Home Blog Page 2019

კაჭრეთში ,,ხალხის ძალის” გასვლითი სხდომა გაიმართა

“ხალხის ძალის” ლიდერები საზოგადოებრივი მოძრაობის რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდნენ. გაფართოებულ შეხვედრაზე, “ხალხის ძალის” ლიდერებმა საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებიდან ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა “ხალხის ძალის” უდიდეს წვლილს საქართველოსთვის ომში ჩართვისა და რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლის საფრთხის თავიდან აცილებაში. აღინიშნა, რომ ეს “ხალხის ძალის” მიერ საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის სწორი და დროული მიწოდების გზით გახდა შესაძლებელი. აქვე ითქვა – “ხალხის ძალის” საქმიანობა ვერ იქნებოდა ასეთი ეფექტიანი, რომ არა ქვეყნის მმართველი გუნდის მართებული საშინაო, თუ საგარეო პოლიტიკა.
შეჯამების სახით, “ხალხის ძალის” ლიდერებმა აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა აგრძელებს ამ პოლიტიკას და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე იმოქმედებს, მათ შორის, განიხილება “ხალხის ძალის” პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბების შესაძლებლობაც.

ლიდერების სიტყვით გამოსვლების შემდეგ შეხვედრა კითხვა – პასუხის ფორმატში გაგრძელდა და “ხალხის ძალის” რეგიონულმა წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

,,არ გაღიზიანების პოლიტიკა, ეს არის „შეგნებულად ოკუპაციის არდანახვა“- ბარამიძე

გუშინწინ, პარიზში გამობრძანდა ირაკლი ღარიბაშვილი და ისაუბრა, თითქოს საქართველოში არის კონფლიქტები – თურმე საქართველოს კონფლიქტი კი არ აქვს რუსეთთან, არამედ ჩვენ გვაქვს კონფლიქტები ცხინვალთან და აფხაზეთთან – ეს არის სწორედ, ის ღალატი და მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ არის არ გაღიზიანების პოლიტიკა, ეს არის „შეგნებულად ოკუპაციის არდანახვის“ და „ოკუპაციასთან შემრიგებლური“ პოლიტიკა.

„გუშინ, საქართველომ დაკრძალა ძალიან დიდი პატრიოტი, საქართველოსთვის მებრძოლი და საქართველოსთვის თავგანწირული, შეწირული ადამიანი, თამაზ გინტური. ამ ფონზე, ბუნებრივია, ჩვენ პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებდით, მაგრამ შეუძლებელია, სწორედ, ამ მოვლენის გამო და სხვა ამგვარი ტრაგედიების გამო, გავატაროთ და არაფერი ვთქვათ, მავნებლურ განცხადებებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უმაღლეს დონეზე, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის დონეზე საერთაშორისო ასპარეზზე აკეთებს. გუშინწინ, პარიზში გამობრძანდა ღარიბაშვილი და ისაუბრა, რომ თითქოს საქართველოში არის კონფლიქტები, არა კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის, არამედ ის ფორმულა დაასახელა, რაც მთელი წლების განმავლობაში არის რუსეთის მიზანი, რომ დაამკვიდროს – „საქართველოში ყოფილა კონფლიქტები“. თურმე საქართველოს კონფლიქტი კი არ აქვს რუსეთთან, არამედ ჩვენ გვაქვს კონფლიქტები ცხინვალთან და აფხაზეთთან. არსებული ვითარების ორი სულ სხვადასხვა ფორმულა აღწერა. ეს არის სწორედ, ის ღალატი და მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება. თითქოს ჩვენ კონფლიქტი რუსეთთან კი არ გვაქვს, რომ ჩვენ უნდა თავი ჩავრგოთ სილაში და ვილაპარაკოთ, რაც რუსეთს სჭირდება და თუ ამას ვილაპარაკებთ, თურმე ეს ყოფილა წარმატების საფუძველი და სტრატეგიული მოთმინება, ეს სტრატეგიული მოთმინება კი არ არის, ეს არის სტრატეგიული ღალატის პოლიტიკა, თურმე ბატონმა ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ სხვა წინა ხელისუფლებებს ჰქონდათ ომებიო და ტერიტორიები დაკარგესო, ჩვენს დროს ოკუპაცია არ მომხდარაო. აბა, ჰკითხეთ სოფელ კირბალის მცხოვრებლებს, საიდანაც თამაზ გინტურია, ოკუპაცია მოხდა 2012 წლის შემდეგ მათი სოფლის? კითხეთ სხვა სოფლების მცხოვრებლებს, რომელზეც გაიარა ოკუპაციის ხაზმა. საქართველომ 12 მლნ კვადრატული მეტრი დაკარგა 2012 წლის შემდეგ. ეს არის ორი ქალაქი, ცხინვალი და სოხუმი ერთად რომ აიღო, აი, ეს ამდენი ტერიტორია 2012 წლის შემდეგ ოკუპირებული. ეს ადამიანები გამოდიან და ლაპარაკობენ თითქოს არაფერი ხდება, ანუ არაფრის გამო მოკვდა და მოკლეს თამაზ გინტური?! არაფერია ის? ის, რომ სოფელი კირბალი შუაზე გაჭრეს, ეს არაფერია? თუ ვილაპარაკებთ, რომ არაფერი ხდება, ეს არის თურმე რუსეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკა, ეს არ არის არ გაღიზიანების პოლიტიკა, ეს არის ღალატის პოლიტიკა, ეს არ არის არ გაღიზიანების პოლიტიკა, ეს არის შეგნებულად ოკუპაციის არ დანახვის პოლიტიკა, ეს არის შეგნებულად ოკუპაციასთან შემრიგებლური პოლიტიკა, ეს არ არის არგაღიზიანების პოლიტიკა, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის პოლიტიკა, იმიტომ, რომ როდესაც შენ ვერ და არ გინდა შეიმჩნიო პრობლემა, იმ პრობლემას ვერასდროს ვერ მოაგვარებ. ბატონი ღარიბაშვილი და მისი, აი, ეს რუსული ბანდა ლაპარაკობს, რომ ჩვენ თურმე მშვიდობა გვინდაო, ვინ არის მსოფლიოში იდიოტი, ვისაც მშვიდობა არ უნდა? ვინ არის საქართველოში იდიოტი და მოღალატე, ვისაც მშვიდობა არ უნდა? თუმცა ისინი აბრალებენ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, ევროკავშირს, დასავლეთს, „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვას ყველას, რომ თურმე ჩვენ გვინდა ომი და მათ უნდათ მშვიდობა. აი, მათი მშვიდობა თურმე ყოფილა ეს. როდესაც თამაზ გინტურის მკვლელობას ვერ შეიმჩნევ, როდესაც კირბალის ოკუპაციას ვერ შეიმჩნევ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

