„მე პირადად გამოვრიცხავ” – გიული ალასანია სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობაზე

247
spot_img

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია გამორიცხავს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, 2024 წლის არჩევნების დროს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იყოს.

მისი ვარაუდით, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავს.

„მე პირადად გამოვრიცხავ. რამდენადაც მისი განწყობა ვიცი, არა მგონია. ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოდ მეჩვენება. პირველ რიგში, არ ველოდები, რომ ის საქართველოში პოლიტიკაში ჩართვას აპირებს, არა მგონია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა, ჩემი ხედვით არის სუსტად და ველოდებით, რომ კიდევ დამატებითი გამოკვლევა იქნება“, – ამის შესახებ გიული ალასანიამ „ტვ პირველთან“ განაცხადა.

ცნობისთვის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრად დასახლება არ გამორიცხა. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის როლი მომავალ არჩევნებში დიდი იქნება.