Home Blog Page 2019

„მეჩვენება, რომ ეს არის თამაში”- ლავროვი

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ევროპელი ლიდერების განცხადებების გააქტიურება თამაშია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„მეჩვენება, რომ ეს არის თამაში, იმ ხაზის გაგრძელება, რომელსაც ევროკავშირი გაჰყვა საბჭოთა კავშირის გაქრობის შემდეგ, როცა ყველა კრიტერიუმი გვერდზე გადადეს და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობა იყო საფუძველი იმ გადაწყვეტილებების, რომლებიც მიიღეს, როდესაც ვთქვათ, ბალტიის ქვეყნები შეუერთდნენ ევროკავშირს“, – განაცხადა ლავროვმა.

,,ორჯერ ლამის რევოლუცია მოხდა ამ კანდიდატის სტატუსის არ მოცემაზე და ხალხს თავპირი ჩამოსტირით”- მეუფე იაკობი

ორჯერ ლამის რევოლუცია მოხდა ამ კანდიდატის სტატუსის არ მოცემაზე და ხალხს თავპირი ჩამოსტირით. ისინი, რომლებიც იძახოდნენ, რომ ძალიან კარგია ესო, იმათმა დაიწყეს მანამდე ტირილი, როცა მიხვდნენ, რა ხდება და მუცლის გვემა აუტყდათ, როდესაც პატრიარქმა ბრძანა, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა თავისი ძალისხმევით ერთად მოიპოვა,”- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, „როგორც ამბობდნენ თუ ევროკავშირის კანდიდატი ვერ გავხდებოდით, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი და პირდაპირ რუსეთზე მიბმა იქნებოდა და ვინ დადიოდა და ვინ იძახოდა უცხოეთში, რომ არ არიან მისაღებიო? კარგად გადახედონ, ვინ აფინანსებენ”.

„მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ერთი ამბავი იყო, ორჯერ ლამის რევოლუცია მოხდა ამ კანდიდატის სტატუსის არ მოცემაზე და ხალხს თავპირი ჩამოსტირით. ისინი, რომლებიც იძახოდნენ, რომ ძალიან კარგია ესო, იმათმა დაიწყეს მანამდე ტირილი, როცა მიხვდნენ, რა ხდება და მუცლის გვემა აუტყდათ, როდესაც პატრიარქმა ბრძანა, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა თავისი ძალისხმევით ერთად მოიპოვა. ხელისუფლებას ეძახიან რუსს და რა არის რუსობა ან რა არის საქართველოს მტრობა, ავიღოთ.

როგორც ამბობდნენ თუ ევროკავშირის კანდიდატი ვერ გავხდებოდით, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი და პირდაპირ რუსეთზე მიბმა იქნებოდა და ვინ დადიოდა და ვინ იძახოდა უცხოეთში, რომ არ არიან მისაღებიო? კარგად გადახედონ, ვინ აფინანსებენ, მოპარული ფულით, საქართველოდან გატანილი ფულით, ნაძარცვი ფულით, თვითონ რუსის ბიზნესმენები. თან რუსებს აგინებენ… ევროპის ფულიც უნდათ, რუსების ფულიც უნდათ,”- განაცხადა მეუფე იაკობმა.

,,რუსების ჩამოსვლით მოსახლეობა შეწუხებულია”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი RFI-თან ინტერვიუში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს და ამბობს, რომ რუსების ჩამოსვლით მოსახლეობა შეწუხებულია.

„ამ მონეტას ორი მხარე აქვს. დიდი ნაწილი, დაახლოებით, 100 000 დარჩა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოძრავი ტალღაა, რადგან ისინი შემდეგ სავარაუდოდ, სხვა ქვეყნებში გადადიან. ეს ეკონომიკური წვლილია, ისინი მონაწილეობენ ეკონომიკურ ცხოვრებაში.

საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან ადვილია, 24 საათში შესაძლებელია კომპანიის გახსნა. ისინი ხსნიან პატარა ინდივიდუალურ კომპანიებს. მოსახლეობა შეწუხებულია, რადგან ეს რუსულენოვანი მოსახლეობა ჩამოდის, რომელიც არ გამოხატავს ნამდვილ ინტერესს ინტეგრაცია მოახდინოს ქვეყნის კულტურაში.

