Home Blog Page 2017

“ევროკავშირში გასაწევრიანებლად უნდა ვიცოდეთ რას უნდა ველოდოთ” – გია გაბრიჭიძე

გიორგი ქადაგიძე 6 მაისს ევროპის დღეებთან დაკავშირებით, ხალხს ეპატიჟება, რათა უთხრას, რომ “რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში შეიარაღებულნი უნდა ვიყოთ გადამოწმებული ინფორმაციით” და მოჰყავს ირლანდიისა და ბალტიის ქვეყნების მაგალითები – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე.

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, აუცილებელია ვიცოდეთ ნამდვილი ინფორმაცია და არა ევროპელი პენსიონერების ძარცვით დაფინანსებული ტელე, თუ არასამთავროების მიერ გავრცელებული ტყუილები.

„გიორგი ქადაგიძე 6 მაისს ევროპის დღეებთან დაკავშირებით, ხალხს ეპატიჟება, რათა უთხრას, რომ “რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში შეიარაღებულნი უნდა ვიყოთ გადამოწმებული ინფორმაციით” და მოჰყავს ირლანდიისა და ბალტიის ქვეყნების მაგალითები.

რა თქმა უნდა აუცილებელია, რომ გვქონდეს ნამდვილი ინფორმაცია.

ნამდვილი! და არა ევროპელი პენსიონერების ძარცვით დაფინანსებული ტელე, თუ არასამთავრობოული ტყუილები (რბილად ვამბობ).

უნდა ვიცოდეთ, თუ ჯერ ერთი რამდენი წელი ელოდება ამ “სტატუსს” რამდენიმე ევროპული სახელმწიფო, რა მოუტანა ამ სტატუსმა ვთქვათ მოლდოვას და ბოლოს – ვიცოდეთ რას უნდა ველოდოთ, რა უფლებები გვექნება ვალდებულებების გარდა.

ასევე უნდა ვიცოდეთ, თუ ვინ და როგორ უშლის ხელს უმთავრესი მოთხოვნის დეპოლარიზაციის შესრულებას.
და აუცილებლად გახსოვდეთ – ტყუილს მოკლე ფეხი აქვს.” – წერს გაბრიჭიძე.

“გუშინდელ აქციაზე იყო ხალხი გამოსული, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს” – შალვა პაპუაშვილი

ჩვენი ოპოზიცია იმ კონდიციამდე მივიდა, რომ სადაც იქნება სიტყვა „ქართული“, მათ ანტიდასავლურობა და პრორუსობა ელანდებათ. როგორც ჩანს, მათთვის ქართველობაც ანტიდასავლურობას ნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „აი უცნობის“ ორგანიზებით მიერ გუშინ გამართული აქცია და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები შეაფასა.

მისივე თქმით, გუშინდელი აქცია გამსჭვალული იყო ქართული იდეითა და ეროვნული ინტერესით.

პაპუაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, საკუთარ ლექსიკონში ტერმინი „ეროვნული ინტერესი“ დააბრუნონ.

„რა მოვისმინეთ საერთო ჯამში? იყო ხალხი გამოსული, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს და საქართველოსა და საქართველოს სიყვარულის გარდა, მე მგონი, იქ არაფერზე არ იყო საუბარი. გამოდის, რომ ამ ხალხის თვალში, ვინც არიან კრიტიკოსები, საქართველოზე საუბარი ნიშნავს ანტიდასავლურობას და პრორუსობას? ეს არის საერთო ჯამში, სადაც ისინი ტოლობას სვამენ. როგორც კი ვინმე საუბრობს საქართველოზე, ეროვნულ ინტერესზე და ა.შ. იქვე გამოდის პირდაპირ იარლიყების მიწებება, თითქოს ეს არის ანტიდასავლური.

