Home Blog Page 2018

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება – იხილეთ ინსტრუქცია

2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა, სკოლებში რეგისტრაციას IV ეტაპზე – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე გაივლიან.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები:

• მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

• მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

“პოლიტიკური რეალობა ასეთია – ამომრჩევლის უმრავლესობა მომავლის არჩევანს ითხოვს” – გია ხუხაშვილი

პოლიტიკური რეალობა ასეთია: ამომრჩევლის უმრავლესობა ბუნებრივია ითხოვს მომავლის არჩევანს და რადგან “ქართული ოცნება” სტაბილურად ასოცირდება მანკიერ აწმყოსთან, ხოლო “ნაც.მოძრაობა” ასევე სტაბილურად მანკიერ წარსულთან, არც ერთ ამ პოლიტიკურ ცენტრს ელექტორალური ზრდის პოტენციალი არა აქვს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი წერს.

მისი თქმით, მათი ერთადერთი შანსია ორპოლუსიანობის შენარჩუნება და ამომრჩევლის ნეგატიურ, წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანის პირისპირ იძულებით ჩატოვება.

“ელექტორალური, მათ შორის ნახტომისებური ზრდის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ისეთ პოლიტიკურ ცენტრს, რომელიც თანაბრად იქნება დაშორებული ორივე პოლუსისგან, შეიმუშავებს პოზიტიურ, მომავალზე ორიენტირებულ დღის წესრიგს და შეძლებს გარკვეული ძალის დემონსტრირებას.

განაცხადი უნდა იყოს მკვეთრი და ყველასთვის გასაგები – წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ არც წარსულთან(ნაცები) და არც აწმყოსთან(ქოცები).

იქნებიან თანმიმდევრული და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანენ სისტემას, რომელზეც იდგა და დგას ქოციც და ნაციც, პირობითი “კოლექტიურ მურუსიძის” სახით…”– წერს გია ხუხაშვილი.

“ვიმედოვნებთ, გააკეთებენ ყველაფერს, რათა უზრუნველყოფილი იქნას ქართული მედიის თავისუფლება”

მედიისა და სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, მედიის თავისუფლება არის 12 პრიორიტეტის ერთ-ერთი პუნქტი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, ის იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება მედიის თავისუფლება.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რათა უზრუნველყოფილი იქნას, რომ ქართული საზოგადოება და ქართულია მედია იყოს თავისუფალი. რაც შეეხება კითხვას რა უნდა გააკეთოს ან არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. თავისუფლად შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს უფლებები საქართველოშიც იქნება აღსრულებული. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და ხაზს ვუსვამთ ამ უფლებების შენარჩუნების საჭიროებას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

სპეციალური დეველოპერული შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის

თიბისი კონცეპტი, თიბისის პერსონალურ საბანკო მომსახურებაა, რომლის მიზანია ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში.

ამჯერად, თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შეგიძლიათ შეიძინოთ ბინა და ისარგებლოთ სპეციალური პირობებით დეველოპერულ პროექტში „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“.

კონცეპტის მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება მოიცავს:

  • 7 %-იან ფასდაკლებას ნებისმიერ ბინაზე;
  • 8 %-იან ფასდაკლებას სპეციალური პირობით;
  • 18 %-იანი ფასნამატით შეძენილი ბინის გამოსყიდვას მშენებლობის დასრულების შემდეგ;

8 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენთან ერთად ბინას შეიძენს თქვენს მიერ რეკომენდირებული პირი, რომელზეც ავტომატურად გავრცელდება ასევე 8 % – იანი ფასდაკლება.

„კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ მრავალი უპირატესებით გამოირჩევა, მათ შორისაა მულტიფუნქციური ცენტრი, 45 მეტრიანი ქვიშის აუზი ზღვის ტალღების იმიტაციით, ჩოგბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, სპორტ დარბაზი და სპა ცენტრი, ბოულინგის კლუბი, მინი გოლფის მოედანი, იპოდრომი, ამფითეატრი, ღვინის სადეგუსტაციო სივრცე და სხვ.

პროექტის მშენებლობის მე-4 ფაზა დასრულებულია, მიმდინარეობს მე-5 ფაზის მშენებლობა.

არ გამოტოვოთ სპეციალური შეთავაზება, რომელიც 2023 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.

დეტალური ინფორმაციისა და დახმარებისთვის კი შესაძლებლობა გაქვთ, დაუკავშირდეთ თქვენს პირად ბანკირს ან კონცეპტ ცენტრს.

R

“პრეზიდენტს ლაშა ხუციშვილის სახელი და გვარი არ მოსწონს თუ მის კომპეტენციაშია რაიმე პრობლემა?!” – ირაკლი ზარქუა

პრეზიდენტს ლაშა ხუციშვილის სახელი და გვარი არ მოსწონს, მის კომპეტენციაშია რაიმე პრობლემა?! – “კომპეტენტურია, გამოცდილია, მაგრამ არ მომწონს” – ჰოდა, ამას არ გავუტარებთ! – ეს განცხადება პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, მომავალ სასესიო კვირას პარლამენტი “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გადალახავს და “ეროვნულ ბანკს ქალბატონი სალომეს საბოტაჟისგან იხსნის”.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, პრეზიდენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად შეთავაზებული ლაშა ხუციშვილი არის კვალიფიციური ადამიანი, რომლის ფინანსთა მინისტრობის დროს საქართველოს ბიუჯეტი ყველაზე გამჭვირვალე და ღია ბიუჯეტად აღიარეს.

“ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ყველა ინსტიტუციას პატივი ვცეთ, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტს. არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ პატივს ვცემთ არა იმიტომ, რომ სალომე გვიყვარს – პირადად მე არ მიყვარს – უბრალოდ პრეზიდენტის ინსტიტუციას ვცემთ პატივს, რადგან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ყველამ ინსტიტუციის პატივისცემა ვისწავლოთ.

ვაკვირდებით და, საბოტაჟს უწყობს ქვეყანას! პირველი, ეს იყო ელჩების დანიშვნა. მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება იყო, რომ წარდგენილი კანდიდატებისთვის ხელი მოეწერა. ვიდრე არ ვთქვით, რომ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განეხილა, მანამდე ხელი არ მოაწერა – მერე მოაწერა და ჩვენც სარჩელი გამოვიტანეთ.

მეორე თემა ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი იყო. ვეუბნებით, კანდიდატი არის იდეალური, რომ პარლამენტს წარუდგინოს, მაგრამ არ წარადგინა და მოგვწერა, რომ სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს, მაგრამ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება ასეთია ანუ ალბათ, სახეზე არ მოსწონს …

ბოლო გვირგვინი ეროვნული ბანკია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადა ეწურება – მერე რა უნდა ვქნათ?! ქვეყანა რთულ რეგიონალურ სივრცეშია და კბილებით გვიჭირავს, რომ ინფლაცია არ გაიქცეს – ეს უნდა?! იყო პრეზიდენტთან შეთანხმება, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტოს არ დავძლევდით და ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარადგენდა – მან ესეც დაარღვია!“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, „იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა. განცხადებაშია ნათქვამია, რომ კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც – თებერვალი, 8 მარტი და სხვა“, თუმცა პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.

მმართველი გუნდი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.

“ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს სტატუსს”- პაველ ჰერჩინსკი

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე საქართველომ უნდა გამოიყენოს დრო და მიაღწიოს მაქსიმალურ პროგრესს რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

„როგორც იცით, ევროკომისია ადგენს ანგარიშს. ეს იქნება საქართველოსთვის გაფართოების საკითხზე პირველი ანგარიში ან ოქტომბერში გამოქვეყნდება მოხსენება, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს. შემდეგ წლის ბოლოს 27 წევრი ქვეყნის ლიდერი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გამართავს შეხვედრას და გადაწყვეტენ, შემდგომი რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაც ეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია, წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იყოს მაქსიმალური პროგრესისთვის 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

“სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის კლასიკური პოლიტიკური ზიგზაგი” – გია აბაშიძე

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის კლასიკური პოლიტიკური ზიგზაგი – არამდგრადობა, არაადეკვატურობა ახირებების თანხლებით. მისი მავნებლური განცხადებები იქეთ იყოს და თავის დროზე, ელჩების დანიშვნაზეც და მისთვის მინიჭებული შეზღუდული მანდატის ფარგლებშიც გამოავლინა დროებითი, სხვა ბავშვური კაპრიზები. ამჯერად საქმე ეხება კონსტიტუციურ ინსტიტუტს – საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს.

„სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის კლასიკური პოლიტიკური ზიგზაგი – არამდგრადობა, არაადეკვატურობა ახირებების თანხლებით.

მისი მავნებლური განცხადებები იქეთ იყოს და თავის დროზე, ელჩების დანიშვნაზეც და მისთვის მინიჭებული შეზღუდული მანდატის ფარგლებშიც გამოავლინა დროებითი, სხვა ბავშვური კაპრიზები.
ამჯერად საქმე ეხება კონსტიტუციურ ინსტიტუტს – საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას.
კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შესაბამისი კონსულტაციები უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი.

კონსულტაციების დროს, კონკრეტული თარიღებიც დაფიქსირდა – თებერვალი, 8 მარტი და სხვ. თუმცა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია. ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ქალბატონი ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია. საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ამგვარი უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. მისგან განსხვავებით, “ქართული ოცნების” გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს არის მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე.

ბუნებრივია, პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო.

აშშ-ში, მადამ ვიცე-პრეზიდენტზე, კამალა ჰარისზე ხშირად ამბობენ, რომ საქმის კეთების ნაცვლად, ის ხუმრობს და იცინის. ჩვენს შემთხვევაში, პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ასე ვიტყოდი – დაკისრებული მოვალეობების შესრულების ნაცვლად, ბავშვივით ჭირვეულობს და ვერ გაუცნობიერებია საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ერის წინაშე!” – წერს აბაშიძე.

საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის ტაქსებმა როგორც მაიდენტიფიცირებელი სტიკერი, ასევე, სპეციალური მანიშნობელი უნდა გამოიყენონ

თბილისის მერი კახა კალაძე მიმართავს A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელთაც 10 წლამდე ასაკის ავტომობილი ჰყავთ, საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის გამოიყენონ როგორც მაიდენტიფიცირებელი სტიკერი, ასევე, მერიის მიერ გაცემული სპეციალური მანიშნობელი, რათა არ დაჯარიმდნენ.

საავტობუსო ზოლში მოძრაობის პირობები და წესები თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ განმარტა.

„ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. როგორც იცით, ბოლო გადაწყვეტილებით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელსაც ყავთ 10 წლამდე ასაკის ავტომობილი, მივეცით საავტობუსო ზოლებში გადაადგილების უფლება. მათ უნდა აიღონ სპეციალური სტიკერი, რომელიც უნდა განათავსონ წინა საქარე მინაზე, ზედა მარჯვენა კუთხეში. ასევე, აუცილებელია სპეციალური ტაქსის მანიშნობელი, რომელიც ჩვენ დავურიგეთ. იყო შემთხვევები, როდესაც საავტობუსო ზოლში ისე გადაადგილდებოდნენ, რომ არ ჰქონდათ ტაქსის მანიშნობელი, ან სტიკერი – ეს იწვევს დაჯარიმებას. მანიშნობელიც და სტიკერიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და გაითვალისწინეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოწერილი იქნება ჯარიმა. ჯარიმების გამოწერა არავის სიამოვნებს, უბრალოდ დავიცვათ წესრიგი და ის რეგულაციები, რომელიც არის გაწერილი და რომელთან დაკავშირებით, თქვენ სრული ინფორმაცია გაქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სტიკერების გაცემის პროცესს, მერის ინფორმაციით, დღეისთვის გაცემულია 1 600-ზე მეტი სტიკერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის ავტომანქანა უკვე დაშვებულია საავტობუსო ზოლში.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ A კატეგორიის ტაქსის იმ მძღოლებისთვის, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს აღემატება, რეგულაცია არ იცვლება – ისინი საავტობუსო ზოლში მხოლოდ მგზავრის აყვანისა და ჩამოსმით უფლებით სარგებლობენ.

ამასთან, თბილისის მერმა სხდომაზე QR კოდებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის, 200-ზე მეტი QR კოდია გაცემული, რომლის საშუალებით, მგზავრს  შეუძლია ელექტრონულად გადაიხადოს, ხოლო მძღოლს თანხა მომენტალურად აესახება ანგარიშზე.

თიბისის ტექ გუნდი API Days გლობალურ კონფერენციაზე წარსდგა

მსოფლიოს წამყვანი კონფერენციის API Days 2023 წლის სერია ჰელსინკში 5-6 ივნისს ჩატარდა. თიბისის Open API-ს გუნდმა ღონისძიებაზე თიბისის ციფრული გამოცდილება ისეთ საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებს გაუზიარეს, როგორებიცაა : Google, Postman, AWS და სხვა.

