Home Blog Page 2019

“ჩვენს პოლიტიკურ კონსულტანტს, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტის, რუსული ოცნება საზღვარზე არ უშვებს”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კონსულტანტს, ბრიტანეთის მოქალაქეს ბენ მალეტს საქართველოში არ უშვებენ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აეროპორტში იმყოფებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი და პასუხს ითხოვენ, თუ რატომ არ შემოუშვეს ბრიტანეთის მოქალაქეს საქართველოში.

“შეიძლება, რომ ბრიტანეთის მოქალაქეს არ უშვებდნენ? ლავროვს და რუს გენერლებს რომ ედებიან ფეხქვეშ ეგ არის კარგი? ხელმძღვანელი პირი მოვიდეს და გაგვცეს პასუხი. ვარ პარლამენტის წევრი, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომლის კონსულტანტსაც, ბრიტანეთის მოქალაქეს არ უშვებენ საზღვარზე და მოვიდეს ვინმე, ვინც ამ ყველაფერზე პასუხს გამცემს. მარტო გავრილოვისთვის და რუსი გენერლებისთვის არის აქ ჩამოსვლა ნორმალური და ბრიტანეთის მოქალაქე, ჩვენი კონსულტანტი გააჩერეს საზღვარზე, მოვიდეს პასუხისმგებელი პირი და გაგვცეს პასუხი.

მაინტერესებს ბრიტანეთის მოქალაქე, ჩვენი კონსულტანტი, რომელიც ერთი კვირის წინ იყო საქართველოში, რატომ გააბრუნეთ უკან? ვერ ხვდებით, რომ დიპლომატიურ სკანდალში შეიძლება გაეხვეთ?

რამდენიმე ეთერში ვთქვი, რომ კონსულტანტებს ჩამოიყვანს “ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგი აღმაშენებელი” და ჩვენ ვთქვით, რომ ვემზადებით რუსი ოლიგარქის დასამარცხებლად, მათ შორის ერთ-ერთი იყო ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა ერთი კვირის წინ და რომელიც უნდა დაგვეხმაროს რუსების დამარცხებაში, დღეს ადამიანს არ უშვებენ, არადა რამდენიმე დღის წინ აქ იყო, გაფრინდა და დღეს მოდიოდა, მაგრამ არ შემოუშვეს, რადგან ჩვენს ოფისებზე მიდის თვალთვალი, ჩვენზე მიდის თვალთვალი, ნახეს, რომ ეს ადამიანი ჩვენთან დადიოდა ოფისში, ნახეს რომ ჩვენთან მუშაობდა. რუსები რომ ჩვენ მოქალაქეს კლავენ ეგ ხომ არ აინტერესებს, სამაგიეროდ ეს აინტერესებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე , რომელიც კონსულტანტია “ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის”, არ შემოუშვეს ქვეყანაში. თვალთვალის შედეგად დაადგინეს და უმიზეზოდ უშვებენ უკან. გავრილოვს ხომ ფიანდაზებით ხვდებიან, რუს გენერლებს ამათი მინისტრი მასპინძლობს, რომელიც ცალ-ცალი ფეხსაცმლით მოვიდა და ახლა მილიონერია, ოკუპანტებს ეგებებიან და ბრიტანეთის მოქალაქე ჰყავთ დატყვევებული საზღვარზე და უმიზეზოდ აბრუნებენ უკან. ახლა არავინ არ არის, რომ პასუხი გამცეს, თუ რატომ ხდება ეს, მაგრამ “რუსულ ოცნებას” მინდა ვუთხრა, ბენი არ ჩამოვა? სხვა კონსულტანტი იქნება, ბრიტანეთის გარდა დაგვეხმარებიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, გაგვიწევენ კონსულტაციას და სწორად ეშინიათ ბიძინა ივანიშვილს და ლილუაშვილს, რომელიც როგორ იშოვოს მილიონები იმაზე ფიქრობს ასეთ დავალებებს ასრულებს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“კონტრშეტევა: უკრაინის არმიის “ბლიცკრიგი” “დაიმარხა” -Liberation

