Home Blog Page 2018

“ძალიან კარგია! მე -10 რეკომენდაციაც შესრულებულია” – ზურაბ ქადაგიძე

ძალიან კარგია! მე -10 რეკომენდაციაც შესრულებულია. ყველანაირი სპეკულაციის სივრცე უნდა გამოირიცხოს, გინდ შიდა და გინდა გარე არაკეთილმოსურნე აქტორების მხრიდან. რეფორმებსა და ზოგადად ახალ გამოწვევებს საკმაოდ დიდი ინტელექტუალური რესურსი ესაჭიროება, რისთვისაც სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულმა პლატფორმამ გამოთქვა მზაობა და აიღო ვალდებულება, მემორანდუმის გაფორმების სახით, რომ პარლამენტთან ერთად იმუშაოს, ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებზე, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის მზაობა, აიღოს ვალდებულება მემორანდუმის გაფორმების სახით, რომ პარლამენტთან ერთად იმუშაოს ასოცირების შეთანხმებით ვალდებულებებზე, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია სტატუსთან და ევროსტრუქტურებთან დასაახლოებლად.

„ძალიან კარგია! მე -10 რეკომენდაციაც შესრულებულია. ყველანაირი სპეკულაციის სივრცე უნდა გამოირიცხოს, გინდ შიდა და გინდა გარე არაკეთილმოსურნე აქტორების მხრიდან. რეფორმებსა და, ზოგადად, ახალ გამოწვევებს საკმაოდ დიდი ინტელექტუალური რესურსი ესაჭიროება, რისთვისაც სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულმა პლატფორმამ გამოთქვა მზაობა და აიღო ვალდებულება მემორანდუმის გაფორმების სახით, რომ პარლამენტთან ერთად იმუშაოს, ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებზე. ზემოხსენებული პლატფორმა, ასობით ორგანიზაციას აერთიანებს, რომელთაც დიდი გამოცდილება და პროფესიული კვალიფიკაცია გააჩნიათ. კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია სტატუსთან და ევროსტრუქტურებთან დასაახლოებლად.“ – წერს ქადაგიძე.

“აღარ მინდა სალომეზე საუბარი” – კახა კალაძე

არ მინდა, შევიდე პოლემიკაში. სალომეზე, ისედაც ბევრი ვისაუბრეთ ბოლო კვირების განმავლობაში – ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ქვეყანას აქვს, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყნის პრეზიდენტმა მუშაობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

თბილისის მერის თქმით, სამწუხაროა, თუმცა დადასტურებულია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

„სალომეზე ნამდვილად აღარ მინდა საუბარი. იმდენი ვისაუბრეთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს, ხალხს აქვს, ამიტომ არ მინდა შევიდე პოლემიკაში, ყველაფერი ცხადია და ნათელია. დადასტურებულია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და ძალიან ცუდია, რომ ამის ხაზგასმა მიწევს, უმძიმესია აღნიშნული ფაქტი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება, უნდა გავაგრძელოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც აქტუალურია საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ვფიქრობ, ყველაფერი ცხადია – ჩვენ ვისმენთ პირდაპირ მოწოდებებს გადატრიალებასთან და რევოლუციასთან დაკავშირებით” – კალაძე სუს-ის გამოძიებაზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გარკვეულ ძალებს აქვთ მცდელობა, ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება და ამის კონკრეტული ფაქტებიც არსებობს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.

„ვფიქრობ, ყველაფერი ცხადია. ჩვენ ვისმენთ პირდაპირ მოწოდებებს გადატრიალებასთან და რევოლუციასთან დაკავშირებით, ასევე, მოვისმინეთ ვიდეოჩანაწერი, სადაც პირდაპირ ტრენინგი მიმდინარეობდა, როგორ უნდა მოეწყოს რევოლუცია, მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება და ა.შ. ეს ერთი პატარა მაგალითია იმისა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ბნელი ძალები მუშაობენ. ყოველ შემთხვევაში აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, დაამხონ ხელისუფლება ყველანაირი მეთოდით. ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მოაწყონ არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ამასთან, მთავრობა იმ ზონებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალს განსაზღვრავს, სადაც ზამთარში სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობა სავალდებულო იქნება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები ორ კანონში – “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ იგეგმება, რომელიც მთავრობის ინიციატივით პარლამენტში უკვე შევიდა.