საერთაშორისო ტექ კომპანიების წარმომადგენლებს გავუზიარე ჩვენი ციფრული გამოცდილების შესახებ, თუ როგორი  ხედვა გვაქვს თიბისიში API-ებთან დაკავშირებით, რა გზა გავიარეთ შიდა და გარე API-ების შემთხვევაში, რა გამოწვევები გვქონდა და რა შევცვალეთ გამოწვევების საპასუხოდ. მსგავსი კონფერენციები იძლევა შესაძლებლობას შევადაროთ ჩვენი კურსი სხვა საერთაშორისო კომპანიების ხედვებს, გავეცნოთ სხვადასხვა გამოცდილებებს და პოტენციური ახალი პარტნიორები თუ მეგობრები შეიძინოთ.” – სერგო როსტიაშვილი, თიბისის პლატფორმების ტრაიბ ლიდი.

როგორც ტექნოლოგიური კომპანიამთიბისიმ, იმისთვის რომ მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზოს და ინოვაციური გადაწყვეტებით ცხოვრება გაუმარტივოს, ხშირად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

API Days აერთიანებს წამყვან სპეციალისტებს, აძლევს მათ საშუალებას გაუზიარონ გამოცდილება და შეაფასონ ერთმანეთის სერვისები. მსგავს ღონისძიებებში ჩართულობით, ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებასთან და საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებასთან ერთად, თიბისის დეველოპერების ეფექტურობას ზრდის და კომპანიის მომხმარებელთა ყოველდღიურ ცხოვრებას კიდევ უფრო ამარტივებს.

 R

“საქართველო არის რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გახდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წლიური კალენდრის ნაწილი”

„პირველად საქართველოს ისტორიაში და პირველად რეგიონში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გახდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წლიური კალენდრის ნაწილი და ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდრა საამაყო ადგილი ისეთი წარმატებული და განვითარებული სათხილამურო კურორტების გევრდით, რომლებიც არის საფრანგეთში, შვეიცარიაში, ამერიკაში თუ კანადაში,” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმრო „რედისონში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მედიის წარმომადგენლებს გააცნეს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილება, რომ  გუდაური და ბაკურიანი, საერთაშორისო დონის, მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.

მინისტრის მოადგილის თქმით, 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში მოგულსისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში ჩატარდება.

„ეს წარმატება განაპირობა ორმა ძირითადმა ფაქტორმა: პირველი არის ძალიან წარმატებით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა მიმდინარე წლის დასაწყისში, ხოლო მეორე  – ეს არის ინფრასტრუქტურული მზადყოფნა, რომელზეც საქართველოს მთავრობამ გასული წლების განმავლობაში იზრუნა” – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბაკურიანში გასული ორი წლის განმავლობაში მოეწყო ისტორიული სათხილამურო ინფრასტრუქტურა – აშენდა ორი ხელოვნური რეზერვუარი, 3 ახალი საბაგირო, 11 სათხილამურო ტრასა და 34 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.

„მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, ეს ინფრასტრუქტურა დარჩა ბაკურიანს, როგორც სათხილამურო კურორტს და სწორედ ამ ინფრასტრუქტურამ შეუწყო ხელი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას. ამ ინფრასტრუქტურის არსებობამ განაპირობა, რომ სათხილამურო ფედერაციამ გადაწყვიტა, ბაკურიანში კიდევ 2 მორიგი მსოფლიო თასი ჩაატაროს,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის  გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  ზოგადად ჩვენი ქვეყნის სამთო სათხილამურო ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და მის პოპულარიზაციას.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ღირსეულად ვუმასპინძლოთ მსოფლიო თასს.  ჩვენი გუნდის გამოცდილება, პროფესიონალიზმი გვაძლევს იმის წინასწარ თქმის საფუძველს,  რომ საქართველო იქნება მორიგი წარმატებით გამორჩეული ქვეყანა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევძლებთ რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის სამთო სათხილამურო მიმართულების, მათ შორის ჩვენი კურორტების – გუდაურისა და ბაკურიანის ცნობადობა მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან ერთად პრესკონფერენციაში  მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები – კლაუს ვალდნერი და  უვე ბეიერი მონაწილეობდნენ.

