Home Blog Page 2019

“12-პუნქტიან გეგმას ზედმიწევნით ვასრულებთ და მასში გვარამია და კრიმინალი სააკაშვილი ნახსენები არ არიან”

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გასულ წელსაც იმსახურებდა, რადგან ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული. მისივე თქმით, სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ბევრჯერ გავიმეორე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო ევროკავშირის  კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. მართალია, გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, მაგრამ პირველი ვინც ამას იმსახურებდა, ჩვენ ვიყავით. არ იფიქროთ, რომ ომში მყოფ ქვეყანას რამეს ვაყვედრით. ღმერთმა დამიფაროს. პირიქით, ყოველთვის გამიხარდება უკრაინელების წარმატება. თუმცა რეალურად რომ შევხედოთ, პარამეტრებით და ციფრებით, საქართველო არის პირველი, ვისაც კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადადგმული – რეფორმების განხორციელება, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ.

კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, თუ რატომ მოხდა ეს. საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან სანქციებს არ უერთდება, არ იწყებს ომს და არ ხსნის მეორე ფრონტს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ერთგვარ ბერკეტად გამოიყენეს. ამის შემდეგ მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ასრულებს თუ არა ხელისუფლება მითითებას ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 12-პუნქტიან გეგმაში მათზე საუბარი არ არის.

„ჩვენი ხელისუფლება მზადაა, ზედმიწევნით შეასრულოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უკვე ჩვენზე დამოკიდებული არ არის. თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება. თუ არ მოგვცემენ, არც ეს არის პრობლემა. ამ 12-პუნქტიან გეგმაში არც გვარამია და არც კრიმინალი სააკაშვილი ნახსენები არ არიან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

“ყველა იმ ადამიანს ვუხდი მადლობას, ვისთვისაც მშვიდობა და სამშობლო უპირველესია” – კახა კალაძე

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე მშვიდობისა და ქვეყნის წარმატების მოსურნე ბევრი ადამიანი იყო გამოსული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და 30 აპრილს გამართულ აქციას გამოეხმაურა.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად, ქვეყნაში მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

„აქციას ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული. მე ერთ რამეს ვიტყვი – ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, ვისთვისაც მშვიდობა მნიშვნელოვანია, ვისთვისაც სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც გამსჭვალულია პატრიოტიზმით, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეკონომიკური განვითარება. მშვიდობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ გადავხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში.  მიუხედავად იმისა, რომ ბევრია შემოტევა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რას ნიშნავს ფულის მასის მიმდინარე სწრაფი ზრდა?

ბოლო პერიოდში M2 მონეტარული აგრეგატის ზრდა მნიშვნელოვნად აჩქარდა. არის თუ არა ეს ინფლაციის ან/და ლარის გაუფასურების კუთხით რისკი? თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ თუ ფულის მასის მატება მოთხოვნას ზრდის, ეს პირველ რიგში აჩქარებულ საკრედიტო და თავის მხრივ, ეკონომიკურ აქტივობაში უნდა გამოჩნდეს. ამ მხრივ, მაჩვენებლები, განსაკუთრებით მშპ-ის კუთხით, მართალია მაღალია, თუმცა, ამჯერად ფულის მასასთან მნიშვნელოვანი კავშირი არ იკვეთება. უფრო მეტიც, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო, აპრილში მშპ-ის წლიური ზრდის მნიშვნელოვანი შენელებაა მოსალოდნელი, მაშინ, როდესაც ფულადი აგრეგატები კვლავ მაღალი ტემპით ფართოვდება. ამასთან, რაც აშკარად ჩანს, ესაა დეპოზიტების გაზრდილი ლარიზაცია და სესხების გაზრდილი დოლარიზაცია. ეს კი, როგორც შოკის გამაძლიერებელი, ტრადიციულად, ლარის გამყარების ეპიზოდებში გამყარებისკენ მიმართულ უფრო მეტ ზეწოლას იწვევს, ლარის გაუფასურების ეპიზოდებში კი ასევე მეტ გაუფასურებას. ამდენად, სადღეისოდ სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის ჭარბი მიწოდება მხოლოდ მაღალი წმინდა სავალუტო შემოდინებებით არაა გამოწვეული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ როგორც თიბისი კაპიტალის ადრინდელ პუბლიკაციებშია აღნიშნული, თუ სავალუტო ბაზრის მონაწილეების დიდ ნაწილს გაცვლითი კურსის სეზონური მერყეობის სჯერა, მაშინ ეს ტენდენცია აღარაა მოსალოდნელი, რადგანაც ადგილი ექნება ცუდ სეზონზე ლარის ყიდვას და კარგ სეზონზე გაყიდვას. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოში დიდწილად სწორედ ამგვარი ქცევა იკვეთება.