გვაქვს განცდა, რომ ისინი იქცევიან ისე, თითქოს თავიანთ სახლში არიან, შესაძლოა, ახსოვთ, თუ როგორ იყო ადრე. და განსაკუთრებით არის განცდა, რომ [მათი შემოსვლა] არ არის კარგად კონტროლირებული და ამ მასებში, არ ვიცით ვინ შეიძლება შემოვიდეს ქვეყანაში. და არის თუ არა ეს ზედამხედველობის ქვეშ…“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

,,ზურაბიშვილი არაადეკვატური განცხადებს რომ აკეთებდა ამიტომაც შეუზღუდეს დასავლეთში ვიზიტები”- ზარქუა

მადლობა ღმერთს, ევროკომისიამ არ გაითვალისწინა ის სიგიჟეები, რასაც ქალბატონი სალომე საუბრობდა. ჩვენი მხრიდან ის პრეზიდენტი აღარ არის, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არაადეკვატური განცხადებებით რომ იყო დაკავებული, ამიტომ მას დასავლეთში ვიზიტები შეუზღუდეს.

„მადლობა ღმერთს, ევროკომისიამ არ გაითვალისწინა ის სიგიჟეები, რასაც ქალბატონი სალომე საუბრობდა. ჩვენი მხრიდან ის პრეზიდენტი აღარ არის. ფაქტობრივად, უმრავლესობის მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ აქვს – სხვათა შორის, რომელმაც აირჩია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ პრეზიდენტს უმრავლესობიდან ლეგიტიმაცია არ აქვს“, – აღნიშნა ზარქუამ.

სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიას მისცა ინტერვიუ. ინტერვიუს დროს ჟურნალისტი დაინტერესდა, რას ფიქრობდა საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის და ჩინეთის ლიდერების გასამართლებაზე, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, თუმცა ამის იმედი არ აქვს.

,,თუ ადამიანი ერთ რომელიმე ცოდვას ემონება, ის, ზოგადად, ცოდვის მონა ხდება”- მეუფე შიო მუჯირი

თუ ადამიანი ერთ რომელიმე ცოდვას ემონება, ის, ზოგადად, ცოდვის მონა ხდება, – ამის შესახებ  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო სახარებისეული მონაკვეთი უფალი იესო ქრისტეს მიერ ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების შესახებ, რომელიც, როგორც ყოველთვის, ბევრ რამეზე გვაფიქრებს. აქ ნაჩვენებია დამოკიდებულება ამ შეპყრობილისადმი ბოროტი სულისა, რომელიც ცდილობს, ეს ადამიანი სრულად დაიმორჩილოს და დაიმონოს, არაფერი დატოვოს მასში თავისი გავლენის გარეშე, რომ ბოროტი საქმეები მისი მეშვეობით აკეთოს.

იმ ძალას, რომელიც შევიდა ამ ადამიანში, შეიძლება ვუწოდოთ ნებისმიერი ცოდვის სახელი, იმიტომ რომ, თუ ადამიანი ერთ რომელიმე ცოდვას ემონება, ის, ზოგადად, ცოდვის მონა ხდება. თუ რას ნიშნავს ამ ცოდვის მონობა (სხვათა შორის, წმინდა პავლე მოციქული ამაზე შესანიშნავად, დაწვრილებით საუბრობს), ეს ჩანს ამ კაცის ხვედრიდან. ხვედრი მისი ცხოვრებისა იყო ის, რომ მთელი სიცოცხლე ამ ბოროტების იარაღი გახლდათ, იყო უგუნურებაში, ტანჯვაში და ბოროტებას აკეთებინებდნენ მას.

მაცხოვართან რომ მიდის და უჩოქებს, უფალი კურნავს მას. ის ბოროტი სულები, რომლებიც ჩაბუდებულნი იყვნენ ღადარინელში, სთხოვენ მაცხოვარს, ღორების კოლტში შესვლის ნება დართოს. თქვენ გახსოვთ, რომ ებრაელებისთვის ღორები ნიშნავს უწმინდურებას. და ის, რომ ეშმაკებმა ეს აირჩიეს და სთხოვეს მაცხოვარს ღორებში შესვლა, ნიშნავს, რომ ყოველი ცოდვა, რომელსაც ჩვენ ვემონებით, ვემორჩილებით, ეს არის უწმინდურება, ეს არის სიბილწე. ასეთ დამონებას როგორი დასასრული აქვს, ესეც ჩანს იქიდან, თუ რა ბედი ეწია ამ ღორების კოლტს – ის განადგურდა, დაიღუპა. მას შეასრულებინეს ბოროტი საქმე, გამოიყენეს და შემდეგ გაანადგურეს.