,,ზელენსკის ვურჩევ არ გაწიროს უკრაინელი ახალგაზრდები თხრილში სიკვდილისთვის”- მასკი

მილიარდერმა ილონ მასკმა ლექს ფრიდმანის პოდკასტში რუსეთ-უკრაინის ომზე კომენტარი გააკეთა.

საუბრისას ფრიდმანის კითხვაზე ღირს თუ არა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს Tesla-ს მფლობელმა ასე უპასუხა:

“კი. მე ვურჩევ (ზელენსკის) არ გაწიროს უკრაინელი ახალგაზრდები თხრილში სიკვდილისთვის. ამის გაკეთება საჭირო არ არის, მიუხედავად იმისა, შეხვდება თუ არა პუტინს”.

ბიზნესმენმა ასევე თვლის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფრონტზე არასახარბიელო სიტუაციაა, კონტრშეტევის გაგრძელების გადაწყვეტილებამ კი შესაძლოა დიდი მსხვერპლი მოიტანოს.

2022 წელს მასკმა “მშვიდობიანი გეგმა” წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ანექსირებული ყირიმი რუსეთს რჩებოდა. გეგმა უკრაინის ხელმძღვანელობამ გააკრიტიკა.

მასკი ასევე ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილის, ძირითადად რესპუბლიკელების აზრს იზიარებს, იმის შესახებ, რომ აშშ-მ უკრაინის დაფინანსება უნდა შეწყვიტოს.

საგარეჯოში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,
1994 წელს დაბადებულ ჯ.მ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

,,ყოველთვის იმ გადაწყვეტილების მომხრენი ვართ , რასაც ქვეყანა და ხალხი იმსახურებს”- კირკიტაძე

კარგია, რომ დადებითი, პოზიტიური რეკომენდაცია გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ის 27 ქვეყანა, ვისაც კომისიამ რეკომენდაციით მიმართა, აუცილებლად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველთვის იმ გადაწყვეტილების მომხრეები იყვნენ, რასაც ქვეყანა და ხალხი იმსახურებს.

„ჩვენ ვიყავით, ვართ და ყოველთვის ვიქნებით ამ ისტორიული პროცესის იმ გადაწყვეტილების მომხრეები, რასაც ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

 

ბარსელონაში დემონსტრანტებმა რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს

ბარსელონაში პალესტინელთა მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს. „როიტერის“ ცნობით, პოლიციამ ქალაქის მთავარი რკინიგზის სადგურის კარიბჭე ჩაკეტა და მომიტინგეების წინააღმდეგ ფარები და ხელკეტები გამოიყენა.

პროპალესტინური დემონსტრაციები გუშინ ევროპის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ლონდონში პალესტინელთა მხარდამჭერ მსვლელობაში 300 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამის პარალელურად, პოლიციამ ულტრამემარჯვენეთა კონტრაქციაზე 120-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ბრიუსელში, პარიზში, ვენასა და ბერლინშიც.