ამდენად, მაღალი წმინდა სავალუტო შემოდინებებისა და გაუმჯობესებული სენტიმენტების გამო, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის გაზრდილი მიწოდების შედეგად, ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, სენტიმენტების კომპონენტის გამო, ფიშერის პირველადი ფორმულის მიხედვით, რომელშიც ჯამური ტრანზაქციები გამოიყენება და არა მხოლოდ მშპ, ადგილი აქვს ე.წ. ფულის ბრუნვის სიჩქარის შემცირებას. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან ლარის კურსის მიმართ განწყობა გაუმჯობესდა, ლარის საშუალო ნაშთი, რომელსაც ბიზნესისა და მოსახლეობის ნაწილი ფლობს, გაიზარდა, ნაცვლად დოლარისა და ევროს ნაშთისა და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პროპორციულად გაიზარდა ლარში ტრანზაქციების რაოდენობაც. ამდენად, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, ფულის მასის მიმდინარე ზრდის მიხედვით, მომატებულ ეკონომიკურ აქტივობაზე საუბარი რთულია. მაგრამ მაინც, არის თუ არა რისკები? თიბისი კაპიტალის აზრით – არის, და საკმაოდ მატერიალური. საკუთრივ, ნებისმიერი მიზეზით სენტიმენტების ცვლილება უკვე დეპოზიტების დოლარიზაციასა და სესხების ლარიზაციას გამოიწვევს. სავალუტო ბაზარზე არსებულ ბრუნვასთან მიმართებით სესხებისა და დეპოზიტების საკმაოდ მაღალი მოცულობის გათვალისწინებით კი, ეს ტრადიციულად, ლარის კურსზე არსებით ზეგავლენას ახდენს. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ მართალია სებ-ის სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა თუ ბაზრის მონაწილეთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ლარი გაუფასურდება, ფაქტობრივი გაუფასურების გარეშე ამ მოლოდინების განეიტრალება საკმაოდ რთულია. უფრო მეტიც, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ სადღეისოდ ლარის საშუალო კურსი მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით უფრო მეტადაა გამყარებული და ასევე, არსებული ლარის კურსით, საბაზო სცენარში წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 3%-იან სამიზნეზე ნაკლებია, მათ შორის, მართალია ჯერჯერობით მხოლოდ ყოველთვიურ ჭრილში, თუმცა ადგილობრივი ინფლაციის ჩათვლით.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

 

R

“ყველაფერი საუკეთესო ჯარს,  კვლავ მთავარი სამოქმედო პრინციპია” – ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით ვაზიანში გამართულ ღონისძიებაზე ქართული ჯარის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ მიზნით უწყებაში ხარჯები უკვე გაიზარდა. “გაზრდილი რესურსებით ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად შევასრულებთ, პარტნიორებთან ერთად შემუშავებულ, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების 10-წლიან გეგმას. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ და თანამედროვედ აღვჭურვოთ ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიც არის ჯავშანსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო და სადაზვერვო საშუალებები. ჩვენთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შევქმნათ სამხედრო მოსამსახურეებისათვის ყველა პირობა, რათა მათ იმსახურონ თანამედროვე, ნატოს სტანდარტების პირობებში. მათი დაფასების კუთხით,  ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია მახათას მთაზე დასრულებული საბინაო მშენებლობა და სხვა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.  პრემიერ-მინისტრის მიერ დამკვიდრებული მიდგომა – ყველაფერი საუკეთესო ჯარს, კვლავ მთავარი სამოქმედო პრინციპია. ჩვენ ასევე თანმიმდევრულად ვზრდით ხელფასებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. სოციალური უზრუნველყოფის ვალდებულებები უკვე თავდაცვის ახალი კოდექსითაც იქნება გათვალისწინებული”,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრმა  “თავდაცვის კოდექსზეც” გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უწყება ქმნის სრულიად მოქნილ და საჭიროებებზე მორგებულ წვევამდელთა ეროვნულ სამსახურს, რის შედეგადაც ასევე  ჩამოყალიბდება  ძლიერი რეზერვი და განმტკიცდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ქართული ჯარის განვითარებისა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გზაზე გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ნატოს, მის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით  მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

“ოპოზიციის ავტორიტეტი და პოლიტიკური მხარდაჭერა განულებულია” – კახა კალაძე

„ოპოზიციის წარმომადგენლებმა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს, რადგან იცოდნენ, თუ რა შედეგი დადგებოდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძე საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარლამენტის, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, 29 აპრილს გამართულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს მმართველ პარტიას და მის კანდიდატებს.

