Home Blog Page 2017

„გაუგებარია, რატომ უნდა სურდეს საქართველოს მთავრობას ფსონის რუსეთზე დადება” – უცხოური პერსა

აშშ-ის საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია – რადიო Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით „გაუგებარია, რატომ უნდა სურდეს საქართველოს მთავრობას ფსონის რუსეთზე დადება”, რომელშიც მიმოხილულია ამერიკელი ექსპერტ-პოლიტოლოგების კომენტარები ბრატისლავაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ამასწინანდელი გამოსვლასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ამერიკის დედაქალაქიდან ეხმაურებიან. ექსპერტები ამბობენ, რომ ფორუმზე, სადაც ქვეყნების ლიდერები საკუთარ საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბრობენ, საქართველოს მთავრობის მეთაურის მიერ ნატოს გაფართოებაზე – როგორც უკრაინაში ომის უმთავრეს მიზეზზე საუბარი, შემაშფოთებელია. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ეჭვქვეშ აღარავინ აყენებს, თუ ვინაა აგრესორი.

„ეს ისტორიისა და გეოპოლიტიკის სრულებით არასწორი გაგებაა. ამგვარი განცხადება არა მარტო დამაზიანებელია საქართველოსთვის, არამედ ახალისებს დამატებით რუსულ აგრესიას. ნუთუ 2008 წელმა არაფერი გვასწავლა?“ – ამბობს იან ბჟეზინსკი, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი და თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი.

ამგვარი შეფასება ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს მოჰყვა. შეკითხვაზე, რა იყო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიზეზი, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს ყველამ იცის და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატო და ნატოს გაფართოება იყო. ანალიტიკოსები, რომლებიც ამ გამოსვლის შემდეგ „ამერიკის ხმას“ ესაუბრნენ, ამბობენ, რომ გლობალური უსაფრთხოების ამ ტიპის ფორუმები საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პლატფორმებია, რადგან ისინი იძლევა შესაძლებლობას, რომ მთავრობის ლიდერებმა გამოხატონ საკუთარი საგარეო პოლიტიკის თუ ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები, ისაუბრონ ამაზე მრავალფეროვან აუდიტორიასთან, ისეთთან, რომელიც მოიცავს პოლიტიკის შემმუშავებლებს, მკვლევრებს, ზოგჯერ ადგილობრივ მოსახლეობასაც კი. საქართველო კი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყანაა, ყოველ ასეთ შესაძლებლობას გონივრულად უნდა იყენებდეს.

რობერტ ჰამილტონი, ამერიკის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი და „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის პროგრამის კვლევების ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრემიერის გამოსვლა ინგლისურ ენაზე იყო და ამ განცხადების შინაარსის არასწორ თარგმანსა თუ ინტერპრეტაციაზე გადაბრალება შეუძლებელია: „მან დაიწყო თავისი პასუხი იმის თქმით, რომ ომის მთავარი მიზეზი ნატოს გაფართოება იყო. როგორც კი ამას იტყვი, აღარ აქვს მნიშვნელობა ამის შემდეგ იმის თქმას, რომ არ გსურს რუსეთის მთავრობის აქცენტების გამეორება, რადგან შენ ეს უკვე გააკეთე. უკვე გაიმეორე რუსეთის მთავრობის მიერ ომის გასამართლებლად გამოყენებული უმთავრესი არგუმენტი“, – ამბობს პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი.
საქართველოს მთავრობას ვაშინგტონიდან უკვე რამდენჯერმე შეახსენეს, რომ რუსეთის აგრესიას გამართლება არ აქვს და ეს ომი, „რუსეთის არჩევანია“. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს არ დაწყებულა. „ეს ომი არის რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის, და ლუგანსკისა და დონეცკის ნაწილების უკანონოდ ხელში ჩაგდების გაგრძელება”. სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ ნატოს გაფართოება მხოლოდ საბაბია, რომლის გამოყენებასაც კრემლი ცდილობს“.

ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნატოს ასპირანტი ქვეყნის ლიდერისგან ამგვარი განცხადების მოსმენა ქვეყნის დასავლური პერსპექტივებისთვის კარგს არაფერს ნიშნავს. ექსპერტების ნაწილი შიშობს, ხომ არ არის ეს ერთგვარი მითითება იმაზე, რომ ალიანსში წევრობის მისწრაფება საქართველომაც კრიტიკულად უნდა გადააფასოს.