A Ukrainian serviceman jumps out of the boat onto the shore of Dnipro at the frontline near Kherson, Ukraine, Sunday, Oct. 15, 2023. (AP Photo/Alex Babenko)

უკრაინელებს იმედი ჰქონდათ, რომ კონტრშეტევა სწრაფად განვითარდებოდა და ეფექტიანი იქნებოდა, მაგრამ ისინი იმედგაცრუებულნი დარჩნენ, – ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლიბერასიონის“ (L’Iberation) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „კონტრშეტევა: უკრაინის არმიის „ბლიცკრიგი“ დაიმარხა“ (ავტორი – სტეფანი სიო). პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ „რუსეთთან ომი გაჭიანურების ფაზაში გადავიდა“. ავტორი ცდილობს უპასუხოს კითხვებს – რატომ ჩაიშალა კონტრშეტევა? რა შეცდომები დაუშვა უკრაინის არმიის სარდლობამ?

ომის შესახებ ჯორჯ ორუელის სიტყვების პერიფრაზირებას თუ გავაკეთებთ, სამხედრო მოქმედებები სპორტულ შეჯიბრს ჰგავს, ოღონდ იარაღის გამოყენებით და ადამიანთა რეალური სიკვდილით. არტილერია, ტანკები, ავიაცია, განაღმვის სისტემები – ეს ყველაფერი უკრაინის არმია საკმარისი არ ჰქონდა, რომ ივნისში დაწყებულ კონტრშეტევას პოზიტიური შედეგები მოჰყოლოდა.
კიევის მიზანს კი, გავიხსენოთ, რომ რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება წარმოადგენდა, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით, პლუს ძალთა თანაფარდობის შეცვლა და სტრატეგიული უპირატესობის მოპოვება რეგიონში.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მოვლენების მიმართ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს – ძირითადად, პესიმისტური და ოპტიმისტური. ერთი მხრივ, უკრაინის ჯარების სარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ „კონტრშეტევა ჩიხში შევიდა და უკრაინის არმია პოზიციურ ბრძოლაზე გადავიდა“, მეორე მხრივ კი, უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „შეტევა გრძელდება, რუსებს ეგონათ, რომ გაიმარჯვებდნენ, მაგრამ შეცდნენ“.

ვალერი ზალუჟნის პესიმისტურმა ნათქვამმა და ვოლოდიმირ ზელენსკის ოპტიმისტურმა განმარტებამ, ბუნებრივია, აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უკრაინის ფარგლებს გარეთ. გენერალი პრეზიდენტის გარემოცვამ დატუქსა – სამხედრო პირი ასე არ უნდა ლაპარაკობდესო. „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ ამერიკულ ჟურნალ „თაიმში“ გამოქვეყნებულმა სტატიამ, რომელშიც პრეზიდენტის საქმიანობა საკმაოდ კრიტიკულად არის გადმოცემული და, რასაკვირველია, ვოლოდიმირ ზელენსკისათვის არასასიამოვნო იქნებოდა. დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ პრეზიდენტსა და გენერალს შორის განხეთქილება არსებობსო, მაგრამ ახლახან პრეზიდენტის ოფისის უფროსმა უარყო, რომ არავითარი უთანხმოება არ არის.