„ცხადია, თუ რატომ არ მიიღო ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან იცოდნენ, თუ რა შედეგი დადგებოდა. ძალიან კარგად იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მათ მიმართ. მათი ავტორიტეტი, პოლიტიკური მხარდაჭერა დღეს ქვეყანაში განულებულია. რომელიღაც კონკრეტულ პარტიას, რა თქმა უნდა, ჰყავს თავისი მხარდამჭერები შემორჩენილი, მაგრამ დღეს ყველაზე მძლავრად წარმოდგენილია „ქართული ოცნება“ თავისი მხარდამჭერებით. ეს კონკრეტული შუალედური არჩევნებიც ამის დამადასტურებელია – საზოგადოებამ დაინახა, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, არჩეულ კანდიდატებს კი წარმატებები უსურვა.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები ვუსურვო არჩეულ კანდიდატებს, ასევე, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

“ეს ძალიან სუსტი მცდელობაა, რომ ჩამოყალიბდეს რაღაც ახალი ნაციონალისტურ-კონსერვატიული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული მოძრაობა”

ეს არის, ჯერ-ჯერობით, ძალიან სუსტი მცდელობა, რომ ჩამოყალიბდეს რაღაც ახალი ნაციონალისტურ-კონსერვატიული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული მოძრაობა, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი კახა გოგოლაშვილი რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციას.

“მიტინგზე ძალიან ბევრი რამ ითქვა, დიდწილად ეკლექტური, გაუაზრებელი და ემოციური, რბილად რომ ვთქვათ. თუმცა აშკარად წინასწარ მოფიქრებული გზავნილებიც გამოიკვეთა:

– “საქართველო არ არის ევროპა”

– ჩვენს შიდასაზოგადოებრივ საქმეებში ნურავინ ჩაერევა

– რაც გვინდა ამ ქვეყანაში იმას ვიზამთ. საქართველო წილხვედრი ქვეყანაა და ჭკუას ვერავინ გვასწავლის
– პრეზიდენტი აღარ არის ლეგიტიმური
– უცხოეთიდან დაფინანსებულმა სამოქალაქო საზოგადოებამ ხმა უნდა ჩაიწყვიტოს
– ნაციონალური მოძრაობის “ფაშისტური რეჟიმი უნდა გასამართლდეს”
– პარლამენტმა კანონები არ უნდა მიიღოს პლებისციტის გამართვის გარეშე. ანუ, პირდაპირი დემოკრატიის სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა (რაც ძველი, მონათმფლობელური, საბერძნეთის დემოკრატიული ტრადიციაა)
– მთავრობამ უნდა “სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკა” გატაროს. აღარ უნდა ათხოვოს ყური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ან დონორი ქვეყნების რჩევებს (ანუ გადმოვიღოთ რუსეთის დამოკიდებულება “ბრეტონ ვუდსის” ინსტიტუტების მიმართ)

– ევროკავშირის პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს (ანუ, არავითარი კრიტიკა დემოკრატიული ან სხვა სახის რეფორმების მიმართ)

– განათლება შეიცვალოს ფუნდამენტურად, შეწყდეს განათლებაში იდეოლოგიური “ძალადობა”, ანუ, ალბათ, ლიბერალიზმის და დემოკრატიის პრინციპების სწავლება

– ნარკოტიკებთან დაკავშირებით “რაღაც უნდა გაკეთდეს,”
– “ლგბტ” მოძრაობა კანონით უნდა აიკრძალოს (საერთოდ, ნებისმიერი უმცირესობების მხარდამჭერი ერთი მოწოდებაც კი არ გაჟღერებულა).
– უმადურებაა უკრაინის მხრიდან, რომ ამდენი დავეხმარეთ და ახლა არ გვიფასებენო
– ჩვენ რომ დახმარება გაგვიწიეს (მრავალ ათეულ მილიარდიანი), თუ პატივს არ გვცემენ და “გვმტრობენ” არ გვაინტერესებსო (ანუ ეს უმადურება არ არისო და “ხსნილიაო”)
– კვალიფიკაციის მქონე ხალხი უნდა შემოვიკრიბოთ და ხალხის სახელით ელჩებს ველაპარაკოთო (არ ვიცით რის თაობაზე)
– გვინდა ნეიტრალიტეტიო (ანუ, არავითარი ნატო და არც ევროკავშირი, რადგან ევროკავშირში ყოფნა უკვე ნეიტრალიტეტს გამორიცხავს)

