Home Blog Page 2018

,,ხან ჩემი კბილები არ მოსწონთ, ხან პალტო, სათვალე, ვარჯიში, თურმე ხაბეიშვილი ვიღაცის მართულია”- ლევან ხაბეიშვილი

ხან ჩემი კბილები არ მოსწონთ, ხან პალტო, სათვალე, ვარჯიში, თურმე ხაბეიშვილი ვიღაცის მართულია, ეს ხომ რუსული პროპაგანდაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული ადამიანები პარტიიდან გადიან, მერე ილანძღებიან, როგორც რუსული პროპაგანდა საუბრობს, ისე საუბრობენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ადამიანი, ვინც გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ მზად ვართ, არავისთვის კარი არ დაგვიხურავს. ეს არ არის ჩვენი თამაშის წესები. ზოგი ადამიანი რას ვერ ეგუება იცით, პრივილეგირებულ სიტუაციაში იყვნენ, მუდმივად რაღაც ოთახის რაღაც კუთხეში წყვეტდნენ, ეს ვეღარ იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ყველა რაიონული თავმჯდომარე დაინიშნა არჩევნებით. ვწუხვარ, როგორც კობახიძე, რუსული პროპაგანდა საუბრობს, ისე საუბრობენ კონკრეტული ადამიანები. ხან ხაბეიშვილის კბილები არ მოსწონთ, ხან რომ პალტო არ მოსწონთ, ხან სათვალე და ხან ჩემი ვარჯიში, ეს ხომ რუსული პროპაგანდაა, თურმე ხაბეიშვილი სადღაც ვიღაცის მარიონეტი მართულია, ეს ხომ რუსული პროპაგანდაა, ვის სჯერა. თან ადამიანები, რომლებსაც ვერც კი ხედავენ საჯარო სივრცეში. როგორც რუსული პროპაგანდა აკეთებს, უნდათ ახალა დაარწმუნონ, იმის მართული, ამის მართული. ყველა გამოაჩინოს თავისმა საქმემ. ჩემთვის არავის არასდროს არაფერი უჩუქებია, ხალხის მხარდაჭერა ჰქონოდათ და ყოფილიყვნენ. კონკრეტული ადამიანები პარტიიდან გადიან, მერე ილანძღებიან. ხატია დეკანოიძე საერთოდ სხვა ფენომენია, სასაცილოც აღარ არის, მან პარტია დატოვა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანები დაფასდებიან საქმით, არ იქნებიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში, გამორიცხულია. დიახ, ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანია ოზურგეთის საკრებულოს წევრი ბახვიდან, თათია ნიკოლაშვილი, თელავის საკრებულოს მაჟორიტარი გიგი გიგიტელაშვილი, ვიდრე კონკრეტული ადამიანი, რომელიც პრივილეგიებს ითხოვს პარტიაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ხათუნა სამნიძის განცხადებას გამოეხმაურა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ხათუნა სამნიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სამნიძე ამბობს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელს უშლის საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.

ქართველიშვილი სვამს კითხვას – რატომ გახდა იძულებული ხათუნა სამნიძე, თავისი ახალი კოლეგები დაედანაშაულებინა საქართველოსთვის ევრო-სტატუსის მინიჭების პროცესში გამიზნულ ხელის შეშლაში.

„როდესაც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ცნობადი სახე, ექს-ომბუდსმენი გიორგი ტუღუში იძულებული იყო თავის ყოველწლიურ ანგარიშებში ნაწილობრივ მაინც ემხილა ჯალათობრივი რეჟიმი, გებადებოდა კითხვა, რატომ გააკეთა ეს?
როდესაც ნაცების ერთგული VIP-მომხრე კაკო ბობოხიძე პირდაპირ ეთერში გვეუბნება: “რომ არა ჩვენი საარჩევნო მანიპულაციები 2012 წელს, ოცნება 70%-ს აიღებდა” კვლავ გებადება კითხვა, რა მოტივაციით “ჩაუშვა” მან თავისი კოლეგები და საჯაროდ ამხილა ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში?