„თუკი ნატოს წევრობის სურვილი ასეთი ცუდია, ისეთი შეცდომაა, რომ ის ამართლებს რუსეთის თავდასხმას შენს ქვეყანაზე, მაშინ ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს არ სურს რაიმე საერთო ჰქონდეს ამასთან“, – ამბობს დენიელ ფრიდი, ყოფილი ამერიკელი დიპლომატი და “ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი. შეერთებულ შტატებში ყველაზე ხანგრძლივი დიპლომატიური სტაჟის მქონე დიპლომატი ხსნის, რომ ესმის და არ აკრიტიკებს საქართველოს ფრთხილ პოლიტიკას რუსეთის მიმართ და ამბობს, რომ რთული გეოგრაფიული პოზიციის გამო, სრულებით გასაგებია, თუ რატომ არ უნდა სურდეს თბილისს რუსეთის პროვოცირება. „მაგრამ ასეთი ვედრება, თითქოსდა ქედის მოხრა კრემლის წინაშე შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც კეთილი ნების ჟესტი და შერიგება. მაგრამ ვშიშობ, რომ კრემლისგან ეს დანახული იქნება, როგორც სისუსტის ნიშანი“.

პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი ამბობს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინისადმი ცალსახა და აშკარაა. საქართველოს მთავრობამ კი არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და ძალიან სწრაფად გააკეთა არჩევანი: იმის ნაცვლად, რომ აქცენტი იმაზე გაკეთებულიყო, რამდენად დააზიანებდა სანქციებთან შეერთება ქართულ ეკონომიკას, მთავრობის წევრები და მათი მოკავშირეები დაუყოვნებლივ გადავიდნენ აბსურდულ ბრალდებებზე, თითქოსდა ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის ომზე დასმულ შეკითხვაზე, იყო თუ არა მაშინ რუსეთის აგრესია არაპროვოცირებული, თქვა, რომ დეტალების განხილვა არ სურს, რომ მის მთავრობას საკუთარი შეხედულება აქვს და ყველაფერს გააკეთებდა ამ ომის თავიდან ასაცილებლად. პოლკოვნიკი ჰამილტონი ამბობს, რომ ეს 2008 წლის ინსტრუმენტალიზაციაა: „ვფიქრობ ეს ძალიან საშიშია. საქართველოს მთავრობა 2008 წლის ომს ინსტრუმენტად იყენებს. ზოგჯერ ის თავის წინამორბედს, მიხეილ სააკაშვილს და მის მთავრობას აბრალებს ომის დაწყებას, როცა ეს ხელსაყრელი და მოსახერხებელია. ზოგჯერ კი ამტკიცებს, რომ რუსეთი საქართველოს თავს დაესხა და დასავლეთში არავინ არაფერი გააკეთა მის დასახმარებლად. არ შეიძლება ეს ორივე [ვარიანტი] გქონდეს. არ შეიძლება წინამორბედი დაადანაშაულო ომის დაწყებაში და შემდეგ ამტკიცო, რომ თავს დაგვესხნენ და არავინ დაგვეხმარა“, – ამბობს რობერტ ჰამილტონი.

ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, ახლა მსოფლიოსთვის ისე, როგორც არასდროს, ნათელია, ვინაა აგრესორი. ამგვარი განცხადებები კი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველთა შეურაცხყოფაა. „ვფიქრობ, ეს 2008 წლის შესახებ ძალიან ღრმად ცინიკური შეხედულებაა. ეს მართლაც აუფასურებს ყველა იმ ქართველი ჯარისკაცის მსხვერპლს, ვინც იმ ომში იბრძოდა და დაიღუპა. ეს მართლა დამაზიანებელია. ყველას, ვინც [ამას] ყურადღებას აქცევს, ესმის, რა ხდება, როცა მთავრობა ამას აკეთებს. ეს მისი რეპუტაციისთვის ძალიან დამაზიანებელია“, – დასძენს პოლკოვნიკი.

რას ნიშნავს საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეცვლილია და ბევრი უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა მიღებული. თადარიგის პოლკოვნიკი ჰამილტონი ამბობს, რომ ბუქარესტიდან ვილნიუსამდე გზაზე საქართველოსა და უკრაინის უმნიშვნელოვანესი ტანდემი დაიშალა. რობერტ ჰამილტონი განმარტავს, რომ ბუქარესტში მიღებული დაპირების შემდეგ, წევრობის გზაზე ეს ორი ქვეყანა უეცრად არ დაწინაურებულა და 2022 წლის თებერვალში ნატოს გაფართოების საკითხი სულაც არ იდგა დღის წესრიგში. ამ გრძელ გზაზე მყოფი ქვეყნის ლიდერისგან კი ომის მიზეზად გაფართოების დასახელება, არაგონივრულია. რადგან არც 2022 წელს, არც 2014 და არც 2008 წელს ეს „საფრთხე“ რუსეთის აგრესიის გასამართლებლად უბრალოდ არ არსებობდა. და ეს განსაკუთრებით ხშირად სწორედ კრემლისგან გვესმის.

პოლკოვნიკი ამბობს, რომ თუკი წლების განმავლობაში საქართველოსა და უკრაინის საკითხი გამუდმებით ერთობლივად განიხილებოდა, დღეს დასავლელი პარტნიორები მსჯელობენ, როგორი გზა შესთავაზონ კიევს, საქართველომ კი თავი თამაშგარე მდგომარეობაში ჩაიგდო.