„რუსებს რაოდენობით აქვთ უპირატესობა, ჩვენ კი – ხარისხით“

დღეს, უკრაინული საზოგადოება გულგატეხილია: ჯერ ერთი, რომ მოსახლეობა ომში დაღუპულებს გლოვობს (მსხვერპლი მართლაც მნიშვნელოვანია), მეორე მომენტი ისაა, რომ ხალხი ასევე დასტირის იმ იმედის გაცრუებას, რომელიც შეტევის დაწყებამდე არსებობდა
ზოგადად სიტუაცია მართლაც სამგლოვიაროა: ხუთთვიან გააფთრებულ ბრძოლებში უკრაინის არმიამ წინ მხოლოდ 10-15 კილომეტრით წაიწია და 370 კვ.კმ-ის გათავისუფლება შეძლო, რაც ზღვაში წვეთს წარმოადგენს. ბრძოლები მელიტოპოლის დასაკავებლად, რომელიც სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენდა, თითქმის მთლიანად ჩაიფუშა. იმავდროულად, რასაკვირველია, ლოკალურ წარმატებებს შეიძლება მივაკუთვნოთ ის ზიანი, რაც უკრაინამ ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით რუსების შავი ზღვის ფლოტს მიაყენა ყირიმში.
„ჩვენ ამჟამად ფრონტზე პარიტეტულ სიტუაციას მივაღწიეთ: რუსები რაოდენობით მეტნი არიან, ჩვენ კი უკეთესად, მაღალ დონეზე ვართ მომზადებული“, – ამბობს ოფიცერი სტეპანი, რომლის ქვედანაყოფი სამხრეთის ფრონტზე გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლებში მონაწილეობდა. მართლაც, 250 რუს ჯარისკაცთან შეტაკებისას 30 უკრაინელიდან 6 დაიღუპა და 15 დაიჭრა, რუსებმა კი ბევრად უფრო მეტი ზარალი განიცადეს. სამწუხაროდ, დაზიანდნენ უკრაინისთვის გადაცემული ამერიკული „ბრედლები“ და გერმანული „ლეოპარდები“… „ჩვენთვის ნათელი გახდა ისიც, რომ ავიაციის მხარდაჭერის გარეშე შეტევის დაწყებას აზრი არ აქვს“, – აცხადებს სტეპანი, – „ყველა ლაპარაკობს ამერიკულ ავიაგამანადგურებლებზე F-16-ებზე, მაგრამ ისინი უკრაინის ცაში ჯერ არ ჩანან და სანამ მათ ველოდებით, შეიძლება ტანკების გარეშე დავრჩეთ. თუ კონტრშეტევას ვგეგმავთ, მაშინ ყველაფერი საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს ძლიერი დარტყმისათვის“.

კონტრშეტევის ჩაშლა მცდარმა დაგეგმვამ გამოიწვია

შეტევის დაწყების დრო – 4-6 ივნისი – შემთხვევით არ იყო შერჩეული: სწორედ ამ დროს მოხდა 1944 წელს მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმა ნორმანდიაში. ეს, ალბათ, უკრაინის დასავლური ორიენტაციის სიმბოლოსაც ნიშნავს.

როგორც სტეფანი ჰყვება, კონტრშეტევა თავიდანვე არასწორად დაიგეგმა. „ძირითადი დარტყმა რუსებისათვის ზაპოროჟიესა და დონეცკს შორის კი არ უნდა დაგეგმილიყო, არამედ ხერსონიდან, რომელიც ყირიმთან ახლოს არის. საჭირო იყო ყირიმის განცალკევება, რომ რუსეთის არმიისთვის ლოჯისტიკა დარღვეულიყო“, – ამბობს იგი ჯარისკაცური პირდაპირობით, – „6 ივნისს ჩვენ დნეპრი უნდა გადაგველახა, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსებმა იცოდნენ ჩვენი განზრახვის შესახებ, მათ საპასუხო ზომები მიიღეს, ამიტომ გეგმის შეცვლა სწრაფად მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენი მოქმედება წარუმატებელი აღმოჩნდა“.

შემოდგომის მიწურულს უკრაინის არმიის წინსვლა ზაპოროჟიეს ფრონტზე საერთოდ შეჩერდა, ჯარი ერთ ადგილს ტკეპნის. ამჟამად ბრძოლები ძირითადად ქალაქ ავდეევკასთან მიმდინარეობს: ქალაქი რუსების მიერ თითქმის მარწუხებშია მოქცეული. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, სახმელეთო ჯარების სარდალს, გენერალ ალექსანდრე სირსკის პრეტენზიებს უყენებენ „პოსტსაბჭოური სამხედრო კულტურის“ გამო, რომელიც ეწინააღმდეგება ახალგაზრდა ოფიცრების ხედვებს, თუ როგორ უნდა იბრძოლოს დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყნის არმიამ.