ისრაელი ღაზას უდიდეს საავადმყოფოზე იერიშს უარყოფს

Palestinian children wounded in Israeli strikes are brought to Shifa Hospital in Gaza City on Wednesday, Oct. 11, 2023. (AP Photo/Ali Mahmoud)

ისრაელის სამხედროებმა ღაზას უმსხვილეს ჰოსპიტალზე, ალ-შიფაზე განხორციელებული იერიშის შესახებ ბრალდებები უარყვეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„ალ-შიფას“ ქირურგმა BBC-ს განუცხადა, რომ საავადმყოფოს წყალი, საკვები და ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ქირურგის თქმით, დაზიანებულია ინტენსიური განყოფილების თერაპია.

ისრაელის განცხადებით, ის ხელს შეუწყობს უსაფრთხო სამედიცინო დაწესებულებაში ჩვილების ევაკუაციას.

მას შემდეგ რაც, ღაზას სექტორის მედიკოსებმა თქვეს, რომ დაიღუპა 2 ჩვილი და 27 საფრთხე ემუქრება, ისრაელმა განაცხადა, რომ ხელს შეუწყობს უსაფრთხო სამედიცინო დაწესებულებაში ჩვილების ევაკუაციას.

„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად ღაზაში 11000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა – მათგან 4500-ზე მეტი ბავშვი იყო.

ისრაელ-ჰამასის ომს, სულ მცირე 40 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 40 ჟურნალისტი. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ავრცელებს.

„ჟურნალისტები განსაკუთრებით მაღალი საფრთხის წინაშე ღაზაში დგანან, რადგან ისინი კონფლიქტის გაშუქებას ისრაელის სახმელეთო და საჰაერო თავდასხმების, კომუნიკაციის შეფერხებისა და ელექტროენერგიის გათიშვის ფონზე ცდილობენ“, – აცხადებენ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში.

11 ნოემბრის მდგომარეობით მონაცემები კი ასე გამოიყურება:

დაღუპულია სულ მცირე 40 ჟურნალისტი, დაღუპულებს შორის 35 პალესტინელია, 4 ისრაელელი, ხოლო 1 ლიბანელი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 8 ჟურნალისტი.

3 ჟურნალისტი დაკარგულად მიიჩნება

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 13 ჟურნალისტი.

ჟურნალისტებს ემუქრებიან თავდასხმით და ოჯახის წევრების მკვლელობით.

ინფორმაციისთვის, 7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელს თავს მოულოდნელად დაესხა, რა დროსაც მოკლა 1400 მშვიდობიანი მოქალაქე და 200-ზე მეტი მძევლად აიყვანა. ისრაელი „ჰამასის“ საპასუხოდ ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციას ახორციელებს.

რამდენად იყიდით დოლარს და ევროს 12 ნოემბერს

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 13 ნოემბრის ჩათვლით, 1 აშშ დოლარი 2.6989 ლარი, 1 ევრო კი 2.8819 ლარი ეღირება.

,,ამ ფაქტს, დღემდე სიამაყით ვიხსენებ და ყოველ ჯერზე გული სიხარულით მევსება”- თენგიზი საგარეჯოელი