მე რაც ვნახე, ეს იყო ქართული იდეით, ეროვნული ინტერესით გამსჭვალული აქცია. პირიქით, ოპოზიციას მოვუწოდებდი, რომ ამ იდეებს ჩაუფიქრდნენ და დააბრუნონ საკუთარ ლექსიკონში „ეროვნული ინტერესი“, როგორც ერთ-ერთი განმსაზღვრელი პრინციპი გადაწყვეტილების მიღებისა. ეს „ეროვნული ინტერესი“ რომ ამოგდებული აქვთ საკუთარი ლექსიკონიდან და ყველაფერთან პრორუსობა და ანტიდასავლურობა ელანდებათ, ეს არის პრობლემა. საბოლოო ჯამში, ჩვენი ოპოზიცია მივიდა იმ კონდიციამდე, რომ სადაც იქნება სიტყვა „ქართული“ მათ ანტიდასავლურობა და პრორუსობა ელანდებათ. როგორც ჩანს, მათთვის ქართველობაც ანტიდასავლურობას ნიშნავს. ამიტომ ეს პრობლემა არის ოპოზიციის,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

“გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ხალხი არ მისცემს ქვეყნის მართვის სადავეებს უცხოელს”

„გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ხალხი არ მისცემს ქვეყნის მართვის სადავეებს უცხოელს, რუსი იქნება ეს, ევროპელი თუ ამერიკელი. ხალხის მოთხოვნაა ეროვნული თვითმყოფადობა და ეს მოთხოვნა იქნება დაცული,“ – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე გუშინდელ აქციას.

მისი თქმით, ეს იყო ქართველი ხალხის პასუხი ოპოზიციას და მისი მხარდამჭერი უცხოელი პოლიტიკოსების მიმართ.

„გუშინდელი აქცია იყო ქართველი ხალხის პასუხი ოპოზიციის და მისი მხარდამჭერი უცხოელი პოლიტიკოსების მიმართ. დასავლეთისგან ანტიქართულ რიტორიკას, გაბრაზებული საზოგადოება დაუპირისპირდა. საზოგადოებამ გააპროტესტა ის, რასაც მისი სახელით, მისსავე საწინააღმდეგოდ საუბრობენ. ქვეყანა ეკუთვნის საზოგადოებას და მისი ბედი სწორედაც რომ მან უნდა გადაწყვიტოს და არა ვინმემ სხვამ. გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ხალხი არ მისცემს ქვეყნის მართვის სადავეებს უცხოელს, რუსი იქნება ეს, ევროპელი თუ ამერიკელი. ხალხის მოთხოვნაა ეროვნული თვითმყოფადობა და ეს მოთხოვნა იქნება დაცული. საყურადღებო იყო საზოგადოების განცხადება პრეზიდენტისთვის ლეგიტიმაციის შეწყვეტის თაობაზე. პრეზიდენტმა იმ ხალხში დაკარგა ლეგიტიმაცია, ვისი მხარდაჭერითაც ის არჩევნებში მოიპოვა. საზოგადოების გადაწყვეტილება პრეზიდენტზე არის მაგალითი იმისა, რომ ხალხი არავის არაფერს არ პატიობს.

ოპოზიციის ზოგიერთი ღირსებადაკარგული სახე აუგად მოიხსენიებს ამ ხალხს. იმას, ვინც რესპუბლიკის მოედანზე მდგომი ხალხის ასაკზე ქილიკობს, მინდა შევახსენო, რომ ამ თაობამ მოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობა, ამ თაობამ იბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ყველაზე მეტად სწორედ ამ თაობას შესტკივა გული სამშობლოზე. ამ მებრძოლმა საზოგადოებამ დაინახა ქვეყნის სუვერენიტეტის საფრთხე და მისი დაცვა გადაწყვიტა. მათ მსოფლიოს უთხრეს, რომ არ ტყუვდებიან და ვინც არ უნდა ისაუბროს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, რეალობა სულ სხვაა – დღეს ქვეყნის სუვერენიტეტი კვლავ საფრთხის წინაშეა. სწორედ ამ თაობამ იხსნა საქართველო სააკაშვილის რეჟიმისგან. სწორედ მათი შვილები, ახალგაზრდები იმსხვერპლა იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომლის დაბრუნებასაც დღეს დასავლეთის ზოგიერთი ლიდერი ცდილობს.