არჩევნები არა, მაგრამ იქნება „მოხუცების“ მობილიზაცია

ალექსანდრე სირსკის აკრიტიკებენ იმისათვის, რომ იგი არ ზრუნავს [ბრძოლით დაღლილი] სამხედრო ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის შეცვლაზე. „ჩვენ ვთხოვეთ, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მართლაც ვერავინ შეგვცვლის“, – ამბობს სტეპანი, თუმცა ახლო პერსპექტივისათვის სიტუაცია შეიძლება შედარებით გაუმჯობესდეს – თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული ახალი სტრატეგიის მიხედვით, 2024-2025 წლებში ჯარში უფროსი ასაკის მოქალაქეებსაც გაიწვევენ.
თეორიულად, ჯარში ვოლოდიმირ ზელენსკიც უნდა წავიდეს. მას ასევე მოუწევს საკუთარ თავზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა შექმნილი ვითარების გამო. ამას წინათ ხმა გავრცელდა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის კულუარებში თითქოსდა 2024 წლის არჩევნების სტრატეგია მუშავდებაო – ვოლოდიმირ ზელენსკის მეორედ არჩევის მიზნით, რომ მან იგივე პოლიტიკა გააგრძელოს კიდევ ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა მაგრამ ასეთი საეჭვო ავანტიურის დაგეგმვა, როგორც ჩანს, ჩაიშალა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თვითონვე განაცხადა, რომ „ბრძოლის დროს არჩევნების ჩატარების დრო არ არის“. მაგრამ ეს ახლა, ამ მომენტში. რა იქნება გაისად?

წყარო:

ისრაელის არმიამ ლიბანის საზღვართან ახლოს ჰეზბოლას პოზიციებს დაარტყა

„ჰამასის“ პარალელურად, ისრაელი ლიბანური დაჯგუფების, ჰეზბოლას იერიშებსაც იგერიებს. ისრაელის არმიამ ლიბანის საზღვართან ახლოს ჰეზბოლას პოზიციებს დაარტყა.

ისრაელის ცნობით, იერიში პასუხად მოჰყვა ლიბანური დაჯგუფების მხრიდან საზღვრის მიმდებარედ, დოვევის რაიონის მიმართულებით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების სროლას, რომლის შედეგადაც ისრაელის რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.

ღაზადან ეგვიპტეში, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, 800-ზე მეტი მოქალაქე შევიდა

ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში, რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, კვირას უცხო ქვეყნების 800-ზე მეტი მოქალაქე გადავიდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების პირველი ევაკუაცია ხუთშაბათის შემდეგ, როდესაც ღაზა, რაფაჰის გავლით, 300-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი არის ერთადერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ღაზასა და ეგვიპტეს შორის. რაფაჰმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ანკლავის დახმარების შეტანისა და ტერიტორიიდან ხალხის გასვლის კუთხით.

ხმელთაშუა ზღვაში ავიაკატასტროფას 5 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის განცხადებით, ხმელთაშუა ზღვაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩავარდნის შეგად ბორტზე მყოფიხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

განცხადების მიხედვით, ინციდენტი სამხედრო წვრთნის ფარგლებში, ჰაერში საწვავის შევსების რუტინული მისიის დროს მოხდა.

აშშ-ს თქმით, ავიაკატასტროფა “ცალსახად წვრთნასთან იყო დაკავშირებული და შემთხვევაში მტრული ქმედების კვალი არ შეინიშნებოდა”.

ინციდენტი 10 ნოემბერს, საღამოს მოხდა.

7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდი და დამატებით 2000 საზღვაო ქვეითი გაგზავნა,  5 ნოემბერს კი განაცხადა, რომ რეგიონში ბირთვულ წყალქვეშა ნავებს განათავსებს.

პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს

პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს.

ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას, ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებენ.