როდესაც „ნეო-ნაცი” ხათუნა სამნიძე იძულებული გახდა თავისი ახალი კოლეგები დაედანაშაულებინა საქართველოსთვის ევრო-სტატუსის მინიჭების პროცესში გამიზნულ ხელის შეშლაში კვლავ იგივე შეკითხვა გებადება, რა ხდება?

ჩემი აზრით, ხდება ამ კორპორაციისთვის დამახასიათებელი პროცესის მორიგი მცდელობა “ახალ მატარებელში” გადაჯდომის სახით. იმ მატარებელში, რომელმაც 2024-ის არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს ისინი, ახალი “მემანქანითა” და ახალი “ბორტგამცილებლებით”…

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილთან ვიზიტებმა არ ჩაიარეს უშედეგოდ და ვიზიტორებმა საჭირო რჩევა-დარიგებები მიიღეს. აშკარად “დაემთხვა” ეს ყველაფერი აშშ-ს ახალი ელჩის ჩამოსვლას და ქართულ პოლიტტექნოლოგებში საჭირო კორექტივების შეტანას – „ნაცსექტა“ ჩასაძირია, ხოლო მორიგი “პლასტიკური ოპერაციის” შემდეგ, “განახლებული” „ნაცები“ ცდილობენ ახალ პოლიტიკურ მომავალში “სუფთა ხელებით” შემოაბიჯონ…“, – წერს ქართველიშვილი.

,,ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში საკმარისად სწრაფად არ შედის”- ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში საკმარისად სწრაფად არ შედის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობა სწრაფად იღებს ჰუმანიტარულ დახმარებას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

,,საკმარისად სწრაფი არ არის.”

,, მათ პარტია აქციეს მილიონერთა კლუბის წარმომადგენლებად”- მელია

„რას მოიგებენ, ვისი გამრიცხავები არიან“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ პარტიის ახალ მენეჯმენტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მათ პარტია აქციეს მილიონერთა კლუბის წარმომადგენლებად.

მელიას თქმით, პარტიის მენეჯმენტი მისი პარტიიდან გარიცხვით ვერაფერს მოიგებს.

„რას მოიგებენ, ვისი გამრიცხავები არიან, მთელი 9 თვის განმავლობაში – ტრუბა, კვადრატი, მილები დააქვთ და სოფელ-სოფელ არჭობენ ევროკავშირისა და საქართველოს დროშას, ეს არის მათი მთელი  კამპანია, განსხვავებული რა გაუკეთებიათ?! დროშა უნდა აფრიალო გამარჯვების შემდეგ.

პარტია აქციეს მილიონერთა კლუბის წარმომადგენლებად, რომლებსაც ბიზნესი, დეკლარირებულიც არ აქვთ და ოპოზიციიდან იშენებენ სახლებს, მენეჯმენტის ძირითად ნაწილს ვგულისხმობ“, – აცხადებს ნიკა მელია.

“ჰამასმა” ყველაზე მასიური თავდასხმა, ცოტა ხნის წინ, ისრაელის ცენტრზე განახორციელა

“ჰამასმა” ყველაზე მასიური თავდასხმა, ცოტა ხნის წინ, ისრაელის ცენტრზე განახორციელა. თავდასხმა იმდენად მასშტაბური იყო, რომ, ქალაქის დასახლებულ ადგილებში, რაკეტების ნამსხვრევები ცვიოდა. რის გამოც, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამთავრობო საგანგებო თათბირი ჩანიშნა. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როგორი იქნება ისრაელის პასუხი ამ თავდასხმაზე.

გუშინ დაპირებული 50 მძევლის ნაცვლად, “ჰამასმა” მხოლოდ ორი ხანდაზმული ქალი გაათავისუფლა, თუმცა ტყვედ დაიტოვა მათზე უფრო ასაკოვანი ქმრები.

მთელი მსოფლიოს ჩართულობის მიუხედავად, ომის მე-18 დღეს, 200-ზე მეტი მძევლიდან, ტერორისტებს მხოლოდ 4 ჰყავთ გათავისუფლებული. ამას ცახალისთვის ხელი არ შეუშლია, რომ მხოლოდ დღეს, ღაზის სექტორზე 400 სარაკეტო დარტყმა განეხორციელებინა.

