“დროა დასრულდეს ჯადოსნური ფიქრი რუსეთის დამარცხებაზე” – The Wall Street Journal

127
spot_img

ვლადიმირ პუტინმა გაუძლო დასავლეთის ყველა მცდელობას უკრაინაში მისი შეჭრის შესაჩერებლად, ხოლო მისი ძალაუფლება მტკიცეა – აშშ-სა და მის მოკავშირეებს ახალი სტრატეგია სჭირდებათ: შეკავება, – წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „დროა დასრულდეს ჯადოსნური ფიქრი რუსეთის დამარცხებაზე“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის კონტრშეტევამ ვერ გამოიღო ის შედეგები, რომელიც ოფიციალურ კიევს მოლაპარაკებისთვის ძლიერ პოზიციას მისცემდა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში მღელვარება მედიის სათაურებში დომინირებს და აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინისადმი შემცირდა კონგრესში გაზრდილი პოლარიზაციის გამო.

“პუტინს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს. ფრონტის ხაზზე იმის არანაირი მინიშნება არ არის, რომ რუსეთი აგებს იმას, რაც გამოფიტვის ომად იქცა. რუსეთის ეკონომიკა დაზარალდა, მაგრამ ის არ არის განადგურებული. პუტინის ძალაუფლება პარადოქსულად გაძლიერდა ევგენი პრიგოჟინის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ. ომისადმი [რუსეთის] მოქალაქეების მხარდაჭერა კი მყარი რჩება”, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორები წერენ, რომ დასავლელი ოფიციალური პირების დაპირებები საკუთარი თავდაცვის მრეწველობის გააქტიურების შესახებ ბიუროკრატიული და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების წინაშე დადგა. ამასთან, სანქციებმა და ექსპორტის კონტროლმა შეაფერხა პუტინის საომარი ძალისხმევა იმაზე ნაკლებად, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

“რუსული ქარხნები თავდაცვის სფეროში აძლიერებენ თავიანთ წარმოებას, ხოლო საბჭოთა კავშირის დროინდელი ქარხნები სჯობნიან დასავლურ ქარხნებს, როდესაც საქმე ეხება ისეთ საჭირო საქონელს, როგორიცაა საარტილერიო ჭურვები”, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორები ამტკიცებენ, რომ პუტინს ასევე შეუძლია კმაყოფილებით შეხედოს თავის საგარეო პოლიტიკას, ვინაიდან მისმა ინვესტიციებმა საკვანძო ურთიერთობებში შედეგი გამოიღო.

“ჩინეთმა და ინდოეთმა მნიშვნელოვანი საყრდენი უზრუნველყვეს რუსეთის ეკონომიკისთვის რუსული ნავთობისა და სხვა საქონლის იმპორტის გაზრდით. იმის ნაცვლად, რომ წუხდეს დასავლეთ ევროპის დაკარგულ ბაზრებზე ან პეკინის მხრიდან აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების უგულებელყოფაზე, პუტინმა გადაწყვიტა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო მომგებიანია უბრალოდ გახდეს ჩინეთის უმცროსი პარტნიორი ეკონომიკურ სფეროში”, – ნათქვამია სტატიაში.

“ეს არ უნდა იყოს გასაკვირი. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბურ შეჭრამდე 6 თვით ადრე, პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას. ამ დოკუმენტის მთავარი მიზანი იყო ქვეყნის მომზადება დასავლეთთან გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის. დღეს პუტინს შეუძლია თავის ქვეყანას უთხრას, რომ მისი სტრატეგია მუშაობს”, – წერენ სტატიის ავტორები.

სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ რუსეთის ლიდერი მზად არის, იარაღად გამოიყენოს ყველაფერი, რაც მის ხელთ არის, რათა მოიგოს უკრაინაში ომი, ხოლო ბირთვული იარაღის კონტროლი და ევროპული უსაფრთხოება ახლა რუსეთის დაჟინებული მოთხოვნის მძევალია, რომ დასავლეთმა შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა.

“შეკავების პოლიტიკა დღეს ნიშნავს დასავლეთის სანქციების გაგრძელებას, რუსეთის დიპლომატიურ იზოლაციას, კრემლისთვის ხელის შეშლას ჩვენს საშინაო პოლიტიკაში ჩარევაში და ნატოს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. ეს ასევე ნიშნავს პუტინის ომით გამოწვეული ყველა ზიანის – დიპლომატიური, საინფორმაციო, სამხედრო და ეკონომიკური – შერბილებას”, – აღნიშნულია სტატიაში.

“შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა მკაფიოდ უნდა იცოდნენ ამ წამოწყების გრძელვადიანი ხასიათი. ომის დასრულებამ, როდესაც არ უნდა მოხდეს, ნაკლებად სავარაუდოა, ჩაახშოს დაპირისპირება რუსეთსა და დანარჩენ ევროპას შორის. უკრაინელებს და მათ მეგობრებს სამართლიანად სურთ იხილონ აყვავებული, დამოუკიდებელი უკრაინის აღზევება, რომელიც იქნება უსაფრთხო და სრულად ინტეგრირებული კონტინენტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. პუტინი და მისი მემკვიდრეები ამას რუსეთის საბოლოო დამარცხებად მიიჩნევენ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამის თავიდან ასაცილებლად”, – დასძინეს სტატიის ავტორებმა.