოკაციაც არის მაღალტექნოლოგიური ქარხნის ტერიტორია, რომელიც „საპარტნიორო ფონდის” თანამონაწილეობით აშენდა ებრაულ კომპანიასთან ერთად. მე მახსოვს მაშინ, ალბათ, ეს იქნებოდა 8 წლის წინ დაახლოებით, საფუძველი ჩავუყარეთ ამ ქარხნის მშენებლობას და დღეს ეს ქარხანა აწვდის კომპანიებს თვითმფრინავის ნაწილებს, კერძოდ, მაგალითად, ბოინგ 787-ის მოდელის ნაწილებს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან საამაყოა ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ამ მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობაში. ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ფონდის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების.

გარდა ამ პროექტებისა, ფონდს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული ქვეყანაში, მიღებული აქვს მნიშვნელოვანი მონაწილეობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, როგორიც არის, მაგალითად, გარდაბნის თბოელექტროსადგური. ასევე, მინდა აღვნიშნო ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ადგილი – სასტუმრო „რედისონ წინანდალი”, ასევე საირმის სპა-კურორტი, ბორჯომი, ლიკანი და სხვა უამრავი პროექტი, იგივე, თუნდაც, ჯინოს ცენტრი რაბათში და ა.შ. ძალიან ბევრი პროექტი, რომლებზეც ფონდი მუშაობდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღემდე ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება 1.8 მლრდ დოლარია.

„მოგეხსენებათ, ფონდი აფინანსებს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ ბიზნესებს კაპიტალის მიწოდების გზით და ამ მხარდაჭერის შედეგი არის სწორედ ჩემ მიერ ჩამოთვლილი რამდენიმე მნიშვნელოვანი, თვალსაჩინო პროექტი სხვადასხვა დარგში, იქნება ეს ენერგეტიკა, მაღალტექნოლოგიური წარმოება, ტურისტული ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა თუ სხვ. დღემდე ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება წარმოადგენს 1.8 მლრდ დოლარს. თუ გავითვალისწინებთ, რომ უშუალოდ ფონდის თანამონაწილეობა არის 250 მლნ დოლარზე მეტი, ეს ნიშნავს, რომ თითოეული ინვესტირებული 1 დოლარით ფონდმა დაახლოებით 7 დოლარი ადგილობრივი და უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ „საპარტნიორო ფონდის” და მისი შვილობილი კომპანიების პროექტების მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა ასეულობით მილიონი ლარია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, განხორციელებული პროექტებით 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის დასაქმებული, მათ შორის, ამ პროექტშიც.

მინდა განსაკუთრებით გამოვყო „სტარტაპ საქართველოს” საქმიანობა, რომელიც ფონდის შვილობილი კომპანიის ცალკე სტრუქტურაა. მინდა აღვნიშნო მათი ჩართულობა ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტების განხორციელების მიმართულებით.

კარგად მოგეხსენებათ, რომ სულ ახლახან ჩატარდა სტრუქტურული რეფორმა ფონდში. ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი. ჩვენ გარკვეულ ცვლილებებს ვგეგმავთ, მთავრობა აღარ იქნება წარმოდგენილი, მინისტრები და არც მე აღარ ვიქნებით წარმოდგენილი ფონდის მართვაში, არამედ მინდა, რომ ეს ფონდი გარდაიქმნას, მსოფლიოში საუკეთესო სტანდარტების მიხედვით მოეწყოს კორპორაციული მართვა ფონდში და უფრო მეტი ფოკუსირება მოხდეს ზოგადად საინვესტიციო საქმიანობაზე. ეს არის ჩვენი ხედვა ფონდის შემდგომი განვითარების შესახებ. მინდა ბატონ დავითს მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით გაწეული საქმიანობისთვის და მჯერა, რომ იგი წარმატებით გააგრძელებს შემდგომ საქმიანობას. ფონდის თითოეულ თანამშრომელს მინდა ასევე მადლობა გადავუხადო. ვიცი, რომ ძალიან კარგი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ბევრი სპეციალისტი მუშაობს ამ ფონდში, რომლებმაც ძალიან ბევრი პროექტი განახორციელეს ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა „საპარტნიორო ფონდის” თანამონაწილეობით განხორციელებული პროექტის, თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის ATC-ის გენერალურმა დირექტორმა დევიდ ვიდანმა.

„საპატრნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ წარადგინა ფონდის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია – „საპარტნიორო ფონდი ქვეყნის განვითარებისთვის”. დავით საგანელიძემ ღონისძიების სტუმრებს ფონდის საქმიანობის, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ისაუბრა ფონდის წვლილზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ასევე, შეაჯამა ფონდის საინვესტიციო საქმიანობის ფინანსური შედეგები და ისაუბრა ფონდის რეფორმირების პროცესის შესახებ, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება.

ღონისძიებას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ფონდის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“მოსახლეობამ კიდევ ერთხელ იხილა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი”- ლევან ხაბეიშვილი

დღეს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ იხილა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, ტერორისტი პუტინის დავალებით, ტყვეობაში ამყოფებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე თვეა, მოითხოვს, ევროკავშირის მისიას, პოლონელ ექიმებს, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მიეცეთ.

ამასთან, ხაბეიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პარლამენტის წევრებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება მისცეს.

„დღეს კიდევ ერთხელ იხილა საქართველოს მოსახლეობამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, ტერორისტი პუტინის დავალებით, ტყვეობაში ამყოფებს. ასევე, ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვითხოვთ ევროკავშირის მისიის შესვლას სააკაშვილთან, ვგულისხმობ, პოლონელ ექიმებს და რამდენიმე თვეა, სისხლის სამართლის დამნაშავე რატი ბრეგაძე, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, უარს ამბობს და ევროკავშირის მისიას, პოლონელ ექიმებს არ აძლევს შესაძლებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილთან შევიდნენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკვლიონ და თუ საჭირო გახდა, ცხადია, მკურნალობის პროცესში ჩაერთონ.

ასევე, მეორე საკითხი, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება – ჩვენ არა ერთხელ მოვითხოვეთ და დღეს კიდევ ერთხელ ვითხოვთ საქართველოს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარისგან, შალვა პაპუაშვილისგან, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის არშეშლას. საქართველოს პარლამენტის წევრებს უკვე რამდენიმე თვეა არ გვეძლევა საშუალება მოვინახულოთ პრეზიდენტი სააკაშვილი და დღეს კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ჩვენი უფლების განხორციელებას,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

სოფელ გარეჯვარში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“სააკაშვილი, რომელიც თურმე კვდებოდა 400 დღე, ახლა პოლიტიკაშია ჩართული” – ირაკლი ზარქუა

სააკაშვილი, რომელიც თურმე კვდებოდა 400 დღე, ახლა პოლიტიკაშია ჩართული და უკვე ამ ხელმოცარულებს ეუბნება, თქვენ გვერდზე ჩაიწიეთო. გესმით რასთან გვაქვს საქმე?!- ევროპარლამენტში და მის გარეთ ეს ხელმოცარულები ქვეყანას რომ აზიანებდნენ, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას?! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, აინტერესებს ის ადამიანები თუ მოიხდიან ბოდიშს, რომლებიც ამბობდნენ, რომ სააკაშვილის უფლებები შელახულია და მას აწამებენ და წამლავენ.