აქედან ჩანს დამოკიდებულება საერთოდ ბოროტი სულებისა ყოველი ჩვენგანისადმი; თუ გნებავთ, ჩვენი ოჯახებისადმი, ჩვენი ეკლესიისადმი, ჩვენი ქვეყნისადმი და, ზოგადად, ყველასადმი.

კიდევ რა იწვევს გაოცებას სახარების ამ მონაკვეთიდან? – ეს გახლავთ ღადარინელი მოსახლეობის დამოკიდებულება. მათ მშვენივრად უწყოდნენ, როგორ იტანჯებოდა ეს კაცი, რაოდენ მძიმედ იყო ავად, როგორ განკურნა იგი უფალმა იესო ქრისტემ და რა ფასად განკურნა, რომ ფასი ამ განკურნებისა იყო მათი ღორების კოლტის დაღუპვა. და იმის ნაცვლად, რომ გაიხარონ და სთხოვონ მათთან დარჩენა, ისინი მოდიან უფალთან და ეუბნებიან: ,,უფალო, წადი ჩვენგან, ჩვენი ქალაქიდან, ნუღარ აღასრულებ ამ შენს სასწაულებს, ჩვენ არ გვჭირდება არც შენი საღვთო ძალა, არც შენი საღვთო სიყვარული, იმიტომ რომ ეს ძალიან წამგებიანია ჩვენთვის”. აი, ასეთ რამეს სთხოვენ ისინი მაცხოვარს.

ჩვენ ალბათ არ უნდა ვიფიქროთ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ეს სახარება ჩვენ არ გვეხება, იმიტომ რომ მეტად თუ ნაკლებად ყოველი ჩვენგანი ემორჩილება ხოლმე სხვადასხვა ვნებას, სხვადასხვა ცოდვას, ვემონებით ხოლმე, გვიპყრობს ეს ვნებები. ვის არ აწუხებს გაღიზიანება, წყენა, სიძულვილი, განკითხვა, სევდიანობა, ამპარტავნება და ა.შ. ასე რომ, მეტ-ნაკლებად ჩვენც ამ ვნებების გავლენის ქვეშ ვექცევით ხოლმე. ამ ბოროტი ძალების მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მოახდინონ გავლენა, გვტანჯონ, და დაგვღუპონ ჩვენ.

ამიტომ, დღევანდელი სახარება გვაფიქრებს ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს თავზე, რომ პასუხი გავცეთ ღმერთსაც და ჩვენს თავსაც – ვინ ვარ მე? ვისთან ვდგავარ და რა მსურს ამ ცხოვრებაში? გვინდა, რომ მატერიალური სარგებლის გამო უარი ვუთხრათ უფალს, ზურგი ვაქციოთ მას და ამით ამ ღორებს მივემსგავსოთ და დავიღუპოთ? თუ გვსურს, რომ როგორც იყო ნათქვამია სახარებაში – ამ ეშმაკეულის მსგავსად გონს მოსულები მივეახლოთ უფალს, მის ფერხთით დავრჩეთ, განვიკურნოთ, გავთავისუფლდეთ ბოროტი ძალებისგან და ვემსახუროთ მას, რომელიც არის მკურნალი სულთა და ხორცთა ჩვენთა და რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანადაუსაბამოით მამით, ყოვლად წმინდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით წმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ!

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ვლოცავთ საქველმოქმედო ფონდების „ცხოვრება მშვენიერია“ და „საფარველის“ წარმომადგენლებს და ამ ფონდებს. ეს ორი ფონდი წლების განმავლობაში ახორციელებს მრავალ პროექტს და შემოსულ თანხას სრულად ახმარს შერჩეულ ბენეფიციარებს, როგორებიცაა ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვები, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები და სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები.

დღეს დასალოცად მობრძანდნენ ამ ფონდების დამფუძნებლები, ბატონი ნიკოლოზ ესაკია და ქალბატონი ნანა შავგულიძე. ასევე ამ ფონდების სხვა წარმომადგენლები. ღმერთმა დაგლოცოთ და ეს კეთილი საქმე კიდევ მრავალი გაკეთებინოთ. გაიხარეთ“,- განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.

,,მომავალი არჩევნები მონოპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია”- სალომე ზურაბიშვილი

 

მომავალი არჩევნები მონოპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა RFI -სთან (Radio France Internationale) ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, 2014 წლის არჩევნები შანსია ქვეყანა გადავიდეს დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც ემსგავსება კოალიციას.

