Home Blog Page 2016

“პოლიტიკაში ჩახედულებმა იციან ვინცაა გიორგი ქადაგიძე – გინდ 6 მაისს, გინდ სხვა დღეს, ვერაფერს მიაღწევენ”-გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მიმართვას ვროპის დღესთან დაკავშირებით დისკუსიის გამართვის თაობაზე, სოციალურ ქსელში აფასებს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, გიორგი ქადაგიძე, რომელიც აცხადებს, რომ “რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად, აუცილებელია შეიარაღებული ვიყოთ სანდო და გადამოწმებული ინფორმაციით“, დიდი ხნის წინ დაწერილი თამაშის წესებს ასრულებს.

„ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა დიდი ხნის წინ დაწერილ თამაშის წესებს ასრულებს. ინტერნეტის, ციფრული სამყაროს ეპოქაში ყველაფერი სხვაა. ვერც პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოიზიდავენ ეს ვითომ ალტერნატიულნი ვითომ პროდასავლელნი, რეალობაში ფაშისტები.
სხვადასხვა ბლა ბლა სემინარებზე აღარ დავდივარ დიდი ხანია, უმცროსებს ვუშვებ და მაინტერესებს მათი შთაბეჭდილებები და მერე ერთობლივად ვაწყობთ ლექცია-სემინარებს.

პოლიტიკაში ჩახედულებმა იციან ვინცაა გიორგი ქადაგიძე, ნაცი. ოღონდ ვიწრო წრემ ვიცით და ამ ვიგანდარას თამასას ვუწევ იმის გამო, რომ რაცხა (მართლაც რაცხა და არა რაღაც) აქცია დაანონსეს ევროძებილებმა. გინდ 6 მაისი, გინდ რაღაც თვის დღეს ვერაფერს მიაღწევენ! გადაფხიკე და ბოკერია ანდა მიშა-კეზერაშვილი რომ გყავს, ძალიან ტეხავს.“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

რუსეთში, რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების გამო, სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა

რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რკინიგზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა.

“უნეჩას რაიონში, ბრიანსკ-უნეჩას რკინიგზის 136-ე კილომეტრზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. მსხვერპლი არ არის”, – დაწერა გუბერნატორმა „ტელეგრამის“ არხზე.

მისივე ცნობით, რელსებიდან 7 ვაგონი გადავიდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილზე ოპერატიული სამსახურები და ქალაქის სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოების კოორდინაციის მიზნით, „რუსეთის რკინიგზამ“ ოპერატიული შტაბი შექმნა.

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის წევრებმა რვა საკითხი განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა რვა საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის განკარგულებაში ცვლილების თაობაზე.

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტის ფარგლებში ქვეკომპონენტი ამოქმედდა, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

ქვეკომპონენტის ამოქმედება ხელს შეუწყობს ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდას.

სოფლის განვითარების სააგენტო  მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან არა უმეტეს 14 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს სესხის მიზნობრივად ხარჯვას.

ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრა 10,000 ლარიდან 100, 000 ლარის ჩათვლით.

“ნაციონალური მოძრაობის“ არანაირი რეიტინგი გაზრდილი არ არის”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, IRI-ის კვლევის ედრთადერთი მიზანი იყო ვირტუალური რეალობის შექმნა და ოპოზიციის მოტივირება.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციამ ვერცკი გაბედა, კანდიდატები დაეყენებინა და 29 აპრილის არჩევნებმა ოპოზიციის კრახი დაადასტურა.