„პატიმარ სააკაშვილის განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. მე მინდა ამ ხალხზე ვთქვა, ვინც ფასიან ლობისტებთან ერთად ჩვენს ქვეყანას მიწასთან ასწორებდა და ამბობდა, რომ სააკაშვილს ვწამლავდით, მისი უფლებები შელახული იყო, ვაწამებდით და ა.შ. სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნიდან გაყვანა კი არა კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანის საფუძველიც არ არის. პატიმარი სააკაშვილი, რომელიც თურმე კვდებოდა 400 დღის განმავლობაში, ახლა პოლიტიკაშია ჩართული და უკვე ამ ხელმოცარულებს ეუბნება, თქვენ გვერდზე ჩაიწიეთო. გესმით რასთან გვაქვს საქმე?! რამდენი ხანი ამუნათებდნენ ჩვენს ქვეყანას – ორი რეზოლუცია მიიღეს ფასიანმა ლობისტებმა ევროპარლამენტში, გახსოვთ. კეზერაშვილზე თქვეს, მედიადევნილი არისო და მერე თვითონ ევროპამ გამოაცხადა „მისტერ ოფშორად“ და აღმოჩნდა, რომ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და ამით „ფორმულას“ აფინანსებს. ეს არის ორმაგი სტანდარტი. არ ვსაუბრობ პატიმარ სააკაშვილზე, ის ახლა ცუდად არის, სადაც არის, კარგად იყოს და ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს, მას მოუწევს მოიხადოს ბოლომდე სასჯელი, მაგრამ მაინტერესებს, ეს ადამიანები, ეს ხელმოცარულები თუ გრძნობენ ამ პასუხისმგებლობას, რომ გამოვიდნენ და თქვან, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილი და ბოდიში მოიხადონ?!

ეს არის ორმაგი სტანდარტი, ამიტომ არიან ხელმოცარულები და ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ნება და ჩვენ ამას ყოველთვის დავიცავთ,“ – განაცხადა ზარქუამ.

“პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მისი არაპროფესიული წევრების არჩევასთან დაკავშირებით”

პარლამენტმა, სამწუხაროდ არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მისი არაპროფესიული წევრების არჩევასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით შემოთავაზებული იყო კომპრომისული ვარიანტი, სადაც ორი მესამედის ნაცვლად ხმების რაოდენობა დადიოდა სამ მეხუთედამდე, რისი პრეცედენტიც საქართველოს პარლამენტში უკვე იყო.

„ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი და ვერანაირი დამაჯერებელი ახსნა იმისა, თუ როგორ შეიძლება, კომპრომისული გადაწყვეტილება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე ერთპარტიული გადაწყვეტილება და დანიშვნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, როცა ვენეციის კომისიის დასკვნაც და ასევე შუალედური ანგარიშიც ევროკომისიის მიუთითებდა იმაზე, რომ აღნიშნული ცვლილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული. ეს შეიძლება, შემაფერხებელი გარემოება ყოფილიყო იმ 12 რეკომენდაციის შესრულებაში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს“, – განაცხადა მსხილაძემ.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

“შეიძლება, ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან” – სააკაშვილი

მე მინდა ვუთხრა ჩვენს ყველა მხარდამჭერს, რომ ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა. ჩვენ უნდა ვასხივებდეთ სიძლიერეს, ვინაიდან შეშინებული დამფრთხალი ხელისუფლება ასხივებს სისუსტეს. შეიძლება, ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან, ძალიან მაგარი სულისკვეთებით ვარ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

“მაინც დაგამარცხებთ, შევძლებთ საქართველოს ფეხზე დაყენებას. არ მინდა, თქვენი ოჯახები იყვნენ ამ მდგომარეობაში. ერთიანობა, ერთად დგომა დაგვჭირდება. შევძლებთ, ავიცილოთ ყველანაირი სამოქალაქო დაპირისპირება. ვაპირებ, აქტიურად ვიყო ჩართული ამ პროცესებში, აუცილებლად შევძლებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას. ჩვენი ამოცანაა, დავირაზმოთ, სამოქალაქო დაპირისპირების უფლება არ მივცეთ. მშვიდობა მოიპოვება დიალოგით, ამას ერთად გავაკეთებთ. მადლობა მხარდამჭერებს. ჩვენ გვინდა ერთიანობა, სიძლიერე. უნდა ვასხივებდეთ სიძლიერეს, დამფრთხალი ხელისუფლება სისუსტეს ასხივებს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