მინდა მოგითხროთ რეალური ამბავი ჩემი ცხოვრებიდან, რომელმაც წარუშლელი და ყველაზე ამაღელვებელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ამ ფაქტს, დღემდე სიამაყით ვიხსენებ და ყოველ ჯერზე გული სიხარულით მევსება.
————————————————————————–
„კვალი მარადიული“
1982 წლის ნოემბერში, ბერლინიდან ერთი კვირით ლონდონში ვესტუმრე ჩემს მეგობარს და კოლეგას ჯონ ვილსონს, რომელიც აეროპორტში დამხვდა საკუთარი მანქანით, ბრიტანელებისთვის დამახასიათებელი კონსერვატიზმით და თავშეკავებით მომიკითხა და მაშინვე მასთან სახლში მიმიწვია. სანამ ჯონის სახლამდე მივიდოდით, რომელიც ლონდონის ძველ, ,,კენსინგტონ ენდ ჩელსის“ უბანში მდებარეობდა, გულდასმით ვათვალიერებდი ძველ არქიტექტურას. გზად შევიარეთ კენსინგტონის ბაღში, სადაც ადგილობრივი ლუდი დავაგემოვნეთ.
ჯონის სახლი სწორედ ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი: ფეხი შევდგი თუ არა, გამიჩნდა შეგრძნება, რომ მე-18 საუკუნის ინგლისელს ვსტუმრობდი. სახლის ყველა დეტალი მკაცრად კონსერვატორული, თუმცა თანამედროვე დეტალებით შეუმჩნევლად გაფორმებული იყო. გამიკვირდა ის სისუფთავე და წესრიგი, რომელიც იქ დამხვდა, რადგან ჯონს ოჯახი არ ჰყავდა და მარტოხელა მამაკაცები იშვიატად გამოირჩევიან მოწესრიგებულობით.
იმ ღამეს რომელიღაც საფეხბურთო მატჩს ვუყურეთ. უფრო სწორად, ჯონი უყურებდა, მე კი მისი ხათრით ვადევნებდი თვალს. მეორე დღეს დილიდანვე გავედით ქალაქში. ჯონი აშკარად ცდილობდა, ჩემზე ეფექტი მოეხდინა და მისი ინიციატივით, ვიქტორიანული ეპოქის საკონცერტო დარბაზ ,,ალბერტ ჰოლში“ გავიარეთ, რომლის ვიზუალმა და არქიტექტურულმა სინატიფემ ლამის დეპრესიაში ჩამაგდო. დიდხანს ვიტრიალე და ვათვალიერე შენობის დეტალები. მიუხედავად იმისა, რომ წლებია, ბერლინში ვცხოვრობდი და აღტაცებული ვიყავი გერმანელი ხალხის პედანტობით, გერმანული ქალაქების არქიტექტურითა და ცხოვრების სტილით, ბავშვობიდანვე ყველაზე მეტად მიზიდავდა და მაინტერესებდა დიდი ბრიტანეთი და მისი ისტორია.
ვიქტორიას და ალბერტის მუზეუმის დათვალიერებამ უფრო გაამძაფრა ჩემი ემოციები. მიუხედავად უჟმური ამინდისა, ქალაქის ქუჩები, მოვლილი სკვერები, გაზონები, ცხენებით მოძრავი პოლისმენები უცნაურად სასიამოვნო განწყობას ქმნიდნენ. გამახსენდა ჩემი ლექტორის, ცნობილი ქართველი მეცნიერის სიტყვები: ,,ესაა ერი, რომელიც ჭეშმარიტად იმსახურებს მსოფლიოზე ბატონობას“. საოცარ ჭეშმარიტებად მომეჩვენა ეს სიტყვები: ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს აჩუქა ნიუტონი, ბაირონი, შექსპირი, ლივერპულელი ოთხეული, შერლოკ ჰოლმსი, უინსტონ ჩერჩილი და ფეხბურთი… ,,ხომ შეიძლებოდა, ასეთ ქვეყანაში დავბადებულიყავი და არა პატარა აზიურ ქვეყანაში, სადაც მუდამ პრობლემებია და თავისუფლებაც კი სანატრელი აქვს“. უნებურად წამომცდასავით ეს ფიქრი. უგუნებობა შემომაწვა, როდესაც ქართული ბაზილიკა ანგლიკანურ, უმდიდრეს ეკლესიებს შევადარე და იმედგაცრუებულმა აღმოვაჩინე – მათთან შედარებით, თუ რამდენად ღარიბულად, მოკრძალებული არქიტექტურის მქონედ და მცირედ მოჩანდა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები.
– თენგო, შენს ქვეყანაში რომ ჩამოვალ, რას ვნახავ საინტერესოს? – ისე მოულოდნელად მკითხა ჯონმა, შევცბი, და გავიფიქრე, სახეზე ხომ არ დამეტყო იმედგაცრუება და შური. წამით ისევ ჩავფიქრდი, ასეთი ლამაზი, ასეთი ბრწყინვალე, რა უნდა ვანახო? ვერაფერი გავიხსენე.
– ამაზე რომ ჩამოხვალ, მერე ვიფიქროთ. – სიტყვა ავუგდე ბანზე. ჯონმა ვერ შეამჩნია ჩემი ხასიათის ცვლილება და გააგრძელა ქვეყნის ღირსშესანიშნაობებზე საუბარი.
– კინაღამ დამავიწყდა, მეგობარი კოლეგისგან მოწვევა მივიღე, ხვალ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმია ,,ალბერტ ჰოლში“. მსოფლიოს 150 ქვეყნიდან არიან მოწვეული სტუმრებიო. როგორც მან ამიხსნა, ახალგაზრდები წარმოადგენენ თავის ნამუშევრებს, რომელიც შეეხება სხვადასხვა ქვეყნების ხელოვნების და კულტურის განვითარების ისტორიის მიმოხილვას. ეს ხომ ჩვენი საქმეა? – ჯონიმ ხელები გაშალა და პასუხის მოლოდინში თვალებმოჭუტული მომაჩერდა. დიდად არ მოვიხიბლე აღნიშნული შემოთავაზებით, რადგან, ისედაც ხანმოკლე შვებულების სიმპოზიუმებზე გატარება სისულელედ მომეჩვენა, მაგრამ მეგობარს უარი არ ვუთხარი.