„ვფიქრობ, რომ ვილნიუსის სამიტზე ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი უკრაინის სტატუსი იქნება. საქართველოს იმ დიდი უმრავლესობისთვის სამწუხაროდ, ვინც ნატოში გაწევრიანების მომხრეა, საქართველოსა და უკრაინის გზები ამ პროცესში გაიყარა. 2008 წლის შემდეგ საქართველო და უკრაინა ფორმალურად სულ დანახული იყო ტანდემში, როგორც იმ ქვეყნების წყვილი, რომელიც ნატოში ინტეგრაციისკენ მიდიოდა. ეს ტანდემი გატყდა, კავშირი გაწყდა და ასე იქნება ახლო მომავალშიც“, – ამბობს პოლკოვნიკი.

რობერტ ჰამილტონის შეფასებით, ნატო ახლა უყურებს უკრაინას, როგორც წევრობის სერიოზულ კანდიდატს. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის შიგნით არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუ რამდენად პირდაპირი გზა შესთავაზონ კიევს ვილნიუსის სამიტზე და უახლოეს მომავალში, ამ დროს არავინ საუბრობს საქართველოზე. „ჩვენ არ გვესმის, რომ ვინმე ლაპარაკობდეს ან რაიმე დისკუსია მიმდინარეობდეს ვილნიუსის სამიტზე ნატოსკენ საქართველოს მეტად დაწინაურებაზე. ვფიქრობ, საქართველო ვილნიუსის სამიტზე იგნორირებული იქნება. ეს ტანდემი შეუქცევადია დარღვეული. ესაა უდიდესი შესაძლებლობის გამოტოვება საქართველოსგან, რომელსაც შეეძლო თავისი კარტები სწორად ეთამაშა და უკრაინის ოფიციალურ მხარდაჭერაში მოწინავე ყოფილიყო. ესაა დაკარგული შესაძლებლობა მთავრობისთვის და ტრაგედია ქართველი ხალხისთვის, რომელიც 20 წელზე მეტია ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ მის დიდ უმრავლესობას სურს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაცია“.

ანალიტიკოსთა ნაწილი ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებებს უფრო ფართო ჭრილში განიხილავს და ამბობს, რომ ეს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი განცხადებებისა და ნაბიჯების ლოგიკური, მაგრამ საშიში გაგრძელებაა. დენიელ ფრიდს მიაჩნია, რომ ის ნაბიჯები, რომლებიც კრემლისთვის სასიამოვნოდ გამოიყურება, რუსეთის აგრესიას არათუ არ შეაკავებს, არამედ – პირიქით, წააქეზებს.

„მე ძალიან მაშფოთებს ყველა ეს ნიშანი… მე მაწუხებს ის, რომ საქართველოს მთავრობა იწყებს იმაში ჩართვას, რასაც ამერიკაში „კულტურულ ომებს“ ვუწოდებთ, იმისთვის, რომ დაიყოს საზოგადოება და თავს დაესხა შენს მტრებს კულტურული საკითხების გამოყენებით, დემაგოგიური მიდგომით“, – ამბობს დენიელ ფრიდი და დასძენს, რომ ამერიკელებს არ აღელვებთ ვინ მოიგებს არჩევნებს, მთავარი ისაა, რას აკეთებენ ისინი, როცა ძალაუფლება აქვთ. ფრიდის აზრით, სამწუხარო მახასიათებელია მთავრობის მხრიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც კრემლის ნარატივის გამეორებად გამოიყურება და ეს სხვა, პროდასავლურ განცხადებებს სანდოობას უმცირებს ან უკარგავს:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმეორებს ფორმულირებას, რომ საქართველოს ნატოს წევრობა სურს, მაგრამ თუკი შენ მანამდე თქვი, რომ უკრაინის ნატოში წევრობის სურვილი ომის დაახლოებითი მიზეზია და გარკვეულწილად რუსეთის პროვოცირება გასაგები იყო, ეს ძირს უთხრის იმ წინა განცხადებას, რომ ნატოში წევრობით ხარ დაინტერესებული. ეს მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის რეალური პოზიცია ისაა, რომ საქართველო უარს იტყვის მის საბოლოოო მიზანზე, რომ შეუერთდეს დასავლეთს. ამის ნაცვლად კი მოძებნის უფრო ნაკლებ ადგილს რუსეთის მიერ დომინირებულ გავლენის სფეროში. ჩვენ კი ვიცით, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში: ეს ნიშნავს სიღარიბეს, კორუფციას, იზოლაციას. და ეს სამწუხაროა“, – ამბობს დენიელ ფრიდი.
ვილნიუსის სამიტამდე სულ რაღაც თვენახევრით ადრე, დენ ფრიდის აზრით, საქართველო ისე გამოიყურება, თითქოს სულაც არაა დაინტერესებული. პრემიერის განცხადებები კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო თუ ფორმალურად არა, რეალობაში მაინც, ნატოს წევრობით აღარაა დაინტერესებული. “არ მესმის, რატომ შეიძლება საქართველოს მთავრობამ ფსონი რუსეთზე დადოს, რადგან ეს ახლა კარგ გადაწყვეტილებად არ გამოიყურება”.
სტაჟიანი დიპლომატის აზრით, შეკითხვა ახლა ასე ისმის:

„სად ხედავს „ქართული ოცნების“ მთავრობა საქართველოს მომავალს – დასავლეთთან თუ მოსკოვთან? დიახ საქართველო რთულ გეოგრაფიულ ადგილასაა, მაგრამ ვშიშობ, რომ საქართველოს შფოთვა მოსკოვის მიმართ სინამდვილეში არათუ არ გააძლიერებს მის პოზიციებს, არამედ – დაასუსტებს”.

ანალიტიკოსების აზრით, ვლადიმირ პუტინი ახლა მხოლოდ დროის გაწელვაზე და დასავლეთის მოთმინების ამოწურვაზე ამყარებს იმედებს, რადგან მას ამ ომის არც მოგება შეუძლია და აღარც მისგან თავის დაღწევა. ამ დროს კი საქართველოს მთავრობის მიერ მოსკოვზე ფსონის დადება არც ისე გონივრული გადაწყვეტილებაა.

წყარო

“ხაბეიშვილს რისი გასაღებიც ჰქონდა, ისიც დაკარგული აქვს” – ალუდა ღუდუშაური

ხაბეიშვილს რისი გასაღებიც ჰქონდა, ისიც დაკარგული აქვს და იმ გასაღებისთვის რომ ეპატიჟება სხვებს შემომიერთდითო, უფრო მეტად სასაცილო მდგომარეობაში არიან, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს რეალურად ქვეყნის მომავლის გასაღები აქვს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობა და ასეთია “ქართული ოცნება”.

“ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ ოპოზიციის ერთი მხარე, რომელსაც ფინანსური რესურსი მწირი აქვს, ევაჭრება მეორეს, ვისაც პრაქტიკულად ფინანსური რესურსის გარდა სხვა არაფრის შეთავაზება შეუძლია და მეორე მხარე ეუბნება, რომ ვაჭრობის შემთხვევაში თავისი წესები უნდა ჰქონდეს და პირობებს აყენებს. ჩვეულებრივი მოთხოვნა-მიწოდების რეჟიმში არიან გადასული. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას” – “ნაციონალური მოძრაობა” ეუბნება სხვა დანარჩენს, რომ თურმე ხაბეიშვილს ჰქონია გასაღები და რისი გასაღები აქვს ხაბეიშვილს ჩვენ კარგად ვიცით – ხაბეიშვილს რისი გასაღებიც ჰქონდა, ისიც დაკარგული აქვს და ამიტომ აი, იმ გასაღებისთვის რომ ეპატიჟება სხვებს შემომიერთდითო, უფრო მეტად სასაცილო მდგომარეობაში არიან. რეალურად ქვეყნის მომავლის გასაღები ვისაც აქვს, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობა და ასეთი არის “ქართული ოცნება”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად, დნიპროს მარცხენა სანაპიროზე რუსეთის ძალების პოზიციები განადგურდა – ISW

კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად, რამაც ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია, დნიპროს მარცხენა სანაპიროზე დაინგრა რუსეთის ძალების თავდაცვის პოზიციები. ამის შესახებ ომის შემსწავლელ ინსტიტუტში აცახდებენ (ISW)

ინსტიტუტის ანგარშის თანახმად, კახოვკის კაშხლის განადგურება ასრებითად ცვლის ხერსონის ფრონტის მონაკვეთის გეოგრაფიასა და ტიპოგრაფიას.

ISW-ში აღნიშნავენ, რომ 7 ივნისს ინფრაწითელი დიაპაზონით (NIR) გადაღებული ფოტოები ადასტურებს, რომ სერიოზულად არის განადგურებული რუსეთის თავდაცვითი პოზიციები დნიპროს აღმოსავლეთ ნაპირზე.

ინსტიტურის ანგარიშის თანახმად, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევა ზეგავლენას მოახდენს რუსეთის სამხედრო პოზიციებზე დნიპროს აღმოსავლეთ ნაპირზე. წყალდიდობამ დაანგრია რუსული საველე სიმაგრეები, რომელთა გამოყენებასაც რუსი სამხედროები უკრაინის შეტევის წინააღმდეგ აპირებდნენ. სწრაფმა წყალმოვარდნამ სავარაუდოდ, გამოიწვია რუსეთია არმიის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის უკან დახევა რუსეთის ჯარის ძირითადი კონცენტარციის ადგილებიდან“, – აღნიშნულია ISW-ის ანგარიშში.

ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ხერსონის ოლქში ჩავიდა (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ხერსონის ოლქში ჩავიდა.

ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„სამუშაო ვიზიტი ხერსონის ოლქში. საკოორდინაციო თათბირი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია: კატასტროფის შედეგად ოლქში შექმნილი ოპერატიული მდგომარეობა, დატბორვის პოტენციური ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, კაშხლის აფეთქების შედეგად გამოწვეული საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაცია, დატბორილი ტერიტორიების სასიცოცხლო უზრუნველყოფის ორგანიზება. ასევე, რეგიონის ეკოსისტემის აღდგენის პერსპექტივები და ტექნოგენური კატასტროფის ზონაში ოპერატიული სამხედრო ვითარება“, – წერს ზელენსკი.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ზარალის დაანგარიშება და კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადასახდელად თანხების გამოყოფა.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი 6 ივნისს, გამთენიისას ააფეთქეს, რის შედეგადაც მდინარის ორივე ნაპირზე ათობით დასახლებული პუნქტი დაიტბორა.

https://www.facebook.com/watch/?v=218900210946639&t=0

„მე პირადად გამოვრიცხავ” – გიული ალასანია სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია გამორიცხავს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, 2024 წლის არჩევნების დროს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იყოს.

მისი ვარაუდით, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავს.

„მე პირადად გამოვრიცხავ. რამდენადაც მისი განწყობა ვიცი, არა მგონია. ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოდ მეჩვენება. პირველ რიგში, არ ველოდები, რომ ის საქართველოში პოლიტიკაში ჩართვას აპირებს, არა მგონია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა, ჩემი ხედვით არის სუსტად და ველოდებით, რომ კიდევ დამატებითი გამოკვლევა იქნება“, – ამის შესახებ გიული ალასანიამ „ტვ პირველთან“ განაცხადა.

ცნობისთვის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრად დასახლება არ გამორიცხა. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის როლი მომავალ არჩევნებში დიდი იქნება.

“ახალ სეზონზე ახალი სერია იწყება: მიხეილ სააკაშვილი პრემიერად” – ირაკლი ქადაგიშვილი

წინა სეზონი იყო – მოწამლეს, მოკლეს, აშიმშილეს, აწამეს და ამ სერიალმა თავისი მაყურებელი დაკარგა ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნითაც და ახლა ახალ სეზონზე ახალი სერია იწყება – მიხეილ სააკაშვილი პრემიერად. ვნახოთ, ამ სერიალს რამდენი ხანი ექნება სიცოცხლისუნარიანობა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დასახელება.

ქადაგიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას სერიოზულად არ უყურებს.

„მე აღარ ვაფასებ სერიოზულად მის პრემიერ მინისტრობას. 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, თუმცა მის პრემიერობას არასერიოზულად ვუყურებ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“ეს ისტორიული შანსი გამოყენებულ უნდა იქნას” – მარინა კალიურანდი

საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის და განსაკუთრებით ევროპარლამენტთან ურთიერთობა, გასული წლის განმავლობაში მშფოთვარე და ქაოტური იყო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული კომისია უახლოეს თვეებში შეაფასებს იმ პროგრესს, რასაც საქართველომ 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიაღწია.

„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულება უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია დღეს, რადგან ევროკომისია რამდენიმე თვეში შეაფასებს მიღწეულ პროგრესს 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს, თუ მათ სურთ, რომ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს განსახილველი და არ არის საჭირო იმის დამალვა, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის და განსაკუთრებით ევროპარლამენტთან ურთიერთობა მშფოთვარე, და მინდა ვთქვა, რომ ქაოტური იყო გასული წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იცნობთ ევროპარლამენტის ბოლო ორ რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევისა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ბევრი რთული საკითხის განხილვა მოუწევთ.

„ნება მომეცით დავიწყოთ კიდევ ერთი დადებითი ნოტით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ, რომელიც IRI-ს დაკვეთით აპრილში ჩატარდა და აჩვენა, რომ ქართველების 89% ეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია. საქართველოს მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ ახლა უნდა შეასრულონ დაპირებები არა ჩვენთვის, არამედ უპირველეს ყოვლისა მათი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნამდვილად ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. როგორც ადრე ვთქვი, ეს არის უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარა და ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს იქნება ის ღია, ის შეიძლება სწრაფად დაიხუროს, ამიტომ ეს ისტორიული შანსი გამოყენებულ უნდა იქნას“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

“ჰეგემონია რომ შენარჩუნდეს, პროქსი-ქვეყნებით დაიწყო რუსეთის განადგურების მცდელობა” – დემურ გიორხელიძე

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დემურ გიორხელიძე

რუსეთისა და ევროკავშირის, ასევე ჩინეთი, ინდოეთის, პაკისტანისა და ინდონეზიის, ასევე ირანისა და თურქეთის დაახლოება ევრაზიის სუპერ-კონტინენტს მშვიდობისა და განვითარების ოაზისად აქცევს! ეს იცის ყველამ!

რა ხდება ახლა?!

ჰეგემონია რომ შენარჩუნდეს, პროქსი-ქვეყნებით დაიწყო რუსეთის განადგურების მცდელობა: ჩვენც ამ ფიჩხად განწირულ ქვეყნად მოვიაზრებით და სწორედ ამიტომ გამოზარდეს ბოლო 30 წელია იდეოლოგიზებული ნაგავი, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი!