პროექტის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილ პერიოდსა (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) და განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების რომელიმე თვალზე შესაბამისი მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავები არ ექნება, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით – შესაბამისი მახასიათებლების ზამთრის საბურავები და არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 5 ქულით შემცირებას.

მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს ზონებს/გზის მონაკვეთებს, სადაც ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულო იქნება, აგრეთვე, განსაზღვრავს საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ტექნიკურ მახასიათებლებს.

გარდა ამისა, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილი იქნება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა შეუზღუდოს. ამასთან, შესაძლებელი იქნება სამართალდამრღვევს დროებით, საქმის განხილვამდე სატრანსპორტო საშუალება ჩამოერთვას და იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე.

სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება.

პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.

“ტარიელ ნაკაიძე არის არაკაცი!” – ალუდა ღუდუშაური

ტარიელ ნაკაიძე გახლავთ თვალსაჩინო ნიმუში იმისა, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და როგორი არ უნდა იყოს კაცი. ეს არის არაკაცი! ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიაღწევს იმას, რასაც ცდილობს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე რაღაც შუღლი გააღვივოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებებს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ.

ალუდა ღუდუშაურის თქმით, ტარიელ ნაკაიძე შუღლის გაღვივებას ცდილობს.

„სად წავიდა? არაკაცი ეს! სამწუხაროდ, ამ დარბაზს ძალიან ბევრი სიცრუე და არაადამიანობა მოუსმენია, ჩვენ საზოგადოებას უნახავს, მომსწრენი ვყოფილვართ, მაგრამ ისეთი ეპითეტის გარეშე, რომელიც არის არაადამიანობა და საერთოდ, არაღირსების მქონე არაკაცობა ძალიან რთულია, რომ სხვა რაიმე შეფასება მისცე. ჩვენ აქ ძალიან შემაშფოთებელი კონტურები მოვისმინეთ ადამიანისგან, რომელიც თავს დებდა, რომ ყოველ შემთხვევაში კონფესიას მიეკუთვნება, რომელიც წესით და რიგით, რა თქმა უნდა, სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე და ა.შ. ქადაგებს, მაგრამ ეს ადამიანი ვერ ჩამოყალიბდა ზოგადად, როგორც ადამიანად. ეს ადამიანი იყო ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი, დღემდე არის და თითი თითზე არ აქვს დადებული, ვერ ბედავს, რომ შემოვიდეს და თავისი აზრი დააფიქსიროს იმიტომ, რომ არც მეტი არც ნაკლები, არის მატყუარა. ეს ადამიანი ცდილობს, რომ შუღლი გააღვივოს. წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანი საუბრობდეს ჰუმანურობაზე, ადამიანთა შორის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობაზე, სიყვარულზე და საუბრობს პირდაპირ შუღლზე. ეს არის მატყუარა. პირდაპირ გეუბნებით, არაკაცი. ამ მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ გეუბნებით, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ტარიელ ნაკაიძე გახლავთ თვალსაჩინო ნიმუში იმისა, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და როგორი არ უნდა იყოს კაცი. ეს არის არაკაცი. ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიაღწევს იმას, რასაც ცდილობს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე რაღაც შუღლი გააღვივოს. ეს იმდენად პატარა კაცია, რომ ამას ნამდვილად ვერ შეძლებს. ჩვენ ქართველები და ზოგადად საქართველოში, დიახ, ამაყი ვართ იმით, რომ ჩვენი თანაცხოვრება ჩვენ მუსლიმ და სხვა კონფესიის წარმომადგენლებს შორის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ითვლის და ბუნებრივია, რომ ასეთი პატარა კაცების უსუსური მცდელობა ჩრდილს ვერ მიაყენებს. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არანაირად არცერთი წუთით არ კნინდება არცერთი კონფესიის წარმომადგენლის უფლებები“, – განაცხადა ღუდუშაურმა და აღნიშნა, რომ ტარიელ ნაკაიძე იმ ჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც რადიკალიზმით იყო დაკავებული.