(რაც შეეხება ლოზუნგს “არა ომს” წმინდა მანიპულაციურად, და თანაც აშკარად დისკრედიტებულად მიმაჩნია, ამიტომ ამ სიაში არ შემყავს)

მოკლედ, გამომდინარე იქიდან, რომ აქცია ხელისუფლების დაფინანსებული (ან მხარდაჭერილი მაინც) იყო, ეს არის, ჯერ-ჯერობით, ძალიან სუსტი მცდელობა, რომ ჩამოყალიბდეს რაღაც ახალი ნაციონალისტურ-კონსერვატიული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული მოძრაობა, რომელიც შეეცდება უფრო წარმატებით შეასრულოს ის ამოცანები, რომლებიც ხალხის ძალამ ვერ “გაქაჩა”, – წერს კახა გოგოლაშვილი.

რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირი, ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

„რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასა, რომელიც ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული, შეიცავს რადიაქტიურ ნივთიერება ურანს და მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 10 წლამდე.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“პოლიტიკოსებს, ვინც “ეროვნული ინტერესი” ლექსიკონიდან ამოაგდო, ქართულ პოლიტიკაში გასაქანი არასდროს ექნებათ”

ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები ამომრჩეველმა 29 აპრილის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ბანერს სადაც 2021 და 2023 წლებში გამართულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შედეგებს შორის სხვაობაა ასახული.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, 2021 წლის არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ოპოზიციამ ბევრი მოჩვენებითი კრიზისის შექმნა სცადა.

მისი თქმით, ბოლო არჩევნებში კიდევ ერთხელ, ქართველმა ხალხმა თქვა თავისი სათქმელი – პოლიტიკოსებს ვინც “ეროვნული ინტერესი” საკუთარი პოლიტიკური ლექსიკონიდან ამოაგდო, ქართულ პოლიტიკაში გასაქანი არასდროს ექნებათ.

,,და კიდევ ერთხელ, ხალხმა თქვა თავისი სათქმელი.

ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები ამომრჩეველმა 29 აპრილის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა.

2021 წლის არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ოპოზიციამ ბევრი მოჩვენებითი კრიზისის შექმნა სცადა – “თავისუფლება მიშას”, “ბომბების ცეცხლი მირჩევნია”, “საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს”, “საქართველო სანქციებს გვერდს უვლის”, “არა რუსულ კანონს”, “მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი”… ლოზუნგები იცვლებოდა, თუმცა მიზანი ერთი იყო – წყლის ამღვრევა და არადემოკრატიული გზით ძალაუფლების მოპოვება.

მართლაც, თითქოს “კაგებეს” სახელმძღვანელოდან ბეჯითად ამოკითხული პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობდნენ, რომ ჯერ ხალხი საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ განეწყოთ, ბოლოს კი, ხალხი საკუთარი ხელისუფლებისგან გაემიჯნათ.

სწორედ, ამ პროპაგანდას გასცა 29 აპრილს ხალხმა პასუხი იმით, რომ კიდევ უფრო მეტნი მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან, კიდევ უფრო მეტმა დაუჭირა “ქართულ ოცნებას” მხარი და კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით განუახლა დემოკრატიული მანდატი “ქართულ ოცნებას” და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას.

კიდევ ერთხელ, ხალხმა თქვა თავისი სათქმელი!

და ეს სათქმელი მკაფიოა: პოლიტიკოსებს, ვინც “ეროვნული ინტერესი” საკუთარი პოლიტიკური ლექსიკონიდან ამოაგდო, ქართულ პოლიტიკაში გასაქანი არასდროს ექნებათ,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძე 2021 და 2023 წლების არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შედეგებს შორის სხვაობას აქვეყნებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აქვეყნებს მონაცემებს, სადაც 2021 და 2023 წლებში გამართულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შედეგებს შორის სხვაობაა ასახული.