ახალი ცვლილებებით, ღია კენჭისყრის წესი თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზეც გავრცელდება. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის მიხედვით ის ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ.

ცვლილებები ასევე შეეხება ვიცე-სპიკერების რაოდენობას. ხუთი ვიცე-სპიკერის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს შვიდი მოადგილე ეყოლება. მათგან სამ მოადგილეს აირჩევენ საპარლამენტო უმრავლესობიდან, სამს კი – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან. გარდა ამისა, რეგლამენტში ცვლილებები ასევე შეეხება პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშების მოსმენის საკითხსაც.

რუსეთი ზამთრისთვის ემზადება, ყურადღება თავდაცვასა და რეაგირებაზე უნდა გავამახვილოთ -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, შესაძლოა, თავდასხმების რაოდენობა გაზარდოს და უკრაინამ ყურადღება ტერორისტებისგან დაცვასა და მათზე რეაგირებაზე უნდა გაამახვილოს.

„მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მტერმა შესაძლოა გაზარდოს თვითმფრინავების ან სარაკეტო თავდასხმების რაოდენობა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე.

რუსეთი ზამთრისთვის ემზადება და აქ, უკრაინაში, მთელი ყურადღება უნდა იყოს მიმართული დაცვაზე, ტერორისტებისთვის პასუხის გაცემაზე, ყველაფერზე, რისი გაკეთებაც უკრაინას შეუძლია იმისთვის, რომ გაუადვილოს ჩვენს ხალხს ამ ზამთრის გადალახვა და ჩვენი ჯარისკაცების შესაძლებლობები გაზარდოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს, ვინც უკრაინას საჰაერო თავდაცვაში დაეხმარა.

„ეს არის სხვადასხვა ქვეყნები: შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, რუმინეთი, ეს არის შვედეთი, ნიდერლანდები, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და სხვა. “პეტრიოტები“, “ნასამსები“, “აირისები” და სხვა სისტემები. ახლა ყველაფერზე ღიად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ უკრაინის საჰაერო ფარი უკვე უფრო ძლიერია ვიდრე შარშან. არსებობს. უკვე სხვა შესაძლებლობებია, მაგრამ სამწუხაროდ, მთელი ტერიტორიის სრული დაცვა ვერ ხდება და ვმუშაობთ, რომ ის კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 ნოემბერს ქუთაისში +21 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. +19 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +12 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ახალციხეშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც დღისით +15, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურში +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +10, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +22 იქნება გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +22 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

ღაზის სექტორში სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას უახლოვდება -წითელი ჯვარი

ღაზის სექტორში სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას უახლოვდება, – ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში განაცხადეს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მოუწოდა, „დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები ღაზაში, რომლებიც ჩარჩენილი არიან, მიუხედავად იმისა, ისინი ცდილობენ ევაკუაციას თუ ადგილზე დარჩენას“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საომარი მოქმედებები ისრაელის თავდაცვის ძალებსა და „ჰამასს“ შორის დასახლებულ რაიონებში და საავადმყოფოების გარშემო მიმდინარეობს.

„აუტანელი ადამიანური ტრაგედია ვითარდება ჩვენს თვალწინ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წითელ ჯვარში განაცხადეს, რომ ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც რაიონში შედის, ძირითადად არასაკმარისია და მოსახლეობას არ აქვს ისეთი აუცილებელი ნივთები, როგორებიცაა საკვები, წყალი და ჰიგიენის საშუალებები.

“ეს პროცესი დასასრულებელია, თუ არადა, პროექტს ვხურავ”-რა მისწერა კეზერაშვილმა სააკაშვილს ციხეში

დავით კეზერაშვილის წერილი მიხეილ სააკაშვილს – საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ყოფილ პრეზიდენტს ციხეში მიწერა. როგორ უნდა გააგრძელოს მუშობა “ნაციონალურმა მოძრობამ”, ვინ უნდა დარჩეს თამაშგარე და ვის ადგილს ვეღარ ხედავს პარტიაში – წერილის შინაარსი და ექსკლუზიური დეტალები კურიერი პი ესმა გაარკვია.

