Home Blog Page 2020

სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს კონგრესზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღეს

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარული სესიის ფარგლებში მიიღეს რეზოლუცია უკრაინაში ომის საწინააღმდეგო პოლიტიკური აქტივისტებისა და პატიმრების მდგომარეობის შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ. ასევე ნათქვამია, რომ რუსეთში შეიზღუდა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რაც მიუღებელია. რეზოლუციის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის რეპრესიების შედეგად, დაზარალდნენ როგორც უკრაინელები, ასევე ყირიმელი თათრები.

„ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარული სესიაზე მიღებული რეზოლუცია გმობს რუსეთის ხელისუფლების მზარდ რეპრესიებს. სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც უსამართლოდ არის ციხეში საკუთარი აზრის გამოხატვის გამო, მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა მშვიდობიანი მოქალაქე.

მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას აქტიურ ჩაერთონ რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლაში.

აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს კონგრესმა უკრაინის დელეგაციის ყველა ჩასწორება გაითვალისწინა, გარდა ერთისა, რომლითაც უკრაინული მხარე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდა. სააკაშვილის გვარი უშუალოდ რეზოლუციის მიღების წინ გაჩნდა ტექსტში, რაც რეზოლუციის მომხსენებლისთვისაც კი არ იყო ცნობილი. კონგრესმა შესწორება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა საერთოდ ამოიღო და შესწორება შემდეგი სახით მიიღო : კონგრესი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა მშვიდობიანი სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტი და პოლიტიკური ოპონენტი, ვისაც აღკვეთილი აქვს თავისუფლება რუსეთსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ცხადია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გახლეჩის პირასაა” – ნიკოლოზ სამხარაძე

ცხადია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გახლეჩის პირასაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ამ პარტიის დასუსტება დადებითად აისახება საქართველოში პოლიტიკურ გარემოზე.

„დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ პარლამენტში ჩვენ გვეყოლება არა ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოდის, მათ შორის, სტატუსზე, არამედ ჯანსაღი ოპოზიცია. გვეყოლება ისეთ ოპოზიცია, ვისთანაც საგნობრივი დისკუსია იქნება სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის გარემოს დაცვაზე, სოციალურ საკითხებზე, ინფრასტრუქტურასა და იმ საკითხებზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია და არ იქნება ვიწრო უაზრო პოლიტიკური კინკლაობა და ერთმანეთისთვის მანჯურიის აგენტობის დაბრალება“, – განაცხადა სამხარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა.

დიპლომატებისა და პრეზიდენტის შეხვედრა ორბელიანის სასახლეში შედგა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის თუ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

“სტატუსის მინიჭება არ არის რომელიმე, თუნდაც პარტიის შიდა საკითხი, ეს არის ქვეყნის გაძლიერების საკითხი” – ხატია დეკანოიძე

როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს პარტნიორებთან და მათ მოგვმართეს, მე და ხათუნა სამნიძე ვიყავით ერთად. ამიტომ მე შემიძლია ეს დავადასტურო და პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის რომელიმე, თუნდაც პარტიის შიდა საკითხი, ეს არის ქვეყნის გაძლიერების საკითხი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი წავიდეს საქართველოდან, – დეპუტატი ხატია დეკანოიძე „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას ეხმიანება.

„იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს აქვს სხვა მოსაზრება და მე მესმის, რომ შეიძლება იყოს სხვადასხვა მოსაზრებები, მაშინ ეს უნდა ითქვას ღიად და საჯაროდ. მე არავითარი გვარების დასახელებას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. ეს არ არის ინფორმაცია, რომელიც იცის მხოლოდ სამნიძემ დეკანოიძემ და რამდენიმე ადამიანმა. ეს ინფორმაცია ჟღერდება სხვადასხვა ადამიანებთან, რომ არაერთგვაროვანი პოზიციაა“, – განმარტა ხატია დეკანოიძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან.

სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის მიერ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის გასინჯვის შედეგად გამოვლინდა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვეული დადებითი დინამიკა აქვს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სააკაშვილთან სპეციალისტები 19 ოქტომბერს იმყოფებოდნენ.

„19 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტების მიზანი, შექმნის დღიდან, იყო და არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა/არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.

19 ოქტომბერს ჯგუფის წევრებმა ფიზიკურად გასინჯეს მიხეილ სააკაშვილი, გაეცნენ სამედიცინო მასალების რელევანტურ ნაწილს და გაესაუბრნენ კლინიკის სამედიცინო პერსონალს.

ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ, კარდიოლოგმა გიორგი კაჭარავამ და ენდოკრინოლოგმა ნინო ზავრაშვილმა. ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ განხილვაში მონაწილეობდნენ ასევე, კარდიოლოგ/არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია, თერაპევტი, შინაგან სნეულებათა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლი ხურციძე და ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი და პალიატიური მედიცინის სპეციალისტი აიდა გოზალოვა.

ექიმ-ექსპერტების დასკვნა: ჩივილები/ანამნეზი – საერთო სისუსტე, წონასწორობის კარგვა, დაბუჟების შეგრძნება კიდურებში, ენერგიის დაქვეითება, კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება.

ლაბორატორიული კვლევებიდან აღსანიშნავია მიკროციტარული ანემია Hb 9g/l, ლეიკოპენია 3200. ელექტრომიოგრაფიულად კვლავ ვლინდება სენსორული აქსონური პოლინეიროპათიის სურათი, რომელიც რამდენადმე გაღრმავებულია. იღებს სეციტას 10მგ/დღ, ტრიტიკო 150მგ/დღ, რის ფონზეც ძილი გაუმჯობესებულია, აღარ აღნიშნავს კოშმარულ სიზმრებსაც. გრძელდება სიმპტომური მკურნალობა.

გასინჯვის შედეგი – პაციენტი ძირითადად წევს, თავს სუსტად გრძნობს, კითხვებს უხალისოდ პასუხობს, კოგნიტიური ფუნქციები შეფასდა MOCA სკალით – 13 ქულა (N≥26), მუხლის რეფლექსები დუნეა (1 ქულა), აქილევსის ორმხრივ არ იწვევა, გაცხოველებულია ხორთუმის რეფლექსი, მუცლის კანის რეფლექსები არ იწვევა, ძალა კიდურებში დიფუზურად დაქვეითებულია სიმეტრიულად (4 ქულა), ცხვირ-თითის ტესტს დისმეტრიით ასრულებს ორმხრივ, ალტერნატიული მოძრაობის ტესტები ქვემო კიდურებში გაუარესებულია (სისუსტის გამო), მუხლქუსლის ტესტებს ასევე სისუსტის გამო, დისმეტრიით ასრულებს, რომბერგის პოზაში არამყარია, ტანდემური სიარული შეუძლებელია, გადაადგილდება მოკლე დაბალი ნაბიჯებით, ორმხრივ ქვემო კიდურებზე დისტალურად ვიბრაციული მგრძნობელობა მკვეთრად გაუარესებულია კოჭების ჩათვლით, გაუარესებულია ჩხვლეტის შეგრძნებაც წვივის ზემო მესამედიდან ქვემოთ.

ვლინდება კანის დაქვეითებული ტურგორი, განლეული კანქვეშა ცხიმი და გამოხატული კუნთების ატროფია.

ჩატარდა ორთოსტატიული ტესტი, ჰორიზონტალურად წნევა 140/90, პულსი 78’, წამოდგომისას 120/80, პულსი 100’ ვერტიკალურად 3წთ-ის შემდეგ წნევა 140/90, პულსი 100’. ტესტი ნეგატიურად უნდა ჩაითვალოს, მიუხედავად განვითარებული ტაქიკარდიისა.

პაციენტის წონა: 70კგ, (BMI-18.6) მხრის გარშემოწერილობა D=S 23,5სმ, triceps skinfold thickness (TSF) 0.8სმ (მხრის კუნთების ფარ¬თობი გამოთვლილი იქნა ფორმულით [(23,5-π*0.8)^2]/4π -10 = 25 (N-54±11), რაც კუნთების განლევის ერთ-ერთი მარკერია), ბარძაყის გარშემოწერილობა D-39სმ, S-39სმ, წვივის გარშემოწერილობა D-32, S-33, კუნთთა ტონუსი დაქვეითებულია.