მილიარდზე მეტი დოლარია ჩადებული ამ არარაობებში! მაგრამ ბოლო რესურსი, რომელსაც ორმაგი ფუნქცია აკისრია – ევროკავშირია! ევროკავშირმა რუსეთთან დაპირისპირებით მასზე დაკისრებული ორი მისია უნდა შეასრულოს:

(ა) გაანადგუროს რუსეთი
(ასეა განსაზღვრული, თუმცა, აქედან არაფერი გამოვა);
(ბ) გაინადგუროს საკუთარი თავი!

განადგურებულს “მიხედავენ” დღევანდელი უბედურების გამჩაღებლები.

სწორედ ამიტომაა ევროპის ქვეყნებში ხელისუფლებებში იმდენი არარაობა, იდეოლოგიით განადგურებული და საკუთარი ქვეყნების წინააღმდეგ მებრძოლი ნეოლიბერალური ნაგავი. მაგრამ ევროკავშირს სხვა უდიდესი ნაღმიც ჩაუდეს!

“დიდი ალბანეთის” იდეა გააცოცხლეს და ტერორისტულ ქვეყანაში, სადაც ნატოს უდიდესი ბაზაა, – ბალკანეთის აფეთქება დაგეგმეს: სხვანაირად “დიდი ალბანეთი” ვერ “შეიქმნება”. არც ამ იდეიდან გამოვა რამე, მაგრამ ევროპის კატასტროფები ყოველთვის ბალკანეთიდან იწყებოდა და არეულობა ბალკანეეთში რუსებს არ მისცემს ამ რეგიონში გავლენის აღდგენის საშუალებას.

რა გამოვა აქედან?! ბევრი არაფერი, მაგრამ ყველაზე დიდი საშინელებები და დაპირისპირებები წინაა. ორმა ტოტალიტარულმა სახელმწიფომ დატოვა ბრწყინვალე პრაქტიკული შედეგი იდეოლოგიის ძალისა და ხალხის უდიდეს მასებზე მისი გამანადგურებელი გავლენისა!
მე-20 ს..-ის ორი ტოტალიტარული სახელმწიფოს შემდეგ, დასავლური სამყარო ვერაფრით დარჩებოდა მის კლასიკურ ფორმაში, – მისი ტოტალიტარიზაცია – თანდათანობითი ტოტალიტარიზაცია, -გარდაუვალი იყო და ამას იდეოლოგია სჭირდებოდა!

საძებნი არაფერი იყო – დესტრუქციული გამანადგურებელი და უსასტიკესი შეხედულებათა სისტემა, რომელიც ტროცკიზმის სახელს ატარებს, – გამოცდილი იდეოლოგიაა ნგრევისა და გლობალური მიზნებისა – სრულად იქნა აღებული, მაგრამ ნიუანსი ისაა, რომ პირდაპირი სახით მისი გამოყენება ასევე პირდაპირ ასოციაციებს შექმნიდა და… შეფუთული იქნა უდამპლეს ნეოლიბერალიზმში!

“დასავლური” გლობალიზმი – ეს უბრალოდ, ტროცკის იდეის გადამღერებაა და სხვა არაფერი. გლობალიზმს კი ტროცკის თანახმად, მსხვერპლი სჭირდება: ტროცკის ამ მსხვერპლად რუსეთი სჭირდებოდა, დიდი კოცონის დასანთებად. თითქმის მიაღწიეს კიდეც მიზანს.

თითქმის!

მაგრამ მოულოდნელად ქართველთა ჯგუფმა გაანადგურა ისინი, თუმცა ბოლომდე ვერ! მაგრამ იმ ეტაპზე ქართულმა ჯგუფმა იხსნა მიწასთან გასწორებული რუსეთი სრული გაქრობისგან. ეს ასეა, ამას არც რაიმეს მიმატება უნდა და არც გამოკლება. ამ შეფასებაში თემა “კარგი/ცუდი” პოლიტიკის მიღმაა!

ახლა რა იქნება?!
ერთადერთი, რაც აშკარად გამოკვეთილია: საშინელი დაძაბულობა განუსაზღვრელობის პირობებში გარდაუვალია.

” საკუთარი ზე-ამბიციურობის ნიადაგზე ავადმყოფურად შეპყრობილი ვაშაძე, მოკლებულია რეალობის ადეკვატურად შეფასებას”- დავით ქართველიშვილი

თუ შეიძლება ოპოზიციურ ფლანგზე ვინმეს მიუსადაგო ფსიქო-პოლიტიკური დაავადება „მანია-გრანდიოზა“, ეს არის გიორგი ვაშაძე. მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი მოიცავს გარემოზე ღრმა შიშნარევ და გარეგნულად მოჩვენებით აგრესიულ თავდასხმით ტაქტიკას, საკუთარი ღრმად ჩამოყალიბებული კომპლექსების გამო, რომელთა დაძლევას ცდილობს შეუსაბამოდ გადამეტებული პოლიტიკური ამბიციებით, რომლებიც განაპირობებენ მის თითოეულ ქმედებას“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრში ნაცმოძრაობის შემდეგ ყველაზე ამბიციური გეგმები აქვს სწორედ ვაშაძეს, რომელიც ღიად პოზიციონირებს, როგორც ე.წ. „სამეულის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