„ამ კვლევის ერთადერთი მიზანი იყო დაბნეულობის შეტანა საზოგადოებაში. ეს არის პროპაგანდის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რათა კრახი, რომელიც დადასტურდა 29 აპრილის არჩევნებით, კრახი, რომელიც განიცადა ოპოზიციამ, შეიფუთოს, თითქოს რაღაც სხვა რეალობა არსებობს. ერთია ვირტუალური რეალობა, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ ე.წ. კვლევაში და მეორეა რეალური რეალობა, ის, რაც არის ჩვენი მოსახლეობის რეალური განწყობა და ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ შედეგები, არამედ ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ ვერც კი გაბედა, კანდიდატები დაეყენებინა. სხვა გამართლება, ახსნა არ აქვს, რომ მათ კანდიდატები არ დააყენეს, მაგალითად, ცაგერში ან თერჯოლაში მერის კანდიდატურები. თუ ისინი საუბრობენ, რომ წალენჯიხაში წარმატებულად უძღვება ოპოზიციონერი მერი ადგილობრივ თვითმმართველობას, დაემტკიცებინათ ეს ცაგერშიც და თერჯოლაშიც. გარდა ამისა, ახლა თავადვე ამბობენ, რომ აკლიათ ხმები პარლამენტში და ნანობენ, რომ სია აქვთ ჩახსნილი, დაეყენებინათ კანდიდატურა ფოთში და აეღოთ ერთი დამატებითი მანდატი. ხომ ამბობენ და ამ კვლევასაც ხომ იმის თქმა უნდოდა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, საქმე იმაშია, რომ ყველამ კარგად იცის რეალობა – ე.წ. კვლევის ავტორებმაც და ოპოზიციამაც. რეალობა არის, რაც ვნახეთ 29 აპრილს. იმ არჩევნებში, რომელიც გადამწყვეტი არ იყო, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებისგან განსხვავებით, რომელიც რეალურად იყო საპარლამენტო არჩევნების დონის არჩევნები, რადგან იქ იდგა 43-პროცენტიანი ბარიერის საკითხი, თუ გახსოვთ, ადგილობრივი თემები საერთოდ არ განიხილებოდა, ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო კამპანიაში პოლიტიკური თემები იყო წამოყენებული, რეფერენდუმადაც კი განიხილავდნენ იმ არჩევნებს – იმ არჩევნებში, რეფერენდუმში მთელი მობილიზაციით რამდენი ამომრჩეველიც მივიდა და „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, ახლა, როცა რიგ შემთხვევებში კანდიდატის კონკურენტიც არ იყო, იმაზე მეტი ამომრჩეველი მივიდა, უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. რატომ? იმიტომ, რომ დემონსტრაციულად, ქართველმა ხალხმა როგორც შიგნით, ისე გარეთ დაანახა ყველას, ვინც ცდილობს, გამიჯნოს ქართველი ხალხი ქართული ხელისუფლებისგან, დაანახა ამ ადამიანებს, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ არანაირი რეიტინგი გაზრდილი არ არის, პირიქით, ვხედავთ, რომ ყველანაირად არის დემოტივირებული ზოგადად ოპოზიციაც. IRI-ის კვლევის ერთადერთი მიზანი იყო ვირტუალური რეალობის შექმნა და ოპოზიციის მოტივირება, რეალობასთან ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„უკრაინა მზად არ არის დიდი კონტრშეტევის დაწყებისათვის, მაგრამ კიევს სხვა გზა არ აქვს“

ბრიტანული გაზეთის „თაიმსის“ (Times) საკვირაო გამოშვება „სანდი თაიმსი“ (Sunday Times) აქვეყნებს პოლიტოლოგიის პროფესორის მარკ გალეოთის სტატიას სათაურით „უკრაინა მზად არ არის დიდი კონტრშეტევის დაწყებისათვის, მაგრამ კიევს სხვა გზა არ აქვს“.

გთავაზობთ Sunday Times-ის პუბლიკაციის შინაარსს, რომელიც ბრიტანული „ბიბისის“ რუსულმა სამსახურმა (BBC russian) გაავრცელა:

უკრაინის არმიის სარდლობისა და პოლიტიკოსების სურვილის მიუხედავად, კონტრშეტევა, დიდი ალბათობით, რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას არ მოიტანს, მაგრამ მისი დაწყების ვადების გადადება სულ უფრო ძნელი ხდება, მათ შორის პოლიტიკური მიზეზებითაც.

ბრიტანელი ოფიცრები, რომლებიც უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებთან მუშაობენ, იტყობინებიან, რომ ერთი მხრივ, მათი კოლეგები მტკიცედ და გაბედულად არიან ბრძოლისთვის განწყობილნი, მაგრამ მეორე მხრივ, ამერიკული დაზვერვის „გაჟონილი“ დოკუმენტები მოწმობენ, რომ უკრაინის არმიას რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა არ შეუძლია – ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, კიევი მხოლოდ მცირე ტერიტორიას თუ დაიკავებს.

„რა თქმა უნდა, უკრაინელი სამხედროები მამაცობისა და პროფესიონალიზმის მაგალითებს გვაჩვენებენ, მათ შეუძლიათ რუსებს უკან დაახევინონ და მოწინააღმდეგე მძიმე სიტუაციაში მოაქციოს – როგორც ოპერატიულ, ისე სტრატეგიული თვალსაზრისით, მაგალითად, როგორც ეს იყო გასულ წელს ხარკოვის მიმართულებით, როცა არმიამ რიგი ქალაქები დაიბრუნა (ტერიტორია დაახლოებით 12 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობით), – წერს ავტორი, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ამჟამად უკრაინა გარკვეული სიძნელეების წინაშე დგას.