ამგვარად, სახეზეა გარკვეული დადებითი დინამიკა, თუმცა ძირითადი სურათი: კუნთთა ატროფია, ნეიროპათია, კოგნიტიური გაუარესება კვლავ უცვლელი რჩება. პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, ნინო ზავრაშვილი, გიორგი გრიგოლია, გრიგოლი ხურციძე, გიორგი პაპიაშვილი, აიდა გოზალოვა.

ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ და ”ლაიონს თბილისის სამედიცინო ჯანდაცვის კლუბმა” სამსახურს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა -საქართველოს გენერალურ დირექტორს, თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინო კარანაძეს, საერთაშორისო “ლაიონს კლუბების” ფონდის (LCIF) წარმომადგენელს საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაცია”ლაიონს ქუესტ საქართველო-განათლების ლაბორატორიის” აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ბესელიას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს, დავით პავლიაშვილს და სამედიცინო ექსპერტს, ვახტანგ ჩხეიძეს უმასპინძლა.

სტუმრებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ბენეფიციართათვის,”ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა საქართველოს”, ”ლაიონს თბილისის სამედიცინო ჯანდაცვის” კლუბის, ლაიონსების საერთაშორისო ორგანიზაციისა და ხსენებული ორგანიზაციის მხრიდან, საქართველოს კოორდინატორის_”ლაიონს დენმარკის” (Lions Denmark) ოფისის მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარების სახით, ეტლ-სავარძლები, გადასაადგილებელი ჩარჩოები, ყავარჯნები და გლუკომეტრები გადასცა.

როგორც ნინო კარანაძემ აღნიშნა, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა -საქართველო, ისევე, როგორც ლაიონს თბილისის სამედიცინო ჯანდაცვის კლუბი და ლაიონსების საერთაშორისო ორგანიზაცია, კიდევ უფრო გააფართოებს სამსახურთან თანამშრომლობას და მომავალში, ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მხარდასაჭერად, არა ერთ პროექტს განახორციელებს.

კობა კობალაძემ, მისმა პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის თანამშრომლებმა, სტუმრებს, ვეტერანთა თანადგომის მორიგი აქციისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.

მიმდინარე წელს, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 14 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 1504 ბენეფიციარს, კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება, უფასოდ გაეწია; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც; ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, უფასოდ გადაეცათ 2211 სათვალე;

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა – საქართველო, „ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენალ ფაუნდეიშენის” მიერ დაფუძნებული ერთადერთი კლინიკაა მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში; ცნობისთვის, ”ლაიონს კლუბი” მსოფლიოში ცნობილი არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1917 წლიდან დღემდე, სხვადასხვა ქვეყანაში, ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.

„საერთაშორისო ლაიონს კლუბმა”, საქართველოში, 2003 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება.

“სამნიძე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია, ვამბობდით” – ვოლსკი

ხათუნა სამნიძე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით. მავნებელთა დიდი გუნდია შეკრებილი, გაერთიანდნენ, რევოლუციური კომიტეტი ჩამოაყალიბეს და ფიქრობენ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება განაპირობებს რევოლუციური პროცესის დაწყებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის შეფასება სთხოვეს ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში.

ვოლსკის თქმით, სამნიძე ახალს არაფერს ამბობს.

„რამდენად სკანდალურია სამნიძის განცხადება, არ ვიცი. სკანდალური ის არის, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ გააფთრებული მებრძოლი საუბრობს ისეთ თემაზე, რაც ყველასთვის ცნობილი იყო, ეს არის სკანდალური, თორემ ახალს არაფერს ამბობს. ის, რომ ბრიუსელის თუ სხვა ქვეყნის დედაქალაქებში, კაბინეტებში დარბოდნენ კონკრეტული პიროვნებები და საქართველოსთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, სტალინის ძეგლების აგების თემიდან დაწყებული და დამთავრებული სხვა ყველა უბედურებით, რომ აქ შავი ხვრელებია და რუსეთი საქართველოს მეშვეობით სანქციებს გვერდს უვლის, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. ხათუნა სამნიძე ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით. მავნებელთა დიდი გუნდია შეკრებილი, გაერთიანდნენ, რევოლუციური კომიტეტი ჩამოაყალიბეს და ფიქრობენ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება განაპირობებს რევოლუციური პროცესის დაწყებას. ეს სქემა აშკარა გახდა, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, მათ შორის, ხათუნა სამნიძის განცხადებაც, რასაკვირველია, ამ რიგში უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

“ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, განმათავისუფლებელი და მოჯაჰედების ჯგუფია” – ერდოღანი

„ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ განმათავისუფლებელი და მოჯაჰედების ჯგუფია, რომელიც იბრძვის თავისი მიწებისა და მოქალაქეების დასაცავად, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, იგეგმებოდა მისი ვიზიტი ისრაელში, თუმცა ეს ვიზიტი აღარ განხორციელდება. ერდოღანის განცხადებით, ბევრი ქვეყანა ღაზის კონფლიქტში გამამწვავებელ როლს თამაშობს.

„ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ისრაელის სახელმწიფოსთან, მაგრამ ჩვენ არასოდეს მოგვიწონებია და არც არასდროს მოვიწონებთ ისრაელის მიერ ჩადენილ სისასტიკეს და იმას, თუ როგორ მოქმედებს ის, როგორც ორგანიზაცია და არა – სახელმწიფო. ღაზაზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა თითქმის ნახევარი ბავშვები არიან. მიზანი არის წინასწარ განზრახული სისასტიკე კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის მიზნით. ისრაელის თავდასხმები ღაზაზე არის ვითარება, რომელიც მიუთითებს როგორც მკვლელობაზე, ასევე მათ ფსიქიკურ დაავადებაზე, ვინც ახორციელებს და ვინც მხარს უჭერს. ხვალ, როდესაც გაქრებიან ის ძალები, რომლებსაც ისინი დღეს ეყრდნობიან, პირველი ადგილი, სადაც ისრაელის ხალხი ნდობასა და წყალობას მოძებნის, იქნება თურქეთი, ისევე როგორც 500 წლის წინ“, – განაცხადა ერდოღანმა.

“სამნიძე ცდილობს, გადაბარგდეს იმ ბანაკში, რომელიც ვითომდა საქართველოსთვის იბრძვის”- ეკა სეფაშვილი

სამნიძე ცდილობს, გადაბარგდეს იმ ბანაკში, რომელიც ვითომდა საქართველოსთვის იბრძვის. მისი განცხადება მხოლოდ ამას ემსახურება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

ეკა სეფაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ცდილობენ, პრეზიდენტთან ერთად შექმნან ეგრეთ წოდებული მესამე ძალა.

„სამნიძე ცდილობს, თავის პატრონებს, რომლებსაც ის დაქირავებული ჰყავთ, როგორც აგენტი, ჯაშუში, დაანახოს თავისი სარგებლიანობა და იქნებ მომავალ საპარლამენტო სიაში სადმე მოხვდეს, თორემ მის პარტიას რეიტინგი საერთოდ არ აქვს. გვახსოვს მისი ისტერიული ქცევა, მაგიდის გადაყირავება, წივილი და კივილი, როცა ვცდილობდით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიგვეღო. ამას მოწმობს პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ მისი ვითომდა შეცვლილი რიტორიკა. როგორც ჩანს, ახლა ცდილობენ, პრეზიდენტთან ერთად შექმნან ეგრეთ წოდებული მესამე ძალა და ვითომ მათი ძალისხმევით მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, რაც სრული სიცრუე და საფუძველს მოკლებულია. მათი ერთადერთი მიზანია, პოლიტიკურად დღის წესრიგში შეინარჩუნონ თავი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ყველა ასეთ რადიკალს საკადრის პასუხს გასცემს. როგორც ჩანს, მესამე ძალის შექმნას ცდილობენ პრეზიდენტთან, გახარიასთან და ასე შემდეგ, თუმცა ეს არავითარი მესამე ძალა არ არის. მესამე ძალას ვუწოდებდი ძალას, რომელსაც რეალურად აინტერესებს ქვეყნის განვითარება და მმართველ გუნდთან დაპირისპირებას შეეცდება არგუმენტებით, ფაქტებით, დასაბუთებული მოსაზრებებით და არა რადიკალიზმით, ხალხის წინააღმდეგ მოქმედებით.