პალესტინური მხარე აცხადებს, რომ შედეგად, ანკლავში, 700 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში კი, 7 ოქტომბრიდან, იმავე წყაროს მონაცემებით, 5 ათასზე მეტი პალესტინელია დაღუპული, ისრაელის მხრიდან კი მსხვერპლი 1400-ია.

თელ-ავივსა და არაბულ ქვეყნებში მსოფლიო ლიდერები ყოველდღე ჩადიან, თუმცა რეალური პროგრესი არ არის. ომის შეჩერება ვერ ხერხდება, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფაა, “ჰამასს” კი მძევლები ისევ ცოცხალ ფარად ჰყავს დატოვებული.

,,ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ხელს უშლიან პარტნიორებს სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში”- სამნიძე

ვინმე თუ ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილების გადავადება უფრო კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე სტატუსის დღესვე გამოცხადება, მონიტორინგის გაძლიერება, ევროპის გვერდში დგომა, ტრიოში დაბრუნება, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას, არა საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც შემდეგ მათ შორის მეც მეუბნებიან, როგორია თქვენი გზავნილი, ვერ გავიგეთ,  – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძის თქმით, არიან ოპოზიციაში პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან საერთაშორისო პარტნიორებთან და ხელს უშლიან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ერთი მხრივ, არის საუბარი, რომ შესაძლებელია, სტატუსმა, რომელსაც მიიღებს ქვეყანა (და იმედი მაქვს, რომ მიიღებს, უკვე ისმის პოზიტიური გზავნილები ამასთან დაკავშირებით), შესაძლებელია, ხელი მისცეს „ქართულ ოცნებას“, არჩევნებისთვის გაძლიერდეს. მე ვთხოვ მაყურებელს, ყველას, ვინც ამას ამ კუთხით უყურებს, შეხედოს მეორე მხარეს, სტატუსი რომ არ მიიღოს ქვეყანამ და ასეთ ვითარებაში ჩავვარდეთ, როგორ გაძლიერდება ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, როგორ არჩევნებს ჩაატარებს და როგორ დარჩება მთელი ქვეყანა რუსეთის პირისპირ.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ სტატუსის გადაწყვეტილების გადავადება უფრო კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე სტატუსის დღესვე გამოცხადება, მონიტორინგის გაძლიერება, ევროპის გვერდში დგომა, ტრიოში დაბრუნება, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას, არა საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც შემდეგ ჩვენ, მათ შორის მეც მეუბნებიან, როგორია თქვენი გზავნილი, ვერ გავიგეთ, თქვენ ამბობთ, თავს იკლავთ, რომ გჭირდებათ სტატუსი, ეს სჭირდება ქვეყანას, ხელისუფლება მიდის და მოდის, მთავარია, ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, არ აქვს მნიშვნელობა, დღეს როგორი ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას – შენ ამას მეუბნები, რამდენიმე შენი კოლეგა, განსაკუთრებით ქალი დეპუტატები, რომლებიც ვგეგმავთ, რომ გვქონდეს კონკრეტული ვიზიტები კონკრეტულ დედაქალაქებში, ამაზეც ვსაუბრობთ ერთმანეთთან, ამ დროს არიან ოპოზიციაში პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვფიქრობ, ხელს უშლიან ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამას პირველად ვამბობ ეთერში თქვენთან, ეს ინფორმაცია დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ ბოლო დღეებში, დღეს კიდევ უფრო გაძლიერდა და მეტი ინფორმაცია მივიღეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ დიახ, ეს ასე ხდება. მინდა, ვთხოვო ჩვენს კოლეგებს, თქვენი ეთერითაც და ისედაც ვთხოვო, გასაგებია, ვიცით უკვე ვისზე და რაზეა საუბარი, გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან ეს, საზოგადოებას უთხრან საკუთარი პოზიცია, თუ თვლიან, რომ ეს არის სწორი. მათ იციან, რომ არ არის სწორი ეს პოზიცია“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ  „ტვ პირველის“ ეთერში.

„რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”- შალვა პაპუაშვილ

„რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საქართველოს ორი ისტორიული ნაწილის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციით“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეაზე გამოსვლისას, რომელიც ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში იმართება. ასამბლეის მუშაობაში 130 ქვეყნის 50-ზე მეტი სპიკერი მონაწილეობს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკანასკნელ წლებში, მზარდი დეზინფორმაციული კამპანიის მომსწრე ვართ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას, სიმართლის დამახინჯებასა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის ძირის გამოთხრას.

„საქართველოც არ არის დაცული ამ უპრეცედენტო გამოწვევისგან. პრობლემა მდგომარეობს, ერთი მხრივ, გარე გეოპოლიტიკურ ზეწოლასა და უცხოური ჩარევის საფრთხეში და, მეორე მხრივ, შიდა რადიკალიზმისა და პოპულიზმის ზრდაში. საგარეო მიმართულებით, რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საქართველოს ორი ისტორიული ტერიტორიის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციით; უარს აცხადებს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე და ადგილზე ინარჩუნებს არასტაბილურობასა და კრიმინალურ აქტივობებს. ეს უნდა დასრულდეს. საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების უპატივცემულობა პანდორას ყუთს ხსნის, რის გამოც მთელი მსოფლიო შეიძლება არნახულ ქაოსში გაეხვიოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

,,გულდასაწყვეტია, ევროკავშირის ფული იხარჯება ექსტრემიზმის წახალისებაში”- პაპუაშვილი

სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს, რამდენიმე ჩინოვნიკი ადგილზე USAID-ში ასე უდიერად ეპყრობა იმ კეთილ სახელს, რომელიც ამერიკელი ხალხის დახმარებას აქვს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  USAID-ის მხრიდან დღემდე არ არის პასუხი, თუმცა ამ შემთხვევაში პასუხის არქონაც იმის დადასტურებაა, რომ 2020 წლის არჩევნებში USAID-ი ერეოდა არჩევნებში, როცა მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია პარალელური დათვლის ყალბ შედეგებს ავრცელებდა, ხოლო თავად ორგანიზაციის ჩინოვნიკებმა იცოდნენ ეს და უმალავდნენ ქართულ საზოგადოებას.

„უკვე მერამდენე სკანდალია, რომელშიც USAID-ი ეხვევა და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. წლების განმავლობაში ვმუშაობდი განვითარების სფეროში და ძალიან კარგად ვიცი, თუ რა როლი აქვს ამერიკულ დახმარებას საქართველოში. სამწუხაროა, რომ, როგორც ჩანს, რამდენიმე ჩინოვნიკი ადგილზე USAID-ში ასე უდიერად ეპყრობა იმ კეთილ სახელს, რომელიც ამერიკელი ხალხის დახმარებას აქვს საქართველოში და განმარტებებსაც არ ვისმენთ, რაღაც ერთწინადადებიანი განცხადებებია, რომლებიც წერილობით ქვეყნდება ხოლმე. დღემდე არ არის პასუხი, თუმცა ამ შემთხვევაში პასუხის არქონაც დადასტურება არის, რომ 2020 წლის არჩევნებში USAID-ი ერეოდა არჩევნებში იმით, რომ მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ავრცელებდა ყალბ შედეგებს პარალელური დათვლისა, ხოლო თავად USAID-ის ჩინოვნიკებმა იცოდნენ ეს და უმალავდნენ ამას ქართულ საზოგადოებას. ამ კითხვას მე არ შევეშვები და, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი საჭიროა მათი მხრიდან, თუმცა კიდევ ერთხელ, დუმილიც, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დადასტურება არის. რაც შეეხება ამ კონკრეტულ სიტუაციას. ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული შეკრული წრეა. ერთის მხრივ, ხდება დატრენინგება ადამიანებისა, რომ მათ უფრო რადიკალური დღის წესრიგი ჰქონდეთ. შემდეგ ხდება მათი მხარდაჭერა, როდესაც რადიკალური აქციები ტარდება და გვახსენდება ჩვენ განცხადებები ამ დროს ხოლმე სხვადასხვა უცხოელი აქტორის მხრიდან და, საბოლოო ჯამში, ხდება მათი მფარველობა, როდესაც ისინი არღვევენ კანონს. ეს არის რეალურად ასეთი პროექტები თუ ასეთი დაფინანსება, ჯარიმების გადახდა არის კარტ-ბლანში მოძალადეებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ველით ჩვენ განმარტებებს, როგორც USAID-ის მხრიდან, ისე განსაკუთრებით გამოჩნდა ახლა კიდევ ერთხელ EED – ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელიც საქართველოში ფარულად მოღვაწეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი დაფინანსებების შესახებ ასე შემთხვევით თუ გავიგებთ ხოლმე. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია მალავდა, რომ მას ჰქონდა ამ ორგანიზაციის, EED-ის დაფინანსება, მალავდნენ და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გახდა ცხადი, რომ ასეთი პროექტები აქვს, მხოლოდ მას შემდეგ აღიარეს, რომ აქვთ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, გულდასაწყვეტია, როდესაც, ერთი მხრივ, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს დეპოლარიზაციისკენ და, მეორე მხრივ, ევროკავშირის ფული, მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია EED-ის (ევროპის დემოკრატიული ფონდი) მეშვეობით, საქართველოში იხარჯება ექსტრემიზმის წახალისებაში.