გუშინდელმა დღემ ალბათ ყველა დაარწმუნა, რომ შეუძლებელია საქართველოში ანტიქართული პოლიტიკის წარმოებით შედეგზე გახვიდე. შეუძლებელია სააკაშვილისა და მის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციის დაბრუნება ხელისუფლებაში. შეუძლებელია იმ მზაკვრული მიზნების განხორციელება საქართველოში, რაც მავანთ აქვთ. სამწუხაროა ის, რომ დღეს ამ მრავალჯერ ბრძოლაგადატანილ საზოგადოებას უწევს კვლავ ქუჩაში დგომა. ისინი იდგნენ იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებმაც ხმამაღლა თქვეს, რომ სურთ ქვეყნის განვითარება მხოლოდ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებით. მათ სურთ ევროპელობა საკუთარი ღირებულებებით და არა ქართველობის გარეშე. სწორედ ეს ახალგაზრდობაა იმ თაობის საქმის ღირსეული გამგრძელებლები, რომლებმაც მოგვიტანეს ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება,“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

თიბისის მხარდაჭერით, გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიაში” უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული ჩატარდა

გამოფენების ცენტრის – „ექსპოჯორჯიას” და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების კვირეული ჩატარდა.

კვირეულმა 4 ძირითადი ღონისძიება გააერთიანა: უძრავი ქონების გამოფენა, სამშენებლო გამოფენა – Caucasus Build, საერთაშორისო კონფერენცია – Nar და უძრავი ქონების ფორუმი.

კვირეულის ფარგლებში, თიბისისა და თიბისი კაპიტალის წარმომადგენლებმა, დამსწრე აუდიტორიას საქართველოს სამშენებლო და დეველოპერული სექტორების დინამიკა, ადგილობრივი მასალების მწარმოებლებისთვის არსებული შესაძლებლობები და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზები გააცნეს.

„უძრავი ქონების სექტორის ზრდა, პირდაპირპროპორციულად იწვევს სამშენებლო მასალებზე მოთხოვნის ზრდას. შესაბამისად, ორივე მიმართულებით, მუდმივად მზარდია თიბისის ბაზრის წილი და ინვესტიციაც. თიბისის ბაზრის წილი სამშენებლო მასალებში – 43%, უძრავ ქონებაში კი 41%-ია. ბოლო 3 წლის ჯამური ინვესტიცია კი, სამშენებლოში მასალებში – 1 238 000 000 ლარი, უძრავი ქონების სექტორში კი – 2 183 000 000 ლარი. აღნიშნულ სექტორებში თიბისის მოწინავე პოზიცია, პირველ რიგში, ინდივიდუალური მიდგომის დამსახურებაა. თიბისიში, სხვა სექტორების მსგავსად, დეველოპერულ სექტორსაც პროფესიონალების გამოცდილი გუნდი ემუშავება, რომლის წევრებიც სფეროს ექსპერტები არიან და ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, კვალიფიციური მრჩევლის ფუნქციასაც ითავსებენ. თითოეული კომპანიის საჭიროებებსა და შესაძლებლობებს ინდივიდუალურად განვიხილავთ და მათზე დაფუძნებით, შესაბამის მომსახურებასა და პროდუქტებს ვთავაზობთ”, – გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

უძრავი ქონების კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას. ასევე, ბიზნესისთვის კი გაყიდვების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე.

(R)

“ვისაც უსაფრთხოების პოლიტიკაზე რაიმე წარმოდგენა აქვს, ნეიტრალიტეტზე არ ისაუბრებს”- ბექა ლილუაშვილი

პარტია „საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ვისაც უსაფრთხოების პოლიტიკაზე რაიმე წარმოდგენა აქვს, საქართველოში ნეიტრალიტეტზე არ ისაუბრებს.

როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, ნეიტრალიტეტზე საუბარი, ცალსახად, ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია და თუ ხელისუფლება ამ ნარატივს გაიმეორებს, ეს პირდაპირ კონსტიტუციის უგულებელყოფა იქნება.

„რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, რომ რეგიონული კონტექსტი გესმოდეს და ამავდროულად, ნეიტრალიტეტზე საუბრობდე. ამ რეგიონში ნეიტრალიტეტმა არცერთ ქვეყანას არაფერი კარგი არ მოუტანა. პირიქით, ეს ყოველთვის რუსეთთან მიმართებით საგარეო პოლიტიკური მოწყვლადობის წყარო იყო. ვისაც უსაფრთხოების პოლიტიკაზე რაიმე წარმოდგენა აქვს, ნეიტრალიტეტზე არ ისაუბრებს. ეს, ცალსახად, ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია. თუ ხელისუფლება ამ ნარატივს გაიმეორებს, ეს პირდაპირ კონსტიტუციის უგულებელყოფა იქნება. კონსტიტუციურად ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი პირდაპირ განსაზღვრულია. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რათა ქვეყანა ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი გახდეს და რუსეთთან მარტო არ დარჩეს”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

