“ჰამასმა” ყველაზე მასიური თავდასხმა, ცოტა ხნის წინ, ისრაელის ცენტრზე განახორციელა

51
spot_img

“ჰამასმა” ყველაზე მასიური თავდასხმა, ცოტა ხნის წინ, ისრაელის ცენტრზე განახორციელა. თავდასხმა იმდენად მასშტაბური იყო, რომ, ქალაქის დასახლებულ ადგილებში, რაკეტების ნამსხვრევები ცვიოდა. რის გამოც, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამთავრობო საგანგებო თათბირი ჩანიშნა. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როგორი იქნება ისრაელის პასუხი ამ თავდასხმაზე.

გუშინ დაპირებული 50 მძევლის ნაცვლად, “ჰამასმა” მხოლოდ ორი ხანდაზმული ქალი გაათავისუფლა, თუმცა ტყვედ დაიტოვა მათზე უფრო ასაკოვანი ქმრები.

მთელი მსოფლიოს ჩართულობის მიუხედავად, ომის მე-18 დღეს, 200-ზე მეტი მძევლიდან, ტერორისტებს მხოლოდ 4 ჰყავთ გათავისუფლებული. ამას ცახალისთვის ხელი არ შეუშლია, რომ მხოლოდ დღეს, ღაზის სექტორზე 400 სარაკეტო დარტყმა განეხორციელებინა.

პალესტინური მხარე აცხადებს, რომ შედეგად, ანკლავში, 700 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში კი, 7 ოქტომბრიდან, იმავე წყაროს მონაცემებით, 5 ათასზე მეტი პალესტინელია დაღუპული, ისრაელის მხრიდან კი მსხვერპლი 1400-ია.

თელ-ავივსა და არაბულ ქვეყნებში მსოფლიო ლიდერები ყოველდღე ჩადიან, თუმცა რეალური პროგრესი არ არის. ომის შეჩერება ვერ ხერხდება, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფაა, “ჰამასს” კი მძევლები ისევ ცოცხალ ფარად ჰყავს დატოვებული.