მან უკრაინის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

“ძლიერად ვარ, უკრაინის ამაყი მოქალაქე ვარ, ვამაყობ ზელენსკით, იმ ქართველებით, ვინც იცავენ უკრაინას. მადლობა ზელენსკის მხარდაჭერისთვის.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6092 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6092 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6092 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6131 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0039 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8422 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8342 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0080 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“როდემდე უნდა თქვას არსებულმა ხელისუფლებამ, რომ მიშა სააკაშვილი სიმულიანტობს” -გიორგი სააკაშვილი

ჩემზე ძალიან ემოციურად იმოქმედა, მაინც იმედს ვიქონიებ – ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ როდემდე უნდა თქვას არსებულმა ხელისუფლებამ, რომ მიშა სააკაშვილი თუნდაც სიმულიანტობს , – განუცხადა ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ძმამ გიორგი სააკაშვილმა.

მისი  თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საზოგადოებამ დღეს სასამართლოში იხილა, როდესაც ის სხდომას 7 ნოემბრის საქმეზე კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო.

“დღეს, რაც ვიხილე, ნამდვილად გადააჭარბა ყოველგვარ ზღვარს. ყოველდღიურ ინფორმაციას ვფლობ, რა მდგომარეობაშია, მაგრამ ვიზუალურად მართლა ძალიან მძიმე სანახავია. მართლაც, როდემდე უნდა გაგრძელდეს მთავრობის ასეთი მიდგომა, რომ ასეთ მდგომარეობაში ამყოფებენ ადამიანს. ჩემზე ძალიან ემოციურად იმოქმედა, მაინც იმედს ვიქონიებ – ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ, როდემდე უნდა თქვას არსებულმა ხელისუფლებამ, რომ მიშა სააკაშვილი თუნდაც სიმულიანტობს, ყველაფერი თურმე შეთითხნილია. როგორ მდგომარეობაშიც იმყოფება კიდევ ერთხელ შეხედეთ. დარწმუნებული ვარ, სრულიად საზოგადოებამ იხილა დღევანდელო კადრები. მართლა უნდა იმოქმედოს მსოფლიო თანამეგობრობამ, რომ მიშა სააკაშვილი ასეთ მდგომარეობას ავაცილოთ, რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

“ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება” – ლევან დავითაშვილი Georgian Airways-ის დასანქცირებაზე

ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან Georgian Airways-სთვის დაწესებულ სანქციებს.
ლევან დავითაშვილმა უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს ოპოზიციის ნაწილი კვალი დაინახა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ კარგად იცის, რამდენად დაახლოებულია ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლებასთან.
„სამწუხაროა ითქვას, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ასეთი ფაქტები ჩვენ გვქონდა წინა შემთხვევებშიც, როდესაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ. ცალსახად მიუღებელია, ეს არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას აქვს. ვფიქრობ, რომ ამაში ჩვენი ოპოზიციონერების ხელიც ურევია იმიტომ, რომ თქვენ იცით, რამდენად დაკავშირებულია ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან და ალბათ, საფუძველი ზუსტად ეს აქვს ამ გადაწყვეტილებას, როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს მხოლოდ და არანაირად არ არგებს. რაც შეეხება რეაგირებას, როგორც წინა შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ამაზე რეაგირება, დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაქცია იქნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე – ხედავს თუ არა მინისტრი პრობლემას იმაში, რომ Georgian Airways-ს შესაძლოა საერთაშორისო სანქციები დაუწესდეს და ამის შედეგად მას მხოლოდ რუსეთის მიმართულებით შეეძლოს ფრენები, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არ მოხდება.
„მოგახსენებთ, რომ ასეთი რამ არ იქნება და შესაბამისად, არ იქნება პრობლემა საქართველოსთვის, Georgian Airways-სთვის და ქართველი მგზავრებისთვის.
საქართველო, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოს საავიაციო ხელისუფლება და მათ შორის კერძო კომპანიები, საერთაშორისო წესების შესაბამისად მოქმედებენ ყველა მიმართულებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33 – წევრმა მისცა.

ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი).

“სარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში განხორცილებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის, ნაცვლად პრეზიდენტისა. ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას.

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები 5 წლის ვადით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან.