Home Blog Page 2020

ლონდონში პალესტინელების მხარდამჭერი აქცია იმართება

ლონდონში ათასობით ადამიანი პალესტინელების მხარდამჭერ აქციას მართავს.

ლონდონის ქუჩებში გამოსულ დემონსტრანტებს პალესტინის დროშები უკავიათ ხელში. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ  ისრაელს შეწყვიტოს ღაზას ბლოკადა და საჰაერო თავდასხმები.

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსგავსი საპროტესტო აქციები გაიმართა: ტაილანდი, ავსტრალია, ნიდერლანდები, სამხრეთ აფრიკა და რამდენიმე არაბული ქვეყანა.

პოლიციამ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დროს იყო არეულობა, მაგრამ საპროტესტო აქტივობების უმეტესობა კანონიერი იყო და ინციდენტის გარეშე ჩატარდა.

სლოვენიამ ხორვატიისა და უნგრეთის საზღვრებთან პოლიცია განათავსა

Police officers inspect documents at the border crossing in Obrezje, Slovenia, October 21, 2023. REUTERS/Antonio Bronic

სლოვენიამ ხორვატიასთან და უნგრეთთან სასაზღვრო გადასასვლელებზე პოლიცია განათავსა, რათა თავიდან აიცილოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეები.

ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო STA ავრცელებს.

პარასკევს, სლოვენიის მთავრობამ დროებითი სასაზღვრო კონტროლის 30 ოქტომბრამდე დაწესების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც მეზობელმა იტალიამ, უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, სლოვენიასთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა. პოლიცია 14 სასაზღვრო პუნქტზე განლაგდა, რამაც რიგები შექმნა, რადგან მოგზაურებისთვის დოკუმენტების შემოწმების პროცესი გაჭიანურდა.

ღაზის სექტორში 7 ოქტომბრიდან დღემდე 4 385 ადამიანი დაიღუპა

ღაზაში დაღუპულია 4 385 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 13 561. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად 4 385 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 1 756 ბავშვი და დაშავებულია 13 561 ადამიანი. დღეს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გავლით ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მოხერხდა.

ამასთან, ისრაელში აცხადებენ, რომ ისრაელის ტერიტორიაზე 1 400-მდე ადამიანი დაიღუპა. ამასთან, „ჰამასის“ 1 500 მებრძოლის ლიკვიდაცია მოხდა.

ჩვენს მიწას არ დავტოვებთ -პალესტინის პრეზიდენტი

ჩვენს მიწას არ დავტოვებთ, – ამის შესახებ პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე განაცხადა.

„ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით გადაადგილებას, ჩვენ დავრჩებით ჩვენს მიწაზე, როგორიც არ უნდა იყოს გამოწვევები“, – აღნიშნა მან.

ეგვიპტის დედაქალაქში სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც 20 ქვეყნიდან ჩასული მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან. სამიტში მონაწილეობას არ იღებენ აშშ-ის, ისრაელის, „ჰამასისა“ და ირანის წარმომადგენლები.

“ჯობდა ეს ყველაფერი “ევროს კავშირის” სრულუფლებიანი წევრებისთვის შეგეხსენებინათ!”-გოგა ხაინდრავა გერმანიის ელჩს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში ეხმიანება ევროკავშირის მთავარ ღირებულებებზე გერმანიის ელჩის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას

„გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი – „ევროკავშირი დაფუძნებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებზე“.

ჯობდა ეს ყველაფერი „ევროს კავშირის“ სრულუფლებიანი წევრებისთვის შეგეხსენებინათ!“, – წერს ხაინდრავა.

 

“ჰამასის” თავდასხმა ისრაელზე ვერასოდეს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას – ანტონიო გუტერეში 

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე ვერასოდეს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას.

ეგვიპტეში მიმდინარე სამშვიდობო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, გუტერეშმა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის საავადმყოფოებისა და სკოლების ხელშეუხებლობაზე ისაუბრა.

 

„უნდა განხორციელდეს როგორც ისრაელის ლეგიტიმური მისწრაფებები უსაფრთხოების მხრივ, ასევე პალესტინელების ლეგიტიმური მისწრაფებები დამოუკიდებელი ქვეყნის შექმნის მხრივ“, – განაცხადა გუტერეშმა.

ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შესახებ სამშვიდობო სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი ესწრება.

“ევროპაში კარგად უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ღირებულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც” – მიხეილ სარჯველაძე

ევროპაშიც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანი და ღირებულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, რადგან ჩვენ შემდგარი, ღირსეული ერი ვართ, რომელსაც შეუძლია ევროკავშირი ყველა თვალსაზრისით გაამდიდროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

„კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, პოზიტიური მოლოდინი მაქვს. არა პიარული შეფასებებისა და ანგაჟირებული, არასწორი, მცდარი აღქმების საფუძველზე, არამედ შინაარსობრივად ვიცნობ იმ რეფორმებს, რომლებიც განხორციელებულია და რეალურად მაქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს პოზიტიური. ამას მაფიქრებინებს არა მხოლოდ შარშან ევროპული პერსპექტივის მონიჭების გადაწყვეტილების შემდეგ განხორციელებული რეფორმები, არამედ ის გარემოება, რომ თუ მოლდოვამ იმ კონდიციით, რომელშიც იმყოფებოდა, დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი, საქართველო, ბუნებრივია, იმ დროსაც იმყოფებოდა უკეთეს მდგომარეობაში ვიდრე მოლდოვა. უკრაინაზე, გასაგები მიზეზების გამო, აღარ ვიტყვი. ასეთ ფონზე ნათელია, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ერთადერთი ის განსხვავებაა, რომ ალბათ, მოლდოვასა და უკრაინაში არაა ოპოზიცია, რომელიც მუდმივად და დაუღალავად, არანორმალური ტემპით იბრძვის, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ხელი შეეშალოს. ერთადერთი განმასხვავებელი უპირატესობა, რაც იმ სახელმწიფოებს აქვთ, ესაა. იქ არავის უთქვამს, ხალხი იმსახურებს და ქვეყანა არაო.

ბუნებრივია, მცირე ალბათობით უნდა დავუშვათ იმ შეცდომის გამეორების რისკი, რომელიც დაშვებული იყო. საბედნიეროდ, ევროპაშიც კარგად აღიქვამენ, ერთი მხრივ, შარშან დაშვებული შეცდომის არსს, მეორე მხრივ კი ინტერესს, რომელიც ევროპას აქვს საქართველოს მხრიდან კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში. კარგად უნდა გავიაზროთ და ევროპაშიც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანი და ღირებულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, რადგან ჩვენ შემდგარი, ღირსეული ერი ვართ, რომელსაც შეუძლია ევროკავშირი ყველა თვალსაზრისით გაამდიდროს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი ამილახვარმა სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გახსნა

იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახლად რეაბილიტირებული სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა გახსნა, პედაგოგებს და მოსწავლეებს თანამედროვე სივრცეში სწავლის გაგრძელება მიულოცა და ის პროექტები გააცნო, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაგრძელებთ სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. დღეს გავხსენით და დავათვალიერეთ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეაბილიტირებული სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია და ტრადიცია აქვს.

სკოლა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, არის აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

ეს არის ის მნიშვნელოვანი ინვესტიცია და პირველი ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლებში გაცილებით უფრო მაღალ აკადემიურ მიღწევებსა და უკეთეს შედეგებს.

მინდა, მივულოცო სამტრედიას, მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლის დირექციას ასეთი განახლებული ინფრასტრუქტურა და ვუსურვო მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება“, – აცხადებს გიორგი ამილახვარი,

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა, რომელიც 1894 წელს დაარსდა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტირდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება ჯამში 312,770 ლარია. რეაბილიტაციის ფარგლებში სკოლაში გარემონტდა და თანამედროვედ აღიჭურვა საკლასო ოთახები, გაკეთდა სველი წერტილები, მოეწყო სპორტული მოედნები და გარე სივრცეები. ამასთან, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.

ამჟამად, სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლაში 360 მოსწავლე ირიცხება. სკოლას ჰყავს 34 პედაგოგი, აქედან 1 მენტორი და 7 წამყვანი მასწავლებელი.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკვე დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. პროექტის განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

ინფორმაცია, თითქოს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება, უსაფუძვლოა – ისრაელში საქართველოს საელჩო

ისრაელში საქართველოს საელჩოს ცნობით, ინფორმაცია, თითქოს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება უსაფუძვლოა, რადგან აეროპორტი განაგრძობს მუშაობას.

მათივე განცხადებით, რამდენიმე სიახლეა საქართველოს მიმართულებით ფრენებთან დაკავშირებით. ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” 22-ი ოქტომბრიდან ისრაელის მიმართულებით, ფრენებს აჩერებს.

კომპანია რეისების შეწყვეტას ისრაელში უსაფრთხოების ზომების არარსებობას და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების გადაწყვეტილებას უკავშირებს, თუმცა საელჩოს ცნობით, თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ინარჩუნებენ და რეგულარულად ახორციელებენ ისრაელის ავიაკომპანიები.

რაფაჰის გამშვები პუნქტი გაიხსნა

ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის საზღვარზე მდებარე რაფაჰის გამშვები პუნქტი გაიხსნა – ჰუმანიტარული დახმარებით სავსე სატვირთო ავტომობილები ღაზის სექტორში შედიან. ამის შესახებ BBC იტყობინება.

რამდენი ხნის განმავლობაში იქნება გახსნილი გამშვები პუნქტი, ჯერჯერობით უცნობია. ისრაელმა ღაზაში 20 სატვირთო ავტომობილის შესვლის ნებართვა გასცა.

შეთანხმების თანახმად, ავტომობილებს ღაზის სექტორში მხოლოდ საკვები, წყალი და მედიკამენტები შეაქვთ.

ისრაელი მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, ეგვიპტე და იორდანია რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ

ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, ეგვიპტე და იორდანია რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ და ასევე თავი შეიკავონ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მაროკოში გამგზავრებისგან. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ეგვიპტესა და იორდანიასთან დაკავშირებით საფრთხის დონე 4-მდე, მაროკოსთან დაკავშირებით კი 3-მდე არის გაზრდილი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობა რეკომენდაციას არ უწევს ისრაელის მოქალაქეების თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, მალაიზიაში, ბანგლადეშსა და ინდონეზიაში გამგზავრებასაც.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ეგვიპტეში პოლიციელმა ორი ისრაელელი ტურისტი მოკლა.

სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური პერსპექტივის -აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება

ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერას, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აშშ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ადასტურებენ ერთგულებას ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ.

„აშშ, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, რომლებიც დაახლოებით 800 მილიონ მოქალაქეს წარმოადგენენ, გაერთიანებულნი არიან ღირებულებებით, დაკავშირებულნი არიან დედამიწაზე ყველაზე დინამიკური ეკონომიკური ურთიერთობებით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ. 2021 წლის ივნისში გამართული აშშ-ევროკავშირის ბოლო სამიტის შემდეგ, მსოფლიო უპრეცედენტოდ შეიცვალა და ჩვენ საპასუხოდ ამბიციური ნაბიჯები გადავდგით. ჩვენ ერთად ვმუშაობთ მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად რეგიონში, მთელ მსოფლიოში, მათ შორის უკრაინის ურყევი მხარდაჭერით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი, ნათქვამია, რომ ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება.

„ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერას. ვადასტურებთ ჩვენს საერთო ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისადმი, ჩვენს მხარდაჭერას რეგიონის ევროკავშირის პერსპექტივისადმი. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება“, – ნათქვამია განცხადებაში.