„ეს კიდევ უფრო უცნაური და ძალიან გულდასაწყვეტი საკითხია, როდესაც, ერთი მხრივ, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს დეპოლარიზაციისკენ და, მეორე მხრივ, ევროკავშირის ფული, მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია EED-ის მეშვეობით, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ფულს, აი, ეს ფული საქართველოში იხარჯება ექსტრემიზმის წახალისებაში. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ევროკავშირს ამ ფონდის დაფინანსებას იღებს „დროა“, რომელიც არის არჩევნების უარმყოფელი ჯგუფი და ამავე დროს რადიკალიზმით გამოირჩევა. ამ ორგანიზაციამ გადაიხადა პარლამენტის შტურმში ბრალდებული ნიკა მელიას გირაო. ეს ორგანიზაცია აფინანსებს „სირცხვილიას“ და მის იმ კამპანიას, რომელიც ემსახურებოდა „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებას და ეს ორგანიზაცია, როგორც აღმოჩნდა, აი, ამ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ კანონს და რომლებიც ძალადობენ აქციების დროს, აძლევს პირდაპირ კარტბლანშს ძალადობისთვის, რაც თავისთავად არ ემსახურება ქართველი ხალხის სიკეთეს და, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე ევროკავშირის მხრიდანაც გვქონდეს განმარტებები, მათ შორის, წევრი ქვეყნების საელჩოების მხრიდან, ევროკავშირის საელჩოს მხრიდან გვქონდეს განმარტებები, რასთან გვაქვს საქმე; ეს ფარული დაფინანსებები საქართველოში რამდენად ჯდება ევროკავშირის ღირებულებებში და, განსაკუთრებით, როდესაც ფული მიდის რადიკალურ ჯგუფებში, ემიჯნება ამას თუ არა ევროკავშირი, თუ ეს არის ის დაფინანსება, რომელზეც ფიქრობს, რომ არის სწორი. კიდევ ერთხელ, ნებისმიერი ეს ცენტი დახარჯული საქართველოში არის ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ და, რაც მთავარია, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ დახარჯული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

,,დასავლეთიდან მესიჯები ცალსახად არის პოზიტიური”- გურამ მაჭარაშვილი

კანდიდატის სტატუსი უკრაინასაც და მოლდოვასაც მისცეს დათქმებით და ვიცით, რომ ძალიან ბევრი მათგანი ჯერ-ჯერობით შესრულებული არ არის. შესაბამისად, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ ასოცირებულ ტრიოში ლიდერი ქვეყანა ვართ და ეს იცის ბრიუსელმაც და თუ დათქმები იქნება, ამის არავის ეშინია, – ამის შესახებ ხალხის ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არ უხარია დასავლეთიდან წამოსული პოზიტიური გზავნილები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებაა.