სამადაშვილმა ეთერით აღიარა, თინა ბოკუჩავამ აღიარა ტელეეთერით, ბოკერია და ჩერგოლეიშვილი გუშინ ამბობდნენ – ეს მტკიცებულებებია. თვითონვე განაცხადეს, რომ ჩვენ ყველანაირად ვეწინააღმდეგებითო. გვახსოვს პრეზიდენტის განცხადებები, როდესაც ამბობდა, ჩვენ ფორმალურად ვასრულებთ ვალდებულებებს, არ ვიმსახურებთ სტატუსსო. ეს არის მტკიცებულებები“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა: „ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში, ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ“.

თიბისის მხარდაჭერით მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) ბიზნეს სამიტი გაიმართება

საქართველოში პირველად, თიბისის მხარდაჭერით, 3 ნოემბერს, სასტუმრო ბილტმორში CX ბიზნეს სამიტი გაიმართება. სამიტზე მომხმარებლის გამოცდილების მართვის განსხვავებულ მიდგომებსა და წარმატების ისტორიებს სხვადასხვა ინდუსტრიებში ამ კუთხით გამორჩეული ქართული კომპანიები გააზიარებენ.

CX Business Summit-ზე მთავარი სპიკერი საერთაშორისო CX ექსპერტი, კონსულტანტი და არაერთი წიგნის ავტორი – Shaun Belding იქნება. სამიტი კომპანიების მენეჯმენტს და დამსწრე აუდიტორიას მისცემს CX მართვის მიდგომების და სისტემების გაცნობის, ამ კუთხით გამოცდილების გაზიარებისა და ნეთვორქინგის შესაძლებლობას.

ღონისძიების ორგანიზატორი CX Hub-ია. კომპანიის მიზანია გახდეს ბიზნესის პარტნიორი Customer Experience-ის (CX) სისტემური მართვის ჩამოყალიბებაში და დაეხმაროს ბიზნესს ჯანსაღ ზრდასა და განვითარებაში. ეს კი საბოლოო ჯამში, დამატებითი ბენეფიტის მომტანი იქნება მომხმარებლისთვის კომპანიებთან ურთიერთობაში გამოცდილების გაუმჯობესების სახით.

სამიტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ TKT.ge-ზე.

 

R

“ევროკომისიისგან მოლოდინი გვაქვს, რომ ის ძალისხმევა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასწია, შეფასდება და დაფასდება” – შალვა პაპუაშვილი

მინდა, ევროკომისიას მადლობა გადავუხადო. ბოლო პერიოდში, ევროკომისიასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მათთან კომუნიკაციით და შეთანხმებით გატარდა, ინიციირებული იქნა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ბორელის ყოფნის დროს რომელი საკითხების ცვლილებებზეც იყო საუბარი, განხორციელდა. ამიტომ მოლოდინი კანდიდატის საკითხთან დაკავშირებით, პოზიტიურია.

,,მათ შორის, შინაარსობრივად იყო რამდენიმე რეკომენდაცია, რაც გავითვალისწინეთ. ეს თანამშრომლობა ძალიან პროდუქტიული იყო და აქედან გამომდინარე, მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ყველა ის საკითხი, რაზეც საუბარი იყო საქართველოში ბორელის ყოფნის დროს, კეთილსინდისიერად ვუპასუხეთ და ცვლილებები განვახორციელეთ. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ ის ძალისხმევა შეფასდება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასწია წელიწადნახევრის განმავლობაში. შესაბამისად, ეს ძალისხმევა იქნება დაფასებულიც და შეფასებულიც”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით ვერსარგებლობა ტვინისგან დაცლილი ოპოზიციის შედეგია თუ ხელისუფლების გამჭრიახობის, ეს ცალკე საკითხია”

რადიკალურმა ოპოზიციამ გუშინ, რატომღაც, გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის მთელი რიგი აღიარებითი ჩვენებები მიეცა. რამდენიმე რადიკალმა გულახდილად აღიარა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ ემხრობა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„ხალხის ძალის“ განცხადებით, ამას დაემატა ხათუნა სამნიძის აღიარება იმის შესახებ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ევროპაში კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებდნენ, რასაც ხელისუფლება თვეების განმავლობაში ამტკიცებდა.