კიევის პრობლემები: „ქორებს“ შეტევა უნდათ…

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები სწრაფად ითვისებენ 230 გარემონტებულ დასავლურ ტანკს და 1550 ჯავშანმანქანას, მათ ჯერ კიდევ არ აქვთ სათანადო ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი შეტევითი საომარი ოპერაციისათვის. გარდა ამისა, დასავლელი ექსპერტები არ არიან დარწმუნებულნი იმაში, რომ უკრაინის არმიის მეთაურები ისევე კარგად არიან ადაპტირებულები ახალ სისტემებთან, როგორც მათი ჯარისკაცები.
„და მაინც, კიევს სხვა რეალური არჩევანი და გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ მსხვილი საგაზაფხულო ან საზაფხულო შეტევა განახორციელოს. უკრაინის ლიდერები საკუთარ თავს სულ უფრო მეტად აქცევენ რაღაც ჩარჩოებში“, – თვლის მარკ გალეოთი, – მართალია, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მოხერხებულად „მართავს“ მხარდაჭერის შესანარჩუნებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს მხარდაჭერა რომ ბოლომდე მტკიცე იყოს, მან რაღაც ისეთი უნდა აჩვენოს, რასაც ვაშინგტონელი ინსაიდერები „ჩადებული ინვესტიციების უკან დაბრუნებას“ უწოდებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწევს აგრეთვე საშინაო პოლიტიკის დაბალანსებაც: ისეთ „ქორებს“, როგორიცაა, მაგალითად, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, გენერალი კირილ ბუდანოვი, არ სურთ ლაპარაკი მოსკოვთან მოლაპარაკებაზე, თუმცა მთავრობაში ზოგიერთები თვლიან, რომ ახლა სწორედაც რომ მოლაპარაკების დრო დგება.

კიევში მყოფმა ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა უკრაინაში დღეისათვის შექმნილ სიტუაციას „სიურეალისტური“ უწოდა: „საღამოს ჩემთან მოსაუბრეები მოსკოვთან პოტენციური მოლაპარაკების ფორმატზე მსჯელობენ, მომდევნო დილით კი გაჰყვირიან, რომ რუსეთთან არავითარი მოლაპარაკება არ იქნება“.

… უკრაინის არმიაში კი საბრძოლო მასალების უკმარისობაა

დასავლეთის ქვეყნებსაც თავიანთი შემზღუდავი პრობლემები აქვთ. პოლიტიკური ხასიათის სიძნელეების გარდა, არის სირთულეები თანამედროვე შეიარაღების სისტემების მიწოდებაში – უკრაინას არ აძლევენ „ფანტომ-16“ (F-16) ტიპის ავიაგამანადგურებლებს და 300 კილომეტრზე მეტის რადიუსის მქონე ATACMS-ის რაკეტებს. მწვავედ დგას საარტილერიო ჭურვებისა და სხვა საბრძოლო მასალის დეფიციტის საკითხი.

ამჟამად უკრაინელი არტილერისტები თვეში უფრო მეტ 155-მილიმეტრიან ჭურვებს ხარჯავენ, ვიდრე ამერიკას მათი ყოველწლიურად წარმოება შეუძლია. მართალია, დასავლეთი ინვესტიციებს დებს ახალი საწარმოოო სიმძლავრეების შექმნაში, მაგრამ ამას საკმაო დრო ჭირდება.

საბრძოლო მასალები ჰაერიდან ნამდვილად ვერ დამზადდება, საფრანგეთი კი ევროკავშირის ქვეყნების მიღმა მათი შესყიდვის შესაძლებლობას ბლოკავს. ხმამაღალი დაპირებების შემდეგ კიევი იძულებული ხდება დაიწყოს შეტევა რომელიმე ამბიციურ სამიზნეზე, მაგალითად, მელიტოპოლზე, რომელიც საავტომობილო და სარკინიგზო კვანძს წარმოადგენს. ამ ქალაქის გათავისუფლება და აზოვის ზღვის ნაპირზე გასვლა „გადაჭრის“ იმ სახმელეთო დერეფანს, რომელიც ყირიმს რუსეთთან აკავშირებს.

რა თქმა უნდა, მოსკოვში სავარაუდო კონტრშეტევის შესახებ იციან და თავის მხრივ, რუსებიც ემზადებიან უკრაინელების დასახვედრად. უკრაინელების შეფასებით, რომელსაც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს, რუსეთის არმიის დანაკარგები ბოლო დროს თითქმის ერთი მესამედით შემცირდა. კოსმოსიდან თანამგზავრების მეშვეობით გადაღებული ფოტოსურათებზე ჩანს რუსების მიერ გათხრილი დიდი ტრანშეები და გამაგრებული პოზიციები უკრაინელთა შეტევის სავარაუდო მიმართულებით, სამხრეთისაკენ.