„ფოთი-ხობი-სენაკი, შედეგი 2021 წელს – 23 256, შედეგი 2023 წელს – 27 553, სხვაობა –  4 297 ხმა, პროცენტული სხვაობა – 18; თერჯოლა – შედეგი 2021 წელს – 9 155, შედეგი 2023 წელს – 11 511, სხვაობა 2 356 ხმა, პროცენტული სხვაობა – 26; ცაგერი, შედეგი 2021 წელს – 3 215, შედეგი 2023 წელს – 4 825, სხვაობა – 1 610 ხმა, პროცენტული სხვაობა – 50; ქუთაისი, შედეგი 2021 წელს – 3 647, შედეგი 2023 წელს – 5 396,  სხვაობა – 1 749 ხმა, პროცენტული სხვაობა – 48; ტყიბული, შედეგი 2021 წელს – 1 283, შედეგი 2023 წელს – 1 322, სხვაობა – 39 ხმა, პროცენტული სხვაობა – 3. გურჯაანი, შედეგი 2021 წელს – 1 002, შედეგი 2023 წელს 1 347, სხვაობა – 345 ხმა, პროცენტული სხვაობა – 34; ახალციხე, შედეგი 2021 წელს – 317, შედეგი 2023 წელს – 463, სხვაობა – 146 ხმა, პროცენტული სხვაობა – 46; თიანეთი, შედეგი 2021 წელს – 150, შედეგი 2023 წელს – 345, სხვაობა – 195 ხმა, პროცენტული სხვაობა – 130.

ჯამი – შედეგი 2021 წელს – 42 025, შედეგი 2023 წელს – 52 762, სხვაობა – 10 737 ხმა, პროცენტული სხვაობა – 26“, – წერს ირაკლი კობახიძე.

 

https://www.facebook.com/KobakhidzeOfficial/posts/782709126546054

იმამყული ხანი უნდილაძე- შირაზის ხანი და ფარსის ბეგლარბეგი

“დღეს სპარსეთის ყურის ეროვნული დღეა. ამ დღეს გვსურს, პატივი მივაგოთ დიდ სარდალს, იმამყული-ხანს, რომელიც სეფიანთა სახელმწიფოში ქართული წარმოშობის ადგილობრივი გამგებელი იყო და სპარსეთის ყურის ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
ოთხასი წლის წინ, სტრატეგიულ ოპერაციაში, ირანის არმიამ იმამყული-ხანის სარდლობით, ათკვირიანი ალყის შემდეგ წარმატებით აიღო პორტუგალიელების ციხე კუნძულ ჰორმუზზე, ირანისთვის ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია და კიდევ ერთხელ განამტკიცა ირანის სუვერენიტეტი სპარსეთის ყურეზე.
იმამყული-ხანის სიმამაცემ და ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ ირანის სამხედრო წარმატებას შეუწყო ხელი, არამედ უკვდავყო ხანგრძლივი კულტურული და ისტორიული ურთიერთობები ირანსა და საქართველოს შორის.
სპარსეთის ყურის ეროვნული დღის აღნიშვნასთან ერთად, ასევე უნდა აღვნიშნოთ დიდი მიღწევები ჩვენი ისტორიული მოღვაწეებისა, როგორიც იმამყული-ხანია.
დაე, გაგრძელდეს მეგობრობა და თანამშრომლობა ჩვენს ორ ხალხს შორის!”- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს

იმამყული ხანი უნდილაძე – შირაზის ხანი და ფარსის ბეგლარბეგი

იმამყული–ხან უნდილაძე იყო გამაჰმადიანებული ქართველი,  ირანის ყულარაღასის, ალავერდი ხანის ვაჟი – უნდილაძეთა საგვარეულოდან – სეფიანთა ირანის კარზე დაწინაურებული პოლიტიკური ფიგურა, დიდად განათლებული სახელმწიფო მოღვაწე. ფაქტიურად იგი მეორე კაცი იყო სახელმწიფოში შაჰის შემდეგ.

თომას ჰერბერტი იმამყული ხანის შესახებ წერს: “ეს არის კაცი წარმოშობით ქართველი, სარწმუნოებით მაჰმადიანი, ერთ–ერთი ტეტრარქი, რომელიც განაგებს შაჰ აბასის იმპერიას. მისი სამფლობელოები აღწევს თითქმის ოთხას მილს ყოველი მიმართულებით”.

თომას ჰერბერტი ჩამოთვლის იმამყული ხანის ტიტულებს: დიდი ბეგლარბეგი, მეთაური თორმეტი სულტნისა, ორმოცდაათი ათასი მხედრისა, მსახური შაჰ_აბასისა და ვარდი აღტაცებისა”

პიეტრო დელა ვალე აღნიშნავს, რომ “იმამყული ხანი არის ბეგლარბეგი ფარსისა, რომელიც წარმოადგენს ირანის ყველაზე მნიშვნელოვაბ პროვინციას და ტერიტორიით გაცილებით უფრო ვრცელია პორტუგალიაზე, ხოლო თავისი ძლიერებითა და მდგომარეობით არ ჩამოუვარდება ევროპის მრავალ სამეფოს. შირაზის ხანი კი უეჭველად ყველაზე დიდი პიროვნებაა ირანში შაჰ–აბასის შემდეგ, მას ძლიერ უყვარს ქრისტიანები და მეგობრობს ევროპელებთან”.