ვინ როგორ ხედავს “ნაციონალების” მომავალს, რას წერს კეზერაშვილი სააკაშვილს და ვისი დავალებით წაიშალა მელიას ქება ექსპრეზიდენტის ფეისბუქ გვერდიდან.

“ეს პროცესი დასასრულებელია და წერტილია დასასმელი. თუ არადა, პროექტს ვხურავ” – დავით კეზერაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაში” დასასრულის დასაწყისი დაიწყო.

“კურიერი პიესის” ინფორმაციით, პარტიის არაფორმალურ მმართველად წოდებულმა კეზერაშვილმა, პარტიის დამფუძნებელს ციხეში წერილი მიწერა. ავტორი ადრესატს ავალებს: საბოლოოდ გაირკვეს, ვინ არის “ნაციონალურ მოძრაობაში” ამრევი, ვის არ უნდა ერთობა და ვინ უნდა წავიდეს პარტიიდან.

“კურიერი პიესის” ინფორმაციით, კვიპროსსა და “ვივამედს” შორის შუამავლის როლი პეტრე ცისკარიშვილს ერგო.

სანამ გაირკვევა, ცდილობს თუ არა კეზერაშვილი მელიას ჩამოშორებას მიხეილ სააკაშვილის ხელით, ფაქტია, რომ ყოფილი პრეზიდენტი ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა. ჯერ იყო სასამართლო სხდომა, როცა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიის მოქმედ ზოგიერთ წევრს კარისკენ მიუთითა.

სასამართლო სხდომაზე ნათქვამმა ლევან ხაბეიშვილის ტონიც მალევე შეცვალა. მკაცრად და პირველად, წინამორბედს ღიად დაემუქრა.

ხაბეიშვილი დაიმუქრა, მიხეილ სააკაშვილმა კი სიტყვები უკან წაიღო და მეტიც, ნიკა მელიამ მისგან ქებაც კი დაიმსახურა. ესეც მალე წაიშალა. 4-დღიანი წერა-წაშლის რეჟიმი კი ახალი ინიციატივით დაგვირგვინდა. “ვივამედის” პალატიდან, ყოფილმა პრეზიდენტმა პარტიას მანიფესტის შექმნა დაავალა. შეარჩია სიმბოლური თარიღიც – 23 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ახალ გეგაზე თანხმობა, ხელმოწერის დადასტურებით მოუწევთ.

სანამ საკუთარ პოლიტიკურ გზას აირჩევს, დარჩენას არჩევს. რატომ გახდა პარტიისთვის მანიფესტის შექმნის აუცილებლობა, ხომ არ ნიშნავს ეს ნიკა მელიასთან გაყრის ოფიციალურ გაფორმებას? ლევან ხაბეიშვილს ყოფილზე საუბარი არ სურს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებებისა და ანონსების მთავარი ადრესატი ნიკა მელია.

 

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას ეწინააღმდეგება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.

„მე არ ვფიქრობ, რომ მოწოდებები ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის ან ხანგრძლივი პაუზის შესახებ, მართებულია. საბოლოო ჯამში ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ ისრაელი ტოვებს „ჰამასს“, ხოლო „ჰამასი“ ძალებს აღიდგენს“, – აცხადებს შოლცი.

გერმანიის კანცლერი ისრაელს ჰუმანიტარული პაუზებისკენ მოუწოდებს.

„შოლცის პოზიცია ეწინააღმდეგება ბევრ არაბულ ქვეყნის ლიდერისა და თურქეთის პრეზიდენტის პოზიციას ეწინააღმდეგება. როგორც ცნობილია მომავალ კვირას ბერლინში თურქეთ-გერმანიის ლიდერებს შორის შეხვედრა უნდა შედგეს“, – წერს ისრაელის მედია.