არ არის გამორიცხული, რომ კიევი დარტყმას სხვა ადგილებში განახორციელებს, მაგალითად, დონეცკისაკენ, მაგრამ ამას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ექნება: ბრძოლას, დიდი ალბათობით, მძიმე ხასიათი ექნება, მისი პრაქტიკული სარგებლობა კი – საკმაოდ მცირე.

პუტინიც შეზღუდულია ვარიანტების არჩევაში…

პრობლემები რუსებსაც აქვთ – მათაც არ ჰყოფნით საბრძოლო მასალები და ზუსტი დამიზნების რაკეტები. უფრო მეტიც – ვლადიმერ პუტინს წარმატებების მიღწევა სურს, მაგრამ რაც უფრო აგრესიულია რუსეთის ოპერაციები, მით უფრო მეტი დანაკარგები აქვს რუსეთის არმიას და მით უფრო სწრაფად აღმოჩნდება იგი ძნელი არჩევანის წინაშე, თუ რით შეავსოს ცოცხალი ძალა, რით ჩაანაცვლოს დაღუპულები და დაჭრილები.

დანაკარგების შესავსებად საჭირო გახდება ან ახალწვეულების გაგზავნა ფრონტზე, ან შედარებით უფროსი ასაკის მოქალაქეთა შორის ახალი მობილიზაციის გამოცხადება. კრემლმა იცის, რომ ორივე ვარიანტი მოსახლეობაში არაპოპულარული იქნება და ამიტომ ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტილები მიღებას არ ჩქარობს, განსაკუთრებით მიმდინარე წლის სექტემბერში დანიშნული რეგიონული არჩევნების წინ.

ამრიგად, სანამ უკრაინელი „ქორები“ (ანუ ძალები, რომლებსაც ვოლოდიმირ ზელენსკი გარკვეულწილად ვერ აკონტროლებს) პრეზიდენტს შეტევისაკენ უბიძგებენ, მოსკოვი იძულებულია თავდაცვისათვის მოემზადოს იმ იმედით, რომ უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევის ნებისყოფა დაუქვეითდებათ და დასავლეთიც აღარ იქნება მზად უკრაინის ომი დააფინანსოს. ეს პრაქტიკულად ერთადერთი სტრატეგიაა, რომელიც შეიძლება ვლადიმერ პუტინმა მიიღოს.

…ჩინეთი კი ყველა შემთხვევაში მოგებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრისხანე განცხადებების მიუხედავად, მოსკოვის საერთაშორისო როლი და გავლენა მცირდება.

კრემლი თავს იკავებს ნატოს მისამართით პირდაპირი პროვოკაციებისაგან, მაგალითად, არ ბომბავს უკრაინაში დასავლური იარაღის შეტანის გზებს და მარშრუტებს. მაშინაც კი, როცა რუსეთის ავიაცია ჰაერში იყო გაბატონებული, მფრინავები ერიდებოდნენ უკრაინის დასავლეთ საზღვრებთან მიახლოებას, რათა შემთხვევით ნატოს საჰაერო სივრცეში არ შეჭრილიყვნენ.

სერგეი ლავროვმა გაეროში გასულ ოთხშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ნატო „რუსეთის დაშლას ცდილობსო“, მაგრამ აშკარაა, რომ მოსკოვისაგან თანდათანობით იმ ქვეყნებმაც კი პირი იბრუნეს, რომლებიც ადრე კრემლთან მეგობრობდნენ. დღეს ის სახელმწიფოებიც კი, რომლებსაც რუსეთი მეორეხარისხოვნად თვლიდა, ცდილობენ, რომ შექმნილ სიტუაციაში რუსეთის სურვილებს ვეტო დაადონ ან უფრო მაღალი ფასი მოითხოვონ მოსკოვისადმი თავიანთი დახმარებისათვის – მაგალითად, თურქეთი და ირანი, რომლის დახმარებით კრემლი სანქციებს თავს არიდებს და „ალტერნატიული იმპორტით“ ინაზღაურებს დასავლურ ემბარგოთი მიყენებულ დანაკლისს.

რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ომი და რაც უფრო მეტი ზიანი მიადგება რუსეთის ეკონომიკას, ამით სულ უფრო მეტად ისარგებლებს ჩინეთი: პეკინი ძალას იკრებს. კრემლისათვის სასიხარულო ერთობლივი კომუნიკეს მიუხედავად, რომელსაც ხელი სი ძინპინის მოსკოვური ვიზიტის დროს მოეწერა, პეკინი კრემლს ძველებურად უარს ეუბნება იარაღის მიწოდებაზე და უსიტყვო პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რომლის მიღება ვლადიმერ პუტინს სურს.