„თიბისისთან“ პარტნიორობით კომპანია „გრინ ნეთვორქსი“ მომსახურების ხარისხსა და არეალს აფართოებს

„თიბისის“ მხარდაჭერით ინტერნეტ პროვაიდერმა კომპანია „გრინ ნეთვორქსმა“ ინფრასტრუქტურა და მომსახურების არეალი გააფართოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

„გრინ ნეთვორქსის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ლევან ომაძე, „თიბისის“ კომპანიის ისტორიას უყვება.

„ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიის დაარსების იდეა მას შემდეგ გაგვიჩნდა, რაც ბაზარი შევისწავლეთ და მივხვდით, რომ არსებობდა რეგიონები, რომლებშიც ინტერნეტის საჭიროება იდგა.

2012 წელს დავფუძნდით და დავიწყეთ რადიო-ინტერნეტით, რომლითაც უზრუნველვყოფდით მომხმარებელს შორეულ, საზღვრისპირა სოფლებში, სადაც მოსახლეობის სიმცირის გამო სხვა პროვაიდერები არ შედიოდნენ.

პირველ ხანებში რადიო-ინტერნეტი სრულიად აკმაყოფილებდა არსებულ ბაზარს. შემდეგ, ნელ-ნელა, მოთხოვნა და კონკურენცია გაიზარდა და საჭირო გახდა რადიო-ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანით ჩანაცვლება. აქედან გამომდინარე, 2018 წელს, მივმართეთ „თიბისის“ და მისი მხარდაჭერით სრულფასოვნად ავითვისეთ რამდენიმე დიდი რეგიონი – გორის, ხაშურის, ქარელის რაიონების სოფლები, სადაც შევიყვანეთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი.

პირველ ეტაპზე ჩვენი სერვისი ინტერნეტით შემოიფარგლებოდა. ბოლო 3 წელია, მოთხოვნის შესაბამისად, დავიწყეთ VoIP ტელეფონი და IP ტელევიზიით მომსახურებაც.

წლების განმავლობაში ჩვენი პრობლემა იყო ის, რომ ინფრასტრუქტურა იჯარით გვქონდა აღებული. „თიბისი“ დაგვეხმარა და ამ ეტაპზე 70% საკუთარი ინფრასტრუქტურა გვაქვს. ამან, ცხადია, გაზარდა ჩვენი მომსახურების ხარისხი და შესაბამისად, მომხმარებლის რაოდენობაც.

სატელეკომუნიკაციო სივრცეში არსებული სხვა კომპანიებისგან სწორედ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მოქნილი ტარიფები და ოპერატიულობა განგვასხვავებს. სწორედ იმის გამო, რომ მუშაობის პროცესში ჩვენი გუნდი მაქსიმალურადაა ორიენტირებული ხარისხზე, ბოლო 2 წლის განმავლობაში არ გვქონია არცერთი სერიოზული დაზიანება.

ამჟამად კომპანიაში 10 პროფესიონალია დასაქმებული.

სამომავლოდ ვგეგმავთ, მთლიანად საკუთარი ინფრასტრუქტურით ვიმუშაოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, მოვიცვათ რაც შეიძლება მეტი რეგიონი, კიდევ უფრო დავხვეწოთ ხარისხი და მომხმარებელს შევთავაზოთ ყველაზე სწრაფი ინტერნეტი“,- აცხადებს ლევან ომაძე.

