Home Blog Page 2023

“გვინდა ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის, თანამედროვე, მოვლილ, ლამაზ ქალაქებად, რაიონებად, სოფლებად”

მე ვიცი ძალიან მდიდარი ტრადიციების შესახებ, რომელიც არსებობს ამ ქალაქში. ფეხბურთი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ჩვენთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუათაისში, რამაზ შენგელიას სახელობის გაახლებულ სტადიონზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი.

„ჩვენ კიდევ სხვა მასშტაბური პროექტები გვაქვს გეგმაში. ჩვენ დღეს დავათვალიერებთ ასევე ოლიმპიური სტანდარტების ახალ საცურაო აუზს, რომელიც ჩვენ დაახლოებით 2 წელიწადში დავასრულეთ. მშენებლობა დავიწყეთ 2021 წლის 9 ივნისს და დღეს შეგვეძლება, რომ ერთობლივად გავხსნათ ეს ახალი საცურაო აუზი.

სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც მიმდინარეობს ქუთაისში. განახლებული რეგიონის ფარგლებში ჩვენ ჩავუტარეთ რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვან ობიექტებს, მაგრამ ახლა ჩვენ ვიწყებთ კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტს, ჩვენი ისტორიული ქუთაისის, ისტორიული უბნების რეაბილიტაციას. 200 მილიონი გვაქვს ჩასმული წელს. გვინდა, რომ 10 ქალაქში დავიწყოთ განახლების სამუშაოები. მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა და წელსვე დავიწყებთ სამუშაოებს.

ასე რომ, ჩვენ ეტაპობრივად ვუვლით ქალაქებს, ვალამაზებთ და გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ, რეალურად, ევროპული ტიპის, თანამედროვე, მოვლილ, ლამაზ ქალაქებად, რაიონებად, სოფლებად. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი. რაც მთავარია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა რომ არ ყოფილიყო მშვიდობა, მეგობრებო, დამეთანხმებით. მშვიდობა არის მთავარი. ჩვენ ვახერხებთ და შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობაც, განვითარებაც გვაქვს და ეს ყველაფერი, რაც შევძელით, რა თქმა უნდა, არის მშვიდობის დამსახურება და ჩვენი სწორი პოლიტიკის დამსახურება. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ გამარჯვებას. გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს, ჩვენს სპორტსმენებს”, – განაცხადა პრემიერმა.

“ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს, ყველა იქნება სამაგალითოდ დასჯილი” – პრემიერი

ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციას რაიმე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მითუმეტეს როგორც ეს გააკეთეს, ლამის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტეს ამ დესტრუქციულმა, ანარქისტულმა ძალებმა, ყველა ის ადამიანი იქნება სამაგალითოდ დასჯილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიცია და ჯარი არის ხელშეუხებელი.

„ახლა რაც შეეხება თქვენ ახსენეთ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო, ანტი-ეროვნული, ანტი-ქართული, ნეო-ფაშისტური მოვლენა და სრულიად ამორალური, დეგრადირებული ორგანიზაცია, როგორიცაა გირჩი, რომელმაც თუ რაიმე გააკეთა, ყველაფერი იყო ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ჯერ გახსოვთ, რომ მათი მოგონილი იყო ეს ასე ვთქვათ არ მინდა გავიმეორო, მაგრამ ალტერნატიული ეკლესიების დაფუძნება, „გასაბერი ეკლესიები” მოიგონეს, შემდეგ თქვეს, რომ ე.ი. თურმე ფარისევლური რაღაც ვითომ მღვდელმსახურებას ეწეოდნენ და ა.შ. აღარ მინდა ამაზე, საზოგადოებამ კარგად იცის, 10 000 ახალგაზრდა შეაცდინეს რეალურად მათ იმისთვის, რომ არ წასულიყვნენ ჯარში. ამის შემდეგ ეს ადამიანი გახსოვთ, რომ გამოდიოდა ბოლო პერიოდში და ტრენინგებს უტარებდა ახალგაზრდებს, მათ შორის იარაღის სწავლებას და ა.შ. ავალებდა. ამ ადამიანების, 2%-ანი, 1%-ანი პარტიების ნებისმიერი უსუსური მცდელობა დასრულდება სრული კრახით და სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყველა ასეთი შემთხვევის გამოვლინებისას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ესაა დასაგმობი ფაქტი, ამაზე საზოგადოებამ, ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა. ჩვენი პოლიცია, ჩვენი ჯარი არის ხელშეუხებელი, სპეცსამსახურებზე, რომლებიც აძლიერებენ ჩვენს სახელმწიფოს, ვინც მათზე ახორციელებს თავდასხმას, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი, მე არ მოვერიდები ამის თქმას,”- განაცხადა პრემიერმა.