ამის ნაცვლად ამხანაგმა სიმ მოსკოვი ღიად აიძულა ბირთვული მადა შეეკავებინა, ხოლო რამდენიმე დღის წინ ვოლოდიმირ ზელენსკის მთელი ერთი საათი ესაუბრა ტელეფონით.

იმ დროს, როცა მოსკოვს და კიევს მნიშვნელოვანი ტაქტიკური თავისუფლება აქვთ, ისინი სტრატეგიულად შეზღუდულნი არიან. უკრაინა იძულებულია მსხვილი შეტევა განახორციელოს, რუსეთმა კი მას გამარჯვების იმედი წაართვას.

წყაროები: https://www.bbc.com/russian/features-65414103;

https://www.thetimes.co.uk/article/ukraine-isn-t-ready-for-its-big-offensive-but-it-has-no-choice-b7qrq3vcr

“მსოფლიო რუსეთს არცერთ ტერორისტულ აქტს არ აპატიებს”

„მსოფლიო რუსეთს არცერთ ტერორისტულ აქტს არ აპატიებს“, – ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს რუსეთს არცერთ ტერორისტულ აქტს. და რომ რაც შეიძლება მეტი გლობალური მოთამაშე აბსოლუტურად პრინციპულია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის დაცვაში ტერორის გამო.

მადლობას ვუხდი მსოფლიოში თითოეულ ადამიანს, რომელიც ეხმარება ტერორისტების იზოლაციის გაძლიერებას და ტერორისტებისთვის იარაღისა და მათ კომპონენტების მიწოდების შეჩერებას, რომელიც მუშაობს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო დაბლოკვაზე და მთელი ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.

დიდება ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის!“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

“ევროკავშირში გასაწევრიანებლად უნდა ვიცოდეთ რას უნდა ველოდოთ” – გია გაბრიჭიძე

გიორგი ქადაგიძე 6 მაისს ევროპის დღეებთან დაკავშირებით, ხალხს ეპატიჟება, რათა უთხრას, რომ “რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში შეიარაღებულნი უნდა ვიყოთ გადამოწმებული ინფორმაციით” და მოჰყავს ირლანდიისა და ბალტიის ქვეყნების მაგალითები – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე.

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, აუცილებელია ვიცოდეთ ნამდვილი ინფორმაცია და არა ევროპელი პენსიონერების ძარცვით დაფინანსებული ტელე, თუ არასამთავროების მიერ გავრცელებული ტყუილები.

„გიორგი ქადაგიძე 6 მაისს ევროპის დღეებთან დაკავშირებით, ხალხს ეპატიჟება, რათა უთხრას, რომ “რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში შეიარაღებულნი უნდა ვიყოთ გადამოწმებული ინფორმაციით” და მოჰყავს ირლანდიისა და ბალტიის ქვეყნების მაგალითები.

რა თქმა უნდა აუცილებელია, რომ გვქონდეს ნამდვილი ინფორმაცია.

ნამდვილი! და არა ევროპელი პენსიონერების ძარცვით დაფინანსებული ტელე, თუ არასამთავრობოული ტყუილები (რბილად ვამბობ).

უნდა ვიცოდეთ, თუ ჯერ ერთი რამდენი წელი ელოდება ამ “სტატუსს” რამდენიმე ევროპული სახელმწიფო, რა მოუტანა ამ სტატუსმა ვთქვათ მოლდოვას და ბოლოს – ვიცოდეთ რას უნდა ველოდოთ, რა უფლებები გვექნება ვალდებულებების გარდა.

ასევე უნდა ვიცოდეთ, თუ ვინ და როგორ უშლის ხელს უმთავრესი მოთხოვნის დეპოლარიზაციის შესრულებას.
და აუცილებლად გახსოვდეთ – ტყუილს მოკლე ფეხი აქვს.” – წერს გაბრიჭიძე.

“გუშინდელ აქციაზე იყო ხალხი გამოსული, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს” – შალვა პაპუაშვილი

ჩვენი ოპოზიცია იმ კონდიციამდე მივიდა, რომ სადაც იქნება სიტყვა „ქართული“, მათ ანტიდასავლურობა და პრორუსობა ელანდებათ. როგორც ჩანს, მათთვის ქართველობაც ანტიდასავლურობას ნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „აი უცნობის“ ორგანიზებით მიერ გუშინ გამართული აქცია და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები შეაფასა.