მეორე დღეს ,,ალბერტ ჰოლის“ შესასვლელში დაგვხვდა ჯონის მეგობარი ქეითი, მაღალი, კაფანდარა, ცისფერთვალება და მხიარული გამომეტყველების ახალგაზრდა ქალი. ჯონიმ გაგვაცნო ერთმანეთს, თუმცა როდესაც ქეითს ჩემი ეროვნება უთხრა, სასიამოვნოდ გამიკვირდა, რომ ყველა სხვასავით, მანაც არ გაიოცა საქართველოს არსებობა. დარბაზში შესულმა აღმოვაჩინე, რომ სიმპოზიუმზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. მაყურებელთა წრიულად განლაგებული სკამების წინა ნაწილი თითქმის შევსებული იყო, სცენა მოწყობილი იყო პრეზენტატორების გამოსასვლელად, რომლის თავზე უზარმაზარი მონიტორი იყო განთავსებული. სცენის გვერდით, გრძელ მაგიდასთან, საკონკურსო კომისიის ათკაციანი ჯგუფი ისხდა, მათ შორის ქეითიც.
სიმპოზიუმი ინგლისის ნაციონალური ჰიმნით გაიხსნა. ყველა ფეხზე ავდექით. საოცარი აკუსტიკა ჰქონდა დარბაზს, ყველა ბგერა სრული ჟღერადობით მოდიოდა ყურამდე. მე და ჯონი, ქეითის დახმარებით საკონკურსო კომისიის მარჯვენა მხარეს, პირველივე რიგში ვისხედით, ისე, რომ პირდაპირ ვხედავდით სცენას და კომისიასაც.
მცირე შესავლის შემდეგ, გამოაცხადეს პრეზენტატორების სახელი და გვარები. როგორც მახსოვს, უმეტესი მათგანი ამერიკელები და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან იყვნენ. ხასიათი უფრო გამიფუჭდა, რადგან საბჭოთა კავშირის 15 ქვეყნიდან მხოლოდ ორი წარმომადგენელი იყო, ისიც ბელორუსი და ტაჯიკი. კავკასიიდან – არცერთი.
პირველი პრეზენტატორი იტალიელი აღმოჩნდა, რომლის ნაშრომი შეეხებოდა ძველი რომიდან თანამედროვე იტალიამდე ეპოქას. მას მოჰყვა ესპანეთის, შემდეგ ავსტრიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, შვედეთის, ჩეხეთის, უნგრეთის, ბელგიის, საფრანგეთის, ამერიკის, თურქეთის და სხვა ქვეყნის პრეზენტატორთა გამოსვლები. უზარმაზარ საკონცერტო დარბაზში უცნაურად შემოქმედებითი აურა შეიქმნა. მსგავს მოწიწებას და პატივისცემას ამხელა აუდიტორიაში, აქამდე არასდროს შევსწრებივარ. გამოსვლების დასრულების შემდეგ, დარბაზი ხანმოკლე ტაშით გამოხატავდა მოწონებას. შეგრძნება მქონდა, რომ საკონცერტო დარბაზის ჰაერი გაიჟღინთა საფრანგეთის რევოლუციის, ინგლისური კონსერვატიზმის, ესპანური კორიდისა თუ რომაული ამფითეატრების სუნით.
წარმოდგენილი ნაშრომები აბსოლუტურად განსხვავებული იყო: ზოგი ზეპირად წარმოადგენდა მიმოხილვას, ზოგი დიდ ეკრანზე ხსნიდა ნამუშევრის დეტალებს, ზოგი ისტორიულ ფოტოებს იშველიებდა. ამ ყველაფერს ისეთი ენთუზიაზმით, ინტერესითა და აღტაცებით აკეთებდნენ, რომ აშკარა იყო, ყველა ამაყობდა საკუთარი ნაშრომით. კომისიის წევრები ყველა პრეზენტატორს გულისყურით უსმენდნენ და შენიშვნებს ფურცლებზე ინიშნავდნენ. ვიგრძენი, წინა დღის უარყოფითი ემოცია დარბაზში ყოფნისას და პრეზენტაციების მოსმენისას, უფრო მიმძაფრდებოდა. თითქოს თავი ზედმეტად და სუსურად ვიგრძენი. რომ არა მეგობრისადმი პატივისცემა, მზად ვიყავი, დამეტოვებინა იქაურობა.
ერთსაათიან შესვენებაზე ,,ალბერტ ჰოლი“-ს კაფეში გავედით, სადაც შემოგვიერთდა ქეითი. რატომღაც, იმ მომენტში გულწრფელად ვუთხარი ჯონის ის, რასაც ვფიქრობდი და განვიცდიდი ეს ორი დღე. ჯონის ხმამაღლა გაეცინა, ქეთიმ კი არაფერი თქვა, მხოლოდ გაიღიმა, ან მომეჩვენა, რადგან მას ისედაც სულ მომღიმარი სახე ჰქონდა. ამან უფრო გამაღიზიანა და ვთქვი:
– ჰო, შენ გეცინება! ძალიან ადვილი და მხიარულია ცხოვრება მისთვის, ვინც დიდ და მდიდარ ქვეყანაში იბადება და დაბადებიდანვე ბედნიერებისთვისაა ,,განწირული“. ყველაფერს ბედი უნდა ამ სამყაროში. ამდენი ქვეყნის წარმომადგენელია აქ თავმოყრილი და შევამჩნიე, უკვე ექვსმა მათგანმა ისაუბრა ინგლისის ისტორიაზე, თითქოს მათ მშობლიურ ან სხვა ქვეყნებზე არაფერია სასაუბრო. ვის აინტერესებს პატარა ქვეყნები? თუ გინდა, მცირე ექსპერიმენტი ჩავატაროთ: ჩემი ქვეყნის სახელი რომ ჰკითხო ამ ,,ისტორიკოსებს“, დარწმუნებული ვარ, ყველას ამერიკის ჯორჯიის შტატი ეგონება. სამწუხაროდ, ესაა პატარა ქვეყნის ხვედრი დიდ და ულმობელ სამყაროში!