“შოკირებული ვარ კახოვკაში კაშხალზე უპრეცედენტო თავდასხმით, ჩვენ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ რუსეთს”

ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა.

„შოკირებული ვარ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული და ჩვენ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ რუსეთსა და მის მარიონეტებს“, – წერს შარლ მიშელი საკუთარ „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.

“სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის სააკაშვილს ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეპყრობა“

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა მილიონობით დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, იმიჯი დაეზიანებინათ.

„სააკაშვილმა და მისმა დედამ ლობისტები დაიქირავეს და ოფიციალურად გადაიხადეს მილიონი დოლარი მხოლოდ ერთ კომპანიაში, რომ აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია ეწარმოებინათ, რომ თითქოს ჩვენ სააკაშვილი მოვწამლეთ, ვაწამეთ და ვკლავთ. მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ერთი ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით – რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის სააკაშვილს ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეპყრობა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 07:21 საათზე დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, ეპიცენტრი თიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით 32 კმ-ში, სოფელი უკანა ფშავი იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.

“ასეთი მასშტაბის ძარცვა მთელს ევროპაში არავის ჩაუდენია”- ირაკლი ღარიბაშვილი კეზერაშვილზე

ასეთი მასშტაბის ძარცვა მთელს ევროპაში არავის ჩაუდენია – დადასტურებულია, რომ 1 მილიარდი ევროა მოპარული ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელის, დავით კეზერაშვილის მიერ და მისი კომპანიების თაღლითური სქემების მეშვეობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ არ მოგვისმენია არავითარი განმარტება, გარდა ვიღაცებისთვის გადაბრალების უსუსური მცდელობებისა. BBC-ის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და მაღალსაიმედო ორგანიზაციაა, გამოძიებით და არა მხოლოდ, მათ შორის, გერმანიის გამოძიებითაც, დადასტურებულია და ჩვენ ამ გამოძიებაში ჩართული ვიყავით ბოლო 2 წელია. ათასობით პენსიონერია გაძარცვული კეზერაშვილის მიერ – „ფორმულა“ და ოპოზიციური არხები ფინანსდებიან მოპარული ფულით, მანამდე ამ კაცმა გაძარცვა ქართული ჯარი, ბიზნესი დაატერორა და გაძარცვა მან და სააკაშვილმა, ახლა მთელი ევროპა გაძარცვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

“მძლავრი სამოქალაქო ძალის შექმნა აუცილებელია” – ვატო შაქარიშვილი

გასულ კვირას ჩვენ გავაჟღერეთ იდეა, რომელიც ეხება ახალი კონსერვატიული საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას სახელწოდებით „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, აღნიშნულმა იდეამ საზოგადოებაში მოიპოვა მხარდაჭერა, არის დაინტერესება და ამავდროულად, გაჩნდა კითხვები, – ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შაქარიშვილის თქმით, მძლავრი სამოქალაქო ძალის შექმნა აუცილებელია.