„საქართველო დღემდე, მისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, არასოდეს გამოსულა ერთპარტიული სისტემიდან. მიუხედავად მეტნაკლებად დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებისა, რომელიც საერთო ჯამში, უფრო დადებითად იყო შეფასებული, ვიდრე უარყოფითად. ყოველი რეჟიმის შემთხვევაში, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს, ვბრუნდებოდით უფრო და უფრო მონოპარტიულ რეჟიმზე, რომელიც უფრო და უფრო აკონტროლებს ინსტიტუციებს. მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია და შანსი იმისა, რომ გადავიდეს სხვა, დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც უფრო ემსგავსება კოალიციას, ვიდრე ერთი პარტია, რომელიც იმარჯვებს ყველგან და შემდეგ თვლის, რომ მარტოა ხელისუფლებაში”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ლანჩხუთში დაკავებულ პედაგოგს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ლანჩხუთში დაკავებულ სპორტის პედაგოგს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი მედიისთვის დახურული იყო.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს, ლანჩხუთში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი, 57 წლის მამაკაცი დააკავეს, მას ბრალად მერვეკლასელი მოსწავლის მიმართ სხვაგვარი სახის სექსუალური ქმედების ჩადენა ედება. სავარაუდო დანაშაულის შესახებ მოსწავლემ კლასელებს შეატყობინა. მათ კი საქმის კურსში სკოლის ადმინისტრაცია ჩააყენეს. არასრულწლოვანთან ფსიქოლოგი მუშაობს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

რაც შეეხება არასრულწლოვანს, მასთან ფსიქოლოგი მუშაობს.

ოკუპანტებმა კიევის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს – უკრაინული მხარე

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის სერგეი პოპკოს განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

„52-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მტერმა კიევზე სარაკეტო თავდასხმები განაახლა! რაკეტამ კიევამდე ვერ მიაღწია, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ის დედაქალაქის მისადგომებთან გაანადგურეს“, – აცხადებს პოპკო.

უკრაინული მედია დაშავებულების და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს აგრძელებს.

ამჯერად, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, დაგეგმილი საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, მერაბ კოსტავას N27-დან N59-მდე მონაკვეთზე შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

 

 

 

ცნობილი ხდება საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები

საგარეჯოში მოკლული ახალგაზრდის ოჯახი მკვლელობაში რამდენიმე ადამიანს ადანაშაულებს.
29 წლის ჯავიდ მამედოვის მშობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცს ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი დანა დაარტყეს.

„იმ ოჯახის ვალი ჰქონდა, ნელ- ნელა უსტუმრებდა. სასადილოც გადაუფორმა. ქორწილში იყო წასული. იქ სცემეს, გვითხრეს, 6 ადამიანი ურტყამდაო, ქალებიც კი ურტყამდნენო და მერე დანა დაარტყეს. სულ დამტვრეული აქვს სახე. სხვებიც დასაჭერები არიან. ვალს არ შეირჩენდა და აბრუნებდა, დამიღუპეს შვილი”- ამბობს გარდაცვლილის მამა.

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში გვიან, ღამით მოხდა. სოფელ ლამბალოს მკვიდრ ახალგაზრდას თანასოფლელმა ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

,,არჩევნებამდე 9 რეკომენდაციების შესრულების ნებისმიერი მცდელობა „ძალიან კომიკური“ იქნება”- სანდრო რაქვიაშვილი

პარტია „გირჩის“ დეპუტატის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ევროკომისიის მიერ დაწესებული 9 რეკომენდაცია შესრულდეს.

მისივე თქმით, არჩევნებამდე 9 რეკომენდაციების შესრულების ნებისმიერი მცდელობა „ძალიან კომიკური“ იქნება.

„ის გადაწყვეტილება, რაც ევროკომისიამ მიიღო, ცხადია, უმეტესწილად არის შეფასება მთავრობის საქმიანობის, იმ გაგებით, რამდენადაც მთავრობის პასუხისმგებლობა იყო 12 პუნქტის 90%-ი. ის, რომ ეს 12 პუნქტი არ არის შესრულებული, ასევე, მთავრობის დამსახურება და ის, რომ ევროინტეგრაცია ფაქტობრივად, ამით გაჩერებულია, რადგან შემდგომი ნაბიჯები მხოლოდ არჩევნების შემდეგ შეიძლება მოხდეს.