მათივე თქმით, ყველაზე გამორჩეული აღიარება კი, თამარ ჩერგოლეიშვილს და შესაბამისად, გიგა ბოკერიას ეკუთვნით.

„ყველაზე გამორჩეული აღიარება კი, თამარ ჩერგოლეიშვილს და შესაბამისად, გიგა ბოკერიას ეკუთვნით, რომლებმაც განაცხადეს, ტვინისგან დაცლილმა ოპოზიციამ „ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით“ სარგებლობა ვერ მოახერხაო. ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით ვერსარგებლობა ტვინისგან დაცლილი ოპოზიციის შედეგია თუ ხელისუფლების გამჭრიახობის, ეს ცალკე საკითხია. ჩვენ უფრო მეორე ვერსიისკენ ვიხრებით, თუმცა, ერთი მეორეს საერთოდ არ გამორიცხავს. აქ მთავარი ისაა, რომ ორმა წარჩინებულმა უცხოელმა აგენტმა ზუსტად ის აღიარა, რასაც ჩვენ ამდენი ხნის მანძილზე ვამტკიცებდით – 2021 და 2022 წლის კრიზისები სწორედ ევროკავშირის ხელით შეიქმნა. ყველას გვახსოვს, როგორ უწოდეს ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“ პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის საპარლამენტო საბოტაჟს, რითაც ხელისუფლება აიძულეს, 43-პროცენტიან ბარიერს დათანხმებოდა და რიგგარეშე არჩევნების რისკზე წასულიყო.

როდესაც 2021 წლის გეგმა ჩავარდა, 2022 წელს მათ უკვე კრიზისის ახალი ინსტრუმენტი გამოიგონეს. უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი დღის თავზე ომში გახვეულ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადის შეტანა შესთავაზეს. ეს ყველაფერი კი იმით გაგრძელდა, რომ უკრაინასა და დსთ-ს წევრ მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მისცეს, საქართველოს კი – არა, რაც დღემდე რადიკალური ოპოზიციისთვის რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივების ერთადერთ ეფექტურ ხელოვნურ ინსტრუმენტად რჩება. ბოკერიასა და ჩერგოლეიშვილს ამ აღიარებისთვის ჩვენი დიდი მადლობა ეკუთვნით. მათ იმაშიც ვეთანხმებით, რომ ოპოზიციამ ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით სარგებლობა ვერ შეძლო, ანუ ეს კრიზისი უკვე ჩავლილი ამბავია და თუ საქართველოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, ეს მხოლოდ იმის გამო მოხდება, რომ კრიზისის ამ ინსტრუმენტმა თავისი თავი უკვე ბოლომდე ამოწურა“, – აცხადებენ „ხალხის ძალაში“.

მათივე თქმით, აქვთ სარწმუნო ინფორმაცია, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება უკვე საბოლოოდ გადაწყდა.

„გვაქვს სრულიად სარწმუნო ინფორმაცია, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება უკვე საბოლოოდ გადაწყდა. სწორედ ამის გამო იკრიბებიან სალომე ზურაბიშვილთან კოლექტიური ნაცმოძრაობის სხვა წარმომადგენლები, რომ უკვე გადაწყვეტილი საკითხი როგორმე მას მიაწერონ. დასასრულს, გვინდა დავსვათ ნახევრად რიტორიკული შეკითხვა, რომელსაც ბოკერიამ და ჩერგოლეიშვილმაც შეიძლება, გასცენ აღიარებითი პასუხი – რატომ ქმნის ევროკავშირი კრიზისებს იმისათვის, რომ ხელისუფლებაში ტვინისგან,სინდისისგან და სამშობლოს სიყვარულისგან დაცლილი პოლიტიკოსები მოაბრუნოს? დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი ქართველი ხალხის მიმართ კეთილი განზრახვით არ კეთდება“, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.