მისივე თქმით, გუშინდელი აქცია გამსჭვალული იყო ქართული იდეითა და ეროვნული ინტერესით.

პაპუაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, საკუთარ ლექსიკონში ტერმინი „ეროვნული ინტერესი“ დააბრუნონ.

„რა მოვისმინეთ საერთო ჯამში? იყო ხალხი გამოსული, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს და საქართველოსა და საქართველოს სიყვარულის გარდა, მე მგონი, იქ არაფერზე არ იყო საუბარი. გამოდის, რომ ამ ხალხის თვალში, ვინც არიან კრიტიკოსები, საქართველოზე საუბარი ნიშნავს ანტიდასავლურობას და პრორუსობას? ეს არის საერთო ჯამში, სადაც ისინი ტოლობას სვამენ. როგორც კი ვინმე საუბრობს საქართველოზე, ეროვნულ ინტერესზე და ა.შ. იქვე გამოდის პირდაპირ იარლიყების მიწებება, თითქოს ეს არის ანტიდასავლური.

მე რაც ვნახე, ეს იყო ქართული იდეით, ეროვნული ინტერესით გამსჭვალული აქცია. პირიქით, ოპოზიციას მოვუწოდებდი, რომ ამ იდეებს ჩაუფიქრდნენ და დააბრუნონ საკუთარ ლექსიკონში „ეროვნული ინტერესი“, როგორც ერთ-ერთი განმსაზღვრელი პრინციპი გადაწყვეტილების მიღებისა. ეს „ეროვნული ინტერესი“ რომ ამოგდებული აქვთ საკუთარი ლექსიკონიდან და ყველაფერთან პრორუსობა და ანტიდასავლურობა ელანდებათ, ეს არის პრობლემა. საბოლოო ჯამში, ჩვენი ოპოზიცია მივიდა იმ კონდიციამდე, რომ სადაც იქნება სიტყვა „ქართული“ მათ ანტიდასავლურობა და პრორუსობა ელანდებათ. როგორც ჩანს, მათთვის ქართველობაც ანტიდასავლურობას ნიშნავს. ამიტომ ეს პრობლემა არის ოპოზიციის,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

“გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ხალხი არ მისცემს ქვეყნის მართვის სადავეებს უცხოელს”

„გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ხალხი არ მისცემს ქვეყნის მართვის სადავეებს უცხოელს, რუსი იქნება ეს, ევროპელი თუ ამერიკელი. ხალხის მოთხოვნაა ეროვნული თვითმყოფადობა და ეს მოთხოვნა იქნება დაცული,“ – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე გუშინდელ აქციას.

მისი თქმით, ეს იყო ქართველი ხალხის პასუხი ოპოზიციას და მისი მხარდამჭერი უცხოელი პოლიტიკოსების მიმართ.

„გუშინდელი აქცია იყო ქართველი ხალხის პასუხი ოპოზიციის და მისი მხარდამჭერი უცხოელი პოლიტიკოსების მიმართ. დასავლეთისგან ანტიქართულ რიტორიკას, გაბრაზებული საზოგადოება დაუპირისპირდა. საზოგადოებამ გააპროტესტა ის, რასაც მისი სახელით, მისსავე საწინააღმდეგოდ საუბრობენ. ქვეყანა ეკუთვნის საზოგადოებას და მისი ბედი სწორედაც რომ მან უნდა გადაწყვიტოს და არა ვინმემ სხვამ. გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ხალხი არ მისცემს ქვეყნის მართვის სადავეებს უცხოელს, რუსი იქნება ეს, ევროპელი თუ ამერიკელი. ხალხის მოთხოვნაა ეროვნული თვითმყოფადობა და ეს მოთხოვნა იქნება დაცული. საყურადღებო იყო საზოგადოების განცხადება პრეზიდენტისთვის ლეგიტიმაციის შეწყვეტის თაობაზე. პრეზიდენტმა იმ ხალხში დაკარგა ლეგიტიმაცია, ვისი მხარდაჭერითაც ის არჩევნებში მოიპოვა. საზოგადოების გადაწყვეტილება პრეზიდენტზე არის მაგალითი იმისა, რომ ხალხი არავის არაფერს არ პატიობს.