,,დედამიწაზე არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიები აქვს მოცემული”- პაპუაშვილი

საქართველოს მიმართ მორალისტობა არავის გამოუვა, საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრ ქვეყანას, ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „კვირის მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების საკითხზე საუბრისას შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თავს უფლებას ვერ მისცემენ, გარისკონ ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლე და ეკონომიკური მდგომარეობა.

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც, სანქციების დამწესებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ნატოს ატომური ქოლგა არ გვიცავს. ისინი დაცულები არიან, ჩვენ არავინ გვიცავს. დედამიწაზე არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენთვის მოცემული აქვს უსაფრთხოების გარანტიები. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული. ამ ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვიცავს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა. თუ მათ რუსეთიდან პრობლემები შეექმნებათ ენერგორესურსების, თუ ხორბლის მიწოდებაზე, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან და არის სუბსიდირება, რომელიც სხვა ქვეყნების მიმართ საერთო კალათიდან ნაწილდება. ევროკავშირს ასეთი ვალდებულება ჩვენ მიმართ არ აქვს, ჩვენ ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომლის ორი ტერიტორია ოკუპირებული აქვს რუსეთს და საქართველოს დედაქალაქიდან 30 კილომეტრში იმყოფება რუსეთის რეგულარული არმია. სხვათა შორის, შუა დერეფნის ავტობანიდან 500 მეტრში განთავსებული არის რუსული რეგულარული არმია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩვენი მოქალაქე მოგვიკლა. სწორედ ამიტომ, ჩვენს თავს უფლებას ვერ მივცემთ, რომ გავრისკოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ამას არ გააკეთებს არცერთი ქვეყანა, მათ შორის არც ევროკავშირის არცერთი წევრი. ისინი სანქციების გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის იმის შედარებას აკეთებენ, რა შედეგი მოჰყვება სანქციებს. გვახსოვს, იარაღის მიწოდებაზე რამდენად ფრთხილად და ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებდნენ. სადაც ისინი ფიქრობდნენ, რომ შეიძლება, ღრმად შევიდნენ რუსეთთან დაპირისპირებაში, რომ შეიძლება, პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის რისკი აიწიოს, ისინი ამას არ აკეთებდნენ. ერთი წლის განმავლობაში უკრაინას ტანკებს არ აძლევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სჭირდებოდა. დღემდე, სამხედრო თვითმფრინავებს არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სჭირდება. ჩვენც ზუსტად იგივე კრიტერიუმებით ვუყურებთ. იგივე არის ეკონომიკურ სანქციებზე.

არიან ქვეყნები, რომელთაც რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები გაზარდეს. მაგალითად, 2022 წელს, რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზე ლატვია იყო, საქართველოს უსწრებდა (მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი უცხოელი აქტორი, შიდა აქტორზე არაფერს ვამბობ, საქართველოს საყვედურობდა, თითქოს ჩვენ ღვინის ფასად რაღაც ღირებულებებზე უარს ვამბობთ), ლატვია, რომელიც ღვინის მწარმოებელი ქვეყანა არ არის. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში ის იყო ამ პროდუქტის გამტარი და იყო პირველ ადგილზე ღვინის ექსპორტით. დღემდე, გაზი მილით ევროპას უკრაინის გავლით მიეწოდება. არათუ ევროპა არ ამბობს უარს, რომ რუსეთს გადაუხადოს ფული ამაში, არამედ თავად უკრაინაზე გადის მილი და უკრაინა იმ ენერგომატარებლის გატარებაში იღებს შემოსავალს, რომლის სანაცვლოდ რუსეთი იღებს ფულს, ამ ფულით აკეთებს ტანკებს, რაკეტებს და ა.შ. ამიტომ საქართველოს მიმართ მორალისტობა არავის გამოუვა. რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ყველაზე მეტი აქვს ნაბრძოლი, როგორც ნატო-ს არაწევრ ქვეყანას, ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ქართველმა ხალხმა ყველა ომი იომა, როცა ეს საჭირო იყო. ამიტომ ქართველი ხალხის მიმართ მორალისტური პოზიცია ვერავის ექნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.