(R)

“გვინდა მივცეთ საქართველოს, შესაძლებლობა, ევროკავშირის ოჯახს შემოუერთდნენ – პაველ ჰერჩინსკი

იმედი მაქვს, საკმარისი პროგრესის მიღწევა მოხდება რეფორმების კუთხით იმისთვის, რომ 27 წევრმა სახელმწიფომ გააგრძელოს ნაბიჯის გადადგმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, რომელიც საქართველომ, შესაძლოა, მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ახლა მხარს უჭერს ქართველების 89 პროცენტი, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ევროკავშირი არის 27 სუვერენული ქვეყნის ოჯახი. გვინდა გაფართოება, გვინდა მივცეთ სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, შესაძლებლობა, ამ ოჯახს შემოუერთდნენ. საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა იყოს ევროკავშირის ნაწილი. რა გადაწყვეტილების მიღებაც არ უნდა მოხდეს საქართველოს მხრიდან, ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან, ქართველი მოსახლეობის მხრიდან, ჩვენ პატივს ვცემთ მას. ვიცი, რომ ევროინტეგრაციასა და ევროკავშირში გაწევრიანებას ახლა მხარს უჭერს ქართველების 89 პროცენტი. ეს ნამდვილად ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მე ასევე მესმის და ვიცი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციაშიცაა აღბეჭდილი. ჩვენ, ევროკავშირი, აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ და უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მთავრობას ყველა საჭირო მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ განახორციელოს ეს მიზანი, მაგრამ ეს სამუშაო ქართველების შესასრულებელია. იმედი გვაქვს, რომ პროცესი გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით. ეს იქნება ხანგრძლივი, რთული პროცესი. ეს არის პროცესი, რომლის გავლაც ყველა ქვეყანას მოუწია, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურდა, მაგრამ ყველაფერი ქართული პოლიტიკური ელიტების ხელშია და იმედი მაქვს, საკმარისი პროგრესის მიღწევა მოხდება რეფორმების კუთხით იმისთვის, რომ 27 წევრმა სახელმწიფომ გააგრძელოს შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, რომელიც საქართველომ, შესაძლოა, მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღოს, მაგრამ კვლავ გავიმეორებ, რომ ის იქნება დაფუძნებული იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველო მიაღწევს რეფორმების გზაზე“, – აღნიშნა ელჩმა.

“დასაფასებელია, რომ კომუნისტების შემდეგ ერთპარტიული არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” აჩვენა”- იაგო ხვიჩია

დასაფასებელია, რომ კომუნისტების შემდეგ ერთპარტიული არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, ჩვენს დროში არ არის მარტივი, რომ ეს მოახერხო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ეს ამბავი დავუფასოთ და მივულოცოთ ღირსეული გამარჯვება საკუთარ თავთან. IRI-ის კვლევების „გამპრავებლად“ ვერ გამოვდგები, რადგან, სრულიად დაუმსახურებლად, კვლევებზე საერთოდ არ გამომკითხეს, მაგრამ როგორც IRI-ის არ ვენდობი ამ ამბავში, ისე „ქართული ოცნების“ შეფასებებს არ ვეთანხმები. მით უმეტეს, იმ არგუმენტში, რამდენი ხმა მივიღეთ არჩევნებშიო. ამ არგუმენტს როგორ უნდა დავუჯერო, როცა მარტო ხარ და საკუთარ თავს ხუთ გოლს გაუტან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“ამაზე ნაძირლული სიტყვები, რაც გუშინდელ აქციაზე მწყობრი სახით ითქვა, არასდროს მსმენია”

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში რესპუბლიკის მოედანზე გუშინ გამართულ აქციას ეხმაურება:

“მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირში ე.წ. პერესტროიკა დაიწყო და ადამიანებს სიტყვისთვის აღარ იჭერდნენ, მას შემდეგ რაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო და საჯარო სიტყვებმა მნიშვნელობა შეიძინეს, ყველა სიტყვა მახსოვს: კარგი, ცუდი, საშიში, სასაცილო, გონივრული, ბრიყვული, მცდარი, მართალი. ბევრი მათგანი ისტორიის ნაწილი გახდა და საარქივო მასალებიდან ამოწევენ ხოლმე სხვადასხვა შემთხვევისას თუ თარიღისას. მახსოვს ისეთებიც, რომლისთვისაც იმ მომენტისათვის ყურადღება არავის მიუქცევია, მაგრამ არასდროს ამომდის გონებიდან. მაგალითად, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, როდესაც ჩვენთან ნახევრად ნებადართული სამხედრო-პოლიტიკური შეიარაღებული ფორმირებები გაჩნდნენ, რუსთაველზე “იმელის” შენობის წინ, ახლა რომ სასტუმრო ბილტმორია, ერთი ასეთი დაჯგუფების წარმომადგენელმა მეორისას ესროლა თუ ჰაერში გაისროლა. ეს იყო პირველი გასროლა ქვეყანაში. ირაკლი ბათიაშვილის კომენტარი მოვისმინე ტელევიზიით-როცა ერთი გასროლა ხდება, ამას საუბედუროდ აუცილებლად მოჰყვება ბევრიო. სერიოზულად არავის აღუქვია მაშინ ეს სიტყვები.