ოპოზიციის ზოგიერთი ღირსებადაკარგული სახე აუგად მოიხსენიებს ამ ხალხს. იმას, ვინც რესპუბლიკის მოედანზე მდგომი ხალხის ასაკზე ქილიკობს, მინდა შევახსენო, რომ ამ თაობამ მოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობა, ამ თაობამ იბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ყველაზე მეტად სწორედ ამ თაობას შესტკივა გული სამშობლოზე. ამ მებრძოლმა საზოგადოებამ დაინახა ქვეყნის სუვერენიტეტის საფრთხე და მისი დაცვა გადაწყვიტა. მათ მსოფლიოს უთხრეს, რომ არ ტყუვდებიან და ვინც არ უნდა ისაუბროს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, რეალობა სულ სხვაა – დღეს ქვეყნის სუვერენიტეტი კვლავ საფრთხის წინაშეა. სწორედ ამ თაობამ იხსნა საქართველო სააკაშვილის რეჟიმისგან. სწორედ მათი შვილები, ახალგაზრდები იმსხვერპლა იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომლის დაბრუნებასაც დღეს დასავლეთის ზოგიერთი ლიდერი ცდილობს.

გუშინდელმა დღემ ალბათ ყველა დაარწმუნა, რომ შეუძლებელია საქართველოში ანტიქართული პოლიტიკის წარმოებით შედეგზე გახვიდე. შეუძლებელია სააკაშვილისა და მის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციის დაბრუნება ხელისუფლებაში. შეუძლებელია იმ მზაკვრული მიზნების განხორციელება საქართველოში, რაც მავანთ აქვთ. სამწუხაროა ის, რომ დღეს ამ მრავალჯერ ბრძოლაგადატანილ საზოგადოებას უწევს კვლავ ქუჩაში დგომა. ისინი იდგნენ იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებმაც ხმამაღლა თქვეს, რომ სურთ ქვეყნის განვითარება მხოლოდ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებით. მათ სურთ ევროპელობა საკუთარი ღირებულებებით და არა ქართველობის გარეშე. სწორედ ეს ახალგაზრდობაა იმ თაობის საქმის ღირსეული გამგრძელებლები, რომლებმაც მოგვიტანეს ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება,“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

თიბისის მხარდაჭერით, გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიაში” უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული ჩატარდა

გამოფენების ცენტრის – „ექსპოჯორჯიას” და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების კვირეული ჩატარდა.

კვირეულმა 4 ძირითადი ღონისძიება გააერთიანა: უძრავი ქონების გამოფენა, სამშენებლო გამოფენა – Caucasus Build, საერთაშორისო კონფერენცია – Nar და უძრავი ქონების ფორუმი.

კვირეულის ფარგლებში, თიბისისა და თიბისი კაპიტალის წარმომადგენლებმა, დამსწრე აუდიტორიას საქართველოს სამშენებლო და დეველოპერული სექტორების დინამიკა, ადგილობრივი მასალების მწარმოებლებისთვის არსებული შესაძლებლობები და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზები გააცნეს.

„უძრავი ქონების სექტორის ზრდა, პირდაპირპროპორციულად იწვევს სამშენებლო მასალებზე მოთხოვნის ზრდას. შესაბამისად, ორივე მიმართულებით, მუდმივად მზარდია თიბისის ბაზრის წილი და ინვესტიციაც. თიბისის ბაზრის წილი სამშენებლო მასალებში – 43%, უძრავ ქონებაში კი 41%-ია. ბოლო 3 წლის ჯამური ინვესტიცია კი, სამშენებლოში მასალებში – 1 238 000 000 ლარი, უძრავი ქონების სექტორში კი – 2 183 000 000 ლარი. აღნიშნულ სექტორებში თიბისის მოწინავე პოზიცია, პირველ რიგში, ინდივიდუალური მიდგომის დამსახურებაა. თიბისიში, სხვა სექტორების მსგავსად, დეველოპერულ სექტორსაც პროფესიონალების გამოცდილი გუნდი ემუშავება, რომლის წევრებიც სფეროს ექსპერტები არიან და ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, კვალიფიციური მრჩევლის ფუნქციასაც ითავსებენ. თითოეული კომპანიის საჭიროებებსა და შესაძლებლობებს ინდივიდუალურად განვიხილავთ და მათზე დაფუძნებით, შესაბამის მომსახურებასა და პროდუქტებს ვთავაზობთ”, – გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

უძრავი ქონების კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას. ასევე, ბიზნესისთვის კი გაყიდვების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე.

(R)

“ვისაც უსაფრთხოების პოლიტიკაზე რაიმე წარმოდგენა აქვს, ნეიტრალიტეტზე არ ისაუბრებს”- ბექა ლილუაშვილი

პარტია „საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ვისაც უსაფრთხოების პოლიტიკაზე რაიმე წარმოდგენა აქვს, საქართველოში ნეიტრალიტეტზე არ ისაუბრებს.

როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, ნეიტრალიტეტზე საუბარი, ცალსახად, ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია და თუ ხელისუფლება ამ ნარატივს გაიმეორებს, ეს პირდაპირ კონსტიტუციის უგულებელყოფა იქნება.

„რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, რომ რეგიონული კონტექსტი გესმოდეს და ამავდროულად, ნეიტრალიტეტზე საუბრობდე. ამ რეგიონში ნეიტრალიტეტმა არცერთ ქვეყანას არაფერი კარგი არ მოუტანა. პირიქით, ეს ყოველთვის რუსეთთან მიმართებით საგარეო პოლიტიკური მოწყვლადობის წყარო იყო. ვისაც უსაფრთხოების პოლიტიკაზე რაიმე წარმოდგენა აქვს, ნეიტრალიტეტზე არ ისაუბრებს. ეს, ცალსახად, ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია. თუ ხელისუფლება ამ ნარატივს გაიმეორებს, ეს პირდაპირ კონსტიტუციის უგულებელყოფა იქნება. კონსტიტუციურად ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი პირდაპირ განსაზღვრულია. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რათა ქვეყანა ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი გახდეს და რუსეთთან მარტო არ დარჩეს”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

„თიბისისთან“ პარტნიორობით კომპანია „გრინ ნეთვორქსი“ მომსახურების ხარისხსა და არეალს აფართოებს

„თიბისის“ მხარდაჭერით ინტერნეტ პროვაიდერმა კომპანია „გრინ ნეთვორქსმა“ ინფრასტრუქტურა და მომსახურების არეალი გააფართოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

„გრინ ნეთვორქსის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ლევან ომაძე, „თიბისის“ კომპანიის ისტორიას უყვება.

„ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიის დაარსების იდეა მას შემდეგ გაგვიჩნდა, რაც ბაზარი შევისწავლეთ და მივხვდით, რომ არსებობდა რეგიონები, რომლებშიც ინტერნეტის საჭიროება იდგა.

2012 წელს დავფუძნდით და დავიწყეთ რადიო-ინტერნეტით, რომლითაც უზრუნველვყოფდით მომხმარებელს შორეულ, საზღვრისპირა სოფლებში, სადაც მოსახლეობის სიმცირის გამო სხვა პროვაიდერები არ შედიოდნენ.

პირველ ხანებში რადიო-ინტერნეტი სრულიად აკმაყოფილებდა არსებულ ბაზარს. შემდეგ, ნელ-ნელა, მოთხოვნა და კონკურენცია გაიზარდა და საჭირო გახდა რადიო-ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანით ჩანაცვლება. აქედან გამომდინარე, 2018 წელს, მივმართეთ „თიბისის“ და მისი მხარდაჭერით სრულფასოვნად ავითვისეთ რამდენიმე დიდი რეგიონი – გორის, ხაშურის, ქარელის რაიონების სოფლები, სადაც შევიყვანეთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი.

პირველ ეტაპზე ჩვენი სერვისი ინტერნეტით შემოიფარგლებოდა. ბოლო 3 წელია, მოთხოვნის შესაბამისად, დავიწყეთ VoIP ტელეფონი და IP ტელევიზიით მომსახურებაც.

წლების განმავლობაში ჩვენი პრობლემა იყო ის, რომ ინფრასტრუქტურა იჯარით გვქონდა აღებული. „თიბისი“ დაგვეხმარა და ამ ეტაპზე 70% საკუთარი ინფრასტრუქტურა გვაქვს. ამან, ცხადია, გაზარდა ჩვენი მომსახურების ხარისხი და შესაბამისად, მომხმარებლის რაოდენობაც.

სატელეკომუნიკაციო სივრცეში არსებული სხვა კომპანიებისგან სწორედ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მოქნილი ტარიფები და ოპერატიულობა განგვასხვავებს. სწორედ იმის გამო, რომ მუშაობის პროცესში ჩვენი გუნდი მაქსიმალურადაა ორიენტირებული ხარისხზე, ბოლო 2 წლის განმავლობაში არ გვქონია არცერთი სერიოზული დაზიანება.

ამჟამად კომპანიაში 10 პროფესიონალია დასაქმებული.

სამომავლოდ ვგეგმავთ, მთლიანად საკუთარი ინფრასტრუქტურით ვიმუშაოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, მოვიცვათ რაც შეიძლება მეტი რეგიონი, კიდევ უფრო დავხვეწოთ ხარისხი და მომხმარებელს შევთავაზოთ ყველაზე სწრაფი ინტერნეტი“,- აცხადებს ლევან ომაძე.

(R)