იმამყული-ხანის დედაც ქართველი ყოფილა. მას მჭიდრო ნათესაური ურთიერთობა ჰქონდა ქართულ ფეოდალურ ოჯახებთან: მისი ერთი ქალიშვილი გათხოვილი იყო ანდუყაფარ ამილახორზე და საქართველოში ცხოვრობდა ქმართან ერთად, მეორე ქალიშვილი დაუდ-ბეგ გურჯიზე იყო გათხოვილი, მესამე კი ალი-ყული-ბეგის, ირანის სპასალარისა და თავრიზის ბეგლარბეგის როსტომ-ხან სააკაძის ძმის ცოლი იყო.

ცნობილია, რომ უნდილაძეებს, მიუხედავად მათ მიერ დაკავებული ძალიან მაღალი თანამდებობებისა შაჰის კარზე, არ მიუღიათ მონაწილეობა საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ღონისძიებებში.
ერთხელ, როდესაც შაჰის ბრძანებით, ფარსის ჯარი, რომლის ბეგლარბეგიც თვითონ იმამ ყული-ხანი გახლდათ, საქართველოში უნდა წასულიყო, მან ავადმყოფობა მოიმიზეზა და თავის მოადგილეს გადააბარა ჯარის წინამძღოლობა, თვითონ კი თავრიზში დარჩა. შაჰი პატიობდა მას, რადგან იგი მისი დასაყრდენი იყო სამხრეთ ირანის სამხედრო პრობლემის მოგვარებაში – კერძოდ, ქიშმის და ჰორმუზის დაპყრობასა, დამოუკიდებელი სამთავროების გაუქმებასა და ირანთან შეერთებაში. ამავე დროს იგი შაჰის დასყრდენი იყო ინტენსიური სამეურნეო მშენებლობების წარმართვაში, ირანის ეკონომიკური განვითარებისა და გაძლიერებისაკენ მიმართულ ღონისძიებებში. იმამყული-ხანი ხელმძღვანელობდა საირიგაციო ნაგებობების მშენებლობას ისპაჰანის მახლობლად, კაშხლებისა და ხიდების მშენებლობას.

იმამყული-ხანის ბეგლარბეგობის დროს შირაზში დრამატული მოვლენები მოხდა: აწამეს თეიმურაზის დედა ქეთევანი, მოკლეს ლუარსაბ II, დაასაჭურისეს თეიმურაზის ვაჟი. უაღრესად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ამისა, თეიმურაზი საქებარ სიტყვებს არ იშურებს გამაჰმადიანებული ქართველისა და შაჰის ერთგული ბეგლარბეგისათვის:

“მდაბალი, ტკბილი, მოწყალე, აქებენ სულად ქვენანი,

ღირსეულია ღვთისაგან, მითა სცავს ძალთა ზენანი”.

ქეთევან დედოფალი იმამყული-ხანის ძმის, დაუდ-ხანის სიდედრი იყო, მისი მეგობრის, თეიმურაზის დედა და საქართველოს დედოფალი. პიეტრო დე ლა ვალე რომში გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ შირაზის ხანი მფარველობდა ქეთევანს; იყო თავისი ხალხის მოყვარე და გულშემატკივარი. არსებობს საინტერესო ცნობა: შაჰ-აბასს შეუთვლია იმამ ყული-ხანისთვის, თუ ქეთევანი მიიღებს მუსლიმანობას, დაანებე თავი, თუ არა – მაშინ, უნდა მოვკლათო. მას შეუბედავს და შეუთვლია შაჰისთვის პასუხად: „ეს ბერი დედაკაცი არის, არაფრით არ შეიცვლის რწმენას და თავი დაანებე“. როგორც ჩანს, თეიმურაზ პირველისათვის ცნობილი იყო იმამყულის მცდელობა – დახმარებოდა ქეთევანს. მის პოემაში ასეა აღწერილი ეს ტრაგიკული ამბები:

“იმამ-ყული-ხანს რა ესმა საქმენი საზარონია,

მეტად გაკვირდა, ესა თქვა: “მისი რა საკადრონია?

ვიცი რომ არ გათათრდების, თუცა არა აქვს დრონია,

თეიმურაზის დედასა ვით ვკადრო უკადრონია?”

 

იმამყული ხანმა სცადა გადაერწმუნებინა შაჰი, თუმცა ვერაფერს გახდა (სხვათა შორის თეიმურაზის შვილების დასჯა ორჯერ გადაათქმევინა შაჰს, თუმცა მესამედ ვერაფერს გახდა) .