იმ დღეს, საღამოს 18:00 საათზე შეწყდა ნაშრომების პრეზენტაცია და მეორე დღეს, დილის 10 საათიდან განახლდა. კვლავ გაგრძელდა ორატორების გამოსვლები, რომლებიც მთელი აღტყინებით ცდილობდნენ, მსმენელისთვის საინტერესოდ წარმოედგინათ ნაშრომი, რაც უმეტესად, გამოსდიოდათ კიდევ. აუდიტორიას რომ გადავავლე თვალი, შევამჩნიე, რომ წინა დღისგან განსხვავებით, ახალგაზრდების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილიყო. დაახლოებით საღამოს 17 საათზე, ბოლო პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც, მოულოდნელად ტრიბუნასთან მივიდა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, გვარად ჰარისონი, მიკროფონი აიღო და განაცხადა:
– მეგობრებო, სიმპოზიუმი მინდა დავასრულო ჩემი პრეზენტაციით, რომელიც ეხება ჩემთვის აქამდე უცნობ ქვეყნის ისტორიას.
არ მესიამოვნა, რადგან უკვე დარბაზიდან გასასვლელად ვემზადებოდი. თუმცა, ვინაიდან კომისიის მოპირდაპირედ ვისხედით, ეს უტაქტობად ჩამეთვლებოდა და იძულებული გავხდი, დავრჩენილიყავი ადგილზე.
– ეს იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ ამ რუკაზე არც კი ჩანს. დარბაზში სიცილი ატყდა. ჰარისონმა ხელი უზარმაზარი მონიტორისკენ გაიშვირა, სადაც მსოფლიოს რუკა გამოისახა. – ამ ქვეყნის მოსახლეობა ჩვენი ერთი ქალაქის მოსახლეობაზე სამჯერ ნაკლებია, წარმოგიდგენიათ? თუმცა, მისი ასაკი, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებზე ათჯერ მეტია. გულწრფელად გეტყვით, ამ ქვეყნის და მისი ისტორიის აღმოჩენა ჩემთვის მსოფლიოს მერვე საოცრებაა!
ჰარისონის ასეთმა შესავალმა ,,ალბერტ ჰოლის“ აუდიტორია უცებ გამოაფხიზლა. დარბაზი გაისუსა და ინტერესით მიაჩერდა მომხსენებელს, თან მონიტორიზე გამოსახულ რუკას მისჩერებოდნენ. ჰარისონი აზარტში შევიდა, სცენაზე ვერ ჩერდებოდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა და ისეთი აღტაცებით და მგზნებარებით საუბრობდა, მიუხედავად მოწყენილობისა, მეც კი დავინტერესდი.
– მაშინ, როდესაც ჩვენი საამაყო ინგლისი სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, ამ ქვეყანაში უკვე შექმნილი იყო ხელოვნების და კულტურის ბრწყინვალე შედევრები! როდესაც ჩვენთან საფუძველი ჩაეყარა პარლამენტს, ამ ქვეყანაში უკვე არსებობდა მისი წინამორბედი, მეფის სათათბირო ორგანო. როცა ამერიკა შეიქმნა, სწორედ იმ დროს, ამ ქვეყანაში დაიბეჭდა მსოფლიო პოეზიის საგანძური, სიყვარულის და მეგობრობის ბალადა! სწორედ აქ, პირველად მთელ მსოფლიოში, ხმამაღლა ითქვა, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორნი არიან! ხვდებით, რა დონის ცივილიზაცია, საზოგადოების განვითარების რა დონე იყო ამ ხალხში?
ამ ქვეყანამ გაუძლო რომაელთა ლეგიონებს, ალექსანდრე მაკედონელს, ჩინგიზ ყაენის და თემურ ლენგის დამანგრეველ შემოსევებს და თითქმის მომაკვდავი, დანგრეული, ათასგზის გადამწვარი და დარბეული, სასწაული ძალით, ფენიქსისებურად ფერფლიდან აღდგებოდა! ისევ ახერხებდა არათუ გადარჩენას, არამედ უფრო შესანიშნავი კულტურის და გამაოგნებელი ისტორიის წერას!
სრულად გამოვფხიზლდი.. თითქოს რაღაც ძალიან ნაცნობზე და ჯერ არდავიწყებულზე, ძალიან მშობლიურზე საუბრობდა მომხსენებელი. გარინდებული ვისმენდი თითოეულ სიტყვას და ფიქრმა გამიელვა: ,,ნუთუ? მაგრამ, საიდან, როგორ?- მყისვე უკუვაგდე სულელური ვარაუდი.
ჰარისონი კი ისევ აგრძელებდა საგალობელივით: – ამ ქვეყანაში სიმღერით იბადებიან, სიმღერით შრომობენ, სიმღერით საუბრობენ და სიმღერით კვდებიან! მათთვის მუსიკა სულის საკვებია, რომლითაც საუკუნეებია, უზარმაზარ ურჩხულებს შორის მოქცეულები, აცოცხლებენ საკუთარ სახელს, საკუთარ ტრადიციებს და იდენტობას! ისინი უმღერიან სიცოცხლეს, უმღერიან მზეს, დიახ, მათ აქვთ მზის სადიდებელი სიმღერა, როგორც მადლიერების გამოხატვა სიცოცხლის მინიჭებისათვის!
ამ ქვეყნის შესწავლისას აღმოვაჩინე, რომ ეს ერი საკუთარ მიწას ღვთისმშობლის წილხვედრს უწოდებს! გეცინებათ? სრულიად ტყუილად! როგორ შეიძლება ამაში ეჭვი შეიტანო? სხვა რა ძალას შეეძლო გადაერჩინა ეს ერთი მუჭა ერი, რომელიც უძველესი ქალაქებით, კულტურის უძველესი ძეგლებით და საკუთარი, უნიკალური დამწერლობით იწონებს თავს?