“ახლა ეროვნული ბანკი, ეს უკვე დამთხვევები არ არის, ეს მიზანმიმართული შანტაჟი და საბოტაჟია”-ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილზე

ჯერ იყო და ელჩების დანიშვნის შეფერხება, შემდეგი იყო ცსკო-ს თავჯდომარის დანიშვნა, ახლა ეროვნული ბანკი, ეს უკვე დამთხვევები არ არის, ეს მიზანმიმართული შანტაჟი და საბოტაჟია, რასაც პირნათლად ასრულებს პრეზიდენტის სავარძელში შემთხვევით მოხვედრილი უსამშობლო, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომლის თანახმად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ქმედებები, პრობლემებს უქმნის ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას.

როგორც ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტი რომ სახელმწიფოებრივად აზროვნებდეს, არსებული რთული ვითარების ფონზე, ამგვარად არ მოიქცეოდა.

„ჯერ იყო და ელჩების დანიშვნის შეფერხება, შემდეგი იყო ცსკო-ს თავჯდომარის დანიშვნა, ახლა ეროვნული ბანკი, ეს უკვე დამთხვევები არ არის, ეს მიზანმიმართული შანტაჟი და საბოტაჟია, რასაც პირნათლად ასრულებს პრეზიდენტის სავარძელში შემთხვევით მოხვედრილი უსამშობლო, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი.
ამ ქალს ბიოლოგიური სამშობლო რომ უყვარდეს, აზროვნებდეს სახელმწიფოებრივად, გრძნობდეს პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, ამ ურთულეს დროს ასე მოიქცეოდა?
კიდევ კარგად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება ამდენი მტრის და აგენტის ხელში.“ – წერს ნინო ფოჩხუა.

“რატომ სძულს ასე რადიკალურ ოპოზიციას, მათ მართვად სამოქალაქო სექტორს და მედიას საკუთარი ქვეყანა და ხალხი?”- ლადო ბოჟაძე

რატომ სძულს ასე რადიკალურ ოპოზიციას, მათ მართვად სამოქალაქო სექტორს და მედიას საკუთარი ქვეყანა და ხალხი? როგორ შეიძლება, კონსტიტუციური ვალდებულება, იზრუნოს სახელმწიფოს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე, ჩვენს დიასპორაზე მთელს მსოფლიოში, გამოაცხადო საარჩევნო მანიპულაციად? – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას.

ბოჟაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ, რუსეთის ინტერესად აცხადებს, რისი მიზანიც ქვეყნის მაქსიმალურად დაზიანებაა.

„რატომ სძულს ასე რადიკალურ ოპოზიციას, მათ მართვად სამოქალაქო სექტორს და მედიას საკუთარი ქვეყანა და ხალხი? როგორ შეიძლება კონსტიტუციური ვალდებულება, იზრუნოს სახელმწიფოს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე, ჩვენს დიასპორაზე მთელს მსოფლიოში, გამოაცხადო საარჩევნო მანიპულაციად? როგორ შეიძლება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR— გაეროს სააგენტო, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება დაიცვას ლტოლვილები, იძულებით გადაადგილებული და მოქალაქეობის არმქონე პირები) რეკომენდაცია და საერთაშორისო ვალდებულება რუსეთის ინტერესად გამოაცხადო? როგორ და მარტივად, რასაც დაავალებს კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი იმას იმეორებს ომის და ღალატის პარტია, რადიკალური ოპოზიცია, მართვადი მედია, სამოქალაქო სექტორი და ა.შ. ასეთი სახის დეზინფორმაციის და ტყუილის გავრცელებას მხოლოდ 1 მიზანი აქვს – მაქსიმალურად დააზიანოს საქართველოს სახელმწიფო, ქართველი ხალხის ინტერესები, საფრთხე შეუქმნან სტაბილურობას და განვითარებას. საქართველოს ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულებაა იზრუნოს მოქალაქეებზე როგორც საქართველოში, ასე მთელ მსოფლიოში, ამ ვალდებულების უკეთ შესრულებას ემსახურება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა და აუცილებლად განხორციელდება. რაც შეეხება 2024 თუ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ქვეყნის და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი რადიკალური ოპოზიცია – ნაციონალური მოძრაობა, ისევე დამარცხდება როგორც 2012 წლიდან ყველა დონის არჩევნებზე!“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.