სამი თვე ყოყმანობდა შირაზის ხანი, ვერ ეუბნებოდა ქეთევანს ამას, თუმცა სხვა რა გზა ჰქონდა და საბოლოოდ უთხრა კიდეც. დიდხანს და დაბეჯითებით არწმუნებდა იმამყული ხანი ქეთევანს მიეღო მაჰმადიანობა, თუმცა თავადაც იცოდა, რომ ვერაფერს გახდებოდა. ეუბნებოდა “ჩვენ თუ მაჰმადის რჯული გვიჭირავს, განა ქართველები არა ვართო?” სთხოვდა თავი გადაერჩინა, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა.   1624 წლის 13 სექტემბერს ქეთევან დედოფალი მოწამეობრივად აღესრულა.

1629 წელს ირანში შეიცვალა პოლიტიკური ვითარება: გარდაიცვალა შაჰ-აბას I, ქართველი უფლისწულის ხოსრო-მირზას (როსტომ-ხანის), ისპაჰანის ტარუღას დახმარებით გამეფდა შაჰ-სეფი. შეიცვალა პოლიტიკური ორიენტირები, დაიწყო უნდილაძეთა გავლენის შემცირება, თუმცა ეს ერთბაშად არ მომხდარა. მათი პოლიტიკური სარბიელიდან გაქრობას ხანგრძლივი დრო დასჭირდა.

როსტომ-ხანი იმამყულის სახიფათო მეტოქე იყო. უნდილაძეების წინააღმდეგ ბრძოლა როსტომ-ხანმა კავკასიაში მყოფ თეიმურაზ I-ის მოკავშირე დაუდ-ხანთან დაპირისპირებით დაიწყო. სპარსელების წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში, რასაც განჯა-ყარაბაღის დარბევა მოჰყვა შედეგად, თეიმურაზი და დაუდ-ხანი ერთად მოქმედებდნენ. 1633 წლის აჯანყებამ დაადასტურა ირანის მმართველი წრეების ეჭვები დაუდ-ხანის მოღალატეობის შესახებ. შაჰ-სეფი სასტიკად გაუსწორდა დაუდ-ხანის ოჯახის წევრებს. ფაქტიურად ეს გახდა იმამ-ყული-ხანის განადგურების საბაბიც. ყაზვინის მოედანზე სიკვდილით დასაჯეს ხანი და მისი სამი ვაჟი – სეფიყული-ხანი (ლარის ბეგლარბეგი), ფათალი-ბეგი, ალი-ყული-ბეგი. ჯალათობა შაჰ-სეფიმ იმამყული-ხანის ახლო ნათესავებს, მის სიძეებს, ქართველებსა და ერთ ყიზილბაშს დაავალა. შაჰს ამით სურდა თავიდან აეცილებინა შურისძიება ქართველთა მხრიდან, ხოლო ქელბალი-ბეგ ეშიკაღასის მონაწილეობა კი ამ აქტში ყიზილბაშთა მხრიდან შურისძიებად აღიქმებოდა. ფარსადან გორგიჯანიძე იმამყული-ხანის ოჯახის ამოწყვეტას მთლიანად დაუდ-ხანის მოღალატეობით ხსნის: “შაჰ სეფი ყაენმან დაუდ-ხანის ჯავრით მისი ძმა იმამყული-ხან შვილებიანად დახოცა. დაუდ-ხანი იმამყული-ხანის ძმა იყო, ყაენს უმუხანათა. . . უბრალოთ ძმის ოჯახი მოსთხარა”

ასე დასრულდა უნდილაძეთა ორმოცწლიანი ბატონობა ირანში.

აღსანიშნავია იმამყული-ხანის განსაკუთრებული დამსახურება ირანის წინაშე სამხედრო სფეროში. მისი თაოსნობით სპარსეთმა შეძლო სპარსეთის ყურიდან მთლიანად განედევნა პორტუგალიელები. პორტუგალიელები კუნძულ ჰორმუზიდან რომ გადადენა, მისი სახელი მთელს ირანში ქუხდა. ირანის მთავრობამ არ დაივიწყა მისი ამაგი და ახლა, ამ ბოლო წლებში ქალაქ ჰორმოსში მას ძეგლი დაუდგეს.