„კითხვები არ ეხება მიზნებს, ამოცანებს, შექმნის მოტივებს, ვფიქრობ, გასაგებად იყო განმარტებული. ეს არის საფრთხეების წინაშე ადეკვატური რეაგირება. მძლავრი სამოქალაქო ძალის შექმნა, რომელიც იქნება ქმედითი და ეფექტური იმ პოლიტიკური განუკითხაობის წინააღმდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და რომელიც ხშირ შემთხვევაში ორგანიზებულია ქვეყნის გარედან, რომელიც იქნება ასევე ადეკვატურად პასუხის გამცემი იმ ბულინგზე, შეურაცხყოფაზე, გინებაზე, ცილისწამებაზე, რაც ხდება სიტყვის თავისუფლების სახელით იმ ადამიანების მისამართით, ვინც საკუთარ აზრს გამოხატავენ, ეს იქნება საჯარო სივრცეში, სოციალურ მედიაში თუ ა.შ. ისინი ხდებიან ძალიან სერიოზული, ორგანიზებული, ორკესტრირებული შეტევის, ბულინგის, გინების, ცილისწამების, უსაზღვრო შეურაცხყოფების ადრესატები და რეალურად ადამიანები, რომლებიც არიან ანგაჟირებულები, რომლებიც არიან დაფინანსებულები და მოქმედებენ კონკრეტული დავალებებით, უმწარებენ ღმერთისგან ერთხელ ნაბოძებ სიცოცხლეს ჩვენ თანამოქალაქეებს. ძალიან ხშირად ჩვენთან შემოდის შეტყობინებები, როდესაც ადამიანები პირდაპირ ლაპარაკობენ ამაზე და ამბობენ, რომ გვინდა 12 ივნისს მოსვლა, გვინდა ჩვენი აზრის საჯაროდ დაფიქსირება, მაგრამ ვერიდებითო. ცხადია, რა მოსდევს ამ ყველაფერს და რა არის მოსალოდნელი.

ჩვენი ახალი კონსერვატიული ღირებულებების სისტემაზე დაფუძნებული სამოქალაქო მოძრაობა იქნება სწორედ ეფექტური, მძლავრი და მკაფიო პასუხის გამცემი ამ ყველაფერზე. ცხადია ჩვენ არ ვიმოქმედებთ იმ მეთოდებით და გზებით, რა მეთოდებითაც ისინი მოქმედებენ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამახე პასუხი იქნება ადეკვატური, მკვეთრი და მკაფიო ისე რომ, ამ ადამიანებმა იცოდნენ, ჩვენი თანამოქალაქეების ბულინგი, შეურაცხყოფა, ცილისწამება, მუქარა და ძალადობა, მათზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური აღარ დარჩება პასუხგაუცემელი. არის ქვეყანაში საკითხები, რაზეც ცხადია, მმართველი ძალა, ხელისუფლება პასუხისმგებელია, მაგრამ არის საკითხები, რაზეც აუცილებლად საკუთარი მკვეთრი, მკაფიო პასუხო უნდა გასცეს ქართულმა საზოგადოებამ. რაც შეეხება უშუალოდ 12 ივნისის ღონისძიებას, შედგება რუსთაველის თეატრში. გაჩნდა საზოგადოებაში კითხვები დასწრებასთან დაკავშირებით. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო, რომ 12 ივნისის ღონისძიება არის ღია, დასწრება არის თავისუფალი და ეს ღიაობა ეხება ასევე მთლიანად ჩვენს სამოქალაქო მოძრაობას“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

“მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ავტომობილში თოკით გაგუდა და ხევში გადააგდო” – შსს

პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

მათივე ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე – 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა.

ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ნ.ლ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“გერმანიის კანცლერი ყოველთვის ხმამაღლა აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას”- პრემიერი

მინდა, მადლიერება გამოვხატო გერმანიის კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა, ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას, პრაქტიკულად, ყველა გამოსვლაში ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას, ასე რომ, მე მადლიერი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გერმანიაში მისი ვიზიტი კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით დაიგეგმა.