მახსოვს, უნივერსიტეტის ეზოში ირაკლი წერეთელი შემოვიდა ამალითურთ და გამოაცხადა, საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდესო. იმდენად არასერიოზული და არაადეკვატური იყოს ეს სიტყვები იმ მომენტისათვის, რომ ხალხი იცინოდა. ირაკლის თავისი ექსცენტრულობის გამო, ცოტათი ისედაც დასცინოდნენ მაშინ. იმ სიტყვებიდან ათი წელიც კი არ იყო გასული და უკვე ქვეყნის პრეზიდენტი, შევარდნაძე ამბობდა იმავეს-ნატოს კარებზე უნდა დავაკაკუნოთო.

მოკლედ რა არ მახსოვს და რა მიტინგები არ მახსოვს, მაგრამ ამაზე ნაძირლული სიტყვები, რაც გუშინდელ აქციაზე მწყობრი სახით ითქვა, არასდროს მსმენია,”- წერს რომან გოცირიძე.

გიორგი ამილახვარმა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ნოდარ პაპუკაშვილი წარადგინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მოადგილის თანამდებობაზე სამართლის დოქტორი, პროფესორი ნოდარ პაპუკაშვილი წარადგინა, რომელიც კურატორობას გაუწევს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ პაპუკაშვილს საჯარო და კერძო სექტორში, მათ შორის განათლების სფეროში, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

სხვადასხვა დროს ის იკავებდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან არსებული სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარისა და ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობებს. გამოცემული აქვს 14 სამეცნიერო ნაშრომი და სამი მონოგრაფია.

“IRI იმდენად აირია, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ ვინ მიეწერა – ნიკა მელია თუ ლევან ხაბეიშვილი, ვერ გაარკვია”

IRI იმდენად აირია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ვინ მიეწერა – ნიკა მელია თუ ლევან ხაბეიშვილი, ვერ გაარკვია და ამიტომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი მიაწერა – ასე დარჩა ხახამშრალი ხაბეიშვილი და მელია, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მაჭარაშვილის შეფასებით, IRI-ის კვლევები ხალხის ნებას არასოდეს ემთხვეოდა და „კვლევა იყო ერთი, ხოლო არჩევნების შედეგები – მეორე“.

“ასე მოხდა რვაჯერ და კიდევ ბევრჯერ მოხდება. ამ კვლევების არავის აღარ სჯერა. ქართულმა საზოგადოებამ მყისიერად დაადასტურა, რომ კვლევები რომელიღაც ოთახშია დაწერილი და არის მათი სურვილი.

IRI ისე აირია, რომ “ნაცმოძრაობა” ვის ეკუთვნის, ჯერ გასარკვევია”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ქართველ მეხანძრე-მაშველებს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ ცეცხლგამძლე ფორმები გადასცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, თურქეთის საელჩოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ხელშეწყობით, ცეცხლგამძლე სახანძრო-სამაშველო ფორმები გადაეცა.

სპეციალური ფორმების გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. სტუმრებმა სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს და მის მახასიათებლებს პირადად გაეცნენ.

ცერემონიის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსისა და თურქეთის ელჩის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თურქეთის პრეზიდენტის მიერ ქართული სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელისთვის სპეციალური ჯილდოს – „უმაღლესი თავდადების ორდენის“ გადაცემას. თურქეთის ელჩმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თურქეთში განხორციელებული სამაშველო მისიისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (AFAD) შორის 2018 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს კატასტროფების რისკის მართვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას. მას შემდეგ ორი ქვეყნის სახანძრო-სამაშველო სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ, როგორც საგანგებო სიტუაციების დროს, ასევე ქართველი მაშველების გადამზადების მიმართულებით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთში არაერთი სწავლება და ქართველი მაშველების გადამზადების პროგრამა განხორციელდა.