ფაქტობრივად, ირიბად მიგვითითეს, რომ ამ მთავრობის პირობებში შეუძლებელია, რომ ევროინტეგრაცია გაგრძელდეს, ესეც მთავრობის დამსახურებაა. საბოლოო ჯამში, ცუდიც და კარგიც, ასე თუ ისე მთავრობის, თუ მმართველი გუნდის დამსახურებაა, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, ზოგადად ჩვენი ქვეყნის აღქმა ბევრ სხვა გარე ფაქტორზეც არის დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ 12 პუნქტი არ არის შესრულებული, სტატუსის ფაქტობრივად მოგვანიჭეს, ერთი ფორმალური ნაბიჯი დარჩა და იმედია, მოგვანიჭებენ. ეს იმ გარემოებიდან არის განპიროვნებული, რომელიც შეიქმნა ამ მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში.

მე მგონი, ნებისმიერი მცდელობა არჩევნებამდე ამ 9 რეკომენდაციის შესრულების იქნება ძალიან კომიკური, რადგან პარლამენტში, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები, სუს-ის უფროს ხელი რომ ჩამოართვან ან გაუღიმონ რიგში დგებიან და ამ პარლამენტარებს, რომ დაავალო სუს-ი გააკონტროლონ, მე მგონი, უბრალოდ ძალიან სასაცილო იქნება. ჩემი აზრით, მთელი ეს პუნქტები შინაარსობრივად ეხება ოპოზიციას, რომელიც უნდა წარმოიდგინოს, როგორ გააკონტროლებს სუს-ს, ეროვნულ ბანკს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ა.შ. თუ არჩევნები ნორმალურად ჩატარდება და მმართველი გუნდი შეიცვლება, თორემ ამ მმართველი გუნდის პირობებში უბრალოდ შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ის რაც იქ, 9 პუნქტში წერია, შესრულებული იყოს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ასევე, რაქვიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „დაბალი ბარიერი ქართული პოლიტიკურ სისტემაში ძალიან კარგი იქნებოდა“.

„პირველ რიგში, ევროპელებს ზუსტად არ უთქვამთ გულისხმობენ, თუ არა ბარიერის დაწევას, მაგრამ ნამდვილად ბარიერის დაწევა, ყველაზე უკეთესად შეესაბამება იმ ჩანაწერს, რაც გაკეთებულია. ზოგადად, დაბალი ბარიერი ჩვენ პოლიტიკურ სისტემაში ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან, უბრალოდ, ბევრად კონკურენტული პოლიტიკური გარემო გვექნებოდა და ბევრად ადეკვატური წარმომადგენლობა პარლამენტში. ახლა 5%-იანი ბარიერით სულ რამდენიმე პარტიას აქვს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა და უამრავი ხმა ჩვენი ამომრჩევლის დაიკარგება, ამიტომ, რა თქმა უნდა, კარგია, რომ ბარიერი დაიწიოს, თუმცა მე მგონი, „ქართული ოცნება“ ამას გააკეთებს მხოლოდ მაშინ, თუ მისთვის მომგებიანი იქნება და მე არ მეგულება ამ მომენტში ისეთი კონფიგურაცია, პოლიტიკური ველი, სადაც „ქართული ოცნებისთვის“ შეიძლება ბარიერის დაწევა მომგებიანი იყოს, ამიტომ ჩვენ ზოგადად 5%-თვის ვემზადებით, მაგრამ თუ ოპოზიციურ მხარის რაღაც კოორდინაცია მოხდება და მართლა ევროპელებმა ეს იგულისხმეს, დარწმუნებული ვარ, ბარიერის დაწევა რეალისტური გახდება“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

„ეს არასწორია ყველა თვალსაზრისით“ – აჩიმ შტაინერი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ღაზას სექტორში გვიან ღამით მისი ერთ-ერთი ოფისი დაბომბეს.

„ეს არასწორია ყველა თვალსაზრისით“, – აცხადებს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი

გაერო ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი ოფისი ღაზაში ღამით დაბომბეს, სადაც „დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები“ იქ თავშეფარებულ სამოქალაქო პირებს შორისაა.(UNDP) ადმინისტრატორი აჩიმ შტაინერი.

მისივე თქმით, სამოქალაქო მოსახლეობა, ინფრასტრუქტურა და გაეროს ობიექტების ხელშეუხებლობა ყოველთვის უნდა იყოს დაცული.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.