რაც შეეხება ტარიელ ნაკაიძეს, მან პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ისაუბრა ასევე თავდაცვის კოდექსზე, რომელშიც, მისი მოსაზრებით, დისკრიმინაციული მიდგომა.

„ცდილობენ ხოლმე, რომ მიკროფონი გაგითიშონ და არ გასაუბრონ კიდევაც. ასე მოხდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე. მაშინ, როცა კონკრეტულად ვსაუბრობთ რელიგიის თავისუფლებაზე, უფლებებზე, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსთან დაკავშირებულ თემაზე როდესაც გადავალთ, მაშინ ხდება ხოლმე გაცხარებული შემოტევა. მე ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ და კარგად ვიცი, რას ნიშნავს უმცირესობაში ყოფნა ამ ქვეყანაში და კარგად მესმის, პირადად მე რა პრობლემების წინაშე ვდგავარ და დავმდგარვარ. პირიქით, თქვენ ეს შანსი უნდა გამოიყენოთ და მომისმინოთ კარგად, თუ რა პრობლემების წინაშე ვართ ჩვენ და რა პრობლემების წინაშე შეიძლება იყვნენ უმცირესობები ამ ქვეყანაში“, -განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ და აღნიშნა, რომ მათ თანასწორობა სურთ, თუმცა ამ ქვეყანაში თანასწორობა არ იქნება იქამდე, ვიდრე კანონი არ იქნება თანასწორი.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველი ვალდებულია, რომ რაც არ უნდა ზეწოლა ჰქონდეს ხელისუფლების ან სხვა აქტორების მხრიდან, კანონმდებლობის თანასწორობისთვის იბრძოლოს. მისი თქმით, ეს არის ინსტიტუტი,რომლის ყველაზე დიდი იმედიც აქვს რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობებს.

„თქვენ არ გინდათ, რომ ჭეშმარიტება გაიგოთ და აქეთ გინდათ შემომიტიოთ, მაგრამ ნურას უკაცრავად, მე ვიტყვი იმ ჭეშმარიტებას და სიმართლეს, რაც ამ მიმართულებით ჩვენ გვაწუხებს, ამ მიმართულებით საქართველოში უმცირესობას აწუხებს. მინდა სახალხო დამცველს მივმართო და ვთხოვო, რომ დაიცვას სწორედ ის პრინციპული მიდგომა, რაც აქამდე სახალხო დამცველებს ჰქონდათ“, – განაცხადა ნაკაიძემ და აღნიშნა, რომ ზოგადად ჯარის განვითარებას მხარს უჭერს, მაგრამ ის არ უნდა იყოს დისკრიმინაციული.

„ამ კანონში არის დისკრიმინაციული მიდგომა და დისკრიმინაცია“, – აღნიშნა ნაკაიძემ და სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუტი აქამდე ზოგადად, უმცირესობების იმედი იყო, რადგანაც უმცირესობებს სჯეროდათ, რომ აპარატის მხრიდან პრობლემებზე რეაგირება მოხდებოდა. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობა ასე გაგრძელდება.

„მინდა ასე გაგრძელდეს. სამწუხაროდ, ასე არ არის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელიც ხშირად უფრო მეტ უფლებებს არღვევს, ვიდრე იცავს“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

“27 ოქტომბერს მექნება ჩართვა სასამართლო სხდომაზე – ახლავე ვაფრთხილებ ოლიგარქის ხელისუფლებას: ნუ შეეცდება მორიგ ჯერზე ჩემი ხმის დაბლოკვას”

27 ოქტომბერს მექნება ჩართვა სასამართლო სხდომაზე. ახლავე ვაფრთხილებ ოლიგარქის ხელისუფლებას: ნუ შეეცდება მორიგ ჯერზე ჩემი ხმის დაბლოკვას! – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუ ლეპტოპით არ გამოდის, მობილური ტელეფონით უპრობლემოდ შეიძლება ამის განხორციელება.

„რამდენიც არ უნდა სცადოთ, ვერ შეძლებთ ჩემს იგნორირებას და ჩემთან დაკავშირებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” – „გამარჯვების პლატფორმის“ პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვას, იგნორირების, მანიპულირებისა და თქვენი ხელოვნური პროექტების წინ წამოწევის გზით.