ოპოზიციურ სპექტრში, ნაცმოძრაობის „კლასიკური“ შემადგენლობის შემდეგ, ყველაზე ამბიციური და თვალსაჩინო როლი და გეგმები აქვს გიორგი ვაშაძეს, რომლის მხრიდან აშკარად იმატა პოლიტიკურმა აქტივობამ. თავის ეკლექტიკურ „ტროიკაში“ ის ღიად პოზიციონირებს, როგორც ე.წ. „სამეულის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. პარალელურად, ლევან ხაბეიშვილთან საკუთარი ურთიერთობის წყალობით, ცდილობს მოახდინოს ზემოქმედება „ე.ნ.მ.“-ზე და სთხოვს ვანო მერაბიშვილს, თავისი ზეგავლენა გამოიყენოს ნაცმოძრაობაზე, რათა მათ მხარი დაუჭირონ მის მომავალ „გაპრემიერებას“.

ვაშაძე ასევე აქტიურად არის ინტეგრირებული ე.წ. სააკაშვილის „საოჯახო“ ფრთასთანაც (ჩალაძე, ალასანია) და ცდილობს მონაწილეობის მიღებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ყველა წამოწყებაში – ყოველ შემთხვევაში თვალსაჩინოდ „ფართხალებს“ ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ელენე ხოშტარიას მეშვეობით, არწმუნებს მამუკა ხაზარაძესაც, სამომავლოდ შეუერთდეს მათ ე.წ. „სამეულს“.

შექმნილი ვითარებიდან ვხედავთ, რომ გიორგი ვაშაძეს აქვს ამბიციური სურვილი მოახდინოს ოპოზიციური ფრონტის, საკუთარი პერსონის ირგვლივ გაერთიანება. თუმცა ამასთანავე, მის მიმართ პირდაპირ პროპორციულად მატულობს ნეგატივიც: მისი ზე-აქტიურობის გამო, გარკვეულ უკმაყოფილებას გამოხატავს ელენე ხოშტარია და მისი გარემოცვა.

არანაკლებად უკმაყოფილოა ზურა ჯაფარიძის უახლოესი წრეც, რომელიც მიიჩნევს, რომ „გირჩის“ რეიტინგის კლება განპირობებულია სწორედ რომ ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძესთან გაერთიანებით. გირჩელებს აქვთ მისი აშკარა მიუღებლობა, გარდა ამისა სწორედ ვაშაძის პერსონა წარმოადგენს „სამეულში“ „ლელოს“ ინტეგრაციის მთავარ პრობლემას. ასევე, მისი პერსონით უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს „მიშისტების“ კონკრეტული ფრთა და კეზერაშვილის „ე.ნ.მ.“-ს ფლანგი – განსაკუთრებით ლევან ბეჟაშვილი.

თუ შეიძლება ოპოზიციურ ფლანგზე ვინმეს მიუსადაგო ფსიქო-პოლიტიკური დაავადება „მანია-გრანდიოზა“, ეს არის გიორგი ვაშაძე. მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი მოიცავს გარემოზე ღრმა შიშნარევ და გარეგნულად მოჩვენებით აგრესიულ თავდასხმით ტაქტიკას, საკუთარი ღრმად ჩამოყალიბებული კომპლექსების გამო, რომელთა დაძლევას ცდილობს შეუსაბამოდ გადამეტებული პოლიტიკური ამბიციებით, რომლებიც განაპირობებენ მის თითოეულ ქმედებას. სერიოზული საიმიჯო ზიანი მიაყენა მას ე.წ. „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებულმა სკანდალმა, რამაც მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება არსებითად შეასუსტოს მისი ისედაც „პლინტუსქვედა“ რეალური პოლიტიკური პოზიციები.

თუმცა საკუთარი ზე-ამბიციურობის ნიადაგზე ავადმყოფურად შეპყრობილი ვაშაძე, მოკლებულია რეალობის ადეკვატურად შეფასებას. ამიტომ მისი მხრიდან მომავალი „გაპრემიერების“ პერსონიფიცირების დემონსტრირებას კიდევ დიდი ხანი ექნება ადგილი. მაგრამ ვაშაძის ეს ფსიქო-პოლიტიკური გადახრა აღიზიანებს პრაქტიკულად ყველას მის ირგვლივ, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, რაც სამომავლოდ უქმნის მის დღევანდელ პარტნიორებს მის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების მძლავრ მოტივაციას. რამდენად სერიოზული პოზიციები უკავია მას ხელისუფლების „აყირავების“ სქემაში – თავად განსაჯეთ. ჩვენ კი აუცილებლად გავაგრძელებთ სხვა, დანარჩენი „ამყირავებელი“ გარემოებების მიმოხილვას“, – წერს ქართველიშვილი.

“მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის ანგარიშში საქართველო ლიდერი ქვეყანაა” – ზურაბ ქადაგიძე

როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის ანგარიშში საქართველო ლიდერი ქვეყანაა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს რიგ წევრებს. 2023 წელს ეკონომიკის ზრდის ტემპი 0.4% გაზრდილია, რაც საერთო ჯამში 4.4% მიაღწევს და მომდევნო 2024-25 წლებში მდგრადი 5% იქნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 0.4%-ით გაიზარდა და ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის ანგარიშში ლიდერია, რაც ჩვენი ეროვნული პოლიტიკის დამსახურებაა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის ანგარიშში საქართველო ლიდერი ქვეყანაა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს რიგ წევრებს.

2023 წელს ეკონომიკის ზრდის ტემპი 0.4% გაზრდილია, რაც საერთო ჯამში 4.4% მიაღწევს და მომდევნო 2024-25 წლებში მდგრადი 5% იქნება.

მე მგონი, არავის ეპარება ეჭვი, თუ რამ გამოიწვია საქართველოს ეკონომიკური, სტაბილური განვითარება.

მშვიდობის პოლიტიკა, სტაბილური განვითარება, ეკონომიკური სტრატეგია და რეგიონული გამოწვევების სწორი, რაციონალური გამოყენება განაპირობებს საქართველოს მდგრად განვითარებას.

ეს არის რეალ-პოლიტიკა, ეროვნული პოლიტიკა და აუცილებლად შეუქცევად პროცესად უნდა ვაქციოთ, ჩვენი ჯანსაღი და სწორი გადაწყვეტილებებით!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა წელს გაიზრდება 4,4%-ით, ხოლო მომდევნო ორ წელიწადში სტაბილურად 5%-იან ზრდას აჩვენებს.

თიბისის Meliora 2022-ის ჯილდო გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებში გადაეცა

თიბისიმ „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022″-ის ჯილდო მიიღო კატეგორიაში „გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“. აღნიშნული ჯილდო თიბისის პროექტისთვის „2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში“ გადაეცა.

კონკურსი Meliora, რომელიც პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში ტარდება, ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ სამაგალითო კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისთვის. თიბისი კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულია. ბანკი სხვადასხვა კატეგორიის ჯილდოს მფლობელად 2018 და 2019 წლებშიც დასახელდა.

ჯილდო ექვს თემატურ კატეგორიაში გაიცემა, რომლებიც მოიცავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველა ძირითად სფეროს: მწვანე ინიციატივა, პასუხისმგებელი დამსაქმებელი, კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე, საზოგადოების მხარდაჭერა, სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა, გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის საკითხებზე. გამარჯვებულები უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა, საერთაშორისო და ადგილობრივმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გამოავლინეს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის გამჭვირვალე ინფორმაციისა და ობიექტური მაჩვენებლების მიწოდება. ამიტომ 2019 წლიდან ვაქვეყნებთ თიბისის წლიურ მდგრადი განვითარების ანგარიშს. ანგარიშში ინფორმაცია საერთაშორისო ანგარიშგების ინიციატივის (GRI) სტანდარტების მიხედვით არის წარმოდგენილი და, ამავდროულად, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) შესაბამის ანგარიშგებას წარმოადგენს. ეს ანგარიში არის იმ პასუხისმგებლობის დასტური და განაცხადი, რომელიც თიბისის 30 წელზე მეტია, აღებული აქვს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მომხმარებლების, თანამშრომლების, გარემოსა და საზოგადოების გაძლიერებას“. – მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი.

თიბისი მრავალწლიანი არსებობის მანძილზე აქტიურად ახორციელებს ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, რასაც არაერთხელ მოუპოვებია საერთაშორისო აღიარება. გარემოსა და საზოგადოების გასაძლიერებლად მომავალში კიდევ უფრო მეტი სამაგალითო პროექტი განხორციელდება.

(R)

“ალიანსის ზოგიერთი წევრი, შესაძლოა, უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე დათანხმდეს” – ანდერს ფოგ რასმუსენი

ალიანსის ზოგიერთი წევრი, შესაძლოა, უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე დათანხმდეს, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს.

რასმუსენის თქმით, თუ ნატო ვილნიუსის სამიტზე ვერ გადაწყვეტს უკრაინის გაწევრიანების ნაბიჯებს ან უსაფრთხოების გარანტიას, „არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალური ზომები მიიღოს“.

„ცნობილია, რომ პოლონეთი ძალიან ჩართულია უკრაინისთვის კონკრეტული დახმარების გაწევაში და არ გამოვრიცხავ, რომ პოლონეთი კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს და მას ბალტიისპირეთის ქვეყნებიც მიჰყვნენ“, – განაცხადა რასმუსენმა.

შეგახსენებთ, ალიანსისა და დასავლეთის სახელმწიფოების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ კატეგორიულად უარყვეს უკრაინაში საკუთარი ჯარების შეყვანის შესაძლებლობა, ამტკიცებენ, რომ ეს საფუძველს ჩაუყრის ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირ დაპირისპირებას.