ამ ქვეყანამ სამყაროს აჩუქა შოთა რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა, ვახტანგ ჭაბუკიანი, დავით აღმაშენებელი? ალბათ, ბევრს არ გსმენიათ ჩამოთვლილი პიროვნებები, ხომ? ეს ჩვენი სირცხვილია, მაგრამ ზუსტად ვიცი, აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, სამყაროს ყველა კუთხეში იცნობენ უდიდეს სამხედრო და პოლიტიკურ მოღვაწეს, მსოფლიოს ყველა დროის უძლიერეს მხედართმთავარს, ,,ფოლადის კაცად“ წოდებულ იოსებ სტალინს! დიახ, სტალინის ნამდვილი გვარია ჯუღაშვილი და ის ქართველი იყო!
ჰარისონის ბოლო წინადადებაზე დარბაზს გაოცებულმა შეძახილმა გადაუარა – აშკარად მოულოდნელი იყო მოსმენილი ინფორმაცია.
– მე სხვა პრეზენტატორებივით არ წარმოვადგენ დოკუმენტებს ნიშნად ამ ერის უნიკალურობისა. მე მინდა, მხოლოდ მათი კულტურული შემოქმედების რამდენიმე ნიმუში წარმოგიდგინოთ, რომელიც სრულყოფილად დაგვანახებს ამ ქვეყნის სახეს!
უცებ საკონცერტო დარბაზ ქართული ,,დაისის“ ჰანგებით გაივსო. უზარმაზარ მონიტორზე ავაზასავით შემოვარდნენ ქართული ნაციონალური ანსამბლის ,,სუხიშვილების“ სოლისტები. ,,დაისს“ ,,მთიულური“ მოჰყვა და .. ცეცხლი დაინთო! ცეცხლი კი არა, ეს იყო ხანძარი, ,,ალბერტ ჰოლის“ სტუმრების წინაშე წარმოდგენილი იყო ,,ჭეშმარიტად ქართული გენია, როკვით განფენილი“.
ალბათ, ადვილად წარმოსადგენია, ამ დროს მე რა დამემართა! ეს იყო ის მომენტი, როდესაც სიტყვები სრულიად უძლური, უფერულია ემოციების და გრძნობების გადმოსაცემად. სრულყოფილად ვერც დარბაზში მსხდომთა ემოციებს აღვწერ, რადგან თავად მთვრალივით არეულს, აღქმა წამიერად დამიქვეითდა. ეს იყო სრული ფურორი! მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, სინქრონულად გაიძახოდა ,,ბრავო“-ს და უწყვეტად უკრავდა ტაშს. არ მახსოვს, რამდენი წუთი გრძელდებოდა ეს ყველაფერი. ვხედავდი, რომ ჩემს თვალწინ გაქრა მათი თავშეკავებულობა. იცინოდნენ, ყვიროდნენ როგორც სტადიონზე და ერთმანეთს ხელით რაღაცას ანიშნებდნენ მონიტორისკენ. მცირე პაუზის შემდეგ, ,,სულიკოს“ მელოდიამ გამომაფხიზლა და სხეულში დენივით გამიარა. ვიცოდი, რომ ეს სიმღერა ბევრ ენაზე იყო ნამღერი, მაგრამ მთელი დარბაზი ასეთი სიზუსტით და ასე ერთხმად ამღერებული, აქამდე მხოლოდ ,,ქუინის“ კონცერტზე მყავდა ნანახი.
სიმღერის დასრულების შემდეგ, ჰარისონმა, რომელიც სახეგაბადრული და ბედნიერი იდგა სცენაზე, ხელის აწევით სთხოვა აუდიტორიას დამშვიდება, შემდეგ კი ხმამაღლა განაცხადა: როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ჩვენთან იმყოფება ამ ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომლის სტუმრობის შესახებ არავინ ვიცოდით. მივესალმოთ მას და ერთხმად ვუთხრათ მადლობა იმისთვის, რომ არსებობენ! – ჰარისონი შემობრუნდა და ორივე ხელი ჩემკენ გამოიშვირა. არ მახსოვს, როდის წამოვდექი, რას ვამბობდი, რას ვაკეთებდი, რას ვლუღლუღებდი არეული.. ვიდექი ფეხზე, თავზე დამნათოდა საკონცერტო დარბაზის პროჟექტორი და ვგრძნობდი დამსწრეთა ჩემკენ მომართულ მზერას.
მხოლოდ იმ წამს მივხვდი, თუ რა ბედნიერება მხვდა წილად, რომ ქართველად დავიბადე. მივხვდი, რომ სწორედ იმით ვიყავი ამაყი და გოროზი, შექსპირის – ინგლისელებზე, ჰიუგოს და ნაპოლეონის – ფრანგებზე, ველასკესის და სერვანტესის – ესპანელებზე, მიქელანჯელოს და იულიუს კეისრის იტალიელებზე აღმატებული და უფრო დიდი, რომ მე, ამ ერთი ციდა, მაგრამ უზარმაზარი გულის და სიამაყის მქონე ერის ნაწილი ვიყავი, რომელიც ვერ გააქრო სამყაროდან თავად უკვე გამქრალმა მაკედონელის იმპერიამ, დაშლილ-დანაწილებულმა რომის იმპერიამ, ათასგზის იავარქმნილმა ბიზანტიამ, მრავალჯერ სახელ და სახეცვლილმა ირანმა და ოსმალეთმა.
მოძალებული ემოციების გამო, თავი ვერ შევიკავე, სახეზე ორივე ხელი ავიფარე და ტირილი დავიწყე..
ვტიროდი ყველას წინ უხმოდ, მაგრამ დიდი ცრემლებით..
ვტიროდი, რადგან შემრცხვა ჩემი პატარა, ჯვარზე ათასჯერ გაკრული და არც ერთხელ ჩამოხსნილი სამშობლოს წინაშე.
ვტიროდი, როგორც უძღები, უმადური შვილი პატარა საქართველოსი და ამ ცრემლებით ვითხოვდი მისგან პატიებას.
თენგიზ საგარეჯოელი
04.11.2023 წელი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14 ნოემბრამდე ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის საათებში კი უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება.ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს, ღამის საათებში კი უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