„ნახეთ, როგორი სურათია: ისინი, ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ცალ-ცალკე ყველა სახელმწიფოს ლიდერი პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეუბნება, რომ საქართველოს ექნება მათი მხარდაჭერა. გადაწყვეტილების მიმღებები პოზიტიურად არიან განწყობილები, ხოლო ის ხალხი, ვისაც წესით ეს გადაწყვეტილება უნდა უხაროდეს – ქართული ოპოზიცია ამბობს, შეიძლება სტატუსი მოგვანიჭონ, მაგრამ მოგვანიჭებენ დათქმებითო. ასევე, ამბობენ, შეიძლება მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს ის არ იქნება, რაც თქვენ გგონიათ, საქართველო ამას არ იმსახურებს და ა.შ. სწორედ ეს არის ის რეალობა, რომელზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით – რადიკალური ოპოზიციის მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლება, მეტი არაფერი.

რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა დათქმები, მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ კანდიდატის სტატუსი უკრაინასაც და მოლდოვასაც მისცეს დათქმებით და ვიცით, რომ ძალიან ბევრი მათგანი ჯერ-ჯერობით შესრულებული არ არის. შესაბამისად, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ ასოცირებულ ტრიოში ლიდერი ქვეყანა ვართ და ეს იცის ბრიუსელმაც და თუ დათქმები იქნება, ამის არავის ეშინია. როგორც 12-პუნქტიანი გეგმის ყველა ნაწილი შევასრულეთ, ისე შევასრულებთ იმ დათქმებსაც. ამის რომ არ სჯეროდეთ, არც ასეთი პოზიტიური გზავნილები იქნებოდა ბრიუსელიდან.

დარწმუნებული ვარ, ისინი ნანობენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთან მიმართებაში შარშან მიიღეს, რადგან ეს ყველაფერი გლობალური ომის პარტიის მიერ იყო ნაკარნახევი. როდესაც ნახეს, რომ თავი არ დავუხარეთ, ცალ ფეხზე დგომით და ღირსების გარეშე არ გვინდა ევროკავშირში შესვლა, გვინდა, რომ ევროკავშირის წევრი ღირსეულად გავხდეთ – როდესაც ეს ყველაფერი დაინახეს, როგორც ჩანს, ამის შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. შედეგს ყველა ერთად ვნახავთ, მაგრამ მესიჯები ცალსახად არის პოზიტიური. ასე რომ, თუ დათქმები იქნება, მთავარია, სტატუსი მოგვცენ და ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ ისევე ბეჯითად მუშაობას, როგორც აქამდე ვმუშაობდით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

არჩილ თალაკვაძემ ყირიმის პლატფორმის სამიტზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა

არჩილ თალაკვაძემ ყირიმის პლატფორმის სამიტზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ დელეგაციამ სამიტზე სხდომებთან ერთად პარტნიორებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

„ჩვენს მიმართვას პლენარული სესიისადმი, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა იმსახურებენ ევროკავშირის წევრობას, ძალიან სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. სესიის არაერთმა მონაწილემ პირდაპირ გამოხატა თავისი დამოკიდებულება და მხარდაჭერა ამ განცხადების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ განწყობები იცვლება და ამ ურთულესი ომის შემდეგ, ყველა ხედავს, რომ საჭიროა განახლება.

დაველოდოთ, პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირზე არის. მოველით, რომ დეკემბერში პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება. სხვა გადაწყვეტილება არც იქნება სწორი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

,,საქართველო  ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს”- ოლივერ ვარჰეი

ოლივერ ვარჰეი-საქართველო  ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

კარგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა.

შევაფასეთ  12 ძირითადი პრიორიტეტის  შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალუსხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში,- ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

როგორც ოლივერ ვარჰეი აღნიშნავს, საქართველო  ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

“კარგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა.

შევაფასეთ  12 ძირითადი პრიორიტეტის  შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალუსხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში.

ქვეყნის ძალისხმევა კარგად იქნა მიღებული.

საქართველო  ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”,- წერს ოლივერ ვარჰეი.

ახმეტა-ალვანის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ახმეტა-ალვანის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ცნობით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომობილი, რომელშიც ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, გადაბრუნდა.

დაშავებული არასრულწლოვნები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების თქმით,  მოზარდებს მოტეხილობები და მუცლის დახურული ტრავმები აღენიშნებათ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.