„გიდასტურებთ, რომ ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით. მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში უკრაინის ომის შემდეგ შეიქმნა, ომის გავლენებზე, რომელიც ყველას გვეხება და ბუნებრივია, საქართველოზე, რომელიც პირველი იყო მსხვერპლი და ჩვენ 2008 წელს გამოვიარეთ ის უბედურება, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბრები გვექნება ბატონ შოლცთან. მასთან მქონდა არაერთი საუბარი; შარშანაც ვიყავი ოფიციალური ვიზიტით მისი მიწვევით და მინდა, მადლიერება გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას. პრაქტიკულად, ყველა გამოსვლაში გერმანიის კანცლერი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. ასე რომ, მე მადლიერი ვარ და შეხვედრების შემდეგ მოგახსენებთ შეხვედრებზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს 9 ივნისს შეხვდება.

“მეამაყება, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდება ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატს” – კახა კალაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, დღეს, თბილისის მერი მიხეილ მესხის სახელობის განახლებულ სტადიონზე იმყოფებოდა.

სტადიონი საქართველოში უეფას 21 წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად რეაბილიტირდა. სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები UEFA-ს ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, საქართველო მომზადებული ხვდება ევროპის ჩემპიონატს.

„ქვეყანა მზად არის საქართველოში უეფას 21 წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის  ჩასატარებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა ასეთი ტურნირებისთვის და მეამაყება, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდება ჩვენი ქვეყანა აღნიშნულ ტურნირს. სტადიონი სრულად არის განახლებული და რეაბილიტირებული უეფას სტანდარტებით. ყველაფერი, რაც იყო მოთხოვნილი, გაკეთებულია. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ იმ რეგიონებშიც, სადაც აღნიშნული ტურნირი გაიმართება. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთ მასშტაბურ ტურნირს მასპინძლობს ჩვენი ქვეყანა და ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უკეთ გავაცნოთ საქართველო მსოფლიოს, ევროპას, ვაჩვენოთ ჩვენი სტუმარმასპინძლობა, ჩვენი კულტურა, უგემრიელესი სამზარეულო, ულამაზესი დედაქალაქი და რეგიონები. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში მოეწყო გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინების,  უსაფრთხოების, გახმოვანების სისტემები; გამოიყო სხვადასხვა სივრცეები; დამონტაჟდა ახალი სკამები, ელექტრონული ტურნიკეტები და ლედ სარეკლამო კედლები და ა.შ.

ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად, საქართველოში ჯამში, 10 სტადიონი რეაბილიტირდა.

“ელენე ხოშტარია აქტიურად არ დამინახავს, როგორც ჩანს ტრანზაქცია ახალი გაკეთებულია”- ბექა დავითულიანი

როგორც ჩანს ტრანზაქცია ახალი გაკეთებულია და ელენე ხოშტარია აქტიურად არ დამინახავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„სოლიკო ვირსალაძე ნამდვილად იყო კარგი შემოქმედი, თუმცა ამდენი წლის მერე რუსეთი ასე პატიოსნად იხდიდეს თავის ჰონორარებს და ამდენს, ძალიან გასაკვირია. ვაშაძეს რუსებზე ჰქონდა ბინა მიქირავებული, ეს რუსეთის ბიუჯეტიდან ჰონორარს იღებს, როგორც თვითონ ეძახის, რატომ წევენ ამხელა პანიკას ამის პარალელურად რუსეთის ვიღაც მოქალაქე რომ ტურისტულად რესტორანში დაჯდება, ცოტა მორალური დილემა არის“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 279 000 რუბლია.

“უნდა განვსაზღვროთ, რამდენად სწორი იქნება „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე, რომელიც ყველაზე დაბინძურებულია, საცურაო აუზის გაკეთება”- კალაძე

უნდა განვსაზღვროთ, რამდენად სწორი იქნება „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე, რომელიც ყველაზე დაბინძურებულია, საცურაო აუზის გაკეთება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას მერია საზოგადოებასთან ერთად მიიღებს.

„საუბარი იყო ობიექტის გადმოცემაზე, თუმცა უნდა გავიაზროთ და განვსაზღვროთ, რამდენად სწორი იქნება მაგ კონკრეტულ ადგილზე, რომელიც ყველაზე დაბინძურებულია, საცურაო აუზის გაკეთება და ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან ერთად მივიღებთ“, – განაცხადა კალაძემ.