რატომ ვერ შეძლებთ? პასუხი მარტივია. იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენი ხალხის ბედი გვაღელვებს.

მე გავწირე ჩემი თავიც ქართველი ხალხის დასახმარებლად და ხალხი ყველაფერს ხედავს და დარწმუნებული ვარ გადამწყვეტ მომენტში იტყვის თავის სიტყვას, ამ გადამწყვეტი მომენტისთვის კი მომზადება არის საჭირო.

ამიტომაც ეშინიათ და საბჭოთა კგბ-ს სტილში ახშობენ ჩემს გამოსვლებს, რათა ხალისი დამიკარგონ და თავის ჭკუით, რამენაირად ცუდი კუთხით გამომაჩინონ”,- აცხადებს სააკაშვილი.

სუს-მა გამოკითხვაზე ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები გაასაჯაროვა

სუს-მა გამოკითხვაზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები გაასაჯაროვა.

როგორც სუს-ში აღნიშნავენ, გამოკითხვაზე ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები „საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო“ გასაჯაროვდა.

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საფუძველზე, სუს-ში საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო, ხოლო გამოძიება 19 სექტემბერს, სსკ-ის 319-ე მუხლით.

ოთარ ფარცხალაძე იმავე დღეს, 19 სექტემბერს იქნა დაბარებული და გამოცხადდა გამოკითხვაზე“, – აცხადებენ სუს-ში.

“საქართველო და მოლდოვა რუსეთისგან ტერიტორიების გათავისუფლებას უკრაინაში ომის დროს თუ დაიწყებდნენ, ერთად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით ტერიტორიების დაბრუნების საკითხს”

მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და წაართვა ტერიტორიის ნაწილი, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

„მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და წაართვა ტერიტორიის ნაწილი, შემდეგ იყო 2014 წლის თებერვალი. ეს ომი აქტიურ ფაზაში გადავიდა 2022 წლის 24 თებერვალს და რაც ახლა ხდება ისრაელის ტერიტორიაზე და სხვა ტერიტორიებზე ეს უკვე შედეგია. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ბოლო ომი, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში ვნახავთ და ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება, დაისვას წერტილი ამ საკითხში, რომ ღმერთმა ქნას, ის მთელ მსოფლიოში არ გავრცელდეს“, – განაცხადა დანილოვმა.

დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა მსოფლიომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

„ვფიქრობ, პასუხისმგებელ პოლიტიკოსებს, მათ აშშ-ს ესმით, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს, რაც შეიძლება მალე, ერთხელ და სამუდამოდ“, – განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, „თუ საქართველო და მოლდოვა რუსეთის ფედერაციისგან თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლებას დაიწყებდნენ მაშინ, როცა უკრაინაში ომია, ერთად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით აგრესორის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს“.

„ჩემი პოზიცია ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ვთქვი, როცა ჩვენს ქვეყანაში აგრესია დაიწყო, თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლებას რუსი ოკუპანტებისაგან, მაშინ ამ საკითხს ბევრად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით. მაგრამ ეს მათი მთავრობების გადაწყვეტილებაა, ეს არის ამ ქვეყნების გადაწყვეტილება. მათ სჯერათ, რომ ჩვენი დახმარებით, ანუ როდესაც ჩვენ დავამარცხებთ რუსებს, ისინი ძალიან სწრაფად გაათავისუფლებენ თავიანთ ტერიტორიებს“, – აღნიშნა დანილოვმა.

მისივე თქმით, ყარაბაღის ვითარებამ აჩვენა რუსების სრული უუნარობა, იყოს პარტნიორი, იყოს პასუხისმგებელი საკუთარ სიტყვებზე და ა.შ. რადგან ისინი სომხებს უამრავ გარანტიას აძლევდნენ.

„მე ვარ იმის მომხრე, რომ ყველა კონფლიქტი, რომელიც არსებობს მსოფლიოში, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. უფრო მეტიც, ისინი უნდა დასრულდეს სამართლიანად. რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას ასეთი დანაკარგებით. 2008 და 2014 წლებში მსოფლიოს რომ ეპასუხა იმდროინდელი ჰიტლერისთვის, სახელად პუტინსთვის, ვფიქრობ, გაცილებით ნაკლები დანაკარგი იქნებოდა, მაგრამ ეს ისტორიაა. ჩვენ თვითონ უნდა ვაკეთოთ საქმე. ჩვენ უნდა დავამარცხოთ მტერი“ – განაცხადა დანილოვმა.