იმამ ყული-ხანს ირანში განათლებული ადამიანის სახელი ჰქონდა გავარდნილი. შირაზში არსებობდა კარმელიტების კათოლიკური რეზიდენცია. მათ ძალიან საინტერესოდ აქვთ აღწერილი, რა ხდებოდა იმხანად ირანში და სწორედ ამ ქრონიკაში, ორდენის ერთ-ერთი პრეფექტი 1623 წელს წერს, იმამ ყული-ხანმა ჩვენგან მოითხოვა პლატონისა და არისტოტელეს წიგნები და, ამავე დროს, ბიბლიის არაბული თარგმანიო. საინტერესოა, რომ ამ დროს ის აღარ იყო ქრისტიანი, თუმცა, ბიბლია მაინც აინტერესებდა. ბერძნულ-ბიზანტიური და აღმოსავლური კულტურით დაინტერესება იმამყული-ხანს მრავალმხრივ პიროვნებად წარმოგვიდგენს, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებდა ქართულ და სპარსულ კულტურულ ორიენტაციას. იგი ელჩების, ისტორიკოსებისა და მოგზაურების ყურადღებას იქცევდა, მის შესახებ წერდნენ ქართველი და სპარსელი პოეტები.

იმამ ყული-ხანის სახელი ირანში იმდენად განთქმული იყო, რომ სპარსელ პოეტს, მაულან კადრის, ორი პოემა მიუძღვნია მისთვის: „ჯანგნამა“ და „ჯარუნნამა“. ეს იმ ტერიტორიების სახელწოდებებია, რომლებიც იმამ ყული-ხანმა ირანს შემოუერთა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორივე პოემა სპარსული ლიტერატურის ანთოლოგიაშია შესული.

1633 წელს, როდესაც თეიმურაზ პირველმა მოაწყო აჯანყება ახალი შაჰის წინააღმდეგ, იმამ ყული-ხანმა მონაწილეობა მიიღო ამ აჯანყებაში, რის გამოც ის სიკვდილით დასაჯეს.

“25 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი ბავშვია” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 432-ე დღე

რუსული ძალების მიერ ნასროლი რაკეტები დნეპროპეტროვსკის ოლქში სამოქალაქო შენობებს მოხვდა, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერჰი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.

„მტერმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. მათგან 7 ჩამოაგდეს, მაგრამ არის დარტყმებიც. 25 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი ბავშვია”, – დაწერა სერჰი ლისაკმა „ტელეგრამ“ არხზე.

მისივე თქმით, პავლოგრადში სამრეწველო საწარმო დაზიანდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ამასთან, გუბერნატორის ინფორმაციით, საცხოვრებელ ზონაში 19 მაღალსართულიანი კორპუსი, 25 კერძო სახლი, ექვსი სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება და ხუთი მაღაზია დაზიანდა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული ძალების მიერ მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს გაშვებული 18 ფრთოსანი რაკეტიდან 15 გაანადგურეს, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

„დაახლოებით 02:30 საათზე, რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინას სტრატეგიული ავიაციის ცხრა „ტუ-95“ თვითმფრინავით ოლენეგორსკის ტერიტორიიდან და ორი „ტუ-160“ თვითმფრინავით -კასპიის ზღვის რეგიონიდან“, – დაწერა ზალუჟნიმ „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა 18 Х-101/Х-555 ტიპის საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს.

რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

დედაქალაქ კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვა მუშაობს და მოქალაქეებს განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდა.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის სერგეი ბრაჩუკის განცხადებით, სარაკეტო შეტევა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, დონეცკის, კიევის, სუმის, პოლტავას, ზაპოროჟიესა და ჩერკასის ოლქების მიმართულებით.

უნგრეთმა ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა უკრაინაში ომის გამო

უნგრეთმა ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა უკრაინაში ომის გამო, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

სიიარტო გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უნგრეთის ქცევა არ შეესაბამება ნატო-ს მოკავშირის სტატუსს.

„თუ ეს განცხადება ნიშნავს: „პატივისცემით მადლობას ვუხდი უნგრელებს უკრაინიდან მილიონზე მეტი ადამიანის შეფარებისა და მათზე ზრუნვისთვის და პატივისცემით მადლობას ვუხდი მათ დახმარების გამოგზავნისთვის, მაშინ მივესალმები ამ განცხადებას და შეგიძლიათ, ჩვენი იმედი მომავალშიც გქონდეთ“, – წერს პიტერ სიიარტო საკუთარ სოციალურ ქსელში.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ზელენსკის არ აქვს უფლება, გადაწყვიტოს, არის თუ არა უნგრეთის, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნის ქცევა შეუსაბამო.

მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა „ფინანსურად არარსებული“ ქვეყანაა და ევროპის მხარდაჭერის გარეშე „ომი დაუყოვნებლივ დასრულდება“.