უკრაინა უნდა მიიღონ NATO-ში, ოღონდ, ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე – ანდერს ფოგ რასმუსენი

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, უკრაინა უნდა მიიღონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ოღონდ, ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. The Guardian-ის ცნობით, რასმუსენი აქვე დასძენს, რომ ეს არა კონფლიქტის გაყინვას, არამედ კრემლისთვის იმის ჩვენებას უნდა ემსახურებოდეს, რომ ომი ვერ შეაჩერებს უკრაინის დაახლოებას დასავლეთთან.

„შემდეგი ნაბიჯის გადადგმის და უკრაინა ნატოში მიწვევის დრო მოვიდა. ჩვენ უსაფრთხოების ახალი, ევროპული არქიტექტურა გვჭირდება, რომელშიც უკრაინა ნატოს ცენტრში იქნება“, – აცხადებს რასმუსენი.

თუმცა, როგორც რასმუსენი ამბობს, მთელი უკრაინისთვის NATO-ს წევრობის შეთავაზება რუსეთისთვის იქნებოდა გზავნილი, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზად არის მოსკოვთან ომისთვის. მისივე თქმით, რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების გამოკლების შემთხვევაში კი, ნატო-რუსეთის კონფლიქტის საფრთხე შემცირდება.

„მე-5 მუხლის გარანტიები რუსეთს შეაკავებს, რომ თავს არ დაესხას უკრაინის იმ ტერიტორიებს, რომლებიც NATO-ს საფარველქვეშ შევა და ამ გზით, უკრაინულ ძალებს ძალებს, ფრონტის ხაზზე გასასვლელად“, – ამბობს რასმუსენი.