“ჩვენ არ ვიღებთ ბაიდენის მსგავს ტონს რუსეთის ფედერაციისა და პუტინის მიმართ” – პესკოვი

ჩვენ არ ვიღებთ ბაიდენის მსგავს ტონს რუსეთის ფედერაციისა და პუტინის მიმართ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ აქვთ საერთო, ორივეს სურს, მთლიანად გაანადგუროს მეზობელი დემოკრატია“.

დიმიტრი პესკოვის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი რიტორიკა სახელმწიფოთა პასუხისმგებელ ლიდერებს შეეფერებოდეს.

„აშკარაა, რომ ეს არის ძალიან ამაღელვებელი, პოტენციურად საშიში მომენტი საერთაშორისო ვითარებაში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ომში. ეს არის ძალიან ემოციური და ბევრი ემოციაა სხვადასხვა პოლიტიკოსის, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსების გამოსვლებში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი რიტორიკა სახელმწიფოთა პასუხისმგებელ ლიდერებს შეეფერებოდეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი რიტორიკა ჩვენთვისაც მისაღები იყოს. ჩვენ არ ვიღებთ ასეთ ტონს რუსეთის ფედერაციის, ჩვენი პრეზიდენტის მიმართ“, – განაცხადა პესკოვმა.

“არქიმანდრიტმა მელქისედეკმა აღიარა შეცდომა შიო მუჯირის მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამო და შენდობა ითხოვა” – საპატრიარქო

საპატრიარქოში სინოდის კომისიის სხდომა გაიმართა.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, სხდომაზე განიხილეს სოფელ მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის სავანის არქიმანდრიტ მელქისედეკის (მიქავა) გამონათქვამები, რომელიც მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილებში იყო ასახული.

„არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა) განემარტა, რომ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ გამოთქმული უარგუმენტო ბრალდებები, მისი სამღვდელო ხარისხის შეჩერების საფუძველს ქმნის და გაფრთხილების შემდეგ, მსგავსი ცილისწამებების განმეორების შემთხვევაში სწორედ ეს შედეგი დადგებოდა უპირობოდ.

არქიმანდრიტმა მელქისედეკმა გადაცდომა აღიარა და წერილობითი სახით შენდობა ითხოვა შეცდომის გამო. კომისიას ესწრებოდნენ: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი); ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი);  დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი; დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი; დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე (მოწვეული); დეკანოზი ავგუსტინე დუნდუა (მოწვეული)“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6958 ლარი ეღირება, ევრო – 2.8540 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2689 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6960 ლარი ღირდა, ევრო – 2.8445 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2662 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 21 ოქტომბერს ამოქმედდება.

“რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების მიუხედავად, ,,ქართული ოცნება” აგრძელებს რეკომენდაციების შესრულებას” – ვლადიმერ ბოჟაძე

დღეს, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე, სრულად არის შესრულებული მე-10 რეკომენდაცია. საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის – საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რასაც წინ, ძალიან ნაყოფიერი, წელიწადნახევრიანი თანამშრომლობა უძღოდა – წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ისეთ მრავალრიცხოვან გაერთიანებასთან, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის – საქართველოს ეროვნულ პლატფორმაა.

„დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე, სრულად არის შესრულებული მე-10 რეკომენდაცია. საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის – საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რასაც წინ, ძალიან ნაყოფიერი, წელიწადნახევრიანი თანამშრომლობა უძღოდა, ჩატარდა ორი დიდი კონფერენცია, რომელიც ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებას და ასოცირების შეთანხმებაში არსებულ სექტორულ მიმართულებებს ეხებოდა. პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ისეთ მრავალრიცხოვან გაერთიანებასთან, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის – საქართველოს ეროვნულ პლატფორმაა.

რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების მიუხედავად, ,,ქართული ოცნება” აგრძელებს რეკომენდაციების შესრულებას, საქართველო აუცილებლად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს!“ – წერს ბოჟაძე facebook – ზე.